უკრაინასთან მასშტაბურ ომში ჩართული რუსეთი მძიმე დემოგრაფიული პრობლემების წინაშეც დგას. როსსტატის - რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს დაფიქსირდა შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში.
დემოგრაფიულ სურათს ერთიორად ამძიმებს ომში დაღუპულთა და დასახიჩრებულთა სტატისტიკა, რომელიც კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის "დემოგრაფიულ ორმოში" ჩავარდნილი რუსეთის მდგომარეობას.
„ჯარისკაცები არ დაზოგოთ, ქალები კიდევ დააჩენენ!“ - ეს ფრთიანი გამონათქვამი, რომელსაც პუბლიცისტები ყველაზე ხშირად მარშალ ჟუკოვს მიაწერენ ხოლმე, ასახავს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების მიდგომას: ჯარისკაცებს მართლა არ ზოგავენ, ქალებს კი შობადობის მაჩვენებლის გაზრდას კონტრაცეფციის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვით, აბორტის აკრძალვითა და უშვილობის გადასახადის (თუ ჯარიმის) შემოღებით აიძულებენ.
რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით რუსეთში 511,7 ათასი ბავშვი დაიბადა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შობადობა 11,5 ათასით, ანუ 2,2%-ით შემცირდა. გასული წლის მაჩვენებლები ყველაზე ცუდი იყო ბოლო ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
როსსტატის თანახმად, შობადობის ფარდობითი კოეფიციენტი მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე - 8,5 ბავშვი 1000 ადამიანზე, ერთ-ერთი ყველაზე უარესია თანამედროვე რუსეთის ისტორიაში. ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი მხოლოდ 1999 წელს იყო - 8,3 ბავშვი 1000 ადამიანზე.
გამოცემა The Moscow Times-ი აღნიშნავს, რომ რუსეთში შობადობა იკლებს, მიუხედავად „ოჯახური ღირებულებების“ პროპაგანდისა და ეროვნულ პროექტ „დემოგრაფიაზე“ დახარჯული 4 ტრილიონი რუბლისა.
2023 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმაც აღიარა, რომ რუსეთი დემოგრაფიული თვალსაზრისით „ძალიან რთულ ვითარებაშია“.
„რთული დემოგრაფიული ვითარების“ დაძლევის მიზნით რუსეთის ხელისუფლებას ცვლილებები შეაქვს კანონმდებლობაში.
ახლახან რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ (დუმამ) მოამზადა კანონპროექტი „ფეხმძიმე ქალებისა და დედების დამატებითი მხარდაჭერის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს „რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში“ აღმოჩენილთათვის სოციალური მომსახურების გაფართოებას.
დახმარება მოიცავს მედიკამენტებს, სამედიცინო ხელსაწყოებს, სამკურნალო სანატორიუმის საგზურებსა და სამკურნალო დაწესებულებამდე ტრანსპორტირების ხარჯებს.
„ჩვენ ასევე ვთავაზობთ, რომ დავამატოთ სოციალურ-იურიდიული, სოციალურ-შრომითი, სოციალურ-ფსიქოლოგიური სერვისების მქონე დაწესებულებებში სადღეღამისო ცხოვრების შესაძლებლობა, - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა ანდრეი კუზნეცოვმა, - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ფაქტობრივად, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ თავისი საშუალებების ნაწილი მოახმაროს იმ ცენტრების დაფინანსებას, რომლებსაც შეიძლება მიმართონ რთულ მდგომარეობაში მყოფმა ბავშვიანმა ან ფეხმძიმე ქალებმა“.
რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრის მიხაილ მურაშკოს განცხადებიდან კი ირკვევა, რომ რუსეთის მთავრობის პრიორიტეტი, დედებისა და ბავშვების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტად, ნებისმიერი საშუალებით შობადობის მაჩვენებლის გაზრდაა.
„სრულიად მანკიერი პრაქტიკა ჩამოყალიბდა საზოგადოებაში - რომ ქალმა უნდა მიიღოს განათლება, შემდეგ გაიკეთოს კარიერა, შემდეგ შეიქმნას მატერიალური ბაზა და მხოლოდ ამის შემდეგ, რთულ რეპროდუქციულ ასაკში იზრუნოს შვილის გაჩენაზე“, - განაცხადა მიხაილ მურაშკომ, რომლის თქმითაც, ამგვარი მიდგომა იწვევს უნაყოფობას და ორსულობის შეწყვეტას და ამცირებს მესამე და მეოთხე ბავშვის გაჩენის შესაძლებლობას.
რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის ამ განცხადებამ გულგრილი ვერ დატოვა ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები.
ანა ლევჩენკოს - ფსიქოლოგისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარების ცენტრის წარმომადგენლის თქმით, რუსეთის მთავრობა ეუბნება ქალებს, რომ საჭირო არ არის სწავლა, კარიერა და სამსახური, ყველამ სასწრაფოდ უნდა გააჩინოს ბავშვები და თანაც რაც შეიძლება ადრე, თუნდაც მეცხრე კლასში.
„მთავარია, რომ სახელმწიფოს სჭირდება ხალხი. როგორ და რით უნდა არჩინო ბავშვი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ინსტიტუტი? კარგი სამსახური? დედობისთვის გააზრებული მომზადების შესაძლებლობა? მსგავსი არაფერი სმენიათ!
ჯანდაცვის სამინისტრომ თქვა - ყველამ გააჩინოს, ე.ი. ყველამ უნდა გააჩინოს.
მთავრობა ასევე აპირებს აკრძალოს სწრაფი კონტრაცეფციის მედიკამენტების (მაგალითად, Postinor) ურეცეპტოდ გაყიდვა.
პრეზერვატივი გაიხა და პოსტინორი გინდა მიიღო? არა! ჯერ ექიმს და შემდეგ მღვდელს უნდა გაესაუბრო, იქნებ მშობიარობაზე დაგიყოლიონ!
ამის მერე კიდევ გვიკვირს, რომ ჩვენს მედიაში გოგონას, რომელმაც 11 წლის ასაკში იმშობიარა, ახალგაზრდა დედას უწოდებენ და არა გაუპატიურებულ ბავშვს“, - ამბობს ფსიქოლოგი ანა ლევჩენკო.
რუსეთს, სპეციალისტების შეფასებით, ახალი "დემოგრაფიული ორმო" აქვს, მსგავსი იმისი, რაც იყო 1998 წლის დეფოლტის მომდევნო წელს, არადა, რუსეთის ხელისუფლება გამუდმებით აპელირებს ოჯახის ღირებულებებზე, აფინანაებს ძვირადღირებულ პროექტ „დემოგრაფიას“ და გარკვეულ თანხას იხდის ყოველ გაჩენილ ბავშვზე.
რატომ არის უშედეგო რუსეთის მთავრობის ძალისხმევა?
ამ კითხვის პასუხად მარინა ოვსიანიკოვა, ჟურნალისტი და რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილი წამყვანი ამბობს, რომ, ბუნებრივია, როცა გაურკვევლობის პირობებში ქალებს არ სურთ შვილების გაჩენა.
„რუსეთში 18-დან 34 წლამდე ასაკის გოგონების 70%-ზე მეტი ოცნებობს დაქორწინდეს უცხოელზე და სამუდამოდ დატოვოს ომში გახვეული რუსეთი. თითქმის ისეთივე მდგომარეობაა, როგორც იყო სსრკ-ს დაშლის შემდეგ, როდესაც ჯგუფი „კომბინაცია“ მღეროდა სანატრელ American boy-ზე და მასთან ერთად ემშვიდობებოდა მოსკოვს, - ამბობს ოავსიანიკოვა, - შვილის გაჩენისთვის ქალებს სჭირდებათ სტაბილურობა და საიმედო ფინანსური მდგომარეობა, რაც რუსეთში დიდი ხანია მიუწვდომელია.
ბავშვის შემწეობა, თუ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებით, მინიმალური ხელფასის მაქსიმუმ 50-დან 100%-მდეა (7 ათასიდან 14 ათას რუბლამდე ანუ 70-დან 150 ევრომდე). რას აკეთებს კრემლი?
ომის დროს მშობიარობაზე უარის თქმის საპასუხოდ, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო ამბობს, რომ უნდა შეიზღუდოს ფეხმძიმობის შეწყვეტისთვის საჭირო წამლების გაყიდვა.
გამოდის, რომ რუსეთში ქალი იქცა დანაშაულებრივი ომისთვის საჭირო ახალი ჯარისკაცების გასამრავლებელ ბიოლოგიურ კონტეინერად“.
რუსეთში ასევე სურთ კანონით აკრძალონ უშვილობის პროპაგანდა - „მშობლობის შეგნებული უარყოფის იდეოლოგია“. კანონპროექტი 2022 წლის სექტემბერში წარედგინა სახელმწიფო სათათბიროს. მაშინ რუსეთის ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, თუმცა ახლა გაირკვა, რომ კანონპროექტი ისევ პარლამენტშია.
დოკუმენტის ტექსტიდან შეუძლებელია იმის გაგება, თუ კონკრეტულად რა ჩაითვლება უშვილო ცხოვრების პროპაგანდად, რაც ფულად ჯარიმებს ითვალისწინებს.
გარდა ამისა, უცნობია, დაისჯებიან თუ არა ის ადამიანები, რომლებსაც შთამომავლობის დატოვება არ სურთ.
პარალელურად, რუსეთში განახლდა დისკუსია აბორტის უფლების შესახებ.
როსსტატის თანახმად, რუსეთში ყოველწლიურად დაახლოებით 500 ათასი აბორტი კეთდება. თუმცა, როგორც სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერმა ანა კუზნეცოვამ თქვა, სტატისტიკა არ ასახავს რეალურ სურათს.
„სამჯერ მეტი აბორტი კეთდება, შობადობა იკლებს და ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ“, - განაცხადა მან.
ანა რივინა, ქალთა უფლებების დამცველი: „ჩვენთან დიდი ხანია მოხდა ეგრეთ წოდებული კონსერვატიული შემობრუნება, უბრალოდ ახლა დიდი სიჩქარე აკრიფა.
ჩვენ უკვე დიდი ხანია გვიყვებიან რაღაც ტრადიციული მორალური სამაგრების - აბსოლუტურად ხელოვნური სტრუქტურების შესახებ.
ყველაზე მარტივი რაც შეგიძლია უთხრა ქალს, არის ის, რომ მას მხოლოდ თავისი პირვანდელი დანიშნულება აქვს: უნდა იმშობიაროს; არ იწუწუნოს, როცა სცემენ; ნაკლებ ხელფასზე იმუშაოს. ასეთი ქალები ყველაზე "კომფორტული" ქალები არიან“.
ქალთა უფლებებისადმი დამოკიდებულება შეცვალა რუსეთის ხელისუფლებაში ყველაზე წონიანმა პოლიტიკოსმა ქალმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომაც. ადრე მას შეეძლო ელაპარაკა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონის მიღების აუცილებლობაზე, თუმცა 2023 წლის 8 მარტს მატვიენკომ განაცხადა, რომ რუსეთს თავისი ტრადიციული მორალური სამაგრები აქვს და, რომ მას „არ სჭირდება არანაირი გენდერი“.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს ქალებმა მნიშვნელოვნად ნაკლები ბავშვი გააჩინეს, ვიდრე წინა ათწლეულებში.
გასაგებია, რომ ადამიანს არ სურს ომსა და გაურკვევლობაში ბავშვების გაჩენა, თუმცა ხელისუფლება ცდილობს ზეწოლა მოახდინოს მათზე უშვილობისა და აბორტის აკრძალვით.
ანა რივინას თქმით, სამედიცინო ფაქტია, რომ ომების დროს ქალებს მასობრივად უწყდებათ მენსტრუაცია და ამიტომ ქალები ასეთ დროს მასობრივად არ მშობიარობენ:
„პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსოფლიოში აბორტთან დაკავშირებული სხვადასხვა შეზღუდვა მხოლოდ სიკვდილიანობას ზრდის. რა თქმა უნდა, აბორტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არ გაზრდის შობადობას.
ადამიანები უბრალოდ წავლენ იმ რისკებზე, რომლებზეც ახლა არ მიდიან, რადგან დაცულები არიან ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევით ან სხვა სამედიცინო პროგრამებით.
აბორტის აკრძალვა არ გააუმჯობესებს დემოგრაფიულ მდგომარეობას, მაგრამ გაცილებით მეტ პრობლემას წარმოშობს როგორც სიკვდილიანობისა და მძიმე შედეგების კუთხით, ასევე მძიმე ბედის მქონე ბავშვების მხრივაც. რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემა შეექმნებათ არასრულწლოვან გოგონებს“.
მარი დავთიანი, ადვოკატი და ექსპერტი ქალთა უფლების დაცვის საკითხებში ამბობს, რომ დემოგრაფიული კანონები პრაქტიკულად ისეთივე ობიექტური კანონებია, როგორიც ფიზიკისა. შესაბამისად, მისი თქმით, ფიქრი იმაზე, რომ შეგიძლია შობადობისა და სიკვდილიანობის მართვა, ძალიან ამბიციური ამოცანაა:
„ნებისმიერი პროფესიონალი დემოგრაფი გეტყვით, რომ არ იცნობს აბორტების აკრძალვით შობადობის გაზრდის არცერთ წარმატებულ ექსპერიმენტს.
ის, რომ რუსეთი დემოგრაფიულ ორმოში აღმოჩნდებოდა, დიდი ხნის წინ იყო ცნობილი.
იმ ქალები რაოდენობა, რომლებიც ახლა აჩენენ ბავშვებს, უბრალოდ მცირეა. აბორტების აკრძალვით შობადობა არ გაიზრდება. ეს არის ერთი ფაქტორი, მეორე ფაქტორი: ნებისმიერ სოციალურ სახელმწიფოში პირველადია ადამიანი და არა რაღაც საზოგადოებრივი მოთხოვნილება ან სახელმწიფო ინტერესი.
ქალი - არ არის რეპროდუქტიული მანქანა, ის ადამიანია და მისი გადასაწყვეტია როდის იმუშაოს, როდის გააჩინოს ბავშვი, ან გააჩინოს თუ არა საერთოდ. ეს არის ადამიანის ფუძემდებლური უფლება - დამოუკიდებლად განკარგოს თავისი რეპროდუქტიული ფუნქცია.
ყველას უნდა აბორტების აკრძალვა, მაგრამ ალიმენტების დავალიანება რატომღაც არ იკლებს: 150 მლრდ რუბლზე მეტია და ამას ვერაფერს უხერხებენ.
ასევე მრავლისმეტყველი ფაქტია ის, რომ რუსეთში ბავშვების 1/3 უმამოდ იზრდება. სამინისტროს ინიციატივა ამ ნეგატიურ სურათს კიდევ უფრო მეტად გაზრდის”.
მარი დავთიანის თქმით, რუსეთში მშობიარობის მედიკამენტური შეწყვეტის საშუალებები ახლაც არ გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე, რეგულირების გამკაცრება კი ცხოვრებას გაურთულებს ქალთა მოწყვლად ჯგუფებს რაიონებსა და სოფლებში, სადაც მცირე აფთიაქებისთვის არამომგებიანი იქნება ასეთი ძნელად შესაძენი პრეპარატებისათვის ადგილის გამოყოფა. შესაბამისად, ყველაზე უსაფრთხო მედიკამენტური აბორტი მათთვის ხელმიუწვდომელი იქნება.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთი ინიციატივა ითვალისწინებს აბორტების გატანას კერძო კლინიკებიდან.
„ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. ლიცენზირებულ კლინიკებს - საჯაროს თუ კერძოს, ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ, - ამბობს დავთიანი, - რა თქმა უნდა, ნათელია, რატომ კეთდება ეს. იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო სისტემა უბრალოდ ვერ გაუმკლავდება მოზღვავებას და, შესაბამისად, სულ უფრო მეტ ქალს არ ექნება წვდომა უსაფრთხო აბორტზე. თანაც ბევრად უფრო ადვილია სახელმწიფო კლინიკების რეგულირება, კონტროლი და ზეწოლა მათზე, ამიტომაც ცდილობენ კერძო კლინიკებს აუკრძალონ აბორტების კეთება“.
მინისტრ მურაშკოს სიტყვებიდან ბევრისთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ქალები სჭირდება როგორც გარკვეული ფუნქციის მატარებელი არსებები, რომლებიც გააჩენენ და გააჩენენ ბავშვებს და ასე მოაგვარებენ დემოგრაფიულ პრობლემას.
არადა, როგორც ქალთა უფლებების დამცველი ალიონა პოპოვა ამბობს, ქალის ფუნქცია არ არის ჯარისკაცთა რიგების შევსება, რაც რუსეთის მოქმედ რეჟიმს სჭირდება:
„მიდგომა ასეთია: გაქვთ ქალის პირველადი სქესობრივი ნიშნები? ე.ი. უნდა გააჩინოთ. ასე ფიქრობს რუსეთის ხელისუფლება უკვე ათი წელია.
გასაგებია, რომ ასეთ კონსერვატიულ ტალღაზე სისტემა შეეცდება მოსპოს ქალთა აზროვნების თავისუფლება და დატოვოს მხოლოდ ერთი ფუნქცია, რაზეც გამუდმებით საუბრობს ამ სისტემის ხელმძღვანელი.
როცა ქალებზე ეკითხებიან, ის მხოლოდ დედებს ახსენებს, მისთვის ქალის ყველა სხვა როლი მეორეხარისხოვანია. ქალები შეადგენენ რუსეთის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის უმრავლესობას.როცა შვილებს აჩენენ, სიღარიბის კიდევ უფრო ღრმა მორევში ცვივდებიან. 12 მილიონი ბავშვი იმყოფება ამ მორევში, საიდანაც გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.
სისტემა არაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად, მხოლოდ იმეორებს უშინაარსოდ, რომ ბევრი შვილის ყოლა კარგია. თუ რომელიმე მრავალშვილიან ოჯახს ვკითხავთ, როგორ ცხოვრობენ, პასუხი იგივე იქნება, რაც ათი წლის წინ: საშინლად. როცა დაიჩივლებენ: ფინანსური პრობლემები გვაქვს, შვილებს რა ვაჭამოთ, არ ვიცითო, უპასუხებენ: „რატომ აჩენდით?“
რუსი ფემინისტი ჟურნალისტისა და Telegram-არხის „ქალთა ძალაუფლების“ მფლობელის ზალინა მარშენკულოვას თქმით, დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად რუსეთის ხელისუფლებას შეეძლო დახმარებოდა ბავშვიან ქალებს ფინანსური პრობლემების დაძლევაში, გაეხსნა სპეციალური საბავშვო ბაღები (ისლანდიის მსგავსად), სადაც შესაძლებელი იქნებოდა ბავშვის მიყვანა სწავლის ან მუშაობის დროს.
„დემოგრაფიული ვითარების გამოსწორებას ასევე ძალიან წაადგებოდა უაზრო და გაუგებარი ომების არდაწყება.
აშკარაა, არავის უნდა შვილების გაჩენა შეშლილ და კაცთმოძულე ქვეყანაში, სადაც, თუ ციხეში არ ჩაგაყუდებენ არაფრის გამო, ომში მაინც გიკრავენ თავს. დემოგრაფიულ ვითარებას ასევე გამოასწორებდა ხელისუფლებაში ქალთა რიცხვის გაზრდასაც, რადგან სწორედ ქალებმა იციან, რომ ადამიანის გაჩენა არც ისე ადვილია და ამიტომაც არ შეიძლება მათი ასე იოლად გაწირვა“, - ამბობს ზალინა მარშენკულოვა.