ანანურის სამონასტრო კომპლექსში მდებარე ღვთაება 2010 წლიდან დაკეტილია. როგორც დედა მარიამმა გვითხრა, კარს იმ შემთხვევაში გააღებენ, თუკი მნახველი მოითხოვს შეშვებას. დედა მარიამის თქმით, კარის დაკეტვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გართულდა ტურისტების ქცევის კონტროლი. ძეგლისადმი არასათანადო მოპყრობის ტრადიცია საბჭოთა კავშირიდან იღებს სათავეს და თანამედროვე საქართველოშიც გრძელდება.
ანანურის კომპლექსი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, თუმცა იგი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული. სწორედ ამიტომ უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ანანურის არქიტექტურული კომპლექსის ცალკეული არეალები ტურისტული ჯგუფებისთვის დაიკეტება. ვიზიტორებისთვის შეიზღუდება გვიანი შუასაუკუნეების დროინდელი ეროვნული კატეგორიის ძეგლის ის ნაწილი, რომელიც ტურისტთა ქაოტურმა გადაადგილებამ ნიშვნელოვნად დააზიანა.
დღეისთვის ანანურის კომპლექსში ჩამოშლილია გალავნის ნაწილი და მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ღვთაების ტაძრის ფრესკები, რომლებზეც ამოკაწრულია დამთვალიერებელთა სახელები, თარიღები და სხვადასხვა ტექსტი. ყველაზე გვიანი ნაკაწრი, რომელიც რადიო თავისუფლებამ ამოიკითხა, 2009 წლით თარიღდება.
ღვთაების ეკლესიის ინტერიერში დგას თლილი ქვით ნაგები სალხინობელი, რომლის სამ კედელზე გაკეთებული ვრცელი მხედრული წარწერა გვამცნობს, რომ ეს გუმბათი 1674 წელს აუგია ანა-ხანუმ აბაშიძის ასულს უდროოდ გარდაცვლილ, სრულიად საქართველოს მდივანბეგ ედიშერ ერისთავისათვის.
სწორედ ამ გუმბათზე შეინიშნება დამთვალიერებელთა თავდაუზოგავი "შრომა". მხედრული წარწერის პარალელურად, ვხედავთ რუსულ და ქართულ ენაზე შესულებულ წარწერა-ნაფხაჭნებს, რომლებიც დიდი რაოდენობითაა და თითქმის სრულად ფარავენ სალხინებელზე არსებულ ფრესკებს.
"აქ იყვნენ საშა, ვიტია, სერგეი. ქ. თბილისი 9/1 კლასი". - ეს ერთ-ერთი რუსულენოვანი წარწერაა ფრესკაზე.
ასეთივე ნაკაწრები, საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად, გვხვდება კოშკზეც.
კომპლექსის ცენტრში დგას ე. წ. ხევსურული კოშკი, რომელიც ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა. ამ კოშკის სახურავიც სავალალო მდგომარეობაშია.
ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მასში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ძეგლები. ის მდებარეობს საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც ასევე წარმოადგენს საფრთხეს კომპლექსისთვის. დიდი ნაკადით მოძრავი ტრანსპორტი, განსაკუთრებით კი ტრაილერები იწვევენ ვიბრაციას, რაც საფრთხეს უქმნის ნაგებობას.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, სამუშაოების ნაწილი წელს დაიწყება, ხოლი მომავალი წლისთვის დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად მოიცავს კომპლექსს.