„თავში და სხეულის რამდენიმე ადგილას ქვა ჩაარტყა და მოკლა“, „თავზე ბეტონის ფილა გადაამტვრია და დანა რამდენჯერმე დაარტყა ყელის არეში“, ,,მეუღლეს ცივი იარაღით მიაყენა 21 ჭრილობა“. დანაშაულის იარაღი: ჩაქუჩი, ბეტონის ფილა, ქვა, დანა, ნაჯახი, ცეცხლსასროლი იარაღი... - ეს რომელიმე მხატვრული ნაწარმოებიდან ამოღებული ფრაზები არ გეგონოთ, ნამდვილი ამბებია, რომლებიც ფემიციდის - ქალთა მკვლელობების - მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა. სახალხო დამცველმა ამ საკითხზე პირველი სპეციალური ანგარიში 18 ივნისს გააცნო საზოგადოებას - შედეგები დამაიმედებელი ვერ არის.
ფემიციდის სტატისტიკა (2015-2017)
ბოლო სამ წელიწადში, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 76 ქალია მოკლული.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით:
- 2015 წელს მოკლეს 18 ქალი;
- 2016 წელს - 32 ქალი;
- 2017 წელს - 26 ქალი.
სახალხო დამცველის გუნდმა ამ ანგარიშზე მუშაობისას სულ 11 განაჩენი შეისწავლა. მათ შორის იყო ფემიციდის 7 (მათ შორის ერთი - ტრანსგენდერი ქალის მკვლელობა) და ფემიციდის მცდელობის 4 შემთხვევა. 5 შემთხვევაში დანაშაული ოჯახის წევრმა (კაცმა) ჩაიდინა, 4 შემთხვევაში - პარტნიორმა კაცმა. დანარჩენ შემთხვევებში დამნაშავეები არიან შვილი (კაცი), ნაცნობი კაცი და უცნობი კაცი. ფემიციდის მცდელობის საქმეებშიც მოძალადეები ქმრები, ყოფილი ქმრები ან პარტნიორი კაცები იყვნენ.
ანგარიშის მომზადებისას გამოჩნდა, რომ ფემიციდის ყველა საქმეში აშკარა იყო დამნაშავის მხრიდან მსხვერპლის მიმართ სექსისტური, დისკრიმინაციული და მესაკუთრული დამოკიდებულება. ბრალდებულთა ჩვენებებიდან კი ჩანს, რომ ისინი თავიანთ დანაშაულს „ოჯახის უფროსის“ პოზიციიდან ხსნიან: ქალი არ დაემორჩილა, ამიტომ დაისაჯა.
ამ ფონზე საინტერესოა, რომ, ანგარიშის მიხედვით, ამ საქმეებში არც პროკურატურას და არც სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება დისკრიმინაციულ მოტივზე.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოგვარებას ქვეყანაში სისტემური ნაბიჯები თუ უშველის.
Your browser doesn’t support HTML5
კლავ იმიტომ, რომ ქალია
ფემიციდი ძალადობის კულმინაციაა და მას, როგორც წესი, ყოველთვის აქვს წინა ისტორია: მსხვერპლი ქალები ძალადობას დიდხანს განიცდიან ხოლმე. ეს ტერმინი გენდერული ნიშნით ქალის მკვლელობას ნიშნავს: კლავ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალია. ეს დანაშაული უკავშირდება ქალის ქცევის კონტროლს, მის მიმართ მესაკუთრულ დამოკიდებულებას, გენდერულ ძალადობას, დისკრიმინაციას. ტერმინი „ფემიციდი“ 1970-იან წლებში დაამკვიდრა ფემინისტმა სოციოლოგმა დიანა რასელმა. საქართველოს კანონმდებლობაში „ფემიციდი“ ცალკე მუხლად არსად გვხვდება და ექცევა განზრახ მკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სხვა მსგავსი მუხლების კატეგორიაში. „ქალთა მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ფემიციდის, როგორც ცალკე დანაშაულის, განსაზღვრა ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადადგას, თუმცა, როცა სისტემურ მიდგომაზეა ლაპარაკი, რატომღაც ყველას ავიწყდება განათლების სამინისტროს როლი. იდა ბახტურიძე, „ქალთა მოძრაობიდან“, სწორედ ამ აქცენტს სვამს - რას აკეთებს განათლების სამინისტრო?
Your browser doesn’t support HTML5
ომბუდსმენის რამდენიმე რეკომენდაცია
შესწავლილმა საქმეებმა და ფემიციდის ფაქტების გაანალიზებამ სახალხო დამცველის გუნდს უბიძგა ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართოს. აი, ზოგიერთი მათგანი:
- სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ფემიციდი, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობა, გამოიყოს სისხლის სამართლის კოდექსში. პროკურატურამ მოიძიოს ძალადობისწინა ისტორია.
- სასამართლო ეტაპზე ფემიციდის საქმეებში გამოიყოს გენდერული მოტივი.
- არსებობდეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, ასევე სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა სრულყოფილი სტატისტიკა.
მმართველ პარტიაში ფემიციდის პრობლემის გადაჭრის გზებზე ყველას აზრი ერთმანეთისას არ ემთხვევა, თუმცა დიმიტრი ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ საბოლოო იდეა მათ მაინც აერთიანებთ.
Your browser doesn’t support HTML5
უკვე არსებობს ვებსაიტიც, სადაც ფემიციდზე უფრო მეტის გაგება შეგიძლიათ.