ქარელის საკრებულოს ხმაურიანი სხდომა

ხალხი საკრებულოს ადმინისტრაციული დარბაზის ნაცვლად ქარელის კულტურის ცენტრში შეიკრიბა.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო. ამ სხდომის მიმართ მოქალაქეების ინტერესი თავიდანვე მაღალი იყო და საკრებულო ადმინისტრაციული დარბაზის ნაცვლად ქარელის კულტურის ცენტრში შეიკრიბა. 250-ადგილიან დარბაზში ასზე მეტი მოქალაქე შევიდა.

სოფელ რუისის მოსახლეობის ერთი ნაწილი საკრებულოს წევრებს სთხოვდა, რომ სოფლის სპორტული მოედანი ეკონომიკის სამინისტროსთვის არ გადაეცა და ამ გზით დაინტერესებულ პირებზე არ გასხვისებულიყო. დარბაზში მერიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და სხდომა მათსა და რუისელებს შორის კამათით პერიოდულად წყდებოდა. საკრებულოს წევრები და მოქალაქეები ერთმანეთის პოლიტიკურ წარსულს უფრო განიხილავდნენ, ვიდრე საკითხს, რომელზეც გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.

კონფლიქტი რუისის მოსახლეობის ერთ ნაწილსა და ქარელის მერიას შორის გასული წლის ბოლოს დაიწყო, როცა მერიამ, საკრებულოს თანხმობით, სოფელ რუისში არსებული მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით გაასხვისა. ნაკვეთი ცენტრალური მაგისტრალის სიახლოვესაა. ის კომპანია „ბიგ-სერვისმა“ 54 ათას ლარად შეიძინა და იქ მანქანების ელექტროგასამართი სადგურის მოწყობა განიზრახა. რუისის მოსახლეობის ნაწილმა საკრებულოს გადაწყვეტილება ხაშურის რაიონის სასამართლოში გაასაჩივრა იმ არგუმენტით, რომ მერიას სოფლის მოედნის ტერიტორიის გასხვისების უფლება რუსულ ბიზნესკომპანიაზე არ ჰქონდა. სასამართლომ მოქალაქეების სარჩელი დააკმაყოფილა და საკრებულოს გადაწყვეტილება ბათილად ცნო. ბოლო 6 თვეში ქარელის მერიამ რუისის სპორტული მოედნის ტერიტორია ღობით გამიჯნა და საკრებულოს ახლა უკვე ათი ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემის თხოვნით მიმართა.

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, რუისელი ვლადიმერ ბუზიაშვილი აცხადებს, რომ ქარელის მერია ყველანაირად ცდილობს სახელმწიფო მიწა რუსულ კომპანიაზე გაასხვისოს და ამით ადგილობრივ ახალგაზრდებს განვითარების პერსპექტივა მოუსპოს.

სხდომაზე შეკრებილი რუისელები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ სოფლის სპორტული მოედნის გასხვისებას და წინააღმდეგობას გაუწევენ როგორც მერიას, ასევე რუსულ კომპანიას.

ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი, საკრებულოს სხდომაზე შეკრებილ მოქალაქეებს უხსნიდა, რომ მიწის ნაკვეთი სოფლის მოედანს არ ეკუთვნის და ის გამიჯნულია. გულიაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ინტერესით მოქმედებს და სოფელში ინვესტიციის ჩადებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ეწინააღმდეგება. ამის შემდეგ რუისელებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

საკრებულოს წევრებმა 26 ხმით 2-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღეს და რუისის მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს. სოფლის მოსახლეობის ინტერესების დამცველი ალექსანდრე მერებაშვილი აცხადებს, რომ საკრებულომ უკანონო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიიღო, რაც ასევე გასაჩივრდება.

რუისელები მიწის ნაკვეთის დათმობას არ აპირებენ, ისინი ბრძოლას აგრძელებენ - ჯერ სასამართლოს მიმართავენ და საპროტესტო აქციების გეგმასაც განიხილავენ.