საკაბე ანუ ქალები და თავისუფლება საბჭოთა კავშირში

ჯგუფ „ბულიონის“ წევრმა, არტისტმა ნატალია ვაწაძემ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (SOVLAB) ერთად გადაწყვიტა მოეთხრო იმ ადამიანებზე, ვინც საბჭოთა პერიოდის ერთფეროვან გარემოშიც ცდილობდნენ თავიანთი ინდივიდუალობისთვის სამოსითაც გაესვათ ხაზი: ასე გაჩნდა იდეა გამოფენისა „საკაბე - კარადაში შენახული თავისუფლების ამბები“ და ძველმანების ბაზრობაზე ნაყიდი საბჭოთა პერიოდის ქსოვილებისგან ახალი კაბებიც შეიკერა.

თქვენთვის თუ უჩუქნიათ ოდესმე "საკაბე“? დედის ან ბებიის კარადაში ხომ არ მოგიკრავთ თვალი ძველი ქსოვილებისთვის, რომლებისგანაც არაფერი შეიკერა, მაგრამ დარჩა და დარჩა?

შეიძლება არც, რადგან ის დრო, როცა საკაბე ნაჭერი განსაკუთრებულ საჩუქრად ითვლებოდა, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთ ქსოვილებს ჯერ კიდევ ბევრი კარადა ინახავს.

ნატალია ვაწაძე და ძველი საკაბისგან შეკერილი ახალი კაბა

დახლს ქვემოდან, ე.წ. გადამყიდველებისგან ნაყიდი, ამ განსხვავებული და ფერადი ნაჭრებისგან შექმნილი ტანსაცმელი მაშინ უამრავი ქალისთვის იყო თვითგამოხატვის საშუალება და თავისუფლებისკენ სწრაფვაც - სწორედ ეს იდეა, 70-იანი წლები და ვუდსტოკის ფესტივალი იქცა ბიძგად ნატალია ვაწაძისათვის, საბჭოთა პერიოდის საკაბეები შეეგროვებინა და შეეკერა ისეთივე ტანსაცმელი, როგორსაც მაშინ, ბევრი ქალი, მათ შორის, ნატალიას დედაც ატარებდა.

ნატალია ვაწაძე და ძველი საკაბისგან შეკერილი ახალი კაბა

საბჭოთა კავშირში, სადაც მოდა მკაცრად კონტროლდებოდა, ყოველთვის უყვარდათ განსხვავებულად ჩაცმა. ამას, როგორც ნატალიაც შენიშნავს, თავისი მიზეზი ჰქონდა. რადგან საბჭოეთი საინტერესო და ხარისხიან ტანსაცმელს თითქმის არ აწარმოებდა, ნელ-ნელა მომრავლდა ატელიეები ცნობილი მკერავებით, სადაც ქალებს შეეძლოთ თავად აერჩიათ როგორ ჩაეცვათ:

ნატალია ვაწაძე და ძველი საკაბისგან შეკერილი ახალი კაბა

„ამ საკაბეების კულტურაც ხომ ასე შემოვიდა, მათ რაღაც განსხვავებული უნდოდათ. განსხვავებული და ხარისხიანი კი ძვირი ღირდა. დედაჩემისგან ვიცი, რომ საოცნებო კაბაში 300 მანეთი გადაიხადა მაშინ, როცა მისი, როგორც ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის თანამშრომლის ხელფასი სულ რაღაც 120 მანეთი იყო... წარმოგიდგენიათ, რამდენი ხანი უნდა ეგროვებინა ამ კაბის ფული? მაგრამ ქალებს მაშინაც ძალიან უნდოდათ სცმოდათ ლამაზი, მოკლე და, რაც მთავარია, განსხვავებული კაბები. ეს მათი განაცხადი იყო“.

ძველი ჩემოდნიდან ნატალია ვაწაძემ ჯერ დედის კაბები ამოქექა და მათი ინსპირაციით მოდელების შექმნა დაიწყო. თუმცა, ბებიისგანაც სმენოდა, როგორ უყვარდა მას ძველ ატელიეებში, მკერავებთან სიარული. ერთხელ კი, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ქურდებმა სახლიდან 18 ცალი კაბა მოჰპარეს.

„ამ ამბავმა ძალიან გამაკვირვა, რადგან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ იმ პერიოდში ბებიას ამდენი კაბა ჰქონდა, თუმცა მისგან გადმოცემით ვიცი, რომ ლამაზად და, რაც მთავარია, განსხვავებულად ჩაცმა ძალიან უყვარდა... მკერავთან, ატელიეში სიარულის კულტურა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 10-იან, 20-იან წლებში გახდა ძალიან პოპულარული და ეს, ჩემი აზრით, ქართველი ქალების პირველ ფემინისტურ ნაბიჯებსაც უკავშირდება, რადგან სწორედ იმ პერიოდში იხსნებოდა საქართველოში ჭრა-კერვის სკოლები, სადაც ქალები პროფესიას ეუფლებოდნენ“.

ეს კი მეტ დამოუკიდებლობას ნიშნავდა.

ნატალია ვაწაძე და ძველი საკაბისგან შეკერილი ახალი კაბა

იმ მოდის გავლენა, რომელიც დასავლეთში პოლიტიკურ და კრიტიკულ შინაარსს იძენდა ხოლმე, სუსტად, მაგრამ მაინც იგრნობოდა საბჭოთა საქართველოშიც.

თუ იმდროინდელი ფემინისტური მოძრაობის აქციების ფოტოებს ჩავხედავთ, ვნახავთ პლატაკებს მოწოდებით „ჩაიცვით მოკლე კაბები“.

„ეს იყო ჯინსები, ეს იყო მოკლე კაბა, როგორც განაცხადი, ეს იყო მკვეთრი ფერები, ერთი სიტყვით - თავისუფლება, რომელმაც აქაც ყველა მოიცვა. ჩვენთან არა, მაგრამ თუ დასავლეთის ქვეყნებში იმდროინდელი ფემინისტური მოძრაობის აქციების ფოტოებს ჩავხედავთ, ვნახავთ პლატაკებს მოწოდებით „ჩაიცვით მოკლე კაბები“. ეს იდეები აღწევდა საბჭოთა კავშირშიც და თავისუფლების ტალღას აჩენდა, რაც, ჩემი აზრით, მოგვიანებით, 90-იან წლებში უკვე სხვა ბრძოლაში გადაიზარდა“.

ნატალია ვაწაძე და ძველი საკაბისგან შეკერილი ახალი კაბა

ნატალია ვაწაძე ამ გამოფენით დღევანდელობასაც ეხმაურება და ამბობს, რომ თუ საბჭოთა კავშირში ვერ შეძლეს თავისუფლებისკენ სწრაფვის გაკონტროლება, დღეს, როცა ყველაფერი ღიაა და ყველაფერს ვხედავთ, ადამიანების კონტროლი შეუძლებელია.

ნატალიას დედის კაბები 70-იანი წლებიდან

არტისტმა 70-იანი წლების ძველ ჟურნალებსაც ჩახედა, თუმცა კაბების მოდელები ხელახლა, თავად შექმნა და ნავთლუღის ბაზრობაზე ძველ საკაბეებსაც მიაგნო. არც ქსოვილები აურჩევია შემთხვევით: ბაილონი და სეილონი შეირჩა, ძალიან ლამაზი, ჭრელი ქსოვილები, რომლებსაც არც დაუთოება სჭირდება და არც ფერი გასდის, მაგრამ ხელოვნურია.

ავიღოთ ეს ძველი საკაბეები, შევკეროთ მათგან კაბები, გამოვიყენოთ და ასე გავუშვათ ჩვენგან ეს საბჭოთა წარსულიც.

„ისინი გახრჩობს, გხუთავს, ვერ სუნთქავ. ასეთი იყო საბჭოთა კავშირიც - ფასადურად ფერადი... მოკლედ, ჩემი ამ გამოფენის იდეა ისიც არის, რომ ავიღოთ ეს ძველი საკაბეები, შევკეროთ მათგან კაბები, გამოვიყენოთ და ასე გავუშვათ ჩვენგან ეს საბჭოთა წარსულიც“.

გამოფენა თბილისის ქსოვილების ერთ-ერთ ყველაზე ძველ მაღაზიაში გაიხსნება

გამოფენის ორგანიზატორს, ქეთი კურტანიძეს იმედი აქვს, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც სახლში წლობით ნადებ საკაბეებს შეელევიან, გამოფენაზე მიიტანენ და მათთან დაკავშირებულ ამბებსაც მოჰყვებიან:

„სად ყიდულობდნენ, ვისგან შემორჩათ, იკერავდნენ თუ არა კაბებს და სად, ვინ იყვნენ ცნობილი მკერავები, როგორი იყო ატელიეების კულტურა... ეს ძალიან დაგვეხმარება საბჭოთა წარსულის კვლევაშიც და ამ კარადებში შემალული ამბების გაცოცხლებაში“.

კაბები წარსულიდან დროებით ამ მაღაზიაში გამოიფინება

ქეთი გვიყვება, რომ გამოფენაზე მუშაობის დაწყებას დაემთვა ისიც, რომ სოვლაბს ხელში ჩაუვარდა უნიკალური საარქივო მასალა, საბჭოთა პერიოდის მოდერნისტი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის ესკიზები, რაც ასევე გამოიფინება.

და კიდევ ერთი: ძველი ქსოვილებისგან შეკერილი კაბების გარდა, გამოფენაზე ნახავთ ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის მიერ 1970-80-იან წლებში გადაღებულ ფოტოებსაც - იმ დროს, თბილისში მოწყობილი პირველი არაოფიციალური მოდების ჩვენებებიდან, სილამაზის კონკურსიდან, ქალაქის ქუჩებიდან და დახურული სივრცეებიდან.

გამოფენა ათი დღე გაგრძელდება

გამოფენას, რომელიც 19 სექტემბერს, საღამოს შვიდზე გაიხსნება და ათ დღეს გასტანს, უმასპინძლებს თამარ მეფის გამზირზე, #17-ში მდებარე, 1978 წელს გახსნილი ქსოვილების მაღაზია.

თუ ძველი საკაბეები თქვენს კარადებსაც შემორჩა და მათგან გათავისუფლება გინდათ, შეგიძლიათ ისინი გამოფენაზე თან წაიღოთ.