ფედერიკო გარსია ლორკა

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს უდიდეს ესპანელ პოეტზე, მუსიკოსსა და მხატვარზე, ფალანგისტების მიერ მოკლულ გმირზე, ფედერიკო გარსია ლორკაზე.

დავით წერედიანს ნათქვამი აქვს: „არაერთისაგან მსმენია: ლორკა მიყვარს, ოღონდ „ბოშური რომანსეროს“ გამოკლებით. ადვილი მისახვედრია, სიტყვა „ბოშური“ და სიტყვა „რომანსი“ აფრთხობთ, რუსულ „ციგანშჩინაში“ ერევათ, რომელიც ძალიან მაღალი გემოვნების გამოხატულებადაც არ არის მიჩნეული.

ეს პატარა წიგნი ესპანურენოვან ტრადიციაში ბალადური წყობის ხალხურ ან ხალხურთან მიახლოებულ ლექსებს მოიცავს. თვითონ პოეტის სიტყვით, კრებულის მთავარი პერსონაჟი ანდალუზიური ნაღველია. რაში მდგომარეობს ანდალუზიური ნაღვლის სპეციფიკა, ძნელი მისახვედრია, მით უფრო უცხოელისათვის, მაგრამ მთელი წიგნი უჩვეულოდ გადამდები ნაღვლით რომ არის განმსჭვალული, ეს ცხადზე უცხადესია.

ლორკას პოეტური ბიოგრაფია ავანგარდიზმისკენ განუწყვეტელი სწრაფვაა. ვერც კი წარმოუდგენია, ჩვეულებრივი კარგი ლექსი დაწეროს. მაგრამ ის ამავე დროს სისხლითა და ხორცით ესპანელია, ზეპირსიტყვიერებაზე შეყვარებული და გონგორასეული ტრადიციით გაჟღენთილი.

ცნაური საქმეა, ისევ და ისევ მელოდიური ლექსითა და ძველებური მასალით – ჩიტებითა და ყვავილებით, ქარებითა და ვარსკვლავებით, გიტარებითა და ტორეროებით ლამობდა ახალი მეტაფორისტიკისა და, შესაბამისად, ახალი პოეზიის შექმნას. როგორც ყოველთვის, ეს პოეტიც ქართველად აქცია გენიალურმა წერედიანმა.

Your browser doesn’t support HTML5

ფედერიკო გარსია ლორკა