ემიგრანტებს ჯერაც ეშინიათ პუტინის, მაგრამ პოლიციას აღარ უფრთხიან და ეს მათთვის უკვე ბევრია. ქუჩებში გაკეთებული წარწერები გამუდმებით ახსენებთ, რომ სახლში არ არიან, ამიტომ სიტყვებს ფრთხილად არჩევენ. აქვთ ბუნდოვანი გეგმები და ცოტა ფული.
“ცოცხალი ვარ”
მიგელ რუბლიოვსკის რუსეთში დარჩენილი ნათესავებიდან ყველაზე მეტად 86 წლის ბებია ენატრება. “ომის დროს დავიბადე და ომის დროსვე მოვკვდებიო, სულ ამას იძახის”, - მიხსნის იგი და კრემისფერ პალტოს ისწორებს.
26 წლის ბიჭი რუსეთის სამხრეთის ქალაქ ვორონეჟიდანაა. ბოლო ორი წელი მოსკოვში იცხოვრა, 27 სექტემბერს კი საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. ჰყვება, რომ მისი მეგობრები ჯარში დაიბარეს და მალე მასაც მიადგებოდნენ. მობილიზაციისთვის თავის დაღწევა დაუჯდა “სადღაც 1300 დოლარი”, რაც მისთვის პატარა ფული არაა.
დანაზოგის დიდი ნაწილი ახლა ქირაში ეხარჯება. სამსახურიდან წამოვიდა, ახლის პოვნის იმედი კი ჯერ არ აქვს: ენა არ იცის, თან აქაური ხელფასებიც ეპატარავება.
როგორაა? “ცოცხალი ვარ, ფრონტის ხაზზე არ წავედი და ჩემს სიცოცხლეს არაფერი ემუქრება”. ამბობს, რომ ადრე ამ კითხვას ირონიით უპასუხებდა, დღეს კი მართლა აფასებს, რომ ცოცხალია.
მისმა მეგობარმა ბიჭმა რუსეთში დარჩენა ამჯობინა. ამიტომაც მიგელმა ჯერ არ იცის, რას იზამს. საქართველოში დარჩენა? მაინცდამაინც არ უნდა. რადგან “უკვე ვიცხოვრე ქვეყანაში, სადაც ლგბტ ადამიანებს ცუდად ექცევიან”.
რუსეთში 8 წელი ლგბტ-აქტივისტი იყო. 2013 წელს კრემლმა მიიღო კანონი “ლგბტ-პროპაგანდის შესახებ” და აკრძალა ადამიანის სექსუალობის განხილვა ბავშვებისთვის განკუთვნილ მასალებში. ცოტა ხნის წინ, კანონი კიდევ უფრო გამკაცრდა და ქვიარების ხსენება საერთოდ აკრძალა.
საქართველოში მიგელს სექსუალური ორიენტაციის გამო პრობლემები ჯერ არ შექმნია. სამაგიეროდ, “ქართველმა ნაცნობმა, მომწერა დიდი ტექსტი, რუსო ღორო, წაეთრიე აქედან, აქ არაფერი გესაქმებაო”. თბილისის ქუჩებში წარწერებიც ნახა. იცის, რომ ბევრს გაუხარდება, თუკი სახლში დაბრუნდება, ან რუსულ სამხედრო გემს მიეწევა.
ასევე ნახეთ "Go Home" - რას უწერენ რუსებს თბილისის ქუჩებშიარაფერი პირადული. “მესმის, რატომაც წერენ და პრინციპში უბრალოდ საქართველოს მადლიერი ვარ იმის გამო, რომ 1 წელი აქ უვიზოდ შეგვიძლია ყოფნა”. ამბობს, რომ წარწერებზე ბევრს არ ფიქრობს. ახლა ის გაცილებით უფრო ედარდება, იპოვოს ნორმალური ფსიქიატრი, რომელიც ანტიდეპრესანტებს გამოუწერს.
ბედნიერი კაცი
ემანუილ ლიზნიოვი ხშირად იმეორებს, ბედნიერი კაცი ვარო. ლაღად პოზირებს ფოტოგრაფისთვის, სანამ ყავახანაში ვსხედვართ. ისრაელში დაიბადა, დედამისი ებრაელია, მამა კი უკრაინელი. ამისდა მიუხედავად, “ვერ უარყოფს”, რომ რუსია. 25 წლისაა და აქედან 20 სანქტ-პეტერბურგში გაატარა. ბოლო რამდენიმე წელიწადი ბარმენობდა.
შვებულება აიღო და 18 სექტემბერს საქართველოში ჩამოვიდა. “21 სექტემბერს უცებ მივხვდი, რომ ემიგრაციაში ვარ და არა შვებულებაში”, - მხიარულად ამბობს ემანუილი.
ზუსტად ამ დღეს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში “ნაწილობრივი მობილიზაცია” გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ 300 ათასი ადამიანი უნდა წაეყვანათ. 18-65 წლამდე, ყველა ჯარში ნამსახურები. თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ეს კრიტერიუმები პირობითია.
იმანუილი სხვა რამეს არც მოელოდა. “რუსეთი სახელმწიფოა, რომელიც ნელ-ნელა ანადგურებს საკუთარ თავს და სხვებს. ჯერ დაპატარავდა და ახლა სულ უფრო ლპება”.
ბოლო 8 თვე მისთვის “თან ერთი კვირასავით იყო, თან ათი წელიწადივით”. 1 მარტს ომის საწინააღმდეგო აქციაზე დააპატიმრეს. “17 საათი იზოლატორში, ჯარიმა 10 ათასი. მეორედ 65 ათასით დამაჯარიმებდნენ, მესამედ კი ციხეში ჩავჯდებოდი ერთი წლით”, - იხსენებს იგი. იქიდან მოყოლებული, ძირითადად მუშაობდა, სვამდა და სქროლავდა.
საქართველოში დიდი თანხით არ ჩამოსულა, მაგრამ სანქტ-პეტერბურგში კომიქსების და სუვენირების კოლექცია გაყიდა დაახლოებით 3 ათას დოლარად. ეს “ძალიან დამეხმარა და შევძელი ვიქირავო ბინა 500 დოლარად”.
ჯერჯერობით მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა სახლის შოვნა გამოდგა. ზოგი ეძვირებოდა, ზოგს რუსებზე არ აქირავებდნენ.
ერთხელ “მაგარი ბინა იყო ვერასა და ვაკეს შორის. მივედი და ყველა ღობეზე სხვადასხვა მარკერით გაკეთებული 48 წარწერა ვნახე, ფაქ რაშია და ეგეთები”, - ჰყვება იგი. “ცხადია“, ის ბინა აღარ უქირავია.
მეუბნება, მესმის იმ შიშისა და ბრაზის, რაც ამ წარწერების მიღმა იმალებაო. თუმცაღა ისინი “ბოლომდე არ დაუმსახურებია”, რადგან “არაფრის შეცვლა არ შეეძლო”.
“მე ჩემი ვცადე, ძმაო. როსგვარდიის დუბინკამ ნეკნებზე ნაპრალი დამიტოვა, წინასწარი დაკავების იზოლატორში 4-ჯერ ვიჯექი. მართლა ვცდილობდი, არჩევნებზეც დავდიოდი”.
დისკომფორტს გრძნობს, თუმცა ეს რუსეთში ყოფნასთან რა მოსატანია. “პოლიციის აღარ მეშინია. გაცილებით მშვიდად ვარ იმიტომ, რომ გზა შემიძლია ვკითხო. რუსეთში პოლიცია ნარკოტიკებს მიდებდა, აქ მიღიმის და მეკითხება, რა ენაზე დაგელაპარაკოო”.
მისი თქმით, სწორედ ამ სხვაობის არ ესმის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას.
“დისფუნქციური ოჯახი”
მაგრამ ზოგი მიგრანტისთვის ემანუილის სიმშვიდე უცხოა. მოსკოვიდან ჩამოსულმა ცოლ-ქმარმა სახელების შეცვლა მთხოვეს. “გვეშინია, რომ ჩაგვიშვებენ“, - მომწერა 28 წლის ოლიამ ინტერვიუდან რამდენიმე დღეში.
იგი მედდაა და ამიტომ მობილიზაცია მასაც ემუქრებოდა. პუტინის ბრძანებიდან მომდევნო დღესვე, სამსახურიდან წამოვიდა და ქმართან ერთად საქართველოს საზღვრიდან 250 კილომეტრში, ქალაქ მინერალნიე ვოდიში ჩაფრინდა. ლარსის სასაზღვრო პუნქტამდე გზაში 5 ტაქსი გამოიცვალა, დიდი ხარჯების და დიდი შიშის ფასად.
“უკანა სავარძლებზე ვისხედით და დპს-ის [რუსეთის საგზაო პოლიციის] ყველა კორდონთან ვიხრებოდით ხოლმე”, - ჰყვება ოლიას ქმარი, 36 წლის საშა.
უსაფრთხოდ თავი მხოლოდ საზღვრის გადაკვეთის შემდეგ იგრძნეს, რადგან “აქ რუსული კანონები, უფრო სწორად, რუსული უკანონობა არ მოქმედებს”. ბინა თვეში 700 დოლარად იქირავეს და ახლა საშას დისტანციური ხელფასის ამარა არიან.
მათი ჩამოსვლით ღია უკმაყოფილება ჯერ არავის გამოუხატავს. ამბობენ, ამისთვის მადლიერები ვართო. წარწერებზე როცა ვეკითხები, ბრაზის ესმით, თუმცა სწყინთ, დამწერები რუს ხალხს მათ ხელისუფლებასთან რომ აიგივებენ.
“ალბათ ამ წარწერებს ნაციონალისტურად განწყობილი ქართველები ტოვებენ”, - საშა ამას ნელა ამბობს და სიტყვებს ფრთხილად არჩევს.
მისი ცოლი უფრო ემოციურია. “ადამიანებს, ვინც ადანაშაულებენ რუსეთის მოსახლეობას პუტინის არჩევაში, უბრალოდ არ ესმით, როგორ მუშაობს არჩევნები რუსეთში”, - ამბობს ოლია.
დიდხანს მიხსნიან, რომ პუტინს მხარს არასდროს უჭერდნენ და იმსახურებენ, ხალხი “თანაგრძნობით მოეპყროთ და არა აგრესიით”. საშასთვის რუსეთი ახლა “დისფუნქციური ოჯახივითაა. იქ არის ლოთი მამა, რომელიც დედას სცემს, ადამიანები კი ადანაშაულებენ დედას და შვილებს, რომ ოჯახს არ ტოვებენ”.
რას აპირებენ? ჯერ “უბრალოდ გადარჩენას”. მაგრამ ოლიას ლიეტვური ფესვები აქვს, ამიტომ სჯერა, რომ მალე იქ ბინადრობის უფლებას მიიღებს.
სხვა კადიროვი
ორთაჭალაში, ამაღლების ქუჩაზე მდებარე პატარა ქოვორქინგში სიწყნარეა, ლეპტოპებს სულ რამდენიმე კაცი უზის. ადგილის მფლობელი, 25 წლის მიშა კადიროვი (არა, რამზან კადიროვის ნათესავი არ ვარო) მიყვება, რომ სექტემბრის ბოლოს “აქაურობა იყო ბუფერული ზონა” მობილიზაციას გამოქცეულებისთვის. მათ ლეიბებზე დაძინება და ცხელი ჩაის დალევა შეეძლოთ.
მიშა, ქოვორქინგის მეორე მფლობელ, 25 წლის ილია მოისთან და კიდევ რამდენიმე მოხალისესთან ერთად, ლარსიდან ჩამოსულებს დროებითი საცხოვრებლის პოვნაში ეხმარებოდა.
სექტემბრის ბოლოს, “დღეში 40-45 ადამიანი გვწერდა, სახლი გვჭირდებაო”, - ჰყვება მიშა. ოქტომბრის პირველსავე დღეებში ტალღა ნელ-ნელა შესუსტდა.
სულ დაეხმარნენ 343 ადამიანს. საკუთარი ბინა მიგრანტებს დაუთმო 48 ადამიანმა. მასპინძლები ძირითადად, რუსები იყვნენ. ილია იხსენებს, რომ კიდევ “გვყავდა უკრაინელები, სამი ძმა აზერბაიჯანიდან, ირლანდიელი ორი პასპორტით - უკრაინულით და რუსულით”… და არც ერთი ქართველი.
ვის ეხმარებოდნენ? “ძალიან გვეშინოდა, რომ ვინმე Z პოზიტიური მოგვაკითხავდა. აი, ისეთი ტიპი, ზემო ლარსამდე მანქანიდან Z-ის მისაკრავი რომ მოიხსნა”, - ამბობს მიშა და ირწმუნება, მსგავსი არავინ ყოფილაო.
ისიც და ილიაც ემიგრაციის პირველი ტალღიდან არიან, მარტის დასაწყისში ჩამოვიდნენ. მეუბნებიან, რომ მეორე ტალღის ხალხი განსხვავდება მათგან, ვინც რუსეთი ომის დაწყებისთანავე დატოვა.
თავიდან უფრო პროგრამისტები და დიზაინერები ჩამოდიოდნენ. ისინი, ვისაც დისტანციური სამსახური ჰქონდა. მაგრამ ორი ტალღა “უფრო მენტალურად განსხვავდება, ვიდრე მატერიალურად”, - მსჯელობს ილია.
“მაშინ ადამიანები უფრო იდეოლოგიური მიზეზით ჩამოდიოდნენ. ახლა კი უბრალოდ თავის გადარჩენას ცდილობენ”, - ეთანხმება მიშა.
რუსეთში ვინ დარჩა? “ისინი, ვისაც ხმის ამოღების და განძრევის ეშინიათ, ან დღემდე ჰგონიათ, რომ ომი არ შეეხებათ“. ილიაც და მიშაც 2019 წელს სანქტ-პეტერბურგში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იყრიდნენ კენჭს და ამბობენ, კარგად გვესმის, რუსეთი შიშით და უმეცრებით როგორც იმართებაო.
“აფხაზეთის ომის არცოდნის ნუ გიკვირთ, ბევრმა ისიც კი არ იცის, რომ თათრეთი ან დაღესტანი რუსეთის ტერიტორიაა”, - მიხსნის ილია.
ამბობენ, რომ ზოგ ჩამოსულს აგრესიული წარწერები არ დაუმსახურებია. ქართველებისთვის კი “მათი შიში უცხოა".
“მესმის, რომ 20% ოკუპირებულია და რატომაც უნდებათ ადამიანებს ამის დაწერა. მაგრამ ქართველებს მიტინგებზე გასვლის არ ეშინიათ, ამიტომ ვერ გაიგებენ, რუსეთში რატომ არ ვბრუნდებით, და ყველაფერს რატომ არ ვცვლით“, - წუხს მიშა.
ორივეს აქვს განცდა, რომ ამ ვერგაგების ხარჯზე, რუსი მიგრანტები ცალკე “ბაბლში“ არიან. თუმცა წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მოახერხებენ ადგილობრივებთან დაახლოებას.
ქართველი ნაცნობები? “ვიცნობ ჩემს დალაქს, მეზობელ ცოლ-ქმარს და კიდევ ერთი-ორ ადამიანს. სულ ესაა”, - ამბობს მიშა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, საქართველოში 300 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა. 3 ოქტომბრის მდგომარეობით, აქედან 112 ათასი დარჩა.