ფესტივალი, სახელწოდებით „თეთრი ხიდი“, ბრალდებების საგნად იქცა

თეთრი ხიდი

ქუთაისის მერიას, შესაძლოა, საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივლონ. საქმე ეხება გასულ კვირაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქალაქში ჩატარდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, სახელწოდებით „თეთრი ხიდი.“

Your browser doesn’t support HTML5

ფესტივალი, სახელწოდებით „თეთრი ხიდი“, ბრალდებების საგნად იქცა

ყოფილი cafe kino brother-ის დამფუძნებელ ლევან ჭავჭანიძის მტკიცებით, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროექტი მან 2016 წელს შეათანხმა ქუთაისის მაშინდელ მერთან, შოთა მურღულიასთან, თუმცა პროექტმა ვერ მოიპოვა მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერა და დაიბლოკა, მიუხედავად იმისა, რომ საპრიზო ფონდისთვის საჭირო 5-6 ათასი ლარის გამოყოფა გადაწყვეტილი იყო. როგორც ლევან ჭავჭანიძე ამბობს, მის პროექტს ბევრი საერთო აქვს საჯაროდ გამოცხადებულ ფესტივალთან, ამიტომ ეჭვობს, რომ ქუთაისის მერია 16-19 ნოემბერს სწორედ მისი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„2016 წლის სექტემბრის ბოლოს შეთანხმებული იყო ყველა დეტალი, მერია იყო საპრიზო ფონდის სპონსორი, მაგრამ კულტურის სამსახურში პროექტის წარდგენას მოჰყვა ქილიკი და გაურკვეველი საუბარი და ჩაიშალა პროექტი. ახლა გავიგე, რომ იგივე სახელწოდებით, იგივე თარიღით იმართება ფესტივალი. უბრალოდ, ერთი სიტყვა - საერთაშორისო - აკლია სახელწოდებას. ჩვენ ვგეგმავდით გავსულიყავით საერთაშორიო დონეზე და ამ ფესტივალს მიეცემოდა ყოველწლიური ხასიათი“, - აცხადებს ლევან ჭავჭანიძე.

ეს არის შემთხვევითი დამთხვევა სახელწოდების და, შესაბამისად, ფესტივალს სახელწოდება საერთოდ არ ექნება. სხვა დამთხვევა რა უნდა იყოს, გასაკვირი არის, რომ კინომცოდნეს თავის ქალაქში სურდეს ფესტივალის ჩატარება?
თამთა თურმანიძე

მისივე ინფორმაციით, 2016 წელს მის პროექტს მხარი არ დაუჭირეს მირანდა კუპრავამ, რომელიც იმ დროს მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე იყო, და მთავარმა სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ. მირანდა კუპრავა სოციალურ ქსელში ადასტურებს, რომ პროექტი მერიაში შევიდა, მაგრამ მწირი ბიუჯეტის გამო მისი დაფინანსება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. მირანდა კუპრავა იმასაც წერს, რომ პროექტთან დაკავშირებით ჰქონდა ბევრი შეკითხვა და რატომ გადაწყვიტა მერიამ წელს ჩაეტარებინა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი „თეთრი ხიდის“ სახელწოდებით, მისთვის უცნობი და მიუღებელია.

კინომცოდნე თამთა თურმანიძე, რომელიც ამჟამად მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს, ლევან ჭავჭანიძის პროექტის განხორციელებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ გარკვეული დამთხვევა მოხდა. თამთა თურმანიძის მტკიცებით, ჯერ კიდევ 2015 წელს არსებობდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ქუთაისში, როგორც კინოს დიდი ტრადიციისა და კულტურის ქალაქში, ფესტივალის გამართვას, მაგრამ სამი წლის წინ საჭირო თანხა ვერ გამოიძებნა. თამთა თურმანიძისავე განცხადებით, ქუთაისში დაგეგმილია ქართული კინოს ფორუმი, რომელიც კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და ქუთაისის მერიის ერთობლივი ღონისძიებაა და ფესტივალის სახეს მომავალი წლიდან მიიღებს. თამთა თურმანიძემ სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში იმყოფება დეტალების დასაზუსტებლად:

ლევან ჭავჭანიძე ქუთაისის მერიას მოუწოდებს შეაჩეროს 16-19 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოს მიმართავს.

„ჩვენთან შემოვიდა ეროვნული კინოცენტრის წერილი, რომელიც გვთავაზობდა დასახელებულ რიცხვებში გაგვემართა ერთობლივი ღონისძიება. ამ ეტაპზე ფორუმის ფარგლებში იქნება პროგრამა მოკლემეტრაჟიანი ფილმების და მომავალი წლისთვის იგეგმება, რომ კინოჩვენებებმა მიიღოს სრულფასოვანი ფესტივალის სახე. ეს არის შემთხვევითი დამთხვევა სახელწოდების და, შესაბამისად, ფესტივალს სახელწოდება საერთოდ არ ექნება. სხვა დამთხვევა რა უნდა იყოს, გასაკვირი არის, რომ კინომცოდნეს თავის ქალაქში სურდეს ფესტივალის ჩატარება? მას ჰქონია შემოტანილი 2016 წელს პროექტი. ნამდვილად არ მახსოვდა მე ამ პროექტის შესახებ. ფესტივალი ჯერ კიდევ 2015 წელს იყო ჩასმული ქალაქის ბიუჯეტში“.

რადიო თავისუფლებამ „საქართველოს მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გადაამოწმა ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც კულტურის ღონისძიებების ერთ-ერთ ქვემუხლში მითითებულია „მოკლემეტრაჟიანი ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი“, რომელიც 12 აპრილიდან 14 მაისამდე პერიოდში უნდა გამართულიყო, და ხარჯთაღრიცხვის გრაფაში მითითებულია 5 ათასი ლარი. თავის მხრივ, ლევან ჭავჭანიძე ქუთაისის მერიას მოუწოდებს შეაჩეროს 16-19 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში საავტორო უფლებების დარღვევისთვის სასამართლოს მიმართავს.