დღეს საქართველოს პარლამენტში გაიხსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა. გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობას 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იღებდა. თუმცა, ამავე სხდომაზე გამოცხადებული შესვენებისას ოპოზიციური პარტიის წევრებმა სპიკერატი პროტესტის ნიშნად დაიკავეს, რადგან სხდომას რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან.
პროტესტის გამო საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეწყდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა.
სხდომათა დარბაზში "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს დაუპირისპირდა, ის დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს.
საქართველოს პარლამენტში შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით „მონა“ და „მოღალატე“ დახვდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ზაქარია ქუცნაშვილს.
მოგვიანებით მან ბოდიში მოუხადა საზოგადოებას იმ გაღიზიანებისთვის, რაც პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ხილვამ გამოიწვია.
თბილისის საკრებულოს წევრმა ვატო შაქარიშვილმა პარლამენტის ბანერზე წარწერა გააკეთა: „კობახიძე=გავრილოვს. მან დარბაზიდან პარლამენტის თავმჯდომარის სკამი გამოიტანა, რუსულ ენაზე დაწერილი დღის წესრიგის ფურცლები დახია და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვა.
ცოტა მოგვიანებით პლენარულ სხდომათა დარბაზი ოპოზიციამ დაიკავა და მათაც მოითხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა სპიკერატიდან ევროკავშირის დროშა გადმოფინა.
პარალელურად საპროტესტო აქცია დაიწყო პარლამენტის შენობასთან, სადაც დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული.
ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ -ს ლიდერმა, დავით ქაცარავამ საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის სიმბოლოდ სოფელ ატოციდან ჩამოიტანა მავთულხლართი. ის ამბობს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის ქმედება მენტალური ოკუპაციის განსახიერებაა.
მოგვიანებით საპროტესტო აქციამ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ გადაინაცვლა. სადაც რუსი დეპუტატები იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეებმა კვერცხები და ბოთლები დაუშინეს სასტუმროს.
„რუსეთი ოკუპანტია“, „არა ოკუპაციას“, „ძირს პუტინი“, „ძირს გავრილოვი“ - სკანდირებდნენ სასტუმროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსი დეპუტატის გამოჩენას ელოდნენ.
მოგვიანებით რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს.
როგორც დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას სერგეი გავრილოვი საქართველოს ტოვებს.
19.00 საათზე პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.