კაცი, რომელიც არ დაკარგულა, მაგრამ „იპოვეს“ - „ფუჭი იმედის მიცემა დესტრუქციაა“

შოვი, სტიქიის ზონა

4 აგვისტოს ღამეს, 00:48 საათზე, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილ ცხელ ხაზზე ზარი გაისმა. მოქალაქე მ.ი. რეკავდა.

ცხელი ხაზის ოპერატორი გვეუბნება, რომ კაცმა მათ, სავარაუდოდ, სტიქიის დროს დაკარგული ახლობლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია: „დიახ, ჩვენთან 4 აგვისტოს ღამეს დაფიქსირდა ზარი. მ.ი.-მ ცხელ ხაზს შეატყობინა, რომ მისი ახლობელი ზურაბ ბიბილეიშვილი წასული იყო შოვში და მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა. მეტი დეტალისთვის შეგვიძლია მოგცეთ იმ მამაკაცის ნომერი, ვინც დარეკა“, - გვპასუხობს ცხელი ხაზის ერთ-ერთი ოპერატორი და ტელეფონის ნომერს გვკარნახობს.

ტელეფონზე რადიო თავისუფლებას ქალმა უპასუხა და გვითხრა, რომ მისი ნომერი არასწორად იყო დაფიქსირებული ცხელ ხაზზე და არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით: „არ ვიცნობ არავის მსგავსს, ეს არის ჩემი ნომერი. მე არავისთან დამირეკავს და ჩემი ნომრიდან სხვა ხომ ვერ დარეკავდა, არა?“

ცხელ ხაზზე კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ტელეფონის ნომერი, თუმცა იქ კვლავ დაგვიდასტურეს, რომ მათთან დაკარგული მამაკაცის შესახებ შეტყობინების ზარი სწორედ ამ ნომრიდან შევიდა.

როგორ „იპოვეს“ „დაკარგული“ კაცი

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში, სტიქიის გამო დაკარგულად მიიჩნეოდა და „კონტაქტზე გამოვიდა“, 8 აგვისტოს, საღამოს საათებში გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა.

უწყების ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, რომ კაცი ჯანმრთელად იყო და სტიქიის ზონაში არ იმყოფებოდა. „იმედისმომცემი და კარგი ინფორმაცია“, - ამ სიტყვებით დაიწყო ლაპარაკი მან შოვში შეკრებილ ჟურნალისტებთან. მის მიერ მოთხრობილი ამბავი კი იმდენად ზოგადი და ბუნდოვანი იყო, რომ მოსახლეობის ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ ადამიანი, რომელმაც ექვსი დღე სტიქიის ზონაში გაატარა, ცოცხალი და ჯანმრთელი „გამოვიდა კონტაქტზე“:

თემურ მღებრიშვილი

„ამდენი ნეგატივის შემდეგ, ერთი იმედისმომცემი და კარგი ინფორმაცია შემიძლია, გითხრათ. იყო დაფიქსირებული "ცხელ ხაზზე" და 112-შიც, სხვათა შორის, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც, ასე ვთქვათ, იყო დაკარგულების სიაში. ოპერატიულ-საგამოძიებო შედეგებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება დღეს არის ჯანმრთელად, ცოცხალია და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება. იყო ადამიანი დაკარგულების სიაში და დღეს შეგვიძლია, რომ ის ამოვრიცხოთ სიიდან“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

იყო თუ არა ეს ადამიანი სტიქიის დროს სტიქიის ზონაში და გადარჩა? - ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა, რაზეც თემურ მღებრიშვილმა თქვა:

„მაგ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს კითხვები. ერთი, რაც შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ეს ადამიანი ცოცხალია და ჯანმრთელია“.

მეტი დეტალი სტიქიის ზონაში „დაკარგული“ და „ნაპოვნი“ პირის შესახებ, 8 აგვისტოს აღარ გავრცელებულა.

9 აგვისტოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კი განმარტა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი შოვში სტიქიის დროს დაკარგულთა სიაში შეცდომით აღმოჩნდა:

მინისტრის განმარტებით, პირმა, რომელმაც ზურაბ ბიბილეიშვილის დაკარგვის შესახებ განაცხადა, მისი სახელი და გვარი არასწორად თქვა. დაზუსტების შემდეგ კი სამართალდამცავები ამ ადამიანს დაუკავშირდნენ:

ირაკლი ქარსელაძე

„ის, რომ ადამიანი, რომელიც ირიცხებოდა სიაში, არის ჯანმრთელად, მადლობა ღმერთს და დიდება უფალს ამისთვის. ვიღაც ახლობელმა დარეკა, თქვა, რომ ამ პიროვნების ოჯახმა თქვაო, რომ ვერ ვუკავშირდებითო და აი, გეუბნებითო. შემდეგ ამ კაცმა თქვა, უი, სახელი და გვარი ასე კი არა, ასე არისო. დაუკავშირდნენ, დააზუსტეს, როგორც კი ამ კაცმა სწორად თქვა სახელი და გვარი, მყისიერად მოხდა ამ კაცთან დაკავშირება“.

ასე ამოწურეს „დაკარგული“ და „ნაპოვნი“ მოქალაქის საკითხი იმ უწყებების წარმომადგენლებმა, რომლებსაც სტიქიის დროს გაუჩინარებულთა სამძებრო-სამაშველო პროცესის მართვა და მონიტორინგი აკისრიათ. ამან კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში მთავარი კითხვები - არსებობს თუ არა შოვის სტიქიის დროს დაკარგულთა და დაღუპულთა ზუსტი სია? და რატომ არ ასაჯაროებენ ამ სიას ოფიციალური უწყებები?

დაკარგულთა ზუსტი სიის შესახებ პასუხი სტიქიიდან მეშვიდე დღეს კვლავაც ჰაერში კიდია. ეს დაადასტურა ზურაბ ბიბილეიშვილის გარშემო შექმნილმა გაუგებრობამაც. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ საჯაროვდება იმ პირთა სია, რომლებსაც მაშველები ეძებენ, 9 აგვისტოს თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ სიის გასაჯაროების შესახებ თანხმობა მათ „ჭირისუფლებისგან უნდა მიიღონ“.

„ფუჭი იმედის მიცემა დესტრუქციაა“

ჯანა ჯავახიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ამბობს, რომ კატასტროფების შედეგად დაზარალებულ ადამიანებში, მით უფრო, მათში, ვინც ამ კონკრეტულ სიტუაციაში დაკარგულ ახლობლებს ეძებენ, პოზიტიური ინფორმაციის გავრცელების სარჩულით ფუჭი იმედის ჩასახვა, დიდ იმედგაცრუებას და ნიჰილიზმს იწვევს, რაც მათ ისედაც გართულებულ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო მძიმედ აისახება.

„არ შეიძლება“, - ამბობს ჯანა ჯავახიშვილი, რომლის დაკვირვებითაც, 8 აგვისტოს გავრცელებული „იმედისმომცემი და კარგი ინფორმაცია“, ეს იყო სპონტანური და არაკვალიფიციური განცხადება:

ჯანა ჯავახიშვილი

„ეს იყო ფუჭი იმედის მიცემა, რაც აჩვენებს, რომ ან ამ სამსახურში თავად არ მუშაობს კომუნიკაცია და ვინც განცხადება გააკეთა, არ იყო საქმის კურსში ბოლომდე, ან ეს იყო არასწორი განწყობით გაკეთებული განცხადება, რომელმაც ბევრად უფრო მეტი ფსიქოლოგიური და მორალური ზარალი მოიტანა, ვიდრე საერთოდ რომ არ გაევრცელებინათ ეს ვითომ იმედისმომცემი განცხადება და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ასე მოხდა. მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო“.

როგორ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება კატასტროფების მართვისას?

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი, საერთაშორისო გამოცდილებასა და სტანდარტებზე დაყრდნობით, იმ მთავარ კრიტერიუმებზე ელაპარაკება რადიო თავისუფლებას, რომლებითაც ხელისუფლებამ კატასტროფების მართვისას უნდა იხელმძღვანელოს, რათა, ერთი მხრივ, უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება და მეორე მხრივ, დაიცვას და კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოს უშუალოდ კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, მათ ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები.

მისი თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ იმ მასშტაბის სტიქიური უბედურებისას, რომელიც 3 აგვისტოს შოვში დატრიალდა, უწყებათაშორისი სტრატეგიის ნაწილად იქცეს ფსიქოლოგიური, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური სამსახურის არსებობა და ხელმისაწვდომობა.

შოვი, სტიქიის ზონა, 3 აგვისტო

გარდა ამისა, ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამგვარ სიტუაციებში ფსიქოლოგიური დახმარება მხოლოდ ფსიქოლოგების მხრებზე არ დგას და მასში არაერთი ოფიციალური სტრუქტურა უნდა იყოს ჩართული:

„რას ვგულისხმობ ამაში: როგორ მართავს პროცესს ხელისუფლება - აი, ეს ფაქტორი ან ეხმარება საზოგადოებას ფსიქოლოგიურად, ან არ ეხმარება. ისეთ სიტუაციაში, როგორიც ახლა ჩვენ გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ უსაფრთხოებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ, მაგალითად, თუკი მაშველს უშვებ ველზე, ის სპეციალური ტექნიკით უნდა იყოს აღჭურვილი. ასევე, ვინც გადარჩა და ვიცით, რომ გადარჩა, მათი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ამასთანავე, იმ ადამიანებს, ვისაც ვეძებთ და არ ვიცით, რა მდგომარეობაში არიან, მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა გულისხმობს სრულმასშტაბიან სამაშველო სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებას და გაგრძელებას. უსაფრთხოება არ არის აბსტრაქტული სიტყვა. ამ სიტყვის მიღმა დგას გადაუდებელი სამუშაოები და ამ სამუშაოების ჩატარების პოტენციალის ქონა. ვინ რას აკეთებს ამ დროს, რომ სამი საათი არ დასჭირდეს ვერტმფრენის ჩაფრენას სტიქიის ზონაში, რომ უარი არ ვუთხრათ დახმარებაზე მათ, ვინც დახმარებას გვთავაზობს“.

უსაფრთხოების პრინციპის შემდეგ დგება ე.წ. სიმშვიდის პრინციპის დრო, რაც გულისხმობს საზოგადოების ინფორმირების პოლიტიკისა და სტრატეგიის სწორ მართვას:

„და ეს პოლიტიკა და სტრატეგია უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა ადამიანები არ ვამყოფოთ განუსაზღვრელობაში. საჯარო სამსახურები და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ასეთ დროს უნდა არსებობდეს, ვალდებულებას უნდა გრძნობდეს, რომ ყოველი საათის დასაწყისში მართავდეს ბრიფინგს და არ ებუტებოდეს, მაგალითად, ამა თუ იმ მედიას. ასეთ სიტუაციაში ყველა მედიას უნდა ეთანამშრომლო, უნდა გქონდეს თმენის ვალდებულება და რთულ შეკითხვებსაც უნდა უპასუხო. მოქალაქეს აქვს უფლება, რომ იყოს ინფორმირებული და ეს ინფორმირებულობა და გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ“.

სტიქიის ზონა

ჯანა ჯავახიშვილი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ ფაქტორზე, უფრო ზუსტად კი სერვისზე, რომელზე წვდომაც კატასტროფების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ და ესეც ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. ამ შემთხვევაში ლაპარაკია ხელმისაწვდომ ფსიქოლოგიურ დახმარებაზე:

„არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები არ თვლიან საჭიროდ, ფსიქოლოგიურ დახმარებას და მათ არ უნდა მივეძალოთ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამ სერვისს საჭიროებენ და ის მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ადამიანებს, ზოგადად, გაგვაჩნია სტრესმედეგობა, ვართ გამძლეები, ამტანები. ამ ტრაგედიაში გამოვლილ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ექნებათ ფსიქოლოგიური სიმპტომები, რაც ბუნებრივი რეაქციაა იმ არაადამიანურ გამოცდილებაზე, რაც მათ გადახდათ. თუმცა მათ დიდ ნაწილს ეს რეაქციები და სიმპტომები გადაუვლის. მაგრამ ადამიანების ნაწილში, შესაძლოა, სიმპტომებმა შეუპოვარი ხასიათი მიიღოს და ამიტომ მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წვდომა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისზე, რაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი და უფასო და რაც მთავარია, გრძელვადიანი პერსპექტივით. ასეთი კატასტროფების შემდეგ, ე.წ. თაფლობის თვე დგება, როცა ყველა ყველას გვერდში უდგას, მაგრამ ძალიან მალე ეს ოჯახები დაგვავიწყდება. აი, სწორედ მაშინ არის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, სწორედ მაშინ დგება დახმარებისა და ემპათიის დრო, როდესაც ეს ადამიანები სრულიად მარტონი, პირისპირ რჩებიან საკუთარ თავთან“.

სტიქიის ზონა

9 აგვისტოს მდგომარეობით, შოვში, სტიქიის ზონაში, აღმოჩენილია 21 ცხედარი. ოფიციალური მონაცემებით ეძებენ 12 დაკარგულს, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რამდენი ადამიანი იყო სტიქიის ეპიცენტრში, შეუძლებელია.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა.