ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარში მაშინ ხვდები, როცა ყველა იმედი გადაწურულია. 116 006 - ამ ნომერს კრეფ და შველას ითხოვ. მერე კი ყველაფერს იწყებ ნულიდან. ზუსტად ისე, როგორც ეს ნათიამ ქნა.
ნათიამ „საზღვარი” გადმოკვეთა: „ცემის შემდეგ, ეზოში გაღიმებულს უნდა მევლო“
ნათია სამსახურიდან დაბრუნდა. გარეთ ვილაპარაკოთ, ბავშვებს აღარ უნდათ ამ ამბების მოსმენა და გახსენებაო, მეუბნება თავისი ოთახის მიკეტილ კარს მიღმა და ჩვენც თავშესაფრის ეზოში ვსხდებით. უკვე მესამე წელია, ეს ეზო ნათიას და მისი შვილების ეზოცაა. მოძალადე ქმარს ის 2020 წელს გამოექცა.
ნათიას ამბავი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელში იწყება, სადაც ის ბებიასა და ბაბუასთან იზრდებოდა. მისი მშობლების გზები ადრევე გაიყო. ისინი საქართველოში აღარ ცხოვრობდნენ.
ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა ბევრი რამის აკრძალვას ნიშნავდა. მუდმივად ჩარჩოებში ცხოვრებას. სახლში დაბრუნების დრო მკაცრად განსაზღვრული ჰქონდა. ქუჩაში უცხო მანქანის ჩავლისას უნდა დამალულიყვნენ. არცერთი კლასელის დაბადების დღის წვეულებას არ დასწრებია. არც სხვა თავშეყრას ან რაიმე ღონისძიებას, რაც იშვიათად, მაგრამ მაინც იმართებოდა ხოლმე სოფელში.
17 წლისა მოულოდნელად გათხოვდა. თბილისში სასწავლებლად წამოსვლის წინა დღეს „გაიპარა“ თავისზე 11 წლით უფროს კაცთან ერთად, რომელიც სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი. ის იყო პირველი და ერთადერთი კაცი, რომელთანაც მიმოწერა ჰქონდა. ფიქრობდა, რომ უყვარდა. მაგრამ იმ დღიდან დაიწყო ნათიას ძალადობის მოთმენით სავსე ცხოვრება, რომელიც ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა.
„ალბათ, ასე უნდა იყოს, - ფიქრობდა, - ალბათ, უნდა მოვითმინო“.
„რადგან გათხოვდი, ყველაფერი ღირსეულად უნდა აიტანო“, - ეუბნებოდნენ ნათესავები.
18 წელი ქმრის ოჯახში შეუსრულდა. სახლში, სადაც ცხოვრობდნენ, კვამლი ორი საკვამურიდან ამოდიოდა, გაყოფილი ოჯახი, სადაც ნათიას ქმრის მშობლები და მისი ბებია და ბაბუა ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. 17 წლისას, მძიმედ ავადმყოფი, ლოგინად ჩავარდნილი მოხუცების მოვლა უწევდა. ორივე მის ხელში გარდაიცვალა.
არც სწავლის, არც მუშაობის უფლება არ ჰქონდა. ოცნებები მალე სახლის საქმეებმა ჩაანაცვლა. სოფელში საქმე არასოდეს ილეოდა. ხუთი ძროხა ჰყავდათ, ღორები, წიწილები. ყველაფერი მისი საკეთებელი იყო. ამასობაში შვილებიც შეეძინათ.
ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესი იყო. ქმარი ჩხუბს უმიზეზოდ იწყებდა: რატომ ზიხარ და უყურებ ტელევიზორს. რატომ გახვედი მეზობელთან. რატომ გაქვს ყავის დალევის დრო, რატომ ტირი ფილმის ყურებისას. რატომ იცინი. რატომ დაგაგვიანდა მეზობლის ჭიდან წყლის მოტანა. ნათიას ცემით დალურჯებული სხეული უნდა დაემალა. ნამტირალევი სახე შეენიღბა და ეზოში მხოლოდ ღიმილიანი სახით გაევლო. ბავშვები ყველაფერს ხედავნენ.
ერთ დილას ნათია ფიზიკური შრომისგან ისე ცუდად გახდა, რომ საწოლიდან ვერ ადგა. ქმარმა მესამე დღეს შეაღო მისი საძინებლის კარი და უთხრა:
ადექი, ძროხებია მოსაწველი.
მაშინ დაჰპირდა თავის თავს, რომ თუ ადგომას საერთოდ შეძლებდა, იმ სახლში აღარ დარჩებოდა. მას მერე მხოლოდ წასვლის გზებს ეძებდა. იმ დღეებში თავისი ქმრის საუბარს შეესწრო უფროს შვილთან - დედაშენი თუ წავა და წაგიყვანთ, ამ სახლსაც გადავწვავ და ცხოველებსაც დავხოცავო, იმუქრებოდა.
ერთ საღამოს ნათიამ ტელევიზორში გადაცემა ნახა ოთხშვილიან ქალზე, რომელიც თავშესაფარში ცხოვრობდა. მეგობარს მისწერა და ჰკითხა, ასეთი ადგილი ნამდვილად არსებობსო? პასუხად ტელეფონის ნომერი მიუვიდა - 116 006.
დარეკა.
პანდემია იყო, ენგურის გადმოვლა ისე იყო გართულებული, რომ მეორე მხარეს მიცვალებულებიც კი რთულად გადაჰყავდათ. მაგრამ სხვა გზა არ იყო, უნდა გამოეღწია.
მოახერხა და, ახლობლის დახმარებით, შვილები მეზობელ სოფელში, თავის ბებიის და ბაბუის სახლში წაიყვანა. თავშესაფარზე სიტყვა არავისთან დაუძრავს. მეორე დილით კი, ზუგდიდში გადავიდა. აქეთ მხარეს უკვე ელოდნენ. ათდღიანი კარანტინის შემდეგ, რომელიც მან და მისმა შვილებმა ანაკლიაში გაატარეს, თბილისში, თავშესაფარში წამოიყვანეს.
ამ დღეებმა სოხუმის დაცემის შემდგომი პერიოდი გაახსენა. მაშინ ის ხუთი წლისა იყო. თვალწინ ედგა, როგორი სისწრაფით აცმევდა დედა, როგორ გადმოვიდნენ მაშინაც - ფეხზე ცალი ფეხსაცმლით. სხვა მიზეზით, მაგრამ ახლა ისევ გარბოდა თავის შვილებთან ერთად.
ისინი ამ დრომდე თავშესაფარში ცხოვრობენ. ნათიას ქმარს ხუთწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
ნათიამ ახალი საქმე ისწავლა და მუშაობაც დაიწყო. ბავშვები სკოლაში დადიან. ახლა ბინას ეძებს. ქირის ნაწილს, პირველი რამდენიმე თვე სახელმწიფო მისცემს, დანარჩენი თავისი შემოსავლიდან უნდა გადაიხადოს. ადრინდელივით აღარ შფოთავს. დღეს ასჯერ უფრო ძლიერია. ჯერ ბოლომდე არაფერს ჩაუვლია, მაგრამ თან ახლანდელი თავისუფლებაც უყვარს - დილით ხუთი წუთით ჩამოჯდომა და ყავის დალევა, თვეში ერთხელ ერთი სააათით მეგობრების ნახვა. ოცნება პატარა საოჯახო კაფეზე.
აღარ ეშინია. სჯერა, რომ წინ უკეთესი დღეები ელოდება.
აქ ტელეფონი სულ რეკავს - ცხელი ხაზის ოთახი
- 116 006 გისმენთ.
სიჩუმეში რამდენიმე წუთში ერთხელ გაისმის ტელეფონის ზარი.
116 006 - ძალადობის საკონსულტაციო ცხელი ხაზია - ის 24 საათის განმავლობაში ჩართულია. ზარი უფასოა. საუბარი - ანონიმური. კონსულტაციის მიღება 9 ენაზეა შესაძლებელი. ცხელ ხაზზე მიღებული მონაცემები კონფიდენციალურია და გამონაკლისის გარდა (სასამართლოს დადგენილება; სიცოცხლის რისკი; არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობა), ეს ინფორმაცია არ გაიცემა.
ამ ნომერზე დარეკვა მაშინაც შეგიძლიათ, თუ რაიმე ინფორმაციის მიღება გინდათ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, სექსუალური ძალადობის თუ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ. მათ შორის იმაზეც, არსებობს თუ არა ქვეყანაში უფასო სერვისები, კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები.
- 2022 წელს, 116 006-ზე - 3474 ზარი შევიდა.
- მათგან 339 კაცი იყო, დანარჩენი ქალი.
ამ ოთახში ტელეფონი რეკავს ახლაც.
სოფო დედის მხარეს: „ჭიქა ავიღე და ვესროლე. ვიცოდი, ამას აღარ მოვითმენდი“.
შავი ლაქი უსვია, ტანზეც შავები აცვია. დაბალი ხმით ლაპარაკობს. ამ თავშესაფარში მან, მისმა დედამ და მისმა დებმა ცხრა თვე გაატარეს. როცა მიხვდნენ, რომ უკვე შეეძლოთ საკუთარი ძალებით ცხოვრება თავშესაფრის გარეთ, ბინა იქირავეს და ყველაფერი თავიდან დაიწყეს.
როცა მამამ დედის საცემად გაიწია, სოფომ დედას ხელი მოხვია, გვერდზე გასწია და მამამისს ჭიქა ესროლა, რომ ოთახიდან გაეგდო. 18 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა აღარ შეეშინდა.
სოფოს ყველაფერი კადრებად ახსოვდა: ორი წლისაა, მამა ყვირის, დედას სოფო ხელში აჰყავს და მეორე ოთახისკენ გარბის. საკუთარ სახლში სად უნდა მირბოდე? ეს შეგრძნებები დღემდე არ დავიწყებია.
სოფოს ყოველ დილით დაძაბულს ეღვიძებოდა და აყურადებდა - თუ სიწყნარე ხვდებოდა, ესე იგი მამა სახლში არ იყო და ადგომა შეეძლო. თავისუფლად ამოსუნთქვა.
როცა გაიზარდა, დედას ხშირად ეკითხებოდა, რა აძლებინებდა ამ ძალადობას, მაგრამ სრულყოფილი პასუხი ვერცერთხელ ვერ მიიღო. დედა უბრალოდ ითმენდა და საგულდაგულოდ მალავდა ყველაფერს. მამა მას მაშინ სცემდა, როცა ბავშვები შინ არ იყვნენ. ისინი მხოლოდ დალურჯებულ სხეულს, ნამტირალევ და დადუმებულ დედას ხედავდნენ.
„რატომ არ მივდიოდით? იმიტომ, რომ წასასვლელი არ გვქონდა. არც ფული. დედა მუშაობდა, მაგრამ ეს თავის სარჩენად ძლივს გვყოფნიდა“.
იმ დღეს კი, როცა მამამ დედას შვილების თვალწინ ცემა დაუწყო, სოფოს დებიდან ერთ-ერთს პანიკური შეტევა დაეწყო. ბავშვი ისე ცუდად გახდა, რომ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამბავიც მაშინ გამჟღავნდა, როცა სასწრაფოს ექიმებმა გამოძახების მიზეზი იკითხეს. საქმეში პატრულიც ჩაერთო.
მამა დააკავეს.
სოფო, მისი დები და დედამისი კი თავშესაფარში წაიყვანეს, სადაც ცხრა თვე იცხოვრეს. თავიდან შეჩვევა გაუჭირდათ. ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდათ: იმაზე უნდა ელაპარაკათ, რაზეც წლები დუმდნენ.
თავშესაფარში სამუდამოდ ვერ დარჩებოდნენ. ყველაზე რთული ახალი ცხოვრების დასაწყებად პირველი ნაბიჯების გადადგმა იყო, მაგრამ შეძლეს, მოძლიერდნენ და ახლა ქირით ცხოვრობენ.
სოფო ამბობს, ამაზე ბედნიერი შეგრძნება, ალბათ, არაფერია, როცა სადღაც მიდიხარ დასუსტებული, თითქოს ხელახლა სწავლობ სიარულს და მერე შენით, დამოუკიდებლად აგრძელებ ცხოვრებას.
ახლა აღარავინ ყვირის ყოველ ღამით. დედაც უფრო ლამაზია.
დავრეკე 116 006-ზე - რა ხდება შემდეგ?
ამის შემდეგ იწყება მსხვერპლის (და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვნების) უსაფრთხო გარემოში გადაყვანის პროცესი. მსხვერპლის/დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდგომ ის თავშესაფარში მიჰყავთ.
თავშესაფრის მისამართი კონფიდენციალურია.
2022 წელს, სააგენტოს მომსახურება 3686-მა ადამიანმა მიიღო. მათ შორის არიან ძალადობის სავარაუდო მსხვერპლები, მსხვერპლები, დაზარალებულები. მათგან 3161 ადამიანი თბილისის კრიზისული ცენტრში მოხვდა. 94 ადამიანი - თბილისის თავშესაფარში. 82 ადამიანი - სიღნაღში. 113 ადამიანი - გორში. 66 ადამიანი - მარნეულში. 100 ადამიანი - ქუთაისში. 24 ადამიანი ოზურგეთში. 46 ადამიანი კი ბათუმში.
ძალადობის მსხვერპლს და მასზე დამოკიდებულებს თავშესაფარში დარჩენა შეუძლიათ 3-დან 9 თვემდე. თუმცა, გააჩნია ამბავს: ამ ვადის გახანგრძლივებაც შესაძლებელია და არაერთხელ ასეც მომხდარა.
ისეც შეიძლება მოხდეს, რომ თქვენ არ მოგინდეთ მიმართოთ ამ უწყებებს.
მაშინ, კრიზისულ ცენტრებს უნდა მიაკითხოთ. იქ უნდა დაგეხმარონ, იმის მიუხედავად, გაქვთ თუ არა ძალადობის მსხვერპლის სტატუსი. კრიზისულ ცენტრში უნდა გაგიწიონ იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაცია.
ინდირა რობაქიძე გვეუბნება, რომ თავშესაფარში აფასებენ, როდის არის მზად მსხვერპლი, იქაურობა დატოვოს და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს. ხანდახან უფრო ადრეც მიდიან, თუმცა სრული სარეაბილიტაციო მომსახურების მიღების შემდეგ, რისკი, რომ ის მოძალადესთან დაბრუნდეს, ძალიან მცირეა.
თავშესაფრიდან წასულმა ქალებმა უკვე იციან თავდაცვა.
თამთამ ისწავლა თავდაცვა
თამთას არასოდეს უცხოვრია თავშესაფარში, მაგრამ მისი ამბავი ძალიან ჰგავს თავშესაფარგამოვლილი სხვა ქალების ამბებს. ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების ცენტრში რამდენიმე ხნის წინ, შემთხვევით, თავისი პროფესიის გამო მოხვდა და მიხვდა, ფსიქოლოგის დახმარება მასაც სჭირდებოდა.
თამთას და მის ქმარს შორის ურთიერთობა მას მერე დაიძაბა, რაც კაცმა გაიგო, რომ თამთა ორსულად იყო. ერთ დღეში ადამიანი თითქოს გამოცვალეს.
„მაშინ პირველად ვაღიარე ჩემს თავთან, რომ რაც მანამდე ხდებოდა ჩვენ შორის, ისიც არ იყო ნორმალური. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ეჭვიანია, რადგან ვუყვარვარ. ასე იქცევა, რადგან ვუყვარვარ. ასე ხომ ყველა იქცევა“.
სხვების თანდასწრებით ყვირილი, ბოტასის სროლა - ვითომ შემთხვევით, ტელეფონის წართმევა და გაუთავებლად რაღაცის ქექვა და ათასი მსგავსი რამ, რაზეც მანამდე თამთა თვალებს ხუჭავდა.
ორსულობის პერიოდში ცოლ-ქმარი კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს. ხშირად ჩხუბობდნენ უმიზეზოდ. „ამბობდა, ამას ხომ ვერ დავუჯდები გვერდზეო და დადიოდა კლუბებში, ერთობოდა. მეუბნებოდა, რომ გავსუქდი და დავუშნოვდი და ამის მჯეროდა“.
ბოლოს გადაწყვიტა, იმისთვის, რომ ბავშვი მშვიდად გაეჩინა, ჯობდა, დროებით ცალ-ცალკე ყოფილიყვნენ. ეს იდეა არც მის ქმარს გაუპროტესტებია.
ერთ დღეს, როცა თამთა ხუთი თვის ორსული იყო, ერთ-ერთი დიზაინერის კოლექციისთვის გადაღებებში მონაწილეობა შესთავაზეს. უარი არ უთქვამს, წავიდა. გადაღების დასრულების შემდეგ ტელეფონში უამრავი ლანძღვის და მუქარის მესიჯი დახვდა, „სად დაეთრევი მაგხელა მუცლითო“, სწერდა ქმარი და შეხვედრას მოითხოვდა.
სადარბაზოში იდგნენ. კაცი ხმადაბლა აგინებდა, ლანძღავდა და საქმეს ურჩევდა. უცებ წყლიანი ბოთლი, რომელიც ხელში ეჭირა, მოიქნია და თამთას თავში ჩაარტყა, მერე კი ჯინსის კომბინეზონში სწვდა და ჩამოახია. ტელეფონი წაართვა. ხმაურზე დედა გამოვიდა და პატრულში დარეკა.
დაკითხვა პოლიციაში რამდენიმე საათი გაგრძელდა. პარალელურად ქმრის ნათესავების და მეგობრების მესიჯები არ წყდებოდა: „თამთა, ეს არ გააკეთო“, - სწერდნენ.
როცა თამთას ყოფილი ქმარი, სასჯელის მოხდის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, თამთამ დამცავი ორდერი მოითხოვა და სასამართლოს მიმართა, მამისთვის ბავშვის ნახვის დღეები განესაზღვრათ.
ქუჩაში დღემდე წიწაკის აეროზოლით დადის. თუ ხალხმრავალ ადგილას მოხვდება ან ტრანსპორტში ადის, აეროზოლი ჩანთიდან ჯიბეში გადააქვს. „სულ ხელი მიკიდია“. შიში არ ტოვებს და ვერც ვერავის ენდობა. დიდხანს ეჩვენებოდა, რომ თუ სოციალურ ქსელში ვინმე მისწერდა, ეს აუცილებლად „მისი“ მიგზავნილი იყო.
თამთამ დღეს იცის, როგორ დაიცვას თავი.
„ასე მგონია, ყოველთვის ვიცნობ მოძალადეს“.
როგორ მივხვდე, რომ ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალადობს?
შეიძლება იცით კიდეც, ეს რას ნიშნავს. მაგრამ როდესაც თქვენზე ძალადობენ, ამას თავიდან ვერ მიხვდეთ. ან სულაც ნორმალურად ჩათვალოთ.
ემოციური ძალადობაა, თუ გაშინებენ, გაკონტროლებენ, ცდილობენ თქვენს იზოლირებას. თავიდან ეს შეიძლება ძალიან მსუბუქი ფორმებით დაიწყოს, მოძალადემ ისიც კი გითხრათ, რომ ის ხუმრობს, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ძალადობა სწორედ ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით იწყება.
შეიძლება მან ჯერ კნინობით-ალერსობითი ზედმეტსახელებით მოგმართოთ, რომელიც თავიდან „საყვარელ“ მომართვადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი მალე გადაიზარდოს ისეთ მომართვებში, როგორიცაა სულელო, „ლუზერო“ და ა.შ.
შეიძლება თქვენი დახასიათებისას მთავარ სიტყვად იქცეს „ყოველთვის“ - რომ თქვენ ყოველთვის აგვიანებთ, ყოველთვის ცდებით, უკმაყოფილო ხართ და ა.შ.
შემდეგ მოდის ყვირილი და გინება - ოღონდ მუშტს თქვენ კი არა, მაგალითად, კედელს მიარტყამს. ან რაიმე ნივთს მოისვრის.
ხშირად მიგანიშნებს, რომ ისაა მთავარი, ისაა პატრონი: შენ კი რაღაცას ცდილობ, მაგრამ ამას ვერ გაიგებ.
ეს შეიძლება იყოს დაცინვა სხვების თანდასწრებით.
კიდევ ერთი ნიშანი თქვენი უგულებელყოფაა: რაღაცას უყვებით, ამბობთ, ის კი გიპასუხებთ, აი, ეგ ვის აინტერესებს?
თუ თქვენ მის საქციელზე რეაქცია გაქვთ, ის ამბობს, ხუმრობა არ გესმის?
და ეს ჩამონათვალი ძალიან გრძელია.
როგორ გავუმკლავდეთ?
პირველი, რასაც ძალადობის ყველა მსხვერპლს ეუბნებიან, არის ის, რომ ძალადობა არასოდესაა მისი ბრალი და არ უნდა იცხოვროს მოძალადესთან.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებთან მომუშავე ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ ძალიან ხშირად, ასეთი ემოციური ძალადობა ფიზიკური ძალადობით სრულდება.
რამდენიმე წუთი ცეცხლი მეკიდა - ია, რომელიც გამოიქცა
თავშესაფარში პირველად რომ მოვხვდი, 16 წლის ვიყავი. აქ წელიწად-ნახევარი ვიცხოვრე. ახლა უკვე შემიძლია ამაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ გადავრჩი. ისე, უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო, - ასე იწყებს თავისი ამბის მოყოლას ია და მერე დიდი ხნით ჩუმდება.
- გინდა, სხვა დროს ვილაპარაკოთ?
- არა, პირიქით. სხვა გოგოებსაც უნდა მოვუყვე ჩემი ამბავი და ვუთხრა, თუ თქვენც ასე ხართ, ადექით და წამოდით! წამოდით! მაგაზე უარესი არაფერი იქნება. ადექით, ახლავე. დღესვე.
მერე კი იწყებს ამბის თხრობას „მერამდენედ, ვინ იცის. ხან გამომძიებელთან, ხან სასამართლოზე, ხან ფსიქოლოგთან, სად აღარ მოვყევი. ხანდახან მიკვირს, როგორ გავუძელი“.
იას დედა 17 წლისა იყო, როცა გოგონა გაუჩნდა. ქმართან დიდხანს არ უცხოვრია, სახლიდან მალე წავიდა - იას გარეშე.
მამა სხვა ქვეყანაში წავიდა სამუშაოდ. ხელახლა დაოჯახდა. შვილები შეეძინა. იას დედამაც დაიწყო ახალი ცხოვრება და შვილთან 16 წლამდე კავშირი აღარ ჰქონია. იას ბებია - მამის დედა ზრდიდა. 15 წლისა იყო ია, როცა ბებია მოუკვდა და ამ ასაკიდან საქართველოში დაბრუნებულ მამასთან და მის ოჯახთან გადავიდა.
ია - მეამბოხე თინეიჯერი იყო, მამამისი, როგორც ია იხსენებს, „ტრადიციული შეხედულებების ქართველი მშობელი“. ია სიგარეტს ეწეოდა და შეყვარებული ჰყავდა - ამის გამო ხშირად ჩხუბობდნენ. მესამე კლასში იყო, მამამ ქამრით რომ სცემა, რადგან მათემატიკის დავალება არ დაწერა.
თავიდან ყველაფერი შეზღუდვებით დაიწყო. მამა იას სახლიდან ეზოში არ უშვებდა. ყველაფერს უკრძალავდა. ეუბნებოდა, რომ „გაფუჭებული“ ბავშვი იყო. ჭიშკრის ხმას რომ გაიგონებდა, ია მაშინვე საწოლში წვებოდა და თავს იმძინარებდა, რომ ჩხუბი თავიდან აეცილებინა. მაგრამ ერთ დღეს მამამისმა მისი ფეისბუკის ყველა მიმოწერა წაიკითხა. მათ შორის ძალიან პირადი - შეყვარებულთან.
მამამისი იას ერთი კვირის განმავლობაში სცემდა. გარეთ არ უშვებდა. ვერც გავიდოდა, რადგან მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა. სახე კი ისეთი დასიებული, რომ ბალიშზე თავს ვერ დებდა. ია იხსენებს, როგორ იჭერდა თმებით მამამისი და თავს უნიტაზის კედლებზე არტყმევინებდა.
„ერთხელ მაიკა შემომაწვა ტანზე. რამდენიმე წუთი მეკიდა ცეცხლი“.
ცემას სექსუალური ძალადობაც დაემატა.
„რაღა სხვებთან იარო, რაც გინდა, აქ სახლში მიიღებო, მეუბნებოდა და ტანსაცმელს მახევდა. ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ მაინც მერეოდა. ერთხელ, როცა იმ ბინაში მივყავდი, სადაც ამას აკეთებდა, გზად აფთიაქში შეიარა პრეზერვატივის საყიდლად. მერე კი ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს“.
Your browser doesn’t support HTML5
სახლიდან რომ ვერ გაქცეულიყო, მამამისმა იას მთელი ტანსაცმელი სახლიდან გაზიდა. ის მაინც მხოლოდ გაქცევაზე ფიქრობდა. ერთ დღეს, ძველი ტანსაცმელების პარკიდან რაც ხელში მოხვდა, აიღო, ჩაიცვა და სახლიდან მაინც გაიპარა.
თავიდან ფიქრობდა, რომ თბილისის გარეუბანში მცხოვრებ დეიდასთან წავიდოდა. იმ ღამით დეიდის უბნამდე კი მიაღწია, მაგრამ მის სახლს ვერ მიაგნო. მერე შეყვარებულს სთხოვა შველა - სახლში ვერ დავბრუნდები და შენთან დავრჩებიო. დილის ხუთ საათზე მამამისმა მიაგნო. დარეკა და, გათხოვდიო? ჰკითხა. გავთხოვდიო, უპასუხა იამ.
ბოლო-ბოლო პოლიციას დედამ გააგებინა, რომ მისი ყოფილი ქმარი შვილზე ძალადობდა.
პირველი გამოკითხვის დროს იამ ის ილაპარაკა, რაც მამამ დაარიგა: ვითომ ვიღაც გოგოებთან მოუვიდა ჩხუბი და სხეულიც მაშინ დაიზიანა. მეორე ჯერზე, როცა დედა იას თავშესაფარში წაყვანას დაჰპირდა, სადაც ის უკვე ცხოვრობდა როგორც ძალადობაგამოვლილი ქალი, იამ პოლიციას ყველაფერი მოუთხრო. ამ დროს ის 16 წლისაა.
ორკვირიანი მალვის შემდეგ მამამისი დაიჭირეს და 12 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. სექსუალურ ძალადობას შვილზე ბოლომდე უარყოფდა.
„არასოდეს დამავიწყდება, მოსამართლეს რომ უთხრა, წარმოიდგინე, თქვენი 12 წლის გოგონა რომ იყოს მასობრივ ორგიებში ჩართული, რას იზამდითო“.
თავშესაფარში ცხოვრების დროს იამ მუშაობა დაიწყო. ერთხანს კოლეჯშიც იარა. თავიდან გამომძიებელი ჟურნალისტობა უნდოდა, მაგრამ უნივერსიტეტში აღარ ჩააბარა - „ჯერ ასე გადავწყვიტეო“.
ახლა ქირით ცხოვრობს. და ოცნებობს, რომ სადმე, სხვა ქვეყანაში წავიდეს და აქ აღარასოდეს დაბრუნდეს.
რას ჰყვებიან რიცხვები
შსს-ს ცნობით, 2022 წელს ოჯახში ძალადობის გამო 8748 ორდერი გამოიცა.
2022 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის სახეებს შორის ჭარბობს ფიზიკური ძალადობა - 2284 შემთხვევა. ფსიქოლოგიური ძალადობა - 8042 შემთხვევა.
შსს-ს ცნობით, ამავე წელს ოჯახში ძალადობის გამო 8748 შემაკავებელი და 94 დამცავი ორდერი გამოიცა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2022 წელს 25 ქალი მოკლეს - 15 მკვლელობა ჩადენილია ოჯახური დანაშაულის ნიშნით, ხოლო 11 შემთხვევა - არაოჯახური დანაშაულის ნიშნით.
37-ჯერ სცადეს ქალის მკვლელობა, საიდანაც 28 ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.
პს. მასალაში ძალადობის მსხვერპლი ყველა ქალის სახელი შეცვლილია.