1918 წლის 22 აპრილს ქართველებმა, სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ერთობლივი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სახელმწიფოს, რომელმაც ერთ თვესა და ერთ კვირაზე ნაკლებ ხანს იარსება, ეწოდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა. რა პირობებში უწევდა არსებობა ამ ფედერაციას, რა გავლენა იქონია მასზე ბოლშევიკური რუსეთის, ოსმალეთის იმპერიის, გერმანიის თუ ბრიტანეთის მიზნებმა და რომელმა ფაქტორებმა განსაზღვრა მისი ბედი - ამის შესახებ იმსჯელეს პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში 24 მაისს გამართულ კონფერენციაზე.