„ქალაქი ყარს!“ - რუსთავში გაიმართა აქცია-პერფორმანსი

აქცია-პერფორმანსი

„ქალაქი ყარს!“, „სიმყრალე გვკლავს!“, „მიხედეთ ქალაქს!“ - ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ 31 აგვისტოს რუსთავის მერიის წინ „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით გამართული საპროტესტო აქცია-პერფორმანსის მონაწილეებს, რომელთაც, წვიმის მიუხედავად, რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები და სამოქალაქო აქტივისტიც შეუერთდა.

აქციის მონაწილეებმა მერიის წინ დაწვეს გოგირდი, რომელსაც მძაფრი სუნი ახასიათებს. მათ იქვე ჰაერის გამწმენდი აეროზოლიც მოაფრქვიეს.

ეს სუნი გვკლავს ნელი სიკვდილით. ორი შვილი მყავს და ვერ ამოვგუდავ ბავშვებს, ლეშის თუ რაღაც მსგავსის სუნის გამო
გულიკო კაციტაძე

„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივმა ლიდერმა, ნინო იმედაშვილმა, განაცხადა, რომ მოსახლეობა სოციალურ ქსელებში ხშირად ჩივის ქალაქში გავრცელებულ უსიამოვნო სუნზე, „რაც შეუძლებელს ხდის ცხოვრებას“.

„ჩვენ გავაპროტესტეთ ეს სიმყრალე, რომელიც ე.წ. ახალ რუსთავში ძირითადად მიკრორაიონებს აწუხებს და ვრცელდება მეგობრობის გამზირის ბოლომდე. მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას, რადგან ეს სუნი იდგა მთელი ზაფხულის განმავლობაში, თუმცა თვითმმართველობამ არაფერი მოიმოქმედა“, - თქვა ნინო იმედაშვილმა. -“ აქციაზე მოვიტანეთ გოგირდი, რათა დაგვეყენებინა მხრჩოლავი სუნი, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას თავად ეგრძნო, რა ცუდია მყრალი ჰაერის შესუნთქვა“.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გულიკო კაციტაძემ, რომელიც რუსთავის მე-8 მიკრორაიონში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საღამოს 7-8 საათის შემდეგ ბინის ფანჯრებს ვერ აღებს.

„ეს სუნი გვკლავს ნელი სიკვდილით. ორი შვილი მყავს და ვერ ამოვგუდავ ბავშვებს, ლეშის თუ რაღაც მსგავსის სუნის გამო“, თქვა გულიკო კაციტაძემ.

მაია ბერიძემ, რომელიც აქციას შეუერთდა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ქალაქში რაღაც ნარჩენების...დამპალი, საზიზღარი სუნია“:

„საწარმოები, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ, არ უნდა შენდებოდეს დასახლებული ტერიტორიების სიახლოვეს“.

რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ, მერიის მოთხოვნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახური მონიტორინგს ატარებს.

საუბარია რუსთავიდან თბილისის მხარეს დააახლოებით ხუთ კილომეტრში მდებარე სოკოს სასათბურე მეურნეობის, ასევე, რუსთავთან ახლოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანთან მდებარე შინაური პირუტყვის სასაკლაოს მონიტორინგზე.
რუსთავის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სოკოს სასათბურე მეურნეობის მონიტორინგი დასრულდა და შედეგები მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
სასათბურე მეურნეობა ნიადაგისთვის იყენებს სპეციალურ დანამატს - ერთმანეთში არეულ იონჯას, ფრინველის სკორესა და ტორფს. რუსთავის მერიიის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ სპეციფიკური სუნი იონჯისა და ფრინველის სკორის სანიადაგედ გადამუშავების დროს გამოიყოფა.