ფაშინიანის სტეფანაკერტის თეზისები

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორშაბათს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტის ცენტრში გამართულ მრავალრიცხოვან მიტინგზე გამოვიდა მოწოდებით, ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნის მისაღწევად მოხდეს პანსომხური ეროვნული ენერგიის კონცენტრირება.

თავის სიტყვაში ფაშინიანი, კერძოდ, ცდილობდა ხაზი გაესვა სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები სომეხი ხალხის - მათ შორის სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ხალხის - ერთიანობის აუცილებლობისათვის, რაც უსათუოდ გააღიზიანებს აზერბაიჯანს, რომელიც არ ცნობს მთიანი ყარაბაღის სუვერენიტეტს.

სომხეთის არმია - 20 არმიას შორის საუკეთესო

სომხეთის მთავრობის პოპულარული პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ხელისუფლებისაკენ გზა გაუკაფა 2018 წლის გაზაფხულის ხალხმრავალმა სამშვიდობო აქციებმა, ფიქრობს, რომ სომხეთის მოსახლეობა მომდევნო 3 ათწლეულის განმავლობაში 3 მილიონიდან, სულ მცირე, 5 მილიონ კაცამდე უნდა გაიზარდოს.

„ჩვენი მიზანია 1,5 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა, 2,5 მილიონი კაცის დასაქმება, სიღარიბის აღმოფხვრა და სომხეთის გადაქცევა სამრეწველო ქვეყნად“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

აღნიშნულ 30-წლიან პერიოდში, ფაშინიანის თქმით, სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქცია გაიზრდება 15-ჯერ, საშუალო ანაზღაურება - 7-ჯერ, მედიცინის, განათლებისა და მეცნიერების დაფინანსება გაიზრდება 20-ჯერ.

„ჩვენი მიზანია შევქმნათ 10 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების მინიმუმ 5 სომხური ტექნოლოგიური კომპანია და 10 ათასი გამართული სტარტაფი“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და შემდეგ ქვეყნის თავდაცვაზე შეჩერდა. „საბრძოლო მზადყოფნის ინდექსის მხრივ, ჩვენი არმია მინიმუმ მსოფლიოს საუკეთესო არმიათა ოცეულში უნდა იყოს და ჩვენი სადაზვერვო სამსახური კი, ეფექტურობის მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს მსოფლიოს 10 წამყვან სპეცსამახურს შორის“.

სომხეთის ნაკრები - მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი

ნიკოლ ფაშინიანის გრძელვადიანი გეგმის თანახმად, 2050 წლისათვის სომხეთი გადაიქცევა ქვეყნად, რომელიც მიიზიდავს 15 მილიონ ტურისტს და დიდი წარმატებები ექნება სპორტში:

“ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გახდეს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის მედალოსანი, მოიპოვოს ოლიმპიადის 25 ოქროს მედალი და ჰყავდეს ინდივიდუალური მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში“.

ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ზოგიერთ მიზანს სომხეთი 2050 წლამდე - და უფრო ადრეც - მიაღწევს და დაჰპირდა მსმენელებს, რომ ხელისუფლება დაუყოვნებლივ შეუდგება „საგზაო რუკის“ შექმნას ამ „მეგა-მიზნების“ მისაღწევად, რაც, ფაშინიანის თანახმად, პანსომხური დღის წესრიგის ხერხემალს წარმოადგენს.

„არცახი - სომხეთია! წერტილი!“

„დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს აინტერესებს, თუ რატომ არაფერს ვამბობ არცახზე (ყარაბაღი). პასუხი მარტივია: არცახი - სომხეთია. წერტილი!“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სტეფანაკერტში, რასაც ხალხის ოვაცია მოჰყვა.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით თქვა ასევე, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის გარშემო მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ „იმ შედეგების დაცვას, რომლებიც მოპოვებულია არცახის ხალხის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისათვის ბრძოლით“.

„ნებისმიერი შედეგი, მიღწეული მოლაპარაკებების დროს, მისაღებად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, თუ ის მისაღები იქნება სომხეთისა და არცახის მოსახლეობისათვის“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანი სტეფანაკერტში სიტყვით გამოვიდა მეშვიდე პანსომხური თამაშების გახსნის წინ, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება.

პანსომხური თამაშების დიდ ნაწილს ერევანი უმასპინძლებს 6-დან- 17 აგვისტომდე და მასში მსოფლიოში მცხოვრები ასობით ეთნიკური სომეხი მიიღებს მონაწილეობას.