ქართველები და საბჭოთა იმპერია: ინტერვიუ ისტორიკოს ერიკ სკოტთან

როგორ წარმოადგენდა საქართველო საკუთარ თავს საბჭოთა სივრცეში და რა როლი ჰქონდა მას „ცენტრის“ - მოსკოვის - ცხოვრებაში? როგორ და რატომ მოხდა, რომ სახელმწიფოებრიობაწართმეული, არა სლავური, ზომით პატარა საქართველოდან მოსკოვში წასულმა ქართველებმა გამორჩეულად დიდი გავლენა მოიპოვეს საბჭოეთის პოლიტიკის, კულტურის, კულინარიის, კრიმინალური ქსელების თუ ჩრდილოვანი ეკონომიკის სფეროებში? როგორ ცხოვრობდა ქართული დიასპორა მოსკოვსა და თბილისს შორის?

2016 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა დაბეჭდა წიგნი, რომელიც სწორედ ამ საკითხებს ეხება. ესაა ისტორიკოს ერიკ სკოტის მონოგრაფია „ნაცნობი უცხოები: ქართული დიასპორა და საბჭოთა იმპერიის ევოლუცია“. წიგნი ჯერ არ არის თარგმნილი ქართულ ენაზე. გთავაზობთ საარქივო მასალებით გამდიდრებულ ინტერვიუს წიგნის ავტორთან, ერიკ სკოტთან.