ქალები ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან შვილების სანახავად ევროპის სასამართლოს მიმართავენ

ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მიიჩნევენ, რომ ბავშვები მამის ოჯახის საკუთრებაა. განქორწინების შემთხვევაში შესაძლოა დედას მათი ნახვის უფლება არც მისცენ. ამ შემთხვევაში საბოლოო ინსტანცია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო რჩება.

„იმედით ვცხოვრობ“

5 მაისს სტრასბურგის სასამართლომ ინგუშეთის მოქალაქე ასია გუბაშოვას სასარგებლოდ გადაწყვეტილება გამოიტანა. მისმა ყოფილმა ქმარმა, განქორწინების შემდეგ, გოგონა თან წაიყვანა და დედას ნახვის უფლებას არ აძლევს. ასია სასამართლოს წარმომადგენლების არაეფექტურ საქმიანობას უჩიოდა.

ქალი ამბობს, რომ ყველაფერი სცადა, საქმე რომ სასამართლომდე არ მისულიყო. მიმართა თავისი და ქმრის გვარების უხუცესებს, მუფტებს, ყოფილი ქმრის ოჯახს... „მხოლოდ იმედით ვცხოვრობ და ველოდები, როდის მექნება შვილის ნახვის საშუალება. ვცდილობდი, უშუალოდ ყოფილ ქმარს დავკავშირებოდი. პასუხად მხოლოდ უხეშობას და შეურაცხყოფას ვიღებ. არ მოდის კონტაქტზე. ჩემი გოგონა დედას ბებიას ეძახის, მამას - ბაბუას. უკვე ყველაფერი ვცადე“, - ჰყვება ასია.

ასია ქმარს 2014 წელს გაშორდა, მაშინ ბავშვი 2 წლის იყო. ახლა გოგონა მამის ნათესავების სახლში, ინგუშეთში ცხოვრობს, თავად მამა კი გროზნოშია.

2015 წელს რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ბავშვი დედისთვის დაებრუნებინათ. მაგრამ სასამართლოს წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება არ აღასრულეს. 2016 წელს სასამართლომ დააკმაყოფილა მათ წინააღმდეგ დაწერილი საჩივარიც. სასამართლომ ისევ აღიარა, რომ „სასამართლოს აღმასრულებლების მიერ მიღებული ზომები სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად საკმარისი არ აღმოჩნდა“. მაგრამ არც ეს აღსრულებულა.

„ბავშვს არ აჩვენებს და მორჩა. სასამართლოს წარმომადგენლები მიდიან, მაგრამ სათანადოდ არ მოქმედებენ, მიზეზად კი მოაქვთ, რომ ის სახლში არ არის, ინგუშეთში არ ცხოვრობს, გროზნოშია. ასე სამ-ოთხჯერ გადაიგზავნა საბუთები. ამას დრო მიაქვს. ნახევარი წელი მაინც უნდა, რომ საბუთები ინგუშეთიდან ჩეჩნეთში გადასცენ“, - ჰყვება მალიკა აბუბაქაროვა, პროექტის „სამართლებლივი ინიციაციის“ ადვოკატი.

სტრასბურგის სასამართლოს ასია გუბაშოვამ 2019 წლის მაისში მიმართა. სასამართლომ მიიჩნია, რომ რუსეთის მთავრობამ დაარღვია ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მერვე ნაწილი, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემას ეხება. სასამართლო მიუთითებს, რომ აღმასრულებელთა უმოქმედობის შედეგად დედამ შვილი ვერ დაიბრუნა.

ახლა, როცა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, ადვოკატები აღმასრულებლების წინააღმდეგ კვლავ შეიტანენ განცხადებას.

ბავშვებისა და შემწეობის გარეშე

2019 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე მოიგო ჩეჩენმა ზელიხა მაგამადოვამაც. ეს პირველი საქმე იყო, რომელიც ოჯახური დავების დარეგულირების კუთხით ჩეჩნეთიდან სტრასბურგში გაიგზავნა. საქმეს 7 წელი განიხილავდნენ. ევროპის სასამართლომ უკანონოდ ცნო რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება გარდაცვლილი ქმრის ოჯახის სასარგებლოდ ზელიხასთვის მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ.

ზელიხა მაგამადოვა

ზელიხა მაგამადოვა 6 შვილის დედაა. მისი მეუღლე, მაჰსუდ ბოლატხანოვი, მილიციაში მუშაობდა. ის 2006 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. ოთხი წლის შემდეგ გარდაცვლილის ძმებმა 30 წლის ზელიხა სახლიდან გამოაგდეს, ბავშვებისადმი ცუდად მოპყრობაში დაადანაშაულეს და აუკრძალეს მათ მიკარებოდა. უფროსი მაშინ 13 წლის იყო, უმცროსი - 4-ის.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მისმა ძმებმა მიითვისეს ერთჯერადი კომპენსაცია (2,5 მილიონ რუბლამდე) და, ამასთან, აიძულეს ზელიხა, ბავშვებისთვის დანიშნული მარჩენალდაკარგულის შემწეობის მისაღებად მათთვის მინდობილობა გაეფორმებინა.

ბავშვების დასაბრუნებლად ზელიხამ რაიონულ სასამართლოს მიმართა. მას შვილების სანახავად დღეები გამოუყვეს, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, წელი ისე გავიდა, ბავშვები არ უნახავს: „ნათესავები მემუქრებოდნენ და ბავშვებს მალავდნენ“.

2013 წელს, გარდაცვლილი მეუღლის ძმამ, ელსოლტ ბოლატხანოვმა, სასამართლოს მეშვეობით ზელიხა მშობლის უფლებების გარეშე დატოვა. მეურვედ თავად დანიშნეს.

მაგამადოვამ რუსეთის სასამართლოები შემოიარა, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, მისი საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ მიიღო, რომელმაც 2019 წელს მშობლის უფლებების ჩამორთმევა უკანონობად მიიჩნია. ამის შემდეგ ადვოკატებმა ისევ რუსეთის სასამართლოს მიმართეს.

ზელიხას ხუთი გოგო და ერთი ვაჟი ჰყავს. მისი ორი ქალიშვილი უკვე გათხოვდა და ბავშვებიც გააჩინეს, მაგრამ დედას მათთან ურთიერთობის საშუალება ამ დრომდე არ აქვს. ის ჰყვება, რომ მის შვილებს ქმრის ნათესავების იმდენად ეშინიათ, რომ მათთან მიახლოების უფლებასაც არ აძლევენ.

მოიტაცა ავადმყოფი ბავშვი

2018 წლის აპრილში ევროპის სასამართლომ ჩეჩნეთის მოქალაქე ელიტა მაგომადოვას სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. მაგომადოვა გროზნოს სასამართლოს უჩიოდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მის შვილს მამასთან უნდა ეცხოვრა, თუმცა შვილის დაბრუნება მან სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოახერხა.

ელიტა მაგომადოვა ქმარს 2010 წელს გაშორდა, როცა მისი ვაჟი ერთი წლის იყო. ბავშვს მკურნალობა სჭირდებოდა, რის გამოც საცხოვრებლად გროზნოდან მოსკოვში გადავიდა. ყოფილი ქმარი შვილს აკითხავდა ხოლმე. 2013 წელს მან სამი წლის ვაჟი საბავშვო ბაღიდან ისევ გროზნოში წაიყვანა.

2014 წელს ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბავშვი მამასთან უნდა დარჩეს. დედას მისი ნახვის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. შვილის დაბრუნება დედამ მხოლოდ 2016 წელს მოახერხა.

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ქალები ძალიან იშვიათად მიდიან განქორწინებაზე, რადგან ბავშვების დაკარგვის ეშინიათ. ამის გამო მათ შეურაცხყოფისა და ცემის ატანაც უწევთ. ჩეჩნეთსა და ინგუშეთში განქორწინების შემდეგ ბავშვები, როგორც წესი, ქმრის ოჯახში რჩებიან, რადგანაც მიიჩნევა, რომ ისინი ამ ოჯახს ეკუთვნიან. მათზე ქმრის დედა, ასევე დები და რძლები ზრუნავენ.