ქართველების კვალი რობერტ მიულერის ანგარიშში

აშშ-ის სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი.

აშშ-ის სპეცპროკურორის, რობერტ მიულერის, ანგარიშში, რომლის შემოკლებული ვერსია აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 18 აპრილს გამოაქვეყნა, ორი ქართული გვარი გვხვდება - რცხილაძე და ყაველაძე.

ამერიკული მედიის ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო კომპანია „სილქ როუდ გრუპის“ წარმომადგენელ გიორგი რცხილაძესა და ტრამპის ყოფილ პირად ადვოკატ მაიკლ კოენს შორის სკანდალურმა მიმოწერამ, რომელშიც დონალდ ტრამპზე რუსეთში მისი სტუმრობის დროს გაკეთებულ სავარაუდო მაკომპრომეტირებელ ჩანაწერზეა საუბარი.

„რუსი“ ბიზნესმენისა და ამერიკელი ადვოკატის მიმოწერა

ვიდრე თანამდებობიდან გაათავისუფლებდა, აშშ-ის ფედერალური ბიუროს (FBI) მაშინდელი დირექტორი ჯეიმს კომი პირადად შეხვდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, და უშუალოდ გააცნო საქმის ვითარება მის მიმართ არსებულ „დაუდასტურებელ ბრალდებებთან“ დაკავშირებით - თითქოს რუსებს ჰქონოდათ მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები დონალდ ტრამპზე, გაკეთებული 2013 წელს, როდესაც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, როგორც კერძო პირი, მოსკოვში „მის მსოფლიოს“ კონკურსის საპატიო სტუმრად იყო მიწვეული.

ანგარიშის 27-ე გვერდზე აღნიშნულია, რომ მსგავსი ინფორმაცია პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპამდე შესაძლოა მისულიყო 2016 წლის 30 ოქტომბერს რუსი ბიზნესმენის, გიორგი რცხილაძის მიერ ტექსტური შეტყობინების სახით, რომლის ადრესატიც ტრამპის ადვოკატი მაიკლ კოენი უნდა ყოფილიყო.

გიორგი რცხილაძე: „შევაჩერე ჩანაწერების ნაკადი რუსეთიდან, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, არის თუ არა კიდევ რამე. უბრალოდ, რომ იცოდე“.

რცხილაძეს უთქვამს, რომ, გავრცელებული ჭორების თანახმად, ეს უნდა ყოფილიყო ტრამპის მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები, იმ ადამიანების ხელში არსებული, რომლებიც რუსული უძრავი ქონების კონგლომერატისა და ზემოხსენებული სილამაზის კონკურსის მასპინძლის „Crocus Group“-ს წარმოადგენენ.

საქართველოში დაბადებული აშშ-ის მოქალაქე აიკ ყაველაძე არას აგალაროვთან ერთად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2016 წლის ივნისის დასწაყისში, მონაწილეობდა, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში, „ტრამპ ტაუერში“ გამართულ შეხვედრაში.

ანგარიშში შემდეგ ნათქვამია, რომ რცხილაძისაგან ამ ტექსტის მიღების შემდეგ კოენი ელაპარაკა დონალდ ტრამპს. რცხილაძის თქმით, მას უთხრეს, რომ ჩანაწერები ყალბი იყო, თუმცა მას ეს კოენისათვის არ უთქვამს.

აღსანიშნავია, რომ „რუს ბიზნესმენად“ მოხსენიებული გიორგი რცხილაძე ანგარიშში რამდენჯერმე ფიგურირებს: ჯერ როგორც ქართული კომპანია „სილქ როუდ გრუპის“ აღმასრულებელი (Silk Road Group) და შემდეგ როგორც Silk Road Transatlantic Alliance-ის აღმასრულებელი დირექტორი. და ორივეჯერ რცხილაძე ჩართული იყო „ტრამპ ტაუერის“ მშენებლობის ლიცენზიის შესახებ მოლაპარაკებებში - ჯერ ბათუმში და შემდეგ მოსკოვში.

ყაველაძე, აგალაროვი და ვესელნიცკაია

ამ კონტექსტში მიულერის ანგარიშში გვხვდება კიდევ ერთი ქართული გვარი - ყაველაძე. დოკუმენტის თანახმად, „აიკ“, ანუ ირაკლი ყაველაძე, ზემოხსნებული Crocus Group-ის რუსი მილიარდერის, არას აგალაროვის, საკუთრებაში მყოფი კონგლომერატის წარმომადგენელია.

საქართველოში დაბადებული აშშ-ის მოქალაქე აიკ ყაველაძე არას აგალაროვთან ერთად აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2016 წლის ივნისის დასწაყისში, მონაწილეობდა, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში, „ტრამპ ტაუერში“ გამართულ შეხვედრაში. სპეცპროკურორ მიულერის ანგარიშის თანახმად, რუსეთის მთავრობის ადვოკატს, ვესელნიცკაიას, დონალდ ტრამპ უმცროსის, ჯარედ კუშნერისა და პოლ მანაფორტისათვის ამ შეხვედრის დროს ჰილარი კლინტონზე თითქოსდა „ნეგატიური ინფორმაცია“ უნდა მიეწოდებინა.

ყაველაძე გამოძიების წინაშე იხსენებდა, რომ ვესელნიცკაიას ჰილარი კლინტონის შესახებ არაფერი კონკრეტული არ აღმოაჩნდა, რასაც ჯარედ კუშნერის აფორიაქება მოჰყვა. კუშნერს უკითხავს, აქ რას ვაკეთებთო, და შეხვედრა დასრულებამდე დაუტოვებია.

“შეხვედრა მოსაწყენი იყო, რუსებს ჰილარიზე ცუდი ინფორმაცია არ ჰქონდათ,” - წერს ზემოხსნებული შეხვედრის შემდეგ ყაველაძე ქალიშვილისათვის გაგზავნილ მესიჯში.

რცხილაძის „სკრინშოტი“ და რეიჩელ მედოუს რეაქცია

რცხილაძემ, რომელსაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ტრამპთან, „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მიმოწერის ტექსტი ინტერპრეტირებული იყო იმგვარად, რომ შექმნილიყო წარმოდგენა, თითქოს მან ნახა და გაანადგურა ტრამპის შესახებ არსებული ჩანაწერები

ქართული წარმომავლობის ამერიკელმა ბიზნესმენმა გიორგი რცხილაძემ ცოტა ხნის წინ სპეცპროკურორი რობერტ მიულერი „ენით აუწერელ უზუსტობებში“ დაადანაშაულა და თავისი ადვოკატის, სკოტ ბოლდენის, ხელით აშშ-ის მთავარ პროკურორს საჩივრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ადვოკატ მაიკლ კოენთან მიმოწერის დამახინჯებული ტექსტის აღდგენას ითხოვს.

ეს ტექსტი - უფრო ზუსტად, საინტერნეტო მიმოწერის, „სკრინშოტის“, აღდგენილი ვერსია - სააგენტო „ბლუმბერგმა“ მოიპოვა და გამოაქვეყნა.

გიორგი რცხილაძე: „შევაჩერე ჩანაწერების ნაკადი რუსეთიდან, მაგრამ არ ვარ დარწუნებული, კიდევ არის თუ არა რამე. უბრალოდ, რომ იცოდე“.

კოენი: ჩანაწერები რისი?

გიორგი რცხილაძე: არ ვარ დარწმუნებული შინაარსის თაობაზე, მაგრამ ერთი კაცი მოსკოვში ტრაბახობდა, რომ მას ჰქონდა ჩანაწერები რუსეთში მოგზაურობის შესახებ. შევეცდები ხვალ დაგირეკოთ, მაგრამ მინდოდა საქმის კურსში ყოფილიყავით. დარწმუნებული ვარ, რომ აქ დიდად მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ არსებობს ბევრი სულელი ადამიანი“.

რცხილაძემ, რომელსაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ტრამპთან, „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი მიმოწერის ტექსტი ინტერპრეტირებული იყო იმგვარად, რომ შექმნილიყო წარმოდგენა, თითქოს მან ნახა და გაანადგურა ტრამპის შესახებ არსებული ჩანაწერები, მაშინ როდესაც მან მხოლოდ ჭორი გაავრცელა.

მაგრამ, როგორც “ბლუმბერგი“ წერს, რცხილაძის მიერ მისი და კოენის საინტერნეტო მიმოწერის ტექსტის აღდგენა ვერ დაუსვამს წერტილს სპეკულაციებს სავარაუდო ჩანაწერების შესახებ.

ასევე ნახეთ აშშ-ში გამოქვეყნდა სპეცპროკურორის დასკვნის შემოკლებული ვერსია

მოგვიანებით იგივე გაიმეორა ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, საკაბელო ტელევიზია „MSNBC - ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა რეიჩელ მედოუმ თავის შოუში.

ტელეწამყვანმა ჯერ ენა კინაღამ მოიტეხა ეთერში რცხილაძის გვარის წარმოთქმაზე, შემდეგ კი გვარიანად იცინა (15:35-13:41) და, ბოლოს, ხაზგასმით განაცხადა, ამ „სკრინშოტით“ არაფერი იცვლება მიულერის ანგარიშის დასკვნაში, რომ დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიამდე იცოდა გავრცლებული ვარაუდი რუსეთში არსებული რაღაც ჩანაწერების შესახებო.

"სიძულვილით შეპყრობილი და რადიკალური მემარცხენე დემოკრატების თამაში დამთავრებულია“, - ასე გამოეხმაურა სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ანგარიშის რედაქტირებული ვერსიის გამოქვეყნებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც მიიჩნევს, რომ გამოძიებით არ დადასტურდა არც რუსეთთან შეთქმულება და არც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა.

საპირისპიროს ამტკიცებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის მთავარი მეტოქე - ჰილარი კლინტონი. „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ „მიულერმა დოკუმენტურად დაადასტურა სერიოზული დანაშაული ყველა ამერიკელის წინააღმდეგ“, რასაც შემდგომი გამოძიება სჭირდება.

სპეცპროკურორ რობერტ მიულერის ანგარიშში ნახსნებ გიორგი რცხილაძესთან დაკავშირებით კომპანია „სილქ როუდ ჯგუფში“ გვიპასუხეს, რომ გიორგი რცხილაძე არ ყოფილა „სილქ როუდის“ აღმასრულებელი, არამედ იყო კომპანიის კონსულტანტი საქართველოში რამდენიმე პროექტზე, მათ შორის ბათუმში ტრამპ ტაუერის პროექტზე მუშაობის დროს. შესაბამისად, მისი მიმოწერის შესახებ კოენთან, რაზეც აშშ-ის სპეცპროკურორის ანგარიშშია ნახსენები, „სილქ როუდის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა საქმის კურსში არ ყოფილა. როგორც „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენლის, აკო ახალაიას წერილობით კომენტარშია ნათქვამი, მათ ამის შესახებ მხოლოდ პრესით შეიტყვეს.