„ფრონტის ხაზი“ ტაივანსა და ჩინეთს შორის - რეპორტაჟი მაცუს კუნძულებიდან

რეპორტაჟი მაცუს კუნძულებიდან, - ტაივანის კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რომელიც ჩინეთის სანაპირო ზოლიდან 20 კილომეტრში მდებარეობს

ქალაქი ნანგანი, მაცუს კუნძულები, ტაივანი: იუ ტიან ჟენის ყოველი დილა, ექვს საათზე იწყება - ნანგანის თევზის ბაზრობაზე, რომელსაც ადგილობრივები რატომღაც „ლომის ბაზრობას“ ეძახიან.

ახლა შვიდი დეკემბერია, დილის ათი საათი. 52 წლის იუ ღია ცის ქვეშ, ხის, ხელით გაკეთებულ ტაბურეტზე ზის და თევზს ყიდის. მუშტარიც ბლომად ჰყავს - ნანგანში, მაცუს კუნძულების ყველაზე ხალხმრავალ ქალაქში, 8000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ძველი მეთევზე, 52 წლის იუ ტიან-ძენი „ლომის ბაზრობაზე“, ღია ცის ქვეშ თევზით ვაჭრობს

თარჯიმანს ისე ელაპარაკება, რომ თავს მაღლა არ სწევს, მყიდველებს ყურადღებას არ აკლებს და არც თევზის გამოშიგვნის არცთუ სასიამოვნო საყურებელ პროცესს სწყდება. პირბადესაც არ იშორებს.

ადრე ჩემი ნავი მყავდა, ჩემით ვთევზაობდი და ჩემსავე დაჭერილს ვყიდდი, ახლა კი, პანდემიის მერე, რაც ჩინეთში თევზსაჭერი ნავის ნაწილებზე გადასვლას ვეღარ ვახერხებ, გადამყიდველობა მიწევსო, ამბობს.

მაცუს კუნძულების ქალაქ ნანგანის „ლომის ბაზრობა“

მაცუ ტაივანის იურისდიქციაშია, თუმცა სიახლოვის გამო, ჩინეთთან უფრო აქვს მიმოსვლა, ვიდრე დანარჩენ ტაივანთან.

ნანგანი ჩინეთის სანაპირო ზოლიდან, ფუძიანის პროვინციიდან, სულ ოციოდე კილომეტრით არის დაშორებული. ეს ბორნით ოციოდე წუთის მანძილია.

დანარჩენი ტაივანი გაცილებით შორსაა - 180 კმ-ზე მეტად არის დაშორებული. თუ იქ მიდიხარ, საზღვაო გზას თვითმფრინავს არჩევ.

ჩინეთი, თავის მხრივ, მაცუსაც და ტაივანსაც საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მაგრამ უკვე 75 წელია, ვერ აკონტროლებს.

იუ ტიან ჟენი, ძველი მეთევზე, ჩივის, კლიმატის ცვლილებამ, ჭარბმა თევზჭერამ და, რაც მთავარია, ჩინურმა გემებმა, რომლებიც ამ წყლებში ქვიშის მოსაპოვებლად დაცურავენ, თევზი გააიშვიათაო.

კუნძულის გარშემო ჩინურ გემებს, - ძირითადად, კომერციულებს - მიჩვეულია.

აქაურები მიჩვეული არიან აქა-იქ სროლის ხმასაც - იციან, ეს ტაივანის შეიარაღებული ძალები გადიან წვრთნებს.

გეოგრაფიული მდებარეობა მაცუს კუნძულებს და მის გადასწვრივ კინმენის კუნძულებს სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს: აქ ტაივანსა და ჩინეთის ურთიერთობების, - როგორც უწოდებენ, „სრუტის გადაღმა ურთიერთობების“, - ფრონტის ხაზია.

ურთიერთობები კი ტრადიციულად დაძაბულია, მაგრამ იუ ტიან ჟენს ტაივანსა და ჩინეთს შორის სამხედრო დაპირისპირების მოლოდინი დიდად არა აქვს: „ომი არ იქნება. რაც თავი მახსოვს, ხალხი სულ ამბობს, ომი იქნება, ომი იქნებაო. მაგრამ ხომ არ დაწყებულა? ასე იქნება მომავალშიც“.

ნანგანის დასავლეთ სანაპიროდან ჩინეთის სასაზღვრო ზოლი ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ჩანს.

მაცუ: ძველი ფორპოსტი და რისკები

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან მხოლოდ 10-20 კმ-ით დაშორებული არქიპელაგი ყველაზე ახლო წერტილია ჩინეთთან.

და, მართალია, ახლა ტურისტული, სრულიად დემილიტარიზებული ადგილია, თუ შორიახლოს წვრთნებს არ ჩავთვლით, ათწლეულების წინ აქაურობა კბილებამდე იყო შეიარაღებული.

ბეიჰაის 700-მეტრიანი გვირაბი, რომელიც სამხედრო დანიშნულებით, ხომალდების შტორმისა და ჩინეთის თავდასხმებისგან დასაცავად გაიყვანეს, ახლა ტურისტული ღირსშესანიშაობაა. ქალაქი ნანგანი, მაცუს კუნძულები.

კუნძულმა საკვანძო როლი ითამაშა ჩინეთის სამოქალაქო ომში - ის გომინდანის მთავრობის ფორპოსტი იყო:

  • 1950-იანი წლების დასაწყისში აქედან დაიწყო ჩან კაიშის არმიამ „ჩინეთის დასაბრუნებლად“ მცირე მასშტაბის წარუმატებელი შეტევა;
  • და 1950-იან წლებში ჩინეთმა ორჯერ დაიწყო მასიური კამპანია კუნძულების წინააღმდეგ, თუმცა ასევე წარუმატებლად.

ეს ეპიზოდები ისტორიაში ტაივანის სრუტის კრიზისების სახელით არის შესული.

ტაივანში შიშობენ, რომ ჩინეთის სამხედრო აგრესიის პირველი სამიზნე შესაძლოა, მაცუს კუნძულები იყოს.

ქალაქი ნანგანი, მაცუს კუნძულები

რაც დრო გადის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სულ უფრო და უფრო მეტად ათამაშებს კუნთებს; ატარებს წვრთნებს ტაივანის სრუტის თავზე, უფრო და უფრო ხშირად და მტკიცედ იმეორებს, რომ „ჩინეთი გაერთიანდება“.

ტაივანსა და მის მოკავშირე შეერთებულ შტატებში კი მზარდი შეშფოთებით ადევნებენ სრუტისგაღმა ვითარებას თვალს. ტაივანი ყურადღების დეფიციტს არ უჩივის, მაგრამ ახლა ეს ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია: 2024 წლის პირველმა კვირებმა შეიძლება, ბევრი რამ გადაწყვიტოს ჩინეთი-ტაივანის სამომავლო ურთიერთობებში.

არჩევნები ტაივანში

13 იანვარს დანიშნულ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, ძირითადად, ორი პარტია უპირისპირდება ერთმანეთს: მმართველი „პროგრესული დემოკრატიული პარტია“ (DPP) და „ჩინეთის ნაციონალისტური პარტია“, იგივე „გომინდანი“.

DPP ამომრჩეველს ეუბნება, რომ სასწორზე დევს არჩევანი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, მთავარი ოპოზიციური ბანაკი კი მათ არწმუნებს, რომ არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის უნდა გააკეთონ.

ტაივანის დედაქალაქი ტაიპეი, დიჰუას ქუჩის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია

მმართველი პარტია ჩინეთისთვის ანტაგონისტურად არის მიჩნეული, - და პეკინიც ასე უყურებს მას, - „გომინდანი“ კი პეკინთან ურთიერთობების ნორმალიზაციას ამჯობინებს, - რის გამოც ხშირად უწევს ამტკიცოს, რომ „პროჩინური“ არ არის.

პეკინის დაუფარავი ზიზღი ტაივანის მმართველი „პროგრესულების“, მათ შორის, პრეზიდენტობის კანდიდატ ლაი ცინდეს, როგორც „დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჯარისკაცის“ მიმართ, ამ ეჭვს აძლიერებს.

ტაივანში „გომინდანის“ 55-წლიანი, ავტორიტარული მმართველობა 2000 წლის არჩევნებმა დაასრულა. ამის შემდეგ ხან ერთი პარტიის კანდიდატი ხდება პრეზიდენტი, ხან მეორის. ახლა საპარლამენტო უმრავლესობაც, პრეზიდენტიც და ადგილობრივი თვითმმართველობების უმრავლესობაც „პროგრესულების“ ხელშია.

ასევე ნახეთ „ომი თუ მშვიდობა“, „დემოკრატია თუ ავტოკრატია“? - რა არჩევანი აქვს ტაივანს

მაგრამ მაცუს კუნძულებზე „პროგრესულ დემოკრატებს“ არცერთი არჩევნები არ მოუგიათ. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის პოსტზე „გომინდანის“ კანდიდატებს უჭერენ ხოლმე მხარს, კუნძულის თვითმმართველობა დღემდე „გომინდანის“ ხელშია. და პარტიას ახალგაზრდებშიც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

ნანგანელი 23 წლის ჩენ ში „გომინდანის“ ამაყი მხარდამჭერია, - ჰუდზეც კი KMT აწერია, პარტიის ინგლისური აბრევიატურა. ჩენ ში „ლომის ბაზრობაზე“ გავიცანით. "გომინდანის" მხარდაჭერა ჩემთვის ოჯახური ტრადიციის გაგრძელებააო, ამბობს, - მშობლები, ბაბუა და ბიძა პარტიის ძველი მხარდამჭერები არიან.

23 წლის ჩენ ში, მაცუს მკვიდრი, „გომინდანის“ მხარდამჭერი

და როცა ვეკითხებით, თუ ფიქრობს ჩინეთის შესაძლო თავდასხმაზე, ამბობს: „არა. ჩინეთი ძალის გამოყენებით არ ეცდება ტაივანის პრობლემის მოგვარებას. უფრო ეკონომიკური ბერკეტებით [უბიძგებს „გაერთიანებისკენ“]“.

თუ ჩააცივდებით, - ჩინეთმა რომ ძალა გამოიყენოს, სამხედრო აგრესიას მიმართოს, იარაღით ხელში თუ დაიცავ ტაივანსო, - კის გეტყვით, მაგრამ თან დასძენს: „ტაივანთან გაერთიანება ძალით არ გამოვა“.

შესაძლო თავდასხმა - რა დევს სასწორზე?

შეერთებული შტატები, რომელიც ტაივანის არაოფიციალური პარტნიორია და მის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე ბევრს ზრუნავს, შეშფოთებულია ჩინეთის შესაძლო გეგმებზე ტაივანში შეჭრასთან დაკავშირებით.

აშშ-ის ინტერესი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სტატუს-კვოს დაცვაა. ჩინეთის ტაივანში შეჭრა ამ სტატუს-კვოს რადიკალურად შეცვლის. ამას სერიოზული რეგიონული და გლობალური შედეგები მოჰყვება. დასავლეთის ყურადღება კუნძულოვან ქვეყანაზე კიდევ უფრო მეტად გაამახვილა უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და რუსეთისადმი ჩინეთის ჩუმმა მხარდაჭერამ.

ჩინეთის ძალები პინტანის კუნძულის სიახლოვეს - ფუძიანის პროვინციის ეს კუნძული ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ახლო წერტილია ტაივანთან. წვრთნები ნენსი პელოსის ვიზიტს მოჰყვა ტაივანში.

ამერიკულ ანალიტიკურ წრეებში ახლა იმაზე კი არ კამათობენ, შეიჭრება თუ არა ჩინეთი ტაივანში, არამედ იმაზე, თუ როდის და როგორ.

საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს მკვლევრების თანახმად, ტაივანზე თავდასხმის შემთხვევაში, ბევრი რამ დევს სასწორზე:

  • იმის გამო, რომ ტაივანი მსოფლიოში წარმოებული ნახევარგამტარების 60%-სა და მაღალტექნოლოგიური ნახევარგამტარების 90%-ს აწარმოებს, იგი საკვანძო როლს ასრულებს გლობალური მასშტაბით ნახევარგამტარების მიწოდების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ჯაჭვებში;
  • ტაივანიდან იმპორტის შეფერხებამ შეიძლება გამოიწვიოს მყისიერი და შორსმიმავალი შედეგები სხვადასხვა გლობალურ ინდუსტრიაში, განსაკუთრებით საავტომობილო სექტორში;
  • ტაივანის სრუტე, რომელიც აღმოსავლეთ აზიის ქარხნებს ევროპელ მომხმარებლებთან აკავშირებს, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო არხი და სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანსპორტო მარშრუტია.

მსოფლიოში ჩიპების უმსხვილესი მწარმოებლის, TSMC-ის („ტაივანის ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის“) ინოვაციების მუზეუმი

„ბლუმბერგის“ გამოთვლებით, ტაივანის პოტენციური ომი მსოფლიო ეკონომიკას აქამდე არნახული შემცირებით ემუქრება.

  • სცენარი 1: ჩინეთის მიერ ტაივანის ბლოკადის შემთხვევაში მსოფლიოს ეკონომიკა 5%-იან რეცესიაში შევა;
  • სცენარი 2: შტატების ჩართვა ადგილობრივ კონფლიქტში მსოფლიო ეკონომიკას 10.2%-ით შეამცირებს.

აქამდე მსოფლიო ეკონომიკის ყველაზე დიდი შემცირება კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია - დაახლოებით 6%-ით. ანალიტიკოსების თანახმად, ტაივანის ომი „ჯუჯებად მოგაჩვენებთ 2008 წლის მსოფლიოს ეკონომიკურ კრიზისს, უკრაინის ომსა და პანდემიას“.

„მათრახი“?

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საახალწლო მიმართვაშიც ისაუბრა ტაივანზე და კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ „ჩინეთი აუცილებლად გაერთიანდება“.

ასეთი რამ ადრეც უთქვამს, მაგრამ სის ახლანდელ ნათქვამს სიმძაფრეს კონტექსტი მატებს: ტაივანის ყოველ არჩევნებს პეკინი ალმაცერად უყურებს, მაგრამ კიდევ უფრო ამწვავებს ის ფაქტი, რომ არჩევნებში მმართველი გუნდის კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი ლაი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძლიერი მოწინააღმდეგეა.

საარჩევნოდ პეკინის აგრესიული რიტორიკა გაძლიერებულა. და ლაის გამარჯვებამ, შესაძლოა, დაუყოვნებლივი შეიარაღებული თავდასხმა არა, მაგრამ აგრესიული ნაბიჯები გამოიწვიოს, - მათ შორის, ტაივანის საჰაერო სივრცის დარღვევა და საზღვაო მანევრები.

ასევე ნახეთ „ჩინეთი და ევრაზია“ - რას მივადევნოთ თვალყური 2024 წელს?

დაუყოვნებლივი შეჭრის მოლოდინი ნაკლებადაა. ამ აზრს აძლიერებს ნოემბერში ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის სამიტის შედეგები, რამაც ორ სუპერძალას შორის გაწყვეტილი ურთიერთობები შემოაბრუნა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათი შეიარაღებული ძალები კომუნიკაციას აღადგენდნენ.

პრეზიდენტების შეთანხმების კვალდაკვალ, 2024 წლის 9 იანვარს, - ტაივანის არჩევნებამდე 4 დღით ადრე, - ამერიკისა და ჩინეთის წარმომადგენლები პენტაგონში შეხვდნენ ერთმანეთს.

მაგრამ სანამ სამხედრო ძალის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩინეთი სხვა ხერხებით ცდილობს ტაივანზე, მის არჩევნებზე ზეგავლენას - დაპირებებით, დეზინფორმაციული კამპანიებითა და ჰიბრიდული ომის მეთოდების გამოყენებით.

აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი კალიფორნიაში, გაფართოებულ ფორმატში ხვდებიან ერთმანეთს. 2023 წლის 15 ნოემბერი

„თაფლაკვერი“ - „ოთხი ახალი ხაზი“

ჩინეთის გეგმაა, მაცუსა და კინმენის კუნძულები ჩინეთის სანაპირო ზოლს დაუკავშიროს. კერძოდ, ჩინეთის ფუძიანის პროვინციას, ქალაქ სიამენს.

ფუძიანი, სადაც 40 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ტაივანთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. ჩინეთის იდეაა, ფუძიანი „სადემონსტრაციო ზონად“ აქციოს, - იმის მაგალითად, თუ რამდენად კარგი იქნება ჩინეთთან ტაივანის ინტეგრაცია.

„სადემონსტრაციო ზონის“ შესახებ ცნობები ჩინეთის ოფიციალურ დოკუმენტებში 2021 წლიდან გაჩნდა, 2023 წლის ზაფხულიდან კი თვალშისაცემად გახშირდა.

იდეა - „ოთხი ახალი ხაზი“ - წყლის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს; მილსადენებისა და ხიდების მშენებლობას მაცუსა და ფუძიანს შორის.

კუნძული ბეიგანი, მაცუს კუნძულების ნაწილი, ნანგანის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ხედი სოფელი კინბიდან

ამ იდეას ტაივანის მმართველი გუნდი ეჭვის თვალით უყურებს, "გომინდანი" და პეკინთან ურთიერთობების დათბობის მომხრეები - იმედით.

ტაივანის სასაზღვრო ქალაქ კინმენის მაჟორიტარი კანდიდატი „დემოკრატიული პროგრესული პარტიიდან“, ლი ვენი გვეუბნება, რომ მისი პარტია „მტკიცედ ეწინააღმდეგება“ ამ შეთავაზებას:

„ეს შეთავაზება არარეალისტური და არაპრაქტიკულია. პირველ რიგში, მაცუს არ აწუხებს წყლის, დენისა და გაზის ნაკლებობა. მაცუს არქიპელაგის გეოგრაფიის გათვალისწინებით, საინჟინრო გადმოსახედიდან, ძალიან არარეალისტურია ასეთი მილსადენების მშენებლობა. და ხიდებს რაც შეეხება, - უკიდურესად ძვირი დაჯდება. 14 მილიარდი აშშ დოლარი ითქვა, წარმოუდგენელი თანხა, ათჯერ ძვირი, ვიდრე ჩინეთის სანაპირო ზოლში აშენებული დიდი ხიდები დაჯდა“.

„საერთოდაც, ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ დისკუსიაში, ამ თამაშში შეყოლას, - თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტია მომხიბლავ პირობას დებდეს. ის მხოლოდ დიალოგის შესაძლებლობის ილუზიას ქმნის“, - გვეუბნება ლი ვენი.

მაცუს, - იგივე ლინძიანის ოლქის - მაგისტრი, „გომინდანის“ წარმომადგენელი ვან ძუნ-მინი პირიქით ამბობს, - ახალი ოთხი ხაზი საჭიროა ჩვენი ყოველდღიურობისათვისო.

ვან ძუნ-მინი, ლინძიანის ოლქის მაგისტრი, "გომინდანის" წარმომადგენელი

მაგრამ ამბობს, რომ „ტაივანის სრუტის ორივე მხარეს პოლიტიკური ატმოსფეროს ზედმეტად მგრძნობიარობის გამო“, ამას დიდი დრო დასჭირდება:

„პროექტის განსახორციელებლად ტაივანის ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერაც არის საჭირო. სანამ მთავრობაში „დემოკრატიული პროგრესული პარტიაა“, და ატმოსფერო ტაივანის სრუტის ორივე მხარეს მგრძნობიარეა, რთულია ამ იდეის განხორციელებაზე ფიქრი… როდესაც შესაბამისი დრო იქნება, შეგვეძლება ამ ოთხი ხაზით დაკავშირება“.

ქალღმერთი მაცუ - კომუნისტური პარტიის იარაღი?

მაცუს კუნძულების სიახლოვე ჩინეთთან მას უფრო მოწყვლადს ხდის დეზინფორმაციული კამპანიებისა და ჰიბრიდული ომის მეთოდებისადმი, მათ შორის რელიგიური სენტიმენტების გამოყენებით.

ამ კუნძულებს უკავშირდება ქალღმერთის, მაცუს სახელი. მას ტაივანის სრუტის ორივე მხარეს სცემენ თაყვანს - ჩინელებიც და ტაივანელებიც. „დედა“ ტაძარი ჩინეთში, ფუძიანის პროვინციაში მდებარეობს. ტაივანში, სადაც 24 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მას დაახლოებით 10 მილიონი სცემს თაყვანს.

ტაძარი ნანგანის ცენტრში, მაცუს კუნძულებზე

2023 წლის ნოემბერში, როდესაც მაცუს ქანდაკება ფუძიანიდან ტაივანში მიჰქონდათ, ტაივანელმა მესაზღვრეებმა მისი თანმხლები 239-წევრიანი დელეგაციიდან 218 ადამიანს საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს.

პეკინის „ტაივანის ურთიერთობების ოფისმა“ - ჩინეთის სახელმწიფო უწყებამ, რომელიც ტაივანის საკითხებს კურირებს - ტაივანის მმართველი პარტია ამის გამო რელიგიური უფლებების შეზღუდვაში დაადანაშაულა. ეს ამბავი ჩინეთის სამთავრობო მედიაშიც ასე გაშუქდა.

მაგრამ ტაივანის პოლიციამ განმარტა, რომ დელეგაციის წევრებს საჭირო დოკუმენტაცია არასრულყოფილად ჰქონდათ წარდგენილი და მათ ვერ დაადასტურეს, რომ არ იყვნენ აფილირებული ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.

სინოლოგი სიმონა ფანტოვა, ჩეხური ორგანიზაცია „სინოპსისის“ (Sinopsis) მკვლევარი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მაცუიზმი, მისი ბუნებიდან და სტრუქტურიდან გამომდინარე, კარგი საშუალებაა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში, საკუთარი გავლენა გაავრცელოს - და ახლაც ალბათ ასეთი შემთხვევის მოწმე ვართო:

„ჩინეთის კომუნისტური პარტია (CCP) რელიგიას თავისი გავლენის გასაფართოებელ ინსტრუმენტად იყენებს. CCP-ის ხედვით, რელიგიური საზოგადოებების არსებობის მიზანი არის „სოციალიზმის გავრცელება ჩინური მახასიათებლებით“.

ქალღმერთ მაცუს ქანდაკებაზე კი განმარტავს:

  • „მაცუს „დედა ტაძარი“ მდებარეობს ჩინეთში, - და ეს ტაძარი არ არის შორს მაცუს კუნძულებიდან;
  • მოგვიანებით „დედა ტაძარმა“ დააფუძნა „შვილობილი ტაძრები“, რომლებიც არათუ ჩინეთსა და ტაივანში, არამედ მთელ მსოფლიოშია გაფანტული და რომლებთანაც ურთიერთობებს ინარჩუნებს;
  • ტაძრების წარმომადგენლები, ტრადიციულად, ერთმანეთს სტუმრობენ ხოლმე;
  • ჩინეთის კომუნისტური პარტია კი ამ გაცვლა-გამოცვლას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს, - გავლენის გასაფართოებლად;
  • ასევე, იყენებს იმის „დასამტკიცებლად“, რომ „ჩინელები და ტაივანელები ერთი კულტურაა, ერთი ერია“. და მსგავსი დელეგაციები კარგად არიან გაწვრთნილები ჩინეთის იდეოლოგიაში“.

რადიო თავისუფლების კითხვაზე მაცუს ქანდაკებასთან დელეგაციის არშეშვებასთან დაკავშირებით, ტაივანის უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი, ველინგტონ კუ პასუხობს, რომ „რელიგიური გაცვლა-გამოცვლა მისაღებია, თუმცა, როდესაც საფრთხე ემუქრება ეროვნულ უსაფრთხოებას, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთო“.

მისი თქმით, ახლა უსაფრთხოების სამსახურები არკვევენ დეტალებს.

ქალღმერთი მაცუს ქანდაკება ქალაქ ნანგანში, მაცუს კუნძულებზე

„როიტერსის“ ცნობით, საარჩევნო წელს ჩინეთიდან კომუნისტური პარტიის დაქვემდებარებაში მყოფი რელიგიური ჯგუფების ვიზიტები ტაივანში მნიშვნელოვნად გაიზარდა. პასუხად ტაივანმა რელიგიური აქტივობების მონიტორინგი გააძლიერა.

ნანგანში ქალღმერთ მაცუს მაღალ ქანდაკებას პირი ჩინეთისკენ აქვს. კუნძულის მეორე ბოლოში მეთევზე იუ ტიან-ჟენი მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას. ჯერ არავინ იცის, რას უმზადებს ტაივანის სრუტეს მოსალოდნელი ტალღები.