„მაინც როგორ ვერ ხედავენ, რას გვიკეთებენ?!” ძალიან მინდა, მალე დავბრუნდე სახლში...”
„უკრაინული სახლის” თეატრის საუკუნოვან დარბაზში გასაშლელი ლოგინებია ჩამწკრივებული. ოდესღაც ეს კულტურული ცენტრი მდიდარმა უკრაინელმა მეცენატებმა პოლონეთში წასულ თანამოძმეებს აუშენეს. 2022 წლის მარტის ცივ დღეებში აქაურობას ქვეყნიდან რუსულ ბომბებს გამოქცეული უკრაინელები აფარებენ თავს. დარბაზში გრილა. ცენტრი ლტოლვილების ხანგრძლივად დასარჩენად არ არის მოწყობილი; არ არის წყლის გადავლების საშუალება. ჩვენი მისვლისას იქ მხოლოდ ერთი ოჯახი იყო. გვთხოვეს, კადრში ნუ მოგვახვედრებთო. მონიკა, „უკრაინული სახლის” წარმომადგენელი, გვეუბნება, რომ ცდილობენ, ადამიანები აქ დიდხანს არ დააყოვნონ. Მაინტერესებს, მზად იყვნენ თუ არა? თუ უფიქრიათ, რომ უკრაინიდან გამოქცეულების მიღება მოუწევდათ? „არა! - თავს აქნევს მონიკა, - თვალს ვადევნებდით [ომის დაწყებას], ვაკვირდებოდით, მაგრამ მომზადებით არა, მზად არ ვყოფილვართ. არ გვჯეროდა”.
ფშემისლი, პატარა პოლონური ქალაქი, დღეს უკრაინიდან გამოქცეულების მიღებისა და განაწილების ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია. ყველა მოელის, რომ ნაკადი დღითი დღე გაიზრდება. ადგილობრივი ხელისუფლება მოწადინებულია, ომს გამოქცეული ქალები, ბავშვები და მოხუცები რაც შეიძლება მალე გაამგზავროს პოლონეთისა და ევროპის სხვა ქალაქებში. სხვანაირად ფშემისლი უბრალოდ ვერ გაუძლებს ჰუმანიტარულ კრიზისს.
ყველაზე დიდი გამანაწილებელი პუნქტი ჰიპერმარკეტ “ტესკოს” შენობაშია გახსნილი, ქალაქის განაპირას. სუპერმარკეტი, რომელიც თავშესაფრად რამდენიმე დღის წინ გადააკეთეს, ჩემი შემდეგი დანიშნულების წერტილია.
„ტესკოში” შესვლისთანავე ვხვდები, რომ შემდეგი დღე-ღამე აქ უნდა გავატარო. უზარმაზარი სივრცე და ყველგან ქაოსი, ათობით მოხალისე ცდილობს, რამენაირად მაინც მოაწესრიგოს მედიკის სასაზღვრო პუნქტიდან ჩამოყვანილთა ნაკადები: ყოფილ მაღაზიებს ახალი წარწერები აქვს მიკრული - “პოზნანი”, “ვროცლავი”, “გდანსკი” “ვარშავა”... “ჩეხეთის რესპუბლიკა”, “გერმანია”- ადგილები, საითკენაც ლტოლვილებმა გზა უნდა გააგრძელონ. შესასვლელში დიდი ჩოჩქოლია, მოხალისეები იწერენ, ვინ სად მიდის. აქვე ირევიან ის ადამიანებიც, ვინც მზადაა უკრაინიდან გადმოსულები საკუთარი მანქანებით წაიყვანონ. ზოგი დიდი დროშით დადის და ასე აგროვებს ხალხს.
ღრმად ჩავისუნთქე და ყოფილი სუპერმარკეტის ტერიტორიის შემოვლა დავიწყე.
გარეთ ხომ ძალიან ცივა, მაგრამ ტესკოშიც, დიდხანს თუ ერთ ადგილზე გაჩერდი, სუსხი ძვლებში ატანს, ქურთუკს არავინ იხდის. ზოგს საბნები აქვს მოხვეული. ცდილობენ, დაღლილობას შეებრძოლონ და იქვე იატაკზე არ ჩაეძინოთ. სხვადასხვა ქალაქისკენ მიმავალ ავტობუსებსა თუ მანქანებში ადგილების გამოცხადება არ უნდა გამორჩეთ. შიგადაშიგ დედები ფეხზე წამოხტებიან, თან ეუხერხულებათ ერთმანეთს დაასწრონ, თან უნდათ, გაუთავებელი მგზავრობა რაც შეიძლება მალე დამთავრდეს.
ყველას თითქმის ერთნაირი ისტორია აქვს: 10-12-საათიანი მგზავრობა მატარებლით ხარკოვიდან, ოდესიდან, ზაპოროჟიედან. შემდეგ უზარმაზარ რიგში დგომა ლვოვში, საჰაერო განგაშის სირენები; საზღვრისკენ მანქანით „წაწევა”, და ბოლოს - საზღვრის ფეხით გადასვლა, პატარა ბავშვებით, ჩანთებით, შინაური ცხოველებით.
ჰო, აქ ძალიან ბევრი კატა და ძაღლია. არცერთი არ ჰყეფს, არ კნავის. „მხოლოდ წყალს თუ დალევენ ხანდახან”, - მეუბნება კიევიდან გამოქცეული ტატიანა, რომლის შვილი დიმა სამ სპანიელს ეხუტება. იმ ნახევარ საათში, რაც ამ დედა-შვილს ვესაუბრებოდი, დიმას ალბათ ოცჯერ მაინც გადაუღეს ფოტო. არავინ გამოლაპარაკებია. აქაურობა სავსეა ისეთი ჟურნალისტებითაც, ვინც ენას არ ფლობენ, უბრალოდ კადრებს იღებენ. გაწუხებთ-მეთქი? ვეკითხები. „არა. ნახოს მთელმა მსოფლიომ, რა ქნეს. იქნებ ოდესმე რუსებმაც დაიჯერონ”.
„გდანსკის” ოთახში სამი ქალი გავიცანი, ნასტია და მისი ორი შვილი - მაშა და სოფია იაშნიკოვები - ერთნაირად მრგვალი სახეებითა და კეთილი თვალებით. მაშა და სოფია უკვე დიდი გოგოები არიან და მანქანის გამოცხადების მოლოდინში „ცვლაზე” რიგრიგობით დგებიან, ამიტომ ნასტიას დრო აქვს, დაისვენოს და მელაპარაკოს.
„ნუთუ ყველა ყრუ და ბრმა არის იქ [რუსეთში]. ვერ ვხვდები, რანაირად ახერხებენ, ასე მორჩილად დაიჯერონ ყველაფერი, რასაც ეუბნებიან“, - ხმადაბლა, სევდიანად მესაუბრება, მაგრამ ჩანს, ეს შვებასაც ანიჭებს. კითხვებს თითქმის არ ვუსვამ, ვუსმენ - ის კი ლაპარაკობს და ლაპარაკობს. იხსენებს ზელენსკის „კა-ვე-ენის” სცენას, იხსენებს ქართულ რესტორანში მუშაობას (გაუხარდა, ქართველი რომ ვარ), და მშვიდი ცხოვრების მოგონებებში დროდადრო ისევ კითხულობს - „მაინც როგორ ვერ ხედავენ, რას გვიკეთებენ?!” როცა ვემშვიდობები, ერთი გრივნით მასაჩუქრებს - на щастя.
იაშნიკოვების ოჯახს 27 წლის ვიქტორიაც შემოეკედლა, გზაში გაიცნეს ერთმანეთი. სანამ ნასტიას ვუსმენდი, ის დიდ ჩანთაზე წამომჯდარი, კედელს მიყუდებული, ჩუმად ტიროდა.
„მამა უკვე მანქანას ქოქავდა, სანამ დედა ჩემოდანს ალაგებდა, - მიყვება ვიკა, - მე კიდე, რომ შემეძლოს, ორივეს, აი, ამ ჩანთაში ჩავსვამდი და წამოვიყვანდი”. ვიკამ კიევის სადგურთან ჭურვის აფეთქებას ძლივს გაასწრო. როცა ვკითხე, ამდენი ადამიანი მატარებლით რატომ მიდის, და არა მანქანით, მითხრა, რომ მანქანებს გზებზე ჩასაფრებული ჩეჩნები ცხრილავენ. ვიკას თანამშრომლის ოჯახი სწორედ ასე ჩაცხრილეს.
გდანსკის ოთახიდან სხვაგან გადავედი, იქიდან კიდევ სხვაგან. ხალხი ერთმანეთში ირევა. მიუხედავად იმისა, რომ შუაღამეა, ბავშვები დერეფნებში გიჟებივით დარბიან. დედებმა უკვე ხელი აიღეს მათ დამშვიდებაზე. ყველგან საკვები წერტილებია - მაგიდებზე შოკოლადი, ვაფლები და სხვა ტკბილეულია დახვავებული. მოხალისეები კი ზოგჯერ ბავშვებს პირდაპირ ხელშიც აძლევენ „პეჩენიებს“ და ეს ჭარბი შაქარიც თავისას შვრება.
27 წლის მაშას შვილი ანიაც ასე წრეებზე დარბის. „ვეუბნები, რომ არდადეგები გვაქვს, - მიყვება მაშა, - ამასაც უხარია, ოღონდ მეკითხება, მამა სად არის, და მანდ ვიჭედები”. მაშას ქმარი ვასილიევკაში დარჩა, ქალაქის დასაცავად „ტერობორონაში”.
„მეგობრები მომაკითხავენ და წამიყვანენ, მერე ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ძალიან მინდა, მალე დავბრუნდე სახლში”.
შუაღამეს კარგა ხანია გადასცდა. სუპერმარკეტის ტერიტორიაზე წესრიგი მეტ-ნაკლებად მოიშალა, მოხალისეთა რაოდენობაც ნელ-ნელა შეთხელდა. ვინც დარჩნენ, ახლა უკვე ოთახ-ოთახ დადიან. მაღალი, დაღლილი კაცი დახმარებას მთხოვს, იქნებ რუსული იციო. ერთად დავდივართ და ვთარგმნი: კრაკოვში, ოთხი მანქანა მიდის, წაიყვანენ მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვებს დედებთან ერთად…
„ძალიან გაბრაზებული ვარ, გულახდილად რომ გითხრა, - მეუბნება მოხალისე, ურჩევნია, რომ ანონიმად დარჩეს, - მთავრობა არაფერს აკეთებს, არაფერი არ არის ორგანიზებული, მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სამსახური მაქვს… არ გეგონოს, რომ პროფესიონალი ვარ ამ საქმის, უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია”.
გვიან ღამით ეს არაორგანიზებულობა უფრო თვალსაჩინო ხდება.
ერთ-ერთ კუთხეში სახელდახელო სამზარეულოა გახსნილი, სადაც დღის განმავლობაში უზარმაზარი ქვაბებიდან, ალბათ ასე, სკოლის ასაკის ბავშვები ასხამდნენ ულუფებს. რაღაც მომენტში ყველა მოხალისე გაქრა, საჭმელთან კი რიგი ჩამოდგა. ასე მომიწია მეც მოხალისის როლის შეთავსება.
პარკინგზე ბიოტუალეტები დგას, მაგრამ დილის სამი საათისთვის იქ აღარ შეისვლება, „ტესკოს” ერთადერთ, ორკაბინიან ტუალეტში ორმოცწუთიან რიგში მომიწია დგომა. სხვათა შორის, წყალიც მხოლოდ იქ მოდიოდა, მაშინ - როდესაც გარეთ მეხანძრეების მანქანა იდგა. მეხანძრეები კი მთელი ღამე სიგარეტს აბოლებდნენ - რა უნდოდა, ერთი გამდინარე წყლის წერტილის გაკეთებას?
გამთენიისკენ რომ ჩამოვიარე ოთახებში, ჩემი ნაცნობების ნაწილი უკვე აღარ დამხვდა, გაემგზავრნენ. მათ ნაცვლად სხვები მოვიდნენ - დღე-ღამეში, მხოლოდ ამ ცენტრში, ავტობუსების კოორდინატორებს თუ დავუჯერებთ, უხეში გათვლებით 15 000 ადამიანი შედის და გადის.
დილის ეთერისთვის სანამ ვემზადები, მხარზე კაცი მეჯაჯგურება, გაფართოებული თვალებით, სიცილ-სიცილით, მეუბნება - „იცი, მარტო ორი საათი მეძინა?! იცი, 48-საათიანი უძილობის მერე რომ კვდება ადამიანი?!” - ჩართვის წინ, ძლივს ვასწრებ მის მოცილებას. ჩართვას მოვრჩი და აცრემლებული ქალი, რომელსაც მოხალისე ვგონივარ, ცხვირწინ გაფუჭებულ სმარტფონს მიქნევს - გთხოვ, დამეხმარე, ჩემს ქალიშვილს დავურეკო… მე დაღლილობისგან უკვე ვეღარაფერს ვხედავ, უკვე მიჭირს, ერთმანეთისგან გამოვყო ადამიანური ტანჯვის ამბები. სახლში მივდივარ, რომ სამი საათით მაინც დავიძინო - წინ კიდევ ერთი თავშესაფარი მაქვს სანახავი. იქ უნდა წავიდე.
ეს სმოლკის ქუჩაზე ოთხასწლიანი, ულამაზესი სკოლაა - აქ გაცილებით ორგანიზებულია ყველაფერი, გადასაღებად მისვლაზეც წინასწარ შევუთანხმდი დირექტორს. თავშესაფარი სპორტულ დარბაზშია გახსნილი. აქ თბილა, არის ლოგინები და შხაპები. ადამიანებს მშვიდად სძინავთ, მოხალისეები სკოლის მოსწავლეები არიან, რომლებიც დახმარებას გაკვეთილებს უთავსებენ, ცვლებში.
გაუგებარია და ვერც ვერავინ მიხსნის, რა პრინციპით ნაწილდება ხალხი, მაგრამ ერთი კაცი ვიპოვეთ, ვინც „ტესკოში” იყო ოჯახთან ერთად და ბედმა გაუღიმა - აქ აღმოჩნდა. ისლამი აზერბაიჯანელია, მისი ოჯახი ხარკოვში ყარაბაღის ომის მერე გადავიდა. ახლა იმედი აქვთ, რომ ბერლინში შეძლებენ თავშესაფრის მოთხოვნას.
გვაჩვენებს ვიდეოს, როგორ იჯდა ოჯახთან ერთად სარდაფში, სანამ ხარკოვი ნადგურდებოდა. ახლა მის შვილიშვილს, წლისა და ოთხი თვის ლეილას ბოლო სამი დღის განმავლობაში პირველად სძინავს მშვიდად. „კიდევ კარგი, არ დაამახსოვრდება ეს ყველაფერი”, - ამბობს ბაბუამისი.
3-4 მარტი, 2022 წელი
ასევე ნახეთ
დღე პირველი: ქუთაისი-ბერლინი-ფშემისლი თამუნა ჩქარეული პშემისლიდან - "დღეღამეში აქ შემოდის და აქედან გადის დაახლოებით 15 ათასი ადამიანი"