ფეხსაცმლის უკანასკნელი მწმენდავები
Your browser doesn’t support HTML5
ისინი თბილისში სულ შვიდნი დარჩნენ. ქიშო, ჟორა, მიშა, რაფიკა, სერგო, ანზორი და თემური - ფეხსაცმლის უკანასკნელი მწმენდავები, რომლებმაც ეს ხელობა მამებისა და ბაბუებისგან ისწავლეს და ზოგიერთ მათგანს ძველი ჯაგრისები რელიკვიასავით აქვს დღემდე შემონახული. ხელოსნების უმრავლესობა საქართველოში საუკუნეზე მეტი ხნის წინ ჩამოსახლებული ასურელების შთამომავლები არიან - უკვე ასაკში შესულები, ამბობენ, რომ ცოტაც და თბილისიდან ფეხსაცმელების ბოლო მწმენდავებიც გაქრებიან: ახალ თაობას ეს საქმე აღარ აინტერესებს. ხალხშიც სულ უფრო ცოტაა ისეთი, ვინც ფეხსაცმელების გასაწმენდად საგანგებოდ მიდის. თუმცა ჯერჯერობით თბილისის რამდენიმე ადგილას ჯერ კიდევ დგას ფეხსაცმლის მწმენდავების მოძველებული სავარძლები - ჯაგრისებისა და ფეხსაცმლის საცხების მთელი მოწყობილობით და იქვე ჩამომჯდარი ხელოსნებით. ეს საქმიანობა, როგორც თავად ამბობენ, მათი ბოლო საქმეა და სანამ იქნებიან, შეძლებენ და კლიენტი ეყოლებათ, თავს არ მიანებებენ. ასე არიან ქიშო და ჟორაც - სადგურის მოედანზე გამაგრებული ფეხსაცმლის მწმენდავები, რომლებისთვისაც ეს ხელობა მათი შემოსავლის მთავარი წყაროა.