„დღევანდელ ქართველებს უყვართ ხოლმე მოყოლა, როგორ გადაეყარა ღმერთი ქართველებს მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა სხვა ერებს დაუნაწილა. ქართველები, როგორც ყოველთვის, ნადიმობის გუნებაზე ყოფილან, და ღვინის სმასა და ცეკვა-თამაშში შემოქმედიც მიუწვევიათ. ისე მოსწონებია უფალს ქართველებთან დროის ტარება, რომ გადაუწყვეტია, ამ ლაღი და უდარდელი ხალხისთვის ის მიწა ებოძებინა, რომელიც თავისთვის ჰქონდა გადანახული - მთა-ბარი, კავკასიის დიდი ქედის სამხრეთით რომ მდებარეობს... სამწუხაროდ, ქართველების ეთნოგენეზი სინამდვილეში გაცილებით უფრო ბუნდოვანია, ვიდრე ამ სახუმარო გადმოცემაში. მისი საიდუმლოს ამოსახსნელად მეცნიერებს არაერთი ლინგვისტური თუ ისტორიული და არქეოლოგიური მოწმობა მოაქვთ ხოლმე. ეს ხალხი თავს ქართველებს უწოდებს, ხოლო თავიანთ ქვეყანას - საქართველოს, „ქართველთა ადგილს“, თუმცა ეს სახელი მე-11 საუკუნემდე არავის გამოუყენებია - სწორედ მაშინ გაერთიანდა პირველად საქართველო“...
ასეთი შესავლით იწყება სომეხი წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსის, მიჩიგანის და ჩიკაგოს უნივერსიტეტების პროფესორის, რონალდ გრიგორ სუნის გახმაურებული წიგნი „ქართველი ერის ჩამოყალიბება“, რომელიც ჯერ კიდევ 30 წლის წინ გამოიცა, თუმცა ქართულად პირველად, მხოლოდ ახლახან დაისტამბა.
30 წელია, მსოფლიო, საქართველოს ისტორიას (სხვა რამდენიმე უცხოელი ავტორის ნაშრომებთან ერთად), ქართველების ქართველ ერად ჩამოყალიბების ამბავს, ეცნობა ინგლისურ ენაზე დაწერილი ამ წიგნითაც, რომელსაც საქართველოში, თავის დროზე, 1980-იანი წლების ბოლოს, არაერთი ოპონენტი გამოუჩნდა. 2018 წელს, თბილისში სტუმრად მყოფ ავტორს წიგნის ერთ-ერთ მაღაზიაში, როცა მან თავისი წიგნი მოიკითხა, ასე უპასუხეს: „ამ წიგნმა ქართველებს ძალიან გაუცრუა მოლოდინიო“.
მაინც რამ გაანაწყენა ქართველები? უფრო სწორად კი, ქართველი ისტორიკოსები? რა იყო მიუღებელი მათთვის რონალდ სუნის დაწერილ ისტორიაში?
ამ წიგნის უმთავრესი კითხვაა - როგორ ჩამოაყალიბა ქართველების განსაკუთრებულმა ისტორიულმა გამოცდილებამ ისინი ჯერ ერთ ხალხად, მოგვიანებით კი - ეროვნული ცნობიერების მქონე ერად. რონალდ სუნი ამ წიგნში თანამედროვე „ერის“ შექმნაზე წერს და ამბობს, რომ ეს პროცესი, მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება.
„ეს ფაქტორი გახდა ამ წიგნით უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოში“, - გვეუბნება ისტორიკოსი და ამ წიგნის ქართული გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორი, ნიკა ხოფერია. საქართველოში ვერაფრით მიიღეს ის აზრი, რომ თანამედროვე გაგებით ერების ჩამოყალიბება იწყება გვიან, მე-19 - მე-20 საუკუნეებში და არა მანამდე.
რონალდ სუნის დაწერილი ისტორია არ ემთხვეოდა საბჭოთა ისტორიოგრაფიას - ამან გააჩინა კიდეც მტრული განწყობები.
„ის, რომ მეცხრამეტე საუკუნემდე ქართველებში არსებობდა იდენტობის გარკვეული მარკერები (ქრისტიანობა, ენა, ანბანი და ა.შ.), მაგრამ ეს მაინც ვერ ქმნიდა ერს და იყო მხოლოდ ეთნიკური ჯგუფების ერთიანობა - ეს რაკურსი ქართული საბჭოთა ისტორიოგრაფიისთვის არ იყო მისაღები“, - ამბობს ნიკა ხოფერია.
რონალდ სუნი ბევრს წერდა იმ პერიოდის საბჭოთა ისტორიოგრაფიისთვის კიდევ ერთ აკრძალულ საკითხზე - პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობასა და ერის იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში ამ სამი წლის მნიშვნელობაზეც.
ნიკა ხოფერია შენიშნავს, რომ საბჭოთა პროპაგანდა მხოლოდ იმაზე მუშაობდა, როგორ წარმოეჩინა საქართველოს ისტორიის ეს პერიოდი უარყოფითად, როგორც ამოეჭრა ის ისტორიიდან, თითქოს არც არსებულა, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვება შემთხვევითობად გაესაღებინა. თითქოს კომუნისტური საქართველო ისე გაჩნდა, რომ მანამდე სხვა არაფერი მომხდარა. სუნის აქცენტები ამ საკითხზე ქართველი ისტორიკოსებისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა.
თავად რონალდ სუნი წერს, ჩემი ნაწერი და მისი არგუმენტაცია არასწორად გაიგეს საბჭოთა და ქართველმა კრიტიკოსებმა, მათ შორის, ისტორიკოსმა გიული ალასანიამ, თუმცა წიგნს, პირად საუბრებში, მაღალი შეფასება მისცეს პოლიტოლოგმა ალექსანდრე რონდელმა და დიპლომატმა გელა ჩარკვიანმაო.
თუმცა გავიდა დრო და ყველა მიხვდა, რომ რონალდ სუნის ქართველების შეურაცხმყოფელი არაფერი დაუწერია - შეცდომები იყო და ქართულ გამოცემაშიც ტექსტს ბევრი კომენტარი ახლავს, თუმცა, როგორც ნიკა ხოფერიაც შენიშნავს, ეს ამ ნაშრომის ღირებულებას არ აკნინებს, რადგან საერთაშორისო არენაზე საქართველოს ისტორიის გამტანი ბევრი წიგნი (აქ ნიკა ხოფერია რამდენიმე ავტორს მაინც ჩამოთვლის: დევიდ მარშალ ლენგის, სტივენ ჯონსის, დევიდ ბრაუნდის ნაშრომები) დღემდე არ არსებობს.
„ქართველი ისტორიკოსის მიერ დაწერილი საქართველოს ისტორია კი, რომელიც საერთაშორისო დონეზე ვრცელდება, მე საერთოდ არ ვიცი“, - ამბობს ნიკა ხოფერია.
რადგან ამ წიგნის მაკრიტიკებელი საზოგადოებისგან ისმოდა მინიშნებები რონალდ სუნის ეთნიკურ წარმომავლობაზეც, ნიკა ხოფერიას ასევე ვკითხეთ, მისი აზრით, ამ ნიშნით ხომ არ იგრძნობა წიგნში გარკვეული სუბიექტივიზმი?
ისტორიკოსი გვიპასუხებს, რომ ეს ამერიკელი მეცნიერის დაწერილი წიგნია და ერთადერთი, რაშიც მისმა სომხურმა წარმომავლობამ ითამაშა როლი, არის ის, რომ რონალდ სუნის მოაფიქრდა ამ წიგნის დაწერა.
დღეს, გვეუბნება ნიკა ხოფერია, ქართველ ისტორიკოსებს ესმით, რომ მიუხედავად საქართველოს შესახებ უცხოეთში გამოცემული წიგნების მიმართ ქართველი მკვლევრების ხშირად კრიტიკული დამოკიდებულებისა, პირველ რიგში, სწორედ საქართველოში უნდა იცოდნენ, რას წერენ მსოფლიოში მის შესახებ, როგორ აღიქვამენ ამ ქვეყანას.
„მე, ფაქტობრივად, არ ვიცნობ ქართულ ენაზე ამ მასშტაბის წიგნს, სადაც თავიდან ბოლომდე იქნებოდა მოყოლილი ერთი ერის ისტორია“, - ამბობს ნიკა ხოფერია.
თავად ავტორმა, რომელიც „ქართველი ერის ჩამოყალიბების“ ქართული გამოცემის პრეზენტაციას დისტანციურად ესწრებოდა, თქვა, რომ ეს წიგნი, თავისთავად, უკვე არის ისტორიული ობიექტი, რომელიც 30 წლის წინ დაიწერა და რომელიც, ძირითადად, საბჭოთა და დასავლურ წყაროებს დაეყრდნო.
დღეს, 30 წლის მერე, რონალდ სუნი ამბობს, რომ ამ წიგნის მიზანი იყო ამბავში იმპერიის როლის დაბრუნება იმის საჩვენებლად, რომ „ეს ერები არა მხოლოდ უბრალოდ იმპერიის წნეხის ქვეშ იყვნენ, არამედ სინამდვილეში ისინი იმპერიების ქვეშ იქმნებოდნენ“.
ისტორიკოსი, რომელიც წიგნში ამ პროცესს აღწერს, შენიშნავს, რომ ისტორიის წერისას - მთავარი ბატონი უნდა იყოს სიმართლე, მეცნიერება და არა პირადი დამოკიდებულებები. ეს სიტყვები მან თქვა თავისი წიგნის ქართული გამოცემის პრეზენტაციაზეც და, 2019 წელსაც, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, სალომე ასათიანისთვის მიცემულ ინტერვიუშიც.
მაშინ, თბილისში სტუმრად მყოფ რონალდ სუნიმ, ერთ-ერთმა პირველმა ავტორმა, რომელმაც დასავლეთის აკადემიურ სფეროში დაიწყო წერა საბჭოთა კავშირზე, როგორც ეროვნული იდენტობების შემქმნელ და არა მის დამანგრეველ იმპერიაზე, სალომე ასათიანთან ინტერვიუში ისაუბრა, როგორ შეუწყო ხელი საბჭოთა კავშირმა თბილისის მრავალეთნიკური ბუნების დასუსტებას და როგორ გადაიქცა მე-19 საუკუნის კოსმოპოლიტური ქალაქი (და მთლიანად საქართველო) მონოეთნიკურ, ნაკლებად მრავალფეროვან ქალაქად (და ქვეყნად).
ასევე ნახეთ ისტორიკოსი და სიმართლე: რონალდ სუნი„ეს ნაციონალიზაცია საბჭოთა პოლიტიკამ გამოწვია. საქართველო გახდა უფრო ქართული, სომხეთი უფრო სომხური და აზერბაიჯანი უფრო აზერბაიჯანული. ირონია ის არის, რომ საბჭოთა იმპერიამ, რომელიც ინტერნაციონალისტური უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში, იმპერიის წიაღში ერები შექმნა. ან მნიშვნელოვნად გააძლიერა ისინი. იმდენად, რომ ამ ერებს 90-იან წლებში უკვე დამოუკიდებლად შეეძლოთ წინ წასვლა“, - ამბობს სუნი სალომე ასათიანის პოდკასტში „ასათიანის კუთხე“.
რონალდ სუნი და თბილისი - კავშირი წარსულთან
საქართველოსა და თბილისთან მის კავშირზე რონალდ სუნი თავადაც წერს წიგნის ქართული გამოცემის წინასიტყვაობაში - „რამ დამაწერინა „ქართველი ერის ჩამოყალიბება“.
მისი მამა, ჯორჯ (გურქენ) სუნი სოლოლაკში, მაშინდელი ბებუთოვის (ახლანდელი ასათიანის) ქუჩაზე გაიზარდა, საბჭოთა პერიოდში. ავტორი იხსენებს, რომ მამა ვახშმობისას ხშირად უყვებოდა ხოლმე შვილებს თავისი ახალგაზრდობის ამბებს. „ტფილისურ“ ამბებს - როგორ ყიდდა ქუჩაში წყალს და სიგარეტს, როგორ შემძვრალა ბავშვობაში ვიღაცის სარკმელში ქურდების თხოვნით.
მამას ახსოვდა თბილისში წითელი არმიის შესვლის და გასაბჭოების ამბები, მენშევიკთა გამოსვლები და ქვეყნიდან მათი ნაჩქარევი გამგზავრებაც... საქართველო რონალდ სუნისთვის ბავშვობიდანვე იყო ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი, ეგზოტიკური ადგილი.
გავიდა წლები. და ერთ დღესაც, რონალდ სუნის, თავისმა მენტორმა ლეოპოლდ ჰეიმსონმა ქართველ მენშევიკებზე წიგნის დაწერა შესთავაზა. მაშინ, ამერიკელისთვის საბჭოთა კავშირში კვლევის ერთადერთი შესაძლებლობა - კულტურული გაცვლითი ოფიციალური პროგრამა იყო, რომლითაც ჩამოვიდა კიდეც რონალდ სუნი თავის მეუღლესთან ერთად საქართველოში. ის და მისი მეუღლე, არმინა („ქართველი ერის ჩამოყალიბება“ სწორედ მას მიუძღვნა ავტორმა) სასტუმრო „თბილისში“ ცხოვრობდნენ. სწავლობდა ქართულს და იკვლევდა. თუმცა არქივებში მუშაობაზე უარს ეუბნებოდნენ.
-
„ბაქოს კომუნა, 1917-1918: კლასი და ეროვნება რუსეთის რევოლუციის დროს“ (1972);
-
„სომხეთი მეოცე საუკუნეში“ (1983);
-
„ქართველი ერის ჩამოყალიბება“ (1988, 1994);
-
„მზერა არარატისკენ: სომხეთი ახალ ისტორიაში“ (1993);
-
„წარსულის შურისძიება: ნაციონალიზმი, რევოლუცია და საბჭოთა კავშირის დაშლა“ (1993);
-
„საბჭოთა ექსპერიმენტი: რუსეთი, საბჭოთა კავშირი და მისი მემკვიდრე ქვეყნები“ (1998, 2011);
-
„მათ შეუძლიათ იცხოვრონ უდაბნოში, მაგრამ სხვაგან არსად“: სომხების გენოციდის ისტორია (2015);
-
„სტალინი: გზა რევოლუციისკენ“ (2020).
მეორედ საქართველოში 1975-1976 წლებში დაბრუნდა. პერიოდულ გამოცემებს „Борьба“-სა და „ერთობას“ კითხულობდა. თუმცა ისე მოხდა, რომ ის წიგნი, მენშევიკებზე აღარ დაუწერია. 1980 წელს, როცა ჰარვარდის უნივერსიტეტში მენშევიკთა არქივში სამუშაოდ გაემგზავრა, მას და არმინას 2 წლის ვაჟი ავად გაუხდათ. ბიჭი ვერ გადაარჩინეს. აღარც წიგნი დაწერილა.
რამდენიმე ხნის შემდეგ, რონალდ სუნის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა უეინ ვუჩინიჩმა შესთავაზა, ჰუვერის ინსტიტუტის საბჭოთა ერების ისტორიის სერიისთვის საქართველოს ისტორი დაეწერა. ასე გაჩნდა „ქართველი ერის ჩამოყალიბებაც“, რომელიც, როგორც თავად ავტორიც წერს, საქართველოში მაინცდამაინც კარგად არ მიუღიათ:
„რატომ დაწერა ამერიკელმა, სინამდვილეში კი, სომეხმა, საქართველოს ისტორია? ეს იყო საქართველოს ისტორიის „ბურჟუაზიული“ ფალსიფიკაცია, არაკომპეტენტური უცხოელის, თანაც, უარესი - სომხის დაწერილი. ან რატომ ჰქონდა სათაურად „ქართველი ერის ჩამოყალიბება“, როცა მეტწილად მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებს ეხებოდა და არა ქვეყნის უძველესი თუ შუა საუკუნეების ისტორიას“.
ამ წიგნის სათქმელი კი, როგორც ავტორი ამბობს, არის ის, რომ ქართველები - ხალხი, რომელიც უძველესი დროიდან არსებობს და პოლიტიკური არსებობის არაერთი ფორმის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის გამოცდილება აქვს, მოდერნულ ერად მე-19-მე-20 საუკუნეებში იქცა. ხოლო ეროვნულობის განცდა, წერს რონალდ სუნი, ქართველებს პატრიოტმა ინტელექტუალებმა, ბარათაშვილმა, ერისთავმა, ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა გაუღვივეს, შემდეგ კი ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა - ნოე ჟორდანიას მეთაურობით.