„ვეუბნებოდით, გასახდელიდან გადი, ჯერ არ გვაცვიაო“: ქალი ფეხბურთელები მწვრთნელისგან სექსუალურ შევიწროებაზე ჰყვებიან

საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ფეხბურთელები

2023 წლის 4 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ ქალთა საფეხბურთო კლუბი „მართვე“ და მისი მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი პასუხისმგებლად ცნო ამავე კლუბის 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში.

მათ ფეხბურთელებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება - 36 000 ლარის გადახდა დააკისრა - ცხრიდან ხუთი ფეხბურთელი გოგო, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ღიად ლაპარაკობს ჯერ კიდევ მათი არასრულწლოვნობის პერიოდში, როგორც საკუთარ თავზე განცდილ, ისე მათი მეგობრების თავს გადახდენილ სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ამბებზე.

საფეხბურთო კლუბ „მართვეს“ ყოფილმა მწვრთნელმა თანამდებობა 2020 წელს დატოვა. გოგონებზე სექსუალური შევიწროების ფაქტებს ის დღესაც კატეგორიულად უარყოფს და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ანუკა სინატაშვილი დღეს 27 წლისაა, ნატა სამხარაძე 18-ის, ლანა გორგაძეს 26 წელი შეუსრულდა, ანა ჯანელიძეს - 24. მარი ხარგელია 21 წლისაა.

დანარჩენი ოთხი გოგო საჯაროდ ლაპარაკისგან ჯერ თავს იკავებს, თუმცა ყოფილი მწვრთნელისთვის სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილება ყველამ ერთად მიიღო.​

ფეხბურთს ბავშვობიდან თამაშობენ. ბავშვობიდანვე იცნობენ პაატა დოგრაშვილსაც.

მწვრთნელს ენდობოდნენ, უყვარდათ და ემეგობრებოდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ქცევა, როგორც გოგოები ყვებიან, მათთვის უსიამოვნო გახდა. ამაზე ისინი დიდხანს დუმდნენ და, როგორც ამბობენ, მწვრთნელის ქცევას სახელსაც კი ვერ უძებნიდნენ.

ფეხბურთელები იხსენებენ არაერთ შემთხვევას, რომლის დამალვაც წლების განმავლობაში უწევდათ - ხელით შეხება, უხეშად მიმართვა, გოგონების გასახდელში უნებართვოდ შესვლა, პირადი სექსუალური გამოცდილებების განხილვა, ერთად პორნოგრაფიული ფილმების ყურება.

„არ ვიცოდოთ, რომ ეს სექსუალური შევიწროება იყო“.

„ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა ამოსათქმელად“.

„ვგრძნობდით, რომ ეს არ იყო ნორმა“.

„ბრაზი გვახრჩობდა“.

„ვეუბნებოდით, გასახდელიდან გადი, ჯერ არ გვაცვია-თქო“.

„მარტო რომ ვყოფილიყავი, ვერასოდეს გავბედავდი ამაზე ლაპარაკს“.

„მეშინოდა, რომ ყველა ჩვენ დაგვაბრალებდა რამეს“.

„ისე ვენდობოდი, რასაც მეტყოდა, ყველაფერს ვასრულებდი“.

„გვეუბნებოდა, თქვენი ხელფასის ნაწილი მე უნდა მომცეთო“.

„თხა, ქაჯო, დებილო - ასე მოგვმართავდა საჯაროდ“.

„დავინახე, ისე ეხებოდა (გოგოს), როგორც არ შეიძლება შეეხო, სიმწრისგან ვიტირე და გავიქეცი“.

ეს ანუკას, ნატას, ლანას, ანასა და მარის სიტყვებია.

ქალთა საფეხბურთო გუნდ "მართვეს" ფეხბურთელები. საილუსტრაციო ფოტო.

„მართვეს“ ფეხბურთელების ამბავი, შესაძლოა, არც გასაჯაროებულიყო და არც სასამართლომდე მისულიყო, რომ არა ერთი ტრენინგი სექსუალურ შევიწროებაზე, რომელსაც ქალებისათვის ატარებდა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. სწორედ იქ ახსენა ერთმა გოგომ დისკუსიის დროს, მსგავსი რამ ჩვენს კლუბშიც ხდებოდაო.

PHR-ის ადვოკატი, ანა თავხელიძე იხსენებს, რომ ეს კომენტარი არ გამორჩენიათ.

სულ 33 სასამართლო პროცესი გაიმართა.

„ეს იყო პირდაპირი გაგებით ბრძოლა იმისთვის, რომ მთავარი ამბავი, ამ გოგოების ისტორია არ დაკარგულიყო და მეორე მხარისთვის არ მიგვეცა საშუალება, რომ ყველაფერი გადაეფარა სტერეოტიპებით, დამადანაშაულებელი კითხვებით და პირადი ცხოვრების ქექვით“, - გვითხრა ანა თავხელიძემ.

ამ ვიდეოში ის ქუთაისში მიმდინარე სასამართლო პროცესების დღეებს იხსენებს და სხვა დეტალებთან ერთად, გვიყვება, როგორ უწევდათ არა მხოლოდ ფეხბურთელი ქალების, არამედ საკუთარი თავის დაცვაც ქალ ადვოკატებს - თავად ანა თავხელიძეს, ანა აბაშიძესა და სოფიკო მენაბდიშვილს.

Your browser doesn’t support HTML5

ანა თავხელიძე ქალთა საფეხბურთო კლუბ "მართვეს" ფეხბურთელების ბრძოლაზე

ანას კოლეგა, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ადვოკატი ანა არგანაშვილი კი გვეუბნება, რომ ამ პროცესებზე ფეხბურთელი გოგოები ხელახლა განიცდიდნენ შევიწროებას. სასამართლო დარბაზში ამ მხრივ მათი დაცვა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. არც საქმის მოგების იმედი ჩანდა. გოგოებმა გარისკეს და ამ პროცესში ყველაფერი ჩადეს: თუ ვერ მოიგებდნენ, ყველაფერს კარგავდნენ.

„ამდენი ქალი, ერთად, ერთმანეთის მხარდასაჭერად გამოსული, აქ ჯერ არ გვინახავს. როგორც წესი, არის ხოლმე ერთი ქალი, რომელიც ლაპარაკობს და დანარჩენი ქალები, რომლებიც არიან ჩუმად“.

ამ ინტერვიუში კი, ანა არგანაშვილი ყვება, სპორტში, კონკრეტულად კი სპორტსმენ ქალებზე სექსუალური შევიწროების ხასიათზე და იმაზე, რის ფასად უწევთ ამ ქალებს სპორტში დარჩენა.

Your browser doesn’t support HTML5

ანა არგანაშვილი სპორტსმენ ქალებზე სექსუალურ შევიწროებაზე

„სრული მოულოდნელობა“, - ასე შეაფასა ჩვენთან საუბრისას სასამართლოს გადაწყვეტილება „მართვეს“ ყოფილი მწვრთნელის, პაატა დოგრაშვილის ადვოკატმა ზურაბ ჯანაშიამ და გვითხრა, რომ მოსარჩელე მხარეს არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა. იგი ამბობს, რომ საპირწონედ მათ არაერთი მტკიცებულება წარადგინეს და სასამართლოზე მოპასუხის მხრიდან 27 მოწმეც დაიკითხა.

„რომ ამბობდნენ, მოედანზე შეურაცხყოფას გვაყენებდაო, არაერთი ვიდეო წარვადგინეთ, სადაც ერთხელაც კი არ ჩანს პაატა დოგრაშვილის მხრიდან რაიმე უარყოფით კონტექსტში მიმართვა ფეხბურთელებისადმი. სხვა მოწმე ფეხბურთელებიც ამბობდნენ, რომ ჩვენც იქ ვიყავით და მსგავსი არაფერი ხდებოდაო“.

ზურაბ ჯანაშია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მოსამართლე მის წინააღმდეგ „მოსალოდნელ აჟიოტაჟს მოერიდა“:

„პროცესების დროსაც მოსამართლე ემოციურად იყო დაძაბული, რადგან მოსარჩელე მხარე საკმაოდ აგრესიული იყო... შეიძლება ითქვას, რომ მოსამართლეს თავიდანვე გაექცა სხდომა და მაქსიმალურად ლმობიერი იყო, რომ რაიმე საყვედური არ მიეღო“.

პაატა დოგრაშვილის ადვოკატი გვეუბნება, რომ სასამართლოს მათი მოწმეების ჩვენებები უნდა მიეღო მხედველობაში, რაც ასევე არ მოხდა.

რადიო თავისუფლება: ანუ, თქვენი აზრით, ცხრავე გოგო ცრუობს?

ზურაბ ჯანაშია: ჩემი აზრით, არა, მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით მტკიცდება ეს [მწვრთნელის უდანაშაულობა - რ.თ.]. როგორ წარმოგიდგენიათ, შვიდი-რვა წლის განმავლობაში თქვენი შვილი რომ მსგავს შევიწროებას განიცდიდეს, შეიძლება, რომ ამაზე ეჭვი არ შეიტანოთ?

რადიო თავისუფლება: კი, წარმომიდგენია, იმიტომ, რომ ასე ხშირად ხდება, რადგან ძალადობის მსხვერპლები ზოგჯერ საერთოდ ვერ ლაპარაკობენ.

ზურაბ ჯანაშია: ჩვენ სხვა ფეხბურთელების მშობლებიც გვყავდა მოწმედ მოყვანილი და ისინი ამბობდნენ, რომ მათ არასოდეს შეუმჩნევიათ არც ცუდი გამოხედვა მწვრთნელისგან, არც ცუდი მიმართვა და ამბობდნენ, რომ ასეთი რამ მართლა რომ მომხდარიყო, შევამჩნევდითო. რომელი მშობელი გამოვიდოდა პაატა დოგრაშვილის დასაცავად, რამე რომ შეემჩნიათ?

ზურაბ ჯანაშიას ასევე ვკითხეთ, მისი აზრით, რა უნდა ექნათ 13-14 წლის გოგოებს, რომ პაატა დოგრაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები მოეპოვებინათ? ადვოკატი ამბობს, რომ დღეს ყველას ტელეფონი უჭირავს ხელში და მათ შეეძლოთ ჩაეწერათ მამხილებელი ვიდეო, აუდიოჩანაწერი, გადაეღოთ ფოტოები.

„ეს დაგვარწმუნებდა იმაში, რომ პაატა დოგრაშვილს ახასიათებს ასეთი მიმართვა თუ ქცევა“.

ადვოკატი ამბობს, რომ რადგან სხდომა დახურული იყო, ღიად საქმის მეტ დეტალზე ის ვერ ილაპარაკებს, თუმცა გეგმავს, რომ გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს და მიიღოს პასუხი, თუ კონკრეტულად რომელ ფაქტზე დაადგინა სასამართლომ სექსუალური შევიწროება.

ჩვენი ინფორმაციით, „მართვეს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი, სასამართლო პროცესების პერიოდში, ერთ-ერთ სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა. ამ ინფორმაციის გადამოწმება განათლების სამინისტროშიც ვცადეთ და მათგან პასუხს ველით.

თავის მხრივ, ფეხბურთელი ქალების ინტერესების დამცველი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აპირებს ბრძოლის გაგრძელებას ქუთაისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის წინააღმდეგ.

სპორტში სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციაზე საქართველოში ქალ სპორტსმენებს ადრეც ულაპარაკიათ, ოღონდ ანონიმურად. ასეთი შემთხვევების ნაწილმა „შეუმჩნევლად“ ჩაიარა და მათზე არც გამოძიება დაწყებულა.

ასევე ნახეთ სექსუალური შევიწროება და ძალადობა ქართველ ქალ სპორტსმენებზე  
ასევე ნახეთ ფეხბურთელი ქალები მწვრთნელს დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ