ქართველი მეცნიერები გერმანელი კოლეგის ღირსების დასაცავად

იოსტ გიპერტი და მზექალა შანიძე

იოსტ გიპერტი - გერმანელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, აპირებს სასამართლოში უჩივლოს მისი სახელით ყალბი ინფორმაციის გამავრცელებლებს. გერმანელ მეცნიერს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ქართველი კოლეგები, რომელთა შორისაა პროფესორი მზექალა შანიძე.

2 მარტს სოციალურ ქსელ ფეისბუკსა და ვებ-საიტებზე presa.ge, geotimes.ge, progressnews.ge, for.ge გავრცელდა ტექსტი, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა იოსტ გიპერტი ამბობდა, რომ „ქართველები კულტურულად შეუმდგარი ერია. მათ ბუნებრივად აქვთ მოთხოვნილება უფრო დიდი ერების მონობისკენ. ეს ვლინდება ყველაფერში. მაგალითად, ერს, რომელსაც საკუთარი ენა და სამი უნიკალური ანბანი აქვს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც გზებსაც კი უცხო ენაზე ნიშნავს. მე ასეთ ფენომენს მხოლოდ ყოფილ კოლონიურ ერებში ვხვდები, როგორიც ინდოეთი და აფრიკის ქვეყნებია“.

იოსტ გიპერტის სახელით გამოქვეყნებულმა ამ ყალბმა განცხადებამ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია, რის შედეგადაც სოციალურ ქსელებში გაჩნდა გერმანელი ქართველოლოგის მიმართ გამოთქმული არაერთი უცენზურო გამონათქვამი.

იოსტ გიპერტი: „მომხდარს განვიხილავ როგორც ერთ კონკრეტულ ქმედებას“

გერმანელი ენათმეცნიერი გულისტკივილით გამოეხმაურა მისი სახელით გავრცელებულ ნაყალბებ ტექსტსა და მასზე საზოგადოების ნაწილის რეაქციას. ქართულად ჩაწერილ ვიდეომიმართვაში იოსტ გიპერტი ამბობს, რომ აუცილებლად მიმართავს სასამართლოს, რათა დაისაჯონ ცრუ ინფორმაციის შემთხზველები და გამავრცელებლები.

Your browser doesn’t support HTML5

პროფესორი იოსტ გიპერტი მისი სახელით გავრცელებულ ყალბ განცხადებაზე

„ამ გზას მივმართავ არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეურაცხყოფილი ვარ ჩემი სახელის ბოროტად გამოყენებით, არამედ იმიტომაც, რომ მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ მოქალაქეს, რომელთაც დაუსაბუთებლად აყენებენ შეურაცხყოფას ან ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ მათ შესახებ. ამ ქმედებით მინდა ხელი შევუწყო თანამედროვე და დემოკრატიულ საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის მიუღებელია ცილისწამების ეს ფორმა და მომხდარს განვიხილავ როგორც ერთ კონკრეტულ ქმედებას კონკრეტული ადამიანის მიერ განხორციელებულს. გულითადი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩემს მიმართ განხორციელებული აგრესია და ადეკვატური რეაგირება აღნიშნული ფაქტის გამო. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ქართველი ერისადმი და განვაცხადო, რომ ის სიყვარული და აღფრთოვანება, რომელიც ახალგაზრდობაში დამეუფლა ქართული ანბანისა და ქართული მწერლობის მიმართ, დღემდე არ გამნელებია და დღემდე დიდი სიამოვნებით ვიკვლევ მას. ქართული კულტურა მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი განსაკუთრებული და განუმეორებელი ნაწილია“, - ამბობს გერმანელი ენათმეცნიერი, იოსტ გიპერტი.

ქართველი კოლეგების რეაქცია

იოსტ გიპერტის სახელი კარგად არის ნაცნობი ქართველი მეცნიერებისთვის, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია თანამშრომლობენ გერმანელ კოლეგასთან. ესენია: თამაზ გამყრელიძე, მზექალა შანიძე, ვახტანგ იმნაიშვილი, ზურაბ სარჯველაძე, ზაზა ალექსიძე, დამანა მელიქიშვილი, თედო უთურგაიძე, იზა ჩანტლაძე და სხვ.

ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორის, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერის პროფესორ მანანა თანდაშვილის თქმით, იოსტ გიპერტი 40 წელზე მეტია ემსახურება ქართველოლოგიის პოპულარიზაციის საქმეს,

პროფესორი მანანა თანდაშვილი

„ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში წამოიწყო ქართული ხელნაწერებისა და გამოცემული ტექსტების გაციფრება და ქართველ კოლეგებთან ერთად ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა ქართული ენის ტექნოლოგიების შესაქმნელად აუცილებელ ელექტრონულ ბაზებს. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ ქართული ენის ეროვნული კორპუსის შექმნა, რამაც მყარი საფუძველი შეუქმნა საქართველოში კორპუსლინგვისტიკის განვითარებას და ქართული ენის ტექნოლოგიების შექმნას“, - ამბობს მანანა თანდაშვილი.

იოსტ გიპერტი არჩეულია გელათის აკადემიის უცხოელ წევრად, სულხან-საბა ორბელიანის პედაგოგიური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.

იოსტ გიპერტი აქტიურად იყო ჩაბმული ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის წარდგენის პროგრამის მომზადებაში. მანანა თანდაშვილთან ერთად იყო გამომცემელი და რედაქტორი 11 ქართული წიგნისა, მათ შორისაა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრირებული გამოცემა გერმანულად (ჰუგო ჰუპერტის თარგმანი), ხოლო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დღეებში პავილიონის დიდ სცენაზე წარადგინა მოხსენება ქართული ანბანისა და დამწერლობის შესახებ, რომელშიც ჯეროვნად შეაფასა ქართული ანბანის უნიკალურობა და ისაუბრა ქართული ხელნაწერების მნიშვნელობის შესახებ.

„12 მარტი იოსტ გიპერტის დაბადების დღეა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ უნივერსიტეტში გამართულიყო ბატონ იოსტის სამეცნიერო ღვაწლის აღსანიშნავი შეკრება, იძულებული ვართ განსხვავებულ ფორმატში შევიკრიბოთ და დავიცვათ მისი ღირსება ცილისმწამებლებისაგან“, - თქვა მანანა თანდაშვილმა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

იოსტ გიპერტის ნიჭით, შრომისუნარიანობითა და ნაყოფიერებით აღფრთოვანებულია პროფესორი მზექალა შანიძე, რომელიც მრავალი წელია მეგობრობს და თანამშრომლობს გერმანელ კოლეგასთან.

პროფესორი მზექალა შანიძე

„ჩვენ ხშირად გვგონია, რომ მთელი მსოფლიო ჩვენზე ლაპარაკობს და ჩვენზე ფიქრობს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ბევრმა უცხოეთში საერთოდ არ იცის საქართველოს არსებობის შესახებ და ამიტომ ძალიან დასაფასებელია ყველა ის ადამიანი, რომელიც ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს კულტურა და ისტორია კარგად იყოს ცნობილი ჩვენ ფარგლებს გარეთ. იოსტ გიპერტი სწორედ ის მეცნიერია, რომელმაც ფართო საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა კავკასიოლოგიის, ქართველოლოგიის და ქართული კულტურის საკითხები“, - ამბობს მზექალა შანიძე, რომლის თქმითაც, იმას, რაც სოციალურ ქსელში გერმანელ ენათმეცნიერზე იწერება, ზუსტად აღწერს „ტყუილის“ სულხან-საბა ორბელიანისეული განმარტება:

„ტყუვილი განიყოფების სამად: ცრუობად, ცილად და ჭორად. სიცრუვე არს სრულიად ტყუვილი იყოს; ცილი არს შეწამებული და მსგავსი ტყუვილისა; ხოლო ჭორი არს, რა ჰამბავი გაისმას და ჰამბვისა მომღები არა საცნაურ იყოს, არცა ვინ ჰამბავი იგი იცოდეს ჭეშმარიტობით სწორედ“.

მზექალა შანიძის თქმით, იოსტ გიპერტის სახელით გავრცელებული ყალბი განცხადება და მასზე საზოგადოების რეაქცია, შეიცავს ტყუილის სამივე განმარტების ნიშნებს.

„ეს არის სიცრუეც, ცილისწამებაც და ჭორიც“, - ამბობს ქართველი ენათმეცნიერი.