„ოდესმე დასრულდება ყველაფერი და მოგიყვებით, როგორი იყო ცხოვრება ჩემთვის კორონავირუსის პერიოდში. ახლა ისეც ყველა ნერვებზე ვართ და არ მინდა დაგთრგუნოთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ამ პოსტს მარჯვენა ხელით ვწერ, მარცხენათი საჭმელს ვამზადებ, ფეხით ბავშვს ვარწევ და თან იმაზე ვფიქრობ, აქვს თუ არა ჩემთვის მნიშვნელობა კორონა მომკლავს თუ გადაღლილობა. ყველას გამძლეობას გისურვებთ!“
„რიგითი დედის“ კომენტარი ფეისბუკში
ახალი კორონავირუსის პანდემიამ დრამატულად შეცვალა ვითარება ქალებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მუშაობას ონლაინ განაგრძობს. ქალები აქამდეც ორ ცვლაში - სამსახურსა და სახლში მუშაობდნენ, თუმცა ახლა მათ ერთდროულად და ერთ სივრცეში უწევთ ამ ორ პასუხისმგებლობასთან გამკლავება.
მას მერე, რაც სასწავლო დაწესებულებები დაიხურა, დასაქმებულების უმრავლესობა კი სახლიდან მუშაობს, ოჯახური ცხოვრება იმაზე მეტ ორგანიზებულობასა და ენერგიას მოითხოვს, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე. მაგალითად, თუკი აქამდე მაღაზიაში ჩასვლა და პროდუქტების შეძენა ყოველდღიური რუტინა იყო, ახლა ეს „ერთი წამის საქმე“ დიდ თავსატეხად გადაიქცა, რომლის „ამოხსნაც“ ისევ და ისევ ქალებს უწევთ.
სოფო ბუკია ჟურნალისტია. უკვე მესამე კვირა დაიწყო, რაც ისიც და მისი მეუღლეც სახლიდან გაუსვლელად მუშაობენ. რამდენიმე დღის წინ მათ ტყუპებს ერთი წელი შეუსრულდათ. დაბადების დღეც კი თვითიზოლაციაში სკაიპის ვიდეოზარით აღნიშნეს. სოფოც და მისი მეუღლეს ყოველ სამუშაო დღეს სახლში იწყებენ და სახლშივე ამთავრებენ. სამუშაო საათებში ჯერჯერობით მათ ძიძა ისევ ეხმარება.
„ძიძა ახლოს, 10 წუთის სავალზე ცხოვრობს და ფეხით მოდის, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება, როცა სიტუაცია უფრო დამძიმდება. ბავშვები ძალიან პატარები არიან, ძიძის გარეშე ვერ ვიმუშავებ, არადა, სამსახურიდანაც ხომ არ წამოვალ?!“ - ამბობს სოფო ბუკია.
საქართველოში ქალები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ სამსახური, კაცებთან შედარებით, 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ არაანაზღაურებად სახლის საქმეს (ქალები - კვირაში 45 საათს, მამაკაცები - 15-ს), - ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის კვლევა. იმავე კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალების 49 %-ის თქმით, ისინი მუშაობას საოჯახო ვალდებულებების გამო ვერ იწყებენ.
პანდემიისას ქალების უმეტესობა დისტანციურად მუშაობს, თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს სამუშაო საათების შემცირებას, - პირიქით.თამარ საბედაშვილი
„კორონავირუსის პანდემიისას ქალების უმეტესობა დისტანციურად მუშაობს, თუმცა ეს სულაც არ გულისხმობს სამუშაო საათების შემცირებას, - პირიქით. დღევანდელ სიტუაციაში დამხმარეც ვერ გეყოლება - სჯობს იზოლირებული იყო, ამიტომ, თითქოს, ჰეტეროსექსუალთა ოჯახში ქალმა უნდა მიიღოს როგორღაც ეს გამოწვევა და ორი სამყარო - სამსახური და ოჯახი ერთ სივრცეში გააერთიანოს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თამარ საბედაშვილი, „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ წარმომადგენლის მოადგილე.
თამარს სამი შვილი ჰყავს და დღეს ისიც დისტანციურად მუშაობს. ყველაზე პატარა ექვსი თვისაა და მას განსაკუთრებით მეტი ყურადღება სჭირდება. უფროსებს შედარებით ესმით, რომ დედას სახლში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მას ყოველთვის სცალია. თამარის აზრით, კორონავირუსმა კიდევ ერთხელ გახადა ნათელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ქალების პასუხისმგებლობად ითვლება - ჰიგიენასა და ჯანსაღ კვებაზე ზრუნვა.
ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, პანდემიამ მთელი მსოფლიო კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააგდო და ცხოვრების წესის ცვლილებაც გარდაუვალი გახადა.
„თუკი გვსურს, ერთმანეთი ჯანსაღი ფსიქიკით შევინარჩუნოთ, მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, საქმე თანაბრად გავანაწილოთ ოჯახში“, - ამბობს ის და ასევე მიიჩნევს, რომ „ტრადიციული“ ქართული ყოველდღიურობის შენარჩუნება, სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ ქალებს, არამედ ოჯახებს. - „სახლის საქმეში ჩართულობა მამაკაცისთვისაც მნიშვნელოვანია. შვილებისთვისაც შესაძლებელია პატარ-პატარა დავალებების მიცემა. ამ გზით, ქალიც ნაკლებ დაიტვირთება და არც სირთულეების გადალახვა გაჭირდება“.
ძიძის გარეშე დარჩენის შემთხვევაში, სოფო ბუკიას ერთადერთი გამოსავალი აქვს - მორიგეობა. სოფოს აზრით, ამ გამოწვევას მხოლოდ ასე თუ გაუმკლავდებიან: „ნახევარი დღე მე ვიმუშავებ, ნახევარი დღე - ჩემი მეუღლე. სანამ ერთი კომპიუტერთან იქნება და სამსახურის საქმეს გააკეთებს, მეორე - ბავშვებს მიხედავს“.
თამარ საბედაშვილის შემთხვევაში მოვალეობების გადანაწილების საჭიროება ორი კვირის წინ დადგა. ყოველდღიურ რუტინას დისტანციურად განაგრძობენ არა მხოლოდ მშობლები, არამედ შვილებიც. სოციალური დისტანცირების პირობებში ყველა ცდილობს, სიტუაცია შედარებით ასატანი გახადოს ერთმანეთისთვის - მათ შორის, თამარის მამაც, რომელიც აქამდე უფრო ნაკლებად იყო სახლის საქმეებში ჩართული.
„ეს მდგომარეობა ისეც ყველასთვის მძიმეა და უსამართლო იქნება ქალებისთვის ორმაგად რომ დავამძიმოთ. ოჯახი რომ არ მეხმარებოდეს, ძალიან რთულ სიტუაციაში ვიქნებოდი. ახლა კი მიხარია კიდეც, რომ ბავშვებთან ახლოს ვახერხებ ყოფნას. ვცდილობ, დღის განმავლობაში რაღაც დრო მხოლოდ მათ დავუთმო და ოჯახის მხარდაჭერის ფონზე, გამომდის კიდეც“, - გვეუბნება თამარი.
ცხოვრების ახალ რიტმთან შეგუება არ არის მარტივი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ვალდებულებები ოჯახის თითოეულ წევრზეა გადანაწილებული. განსაკუთრებით რთულია სამსახურში პროდუქტიულობის შენარჩუნება. სოფო ბუკიაც ცდილობს, სახლში ყოფნით სრულიად არ შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც აქამდე ჰქონდა.
„იმავე დროს ვიღვიძებ, სამუშაო დღის დასაწყებად ისევე ვემზადები, როგორც აქამდე. ერთი კუთხე მაქვს მოწყობილი და ვცდილობ, მთელი სახლი ოფისად არ ვაქციო. ორი რამ შეიცვალა - ერთი ის, რომ შუადღეს ნახევარი საათი მაინც ვისვენებ, ამ დროს სამზარეულოში გავდივარ და ყოველდღე სხვადასხვა კერძს ვამზადებ - თერაპიასავითაა; მეორე კი - სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, სახლში დასაბრუნებლად დიდი დრო აღარ მჭირდება, ამისთვის მხოლოდ ლეპტოპის დაკეცვაც საკმარისია“.