ფოტო: დაცვის ჯიხური გელათთან - რატომ მარტო 24 დღით?

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ერთმანეთს მიჰყვა ცნობები ჯერ იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ხელისუფლებასთან “განჯის კარის” დაბრუნების შესაძლებლობაზე საუბრობს, შემდეგ კი ამბავი იმის შესახებ, რომ კულტურის სამინისტრომ ისტორიული ნივთის დასაცავად პოლიცია დაიქირავა.

თუკი ცნობებს მოლაპარაკების შესახებ ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ, დაცვის პოლიციასა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, ასევე გელათის გალავანთან რამდენიმე დღის წინ დადგმული საპოლიციო ჯიხური ცხადყოფს, რომ სამონასტრო კომპლექსს რამდენიმე დღეა მართლაც პოლიცია იცავს.

დაცვის პოლიციის თეთრი ჯიხური გელათის სამონასტრო კომპლექსის შიდა გალავანთან, სამხრეთის მხარეს დადგეს. პოლიციის ჯიხურის სახურავზე დამაგრებული კამერა, გელათში დაცულ “განჯის კარიბჭეს” რამდენიმე მეტრის მოშორებიდან პირდაპირ “უყურებს”.

ამ კამერის გარდა, სამონასტრო კომპლექსის შიდა პერიმეტრზე კიდევ სამი კამერა განათავსეს. ვიდეოგამოსახულებას დაცვის 2 თანამშრომელი აკვირდება, რომელიც მუდმივად მორიგეობს 24 საათის განმავლობაში. გამოსახულება არქივდება.

განჯის კარის სიახლოვეს, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დაცვისა და სათვალთვალო მოწყობილობების დასაყენებლად კულტურის სამინისტრომ კონტრაქტი შს სამინისტროს დაცვის პოლიციის იმერეთი-გურიის სამმართველოსთან დაჩქარებული წესით გააფორმა.

ხელშეკრულებით, დაცვა გელათის ეზოში 24 დღით განთავსდება. მომსახურება, მათ შორის ტექნიკური აღჭურვა, 8000 ლარი დაჯდება. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მოთხოვნაა, რომ დაცვის პოლიციის ექვსმა თანამშრომელმა "არ გაამჟღავნოს დამკვეთის სამსახურებრივი საიდუმლოება".

“ეს პირველი შემთხვევაა, როცა არა მხოლოდ გელათში, არამედ საქართველოში არსებულ საკულტო ძეგლთან დაცვა დააყენეს… ერთადერთი გვახსოვს, როდესაც კუმურდოს ტაძრის რეაბილიტაციის პროცესში გალავნის პერიმეტრი დავიცავით სამთავრობო დაცვით. იქ რამდენჯერმე გამოვლინდა ადგილობრივი თემის მხრიდან მღელვარება…- ამბობს ბექა ბარამიძე, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მრავალწლიანი სამუშაო სტაჟის მქონე ყოფილი თანამშრომელი.

"[დაცვა დადგა] უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. მანამდე იყო თუ არა საჭირო, ჩემი გადასაწყვეტი არ არის..." - უთხრა რადიო თავისუფლებას სააგენტოს თანამშრომელმა ხათუნა მენაბდიშვილმა, რომელიც უშუალოდ ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდა.

შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილი წერილით ირკვევა, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, გელათის მონასტრის გარდა, სიგნალიზაციითა და შეიარაღებული თანამშრომლებით დაცვა კიდევ 5 კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლთან სურს.

"ერთი ობიექტის დაცვის მომსახურების [ერთი თვის] თანხა შეადგენს 145 ლარს", - წერია წერილში.

რადიო თავისუფლების კითხვას, რა გახდა უსაფრთხოების გაძლიერების მიზეზი გელათის სამონასტრო კომპლექსი თუ უშუალოდ “განჯის კარის” შესაძლო დაბრუნების საკითხზე საჯარო ყურადღება, ასევე რატომ დაიდო ხელშეკრულება მხოლოდ 24 დღით, კულტურის სამინისტროდან გვიპასუხეს: "სამონასტრო კომპლექსს ისევე, როგორც არაერთ მუზეუმს, არ ჰქონდა შესაბამისი დაცვა, რაც ეტაპობრივად გასწორდა".