დასაქმების პრობლემა, მძიმე სამუშაოები და მიზერული შემოსავლები - ეს ის პრობლემებია, რომელთა გამოც კახეთის სოფლებში მცხოვრები ქალები ჩივიან. ამას მუდმივად არსებული სხვა პრობლემებიც ემატება. თავად ქალები ამბობენ, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საოჯახო მეურნეობებში, მაგრამ მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაბალია.
Your browser doesn’t support HTML5
რისი შეცვლა სურთ ქალებს და რომელი ორგანიზაციები მუშაობენ კახეთში სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურებაზე?
21-ე საუკუნის საქართველოში - კერძოდ, კახეთის არაერთ სოფელში - კვლავ ისეთ პრობლემებზე ლაპარაკობენ, როგორიცაა: დაბინძურებული სასმელი წყალი, ბუნებრივი აირის უქონლობა, უგზობა და ა.შ. თუმცა ჩვენ მიერ სოფლებში გამოკითხული ქალების დიდი ნაწილი მთავარ პრობლემად მაინც დასაქმებას ასახელებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში 1 300-მდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან უმეტესობა ქალები არიან.
მე ვიდრე გავთხოვდებოდი, ვმუშაობდი ტრიკოტაჟის ფაბრიკაში და, შესაბამისად, ხელფასიც მქონდა. საზღვარგარეთ წასვლა და ოჯახის მიტოვება არ მინდა, ამიტომ მირჩევნია აქ თონეში ჩავიწვა...
ჩვენი რესპონდენტი ვარა შალვაშვილიც ამ სოფლის მკვიდრია. ამბობს, რომ ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, საოჯახო საქმეების გარდა, დამატებით მძიმე სამუშაოების შესრულება უწევთ, რომ შემოსავალი ჰქონდეთ. ქალები უვლიან საქონელს, ამუშავებენ მიწას, მათვე უხდებათ მოყვანილი მოსავლის რეალიზება. ვარა შალვაშვილის თქმით, ქალები რომ აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩაერთონ და ეკონომიურად გაძლიერდნენ, საჭიროა სახელმწიფოს დახმარება.
„სოფლად მცხოვრები ქალები არიან ურთულეს მდგომარეობაში. ბავშვიანი ქალებიც კი მიდიან სამუშაოდ მინდორში, რომ ორი კაპიკი გააკეთონ, მაგრამ წელს საზამთრო მოიყვანეს და ვერ გაყიდეს. ბანკის ვალები დარჩათ. მთავრობამ უნდა მოგვაქციოს სათანადო ყურადღება, მაგალითად, ხელშეკრულება დადოს ისეთ ქვეყნებთან, სადაც ჩვენს პროდუქციას გასავალი ექნება“.
ჩვენი მომდევნო რესპონდენტი, ლელა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელ მაწიმში ცხოვრობს. ის ახლა მეწყვილე ქალთან ერთად სათონეში მუშაობს და პურს აცხობს. მისი სამუშაო დღე ღამის 2 საათზე იწყება და საღამოს 8-ზე სრულდება. ორი ქალი ამ ხნის განმავლობაში 3 ტომარა ფქვილს აცხობს, დღის ბოლოს კი თითოეული მათგანის შემოსავალი 10-15 ლარია. ლელა ნატრობს იმ დროს, როცა ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მუშაობდა და ხელფასი ჰქონდა:
„მე ვიდრე გავთხოვდებოდი, ვმუშაობდი ტრიკოტაჟის ფაბრიკაში და, შესაბამისად, ხელფასიც მქონდა. საზღვარგარეთ წასვლა და ოჯახის მიტოვება არ მინდა, ამიტომ მირჩევნია აქ თონეში ჩავიწვა“.
სოფლად მცხოვრები ქალების ნაწილი თუ მძიმე სამუშაო პირობებსა და პრობლემებზე ლაპარაკობს, არიან ისეთებიც, ვინც სამუშაო თავად შექმნა. თელავში სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიხსნა, სადაც იმ ქალების ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, რომლებიც რეგიონის სხვადასხვა სოფელში ცხოვრობენ და ფერმერ ქალთა ასოციაციაში არიან გაწევრიანებული. ასოციაციის ხელმძღვანელის, ირინა ფხოველიშვილის, თქმით, კახეთში ცხოვრობენ ქალები, რომლებიც ღვინოსაც აყენებენ და ხელნაკეთ ნივთებსაც ქმნიან:
„წარმოდგენილები არიან კახეთის რეგიონის ფერმერი ქალები, მათ შორის ჩვენი მეგობრები პანკისიდან. მათ აქვთ ძალიან საინტერესო და ტრადიციული პროდუქტები. არიან მეღვინეები, სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების მწარმოებლები და ასევე ხელნაკეთი ნივთების შემქმნელები“.
...ქალი იმდენად ენერგიული და ყოჩაღია, რომ ერთდროულად რამოდენიმე საქმის კეთება შეუძლია. ისინი საზოგადოებრივ საქმიანობასაც არაჩვეულებრივად ართმევენ თავს და ხდებიან რეალიზებულნი, იმ სფეროში რაც მათ უფრო აინტერესებთ და იზიდავთ...თამარ მუმლაძე
უკვე წლებია, კახეთში სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურებაზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ასოციაცია“. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ მუმლაძის, თქმით, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრსა და გაეროსთან ერთად კონკრეტულ პროექტებს აფინანსებენ, რომლებიც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და მათ საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვას ითვალისწინებს. თამარ მუმლაძე ამბობს, რომ, ახლახან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში ქალთა მრავალფუნქციური ცენტრი მოეწყობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში კი კენკროვანი ხილის ბაღი გაშენდება. ორივე შემთხვევაში პროექტებს ქალები განახორციელებენ:
„სოფლად მცხოვრები ქალები იმდენად დაკავებულები არიან საოჯახო საქმით, რომ თითქოს შორიდან შეუძლებლადაც კი ჩანს, რომ მათი ოჯახებიდან გამოყვანა და საზოგადოებაში ჩართვა შესაძლებელი იქნება, მაგრამ დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ქალი იმდენად ენერგიული და ყოჩაღია, რომ ერთდროულად რამოდენიმე საქმის კეთება შეუძლია. ისინი საზოგადოებრივ საქმიანობასაც არაჩვეულებრივად ართმევენ თავს და ხდებიან რეალიზებულნი, იმ სფეროში რაც მათ უფრო აინტერესებთ და იზიდავთ“.
რას აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა საიმისოდ, რომ სოფლად მცხოვრები ქალების მოთხოვნები და ინტერესები დააკმაყოფილოს? შეკითხვა ჩვენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს და გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სალომე ღონღაძეს, დავუსვით. ღონღაძის თქმით:
„ქალების როლი ძალიან დიდია თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში. მათი ჩართულობა, პირველ რიგში, ცნობიერების ამაღლებით უნდა დავიწყოთ. ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ. მე 21-26 ოქტომბერს მივემგზავრები სტამბოლში, სადაც გვასწავლიან როგორ მოვახდინოთ, ამ მხრივ, პრობლემების იდენტიფიცირება და როგორ შევქმნათ გენდერული ბიუჯეტი“.
2008 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე დააწესა, რომელიც ყოველი წლის 15 ოქტომბერს აღინიშნება. ეს დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში. სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე საზოგადოებას შეახსენებს, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა.