კვირის ბოლოს სოციალურ ქსელებში ცხინვალელების მიმართ გაჩნდა მოწოდებები, რომ ისინი გასულ პარასკევს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო მიტინგზე გამოსულიყვნენ. აქციის ორგანიზატორები ანონიმურად ავრცელებდნენ ინფორმაციას. „ვინც რეზერვაციის წინააღმდეგია, შევიკრიბოთ მოედანზე და ჩვენი უკმაყოფილება გამოვთქვათ“ - ამ შინაარსის ტექსტი სოციალურ ქსელში არაერთ ცხინვალელს მიუვიდა და სწრაფად დაიწყო ვირუსული გავრცელება, თუმცა ბევრი მაშინვე მიხვდა, რომ ეს იყო ბანალური ტროლინგი ბიბილოვის ხელისუფლების წინააღმდეგ. ბიბილოვის ხელისუფლებამ კი არ დააყოვნა და დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ ნანიევმა, საგანგებო განცხადება გაავრცელა. მკაცრი ტონით შედგენილი განცხადება ადგილობრივი ტელევიზიით თავად ე.წ. მინისტრმა გააცნო საზოგადოებას.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რესპუბლიკის მცხოვრებლებს, არ წამოეგონ პროვოკაციულ განცხადებებს. ანონსირებული მიტინგი არასანქცირებულია, ამიტომ მოქალაქეებისადმი უმორჩილესი თხოვნაა შეინარჩუნონ სიმშვიდე, აიცილონ თავიდან ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები. ყველას გვესმის, რა სამწუხარო შედეგებამდე მივიდა ვლადიკავკაზში ჩატარებული მიტინგები. სწრაფად გაიზარდა ჩრდილოეთ ოსეთში ჩვენი ძმებისა და დების დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევები. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობისთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე პრიორიტეტულია. სირთულეების მიუხედავად, რაც გზის დაკეტვით არის გამოწვეული, ჩვენ მოქალაქეთა სიცოცხლეს ვირჩევთ. ძვირფასო თანამოქალაქეებო, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დეზინფორმაციული ინფორმაციის გამავრცელებლების ვინაობა ჩვენთვის ცნობილია და არასანქცირებული მიტინგის ჩატარების მოწოდებების გამო მათ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მოქმედი კანონმდებლობით, რაც ჩვენს რესპუბლიკაში მოქმედებს“, - განაცხადა იგორ ნანიევმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში.
რა დონეზე უნდა გეშინოდეს საკუთარი ხალხის, რომ ერთი ბანალური ტყუილის გამო თეატრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოყარო მილიციის ნახევარი შემადგენლობა...გიორგი აბაევი
რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან გვატყობინებს, რომ ბიბილოვის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება და ეს გამოიყენეს ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა.
„მიტინგზე გამოსვლის მოწოდება მეც მივიღე, მაგრამ ავტორები იყვნენ ანონიმები, ამიტომ ამ აქციას სერიოზულობა თავიდანვე დაკარგული ჰქონდა. ეს უფრო საზოგადოებრივი აზრის კვლევას ჰგავდა, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა ხალხს მთავრობის წინააღმდეგ. მთავრობის მიმართ კი უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება. რუსეთთან ჩაკეტილი საზღვრის გამო მხოლოდ მსხვილი გადამზიდავები მოძრაობენ, პროდუქცია ძვირდება, ხალხს კი გასვლა უჭირს, რომ რაიმე შეიძინოს. ვითარება მწვავდება, რადგან კატასტროფული ფასებია უკვე და ისიც ვიცით, რომ ამ დროს ვიღაცები დაუბრკოლებლად მოძრაობენ რუსეთში, ჩვეულებრივი ხალხი კი იტანჯება. ამის მიუხედავად, ხალხი მოედანზე მაინც არ გამოვიდა, რადგან აქციას სერიოზულობა აკლდა. ტროლებმა კი ბიბილოვის ხელისუფლება შეაშფოთეს და ძალების მობილიზაციაც კი გააკეთეს თეატრალურ მოედანზე“.
ასევე ნახეთ ცხინვალის დე ფაქტო შს მინისტრი პასუხისგებით დაემუქრა მიტინგისკენ მოწოდების ავტორებსნანიევის გამოსვლას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტატორები კორონავირუსის პანდემიის გამო ბიბილოვის ხელისუფლების შერჩევით მიდგომებს აკრიტიკებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთი კომენტატორი წერს:
„თუ სამხრეთ ოსეთში ვირუსი არ არის, მაშინ ვინღა დაავადდება? თუ გამარჯვების აღლუმზე ხალხს შეკრების უფლება მისცეს, ახლა საშიშია?“
კიდევ ერთი კომენტატორი, დე ფაქტო ხელისუფლების ოპონენტი გიორგი აბაევი, წერს:
„რა დონეზე უნდა გეშინოდეს საკუთარი ხალხის, რომ ერთი ბანალური ტყუილის გამო თეატრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოყარო მილიციის ნახევარი შემადგენლობა, შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ ნანიევის ხელმძღვანელობით“.
ასეთი რეაქცია, რომ მიმართვა თავად მინისტრმა გააკეთა, ჩემი აზრით, გადაჭარბებულია. ეს უკურეაქციაა გადაჭარბებული, როცა დილიდანვე მილიციით გაავსეს მოედანი.დიანა ალბოროვა
აბაევი ფოტოებსაც ავრცელებს, სადაც მილიციელები ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე ჩანან. ეს ყველაფერი კი რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზამ“ გაავრცელა.
პარასკევ დილით მიტინგზე ხალხი არ მისულა. მხოლოდ ორი ქალი მივიდა პროტესტის გამოსახატავად. იქვე სკვერში კი მილიციის შემადგენლობას და კაგებეს წარმომადგენლებს ჰქონდათ ადგილები დაკავებული.
„ტროლებისგან და ფეიკჯგუფებიდან წამოსულ ინფორმაციაზე ასეთი საგანგებო რეაგირება, მარტივად რომ ვთქვათ, არაპროფესიულია“, - ამბობს ცხინვალელი პოლიტოლოგი, დინა ალბოროვა. მისი განმარტებით, ხელისუფლებას ეშინია და ძალის დემონსტრირებაზეა გადასული:
„ასეთი რეაქცია, რომ მიმართვა თავად მინისტრმა გააკეთა, ჩემი აზრით, გადაჭარბებულია. ეს უკურეაქციაა გადაჭარბებული, როცა დილიდანვე მილიციით გაავსეს მოედანი. ეს გადაჭარბებული რეაქცია, ალბათ, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, რომ არსებობს ხელისუფლების გარკვეული შიში, რომ ხელისუფლების მიმართ ეს უკმაყოფილება უსიტყვოდ არსებობს და სულ უფრო მწიფდება. ჩვენ ახლა დიდხანს შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა სიბრტყეზეა ეს უკმაყოფილება. რადგან ასეთი რეაქცია წამოვიდა, ესე იგი არის საფრთხე მომავლის მიმართაც. და მეორე - ეს არის ძალის დემონსტრირება, იმის ჩვენება, რომ თუ ასეთი მიტინგი იქნება მომავალში, პასუხი იქნება მკაცრი და უკეთესია ეს არ გააკეთოთ. - აი, ამ ორი რამის დემონსტრირება გააკეთა ხელისუფლებამ“.
დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა. აფხაზეთმა უკვე გახსნა ე.წ. საზღვარი და ცხინვალში ამის გამო კიდევ უფრო გაიზარდა უკმაყოფილება, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულებისა და დაღუპულების რაოდენობა ცხინვალისას აღემატება. შეუმდგარი მიტინგის გამო ადგილობრივი ხელისუფლების პანიკა კი ტროლებისგან უფრო ტესტი გამოდგა, ვიდრე რეალური აქცია.