ფაშინიანი: საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას გეოპოლიტიკური გავლენები უნდა ჩამოვაშოროთ

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის წინაშე საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობების მომავალსა და ორ ქვეყანას შორის არსებულ გადასაჭრელ საკითხებზე ილაპარაკა. გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ მისთვის პრიორიტეტი იქნებოდა სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობის გამყარება.

საქართველოსთან ურთიერთობას და საქართველაში მცხოვრები სომხების ორგანიზებას საფუძვლად უნდა ედოს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი - უნდა არსებობდეს პატივისცემა ეთნიკური იდენტობის მიმართ და ეს უნდა იყოს ქვაკუთხედი სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობების გასაძლიერებლად.
ნიკოლ ფაშინიანი

კითხვა-პასუხის რეჟიმისას კი ნიკოლ ფაშინიანს შეკითხვით მიმართა სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა შირაკ ტოროსიანმა და საქართველოსა და სომხეთს შორის უახლესი ისტორიის თავისი ხედვა აღწერა. პარლამენტარის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ორი ქვეყნის ურთიერთობა ფორმალური იყო, რადგან სააკაშვილისთვის პრიორიტეტი მისეული გეოპოლიტიკური ორიენტაცია იყო და, შესაბამისად, საქართველო უფრო „თურქეთისა და აზერბაიჯანის ტანდემის ეკონომიკური ინტერესების გავლენის ქვეშ იმყოფებოდა“. შემდეგ, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, საქართველოს ახალმა მთავრობამ სცადა უფრო პრიორიტეტული გაეხადა საერთო ინტერესები, რომლებიც სომხეთსა და საქართველოს აქვთ და ამან ახალი ჰორიზონტები გააჩინა უფრო მიუკერძოებელი და ეფექტური დიალოგისთვის. შირაკ ტოროსიანმა პრემიერობის კანდიდატს სთხოვა თავისი აზრი დაეფიქსირებინა ამასთან დაკავშირებით.

ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ ის, ზოგადად, იზიარებს შირაკ ტოროსიანის ხედვას. მისი აზრით, მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იყოს ჩართული, რომ „სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობას ჩამოშორდეს გეოპოლიტიკური გავლენები“. ფაშინიანის თქმით, მართლაც, ხშირად ორ ქვეყანას შორის ჩნდებოდა დაძაბულობა, რომლის გამომწვევიც არ ყოფილა ბუნებრივი ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის. დაძაბულობა იქმნებოდა იმიტომ, რომ პრობლემები განიხილებოდა არა სომხეთ-საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო - გეოპოლიტიკური - ურთიერთობების კონტექსტში. „სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობა ვერ იქნება დაფუძნებული არასომხურ ან არაქართულ პლატფორმაზე“, - განაცხადა ფაშინიანმა და დასძინა, რომ აქამდე ორი ქვეყნის ურთიერთობებში დაშვებულმა შეცდომებმა, მართლაც, შექმნა გარკვეული რისკები. „საქართველოსთან ურთიერთობას და საქართველაში მცხოვრები სომხების ორგანიზებას საფუძვლად უნდა ედოს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი - უნდა არსებობდეს პატივისცემა ეთნიკური იდენტობის მიმართ და ეს უნდა იყოს ქვაკუთხედი სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს იმის აღიარების, რომ ამ მხრივ ნამდვილად არსებობს განსახილველი საკითხები. განსახილველი საკითხები არსებობს და ამ საკითხებს მეგობრულად გადავჭრით.
ნიკოლ ფაშინიანი

შირაკ ტოროსიანმა შემდეგ სთხოვა ნიკოლ ფაშინიანს, ჯავახეთის საკითხზეც ელაპარაკა. ტოროსიანმა განაცხადა: როდესაც რუკას შევხედავთ, დავინახავთ, რომ სომხეთს დასავლეთით ესაზღვრება თურქეთი, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, რომელიც ჩვენს ბლოკადას ახორციელებს. ჩრდილოეთით სომხეთს საქართველო ესაზღვრება, რომლის ჩრდილო-აღმოსავლეთიც ეთნიკურად აზერბაიჯანელებით არის დასახლებული. საქართველოს ჯავახეთის რეგიონი ერთადერთი უსაფრთხო გზა არის სახმელეთო მიმოსვლისა და ტრანსპორტირებისთვის. შესაბამისად, ჯავახეთს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვსო.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ეს, მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. „სომხეთსა და საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვთ - მათ არა აქვთ და არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან დაკავშირებული ზრახვები და პრეტენზიებიო“, - განაცხადა სომხეთის პრემიერობის კანდიდატმა და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა საკითხი ურთიერთპატივისცემით უნდა გადაიჭრას და სწორედ ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს ის ქვაკუთხედი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა განვითარდეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს იმის აღიარების, რომ ამ მხრივ ნამდვილად არსებობს განსახილველი საკითხები. განსახილველი საკითხები არსებობს და ამ საკითხებს მეგობრულად გადავჭრით“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.