ფოტო: კომენდანტის საათი თბილისში
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება 06:00 საათამდე.
31 მარტიდან შეზღუდვები დაწესდა 06:00 საათიდან 21:00 საათამდეც. სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე ქალაქებს შორის.
დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი მათ შორის, ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე.
მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ მგზავრობის მიზნით.
იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2-მეტრიანი ფიზიკური დისტანცია.
აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქში ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათ მიმართ დახმარების ვალდებულება აქვთ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
პირთა გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების, გადაადგილების კონტროლის და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულების და პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და მასთან ერთად ჩართული იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები.
ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, 4 აპრილიდან ეკლესიებში ლოცვა 14:00 საათიდან დაიწყება და ტაძრები 20:00 საათზე დაიხურება.
მოქალაქეებს შეზღუდვების შესახებ ნებისმიერი შეკითხვით შეუძლიათ დარეკონ მთავრობის ცხელ ხაზზე -144.
ავლაბრის მოედანი.
გმირთა მოედანი და ვარაზისხევი კომენდანტის საათის დროს.
თავისუფლების მოედანი.
განახლებული ორბელიანის მოედანი.
კოსტავას ქუჩა.
გმირთა მოედანი და კოსტავას ქუჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.