ახალგაზრდა უკრაინელი ქალი ათი ბავშვით, რომელთაგან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული - იულია სუსლიაკი საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც არასრულწლოვნები მოიწამლნენ და საავადმყოფოში მოხვდნენ. ბავშვები ჯერ ისევ საავადმყოფოში არიან. შს სამინისტრომ ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო გამოძიება.
ვინ არის იულია სუსლიაკი? ათი ბავშვის დედა თუ უცხო ადამიანი, რომელსაც არასრულწლოვნების მიმართ უკანონო განზრახვები ამოძრავებს? რადიო თავისუფლება ადვოკატის მონათხრობს გთავაზობთ.
დიდი სიყვარული და სასწაულები
ადვოკატი ზურაბ თოდუა გვიყვება, რომ იულია სუსლიაკსა და მის მეუღლეს ერთმანეთთან დიდი და ხანგრძლივი სიყვარული აკავშირებს.
იმის გამო, რომ კაცი თავადაც მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, წყვილი მუდამ ბევრ შვილზე ოცნებობდა.
პირველი სამი ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა და შვილის გაჩენა აღარ შეეძლო. ამის შემდეგ წყვილმა გადაწყვიტა, რომ სუროგაციის მეთოდისთვის მიემართა.
- პირველი სამი ბავშვი დაბადებულია 2008, 2010 და 2014 წლებში, იულია სუსლიაკის ბიოლოგიური მშობიარობის შედეგად;
- 2017 წლის დასაწყისში წყვილმა სუროგატ დედებთან დადო კონტრაქტები;
- რადგან სუროგაცია-დონაციის შედეგიანობის პროცენტული მაჩვენებელი მაღალი არ არის, წყვილმა მოსინჯა ექვსი ვარიანტი;
- ცოლ-ქმარი ფიქრობდა, რომ ექვსიდან ორი ან სამი მაინც იქნებოდა წარმატებული;
- თუმცა "მოხდა სასწაული" და ექვსივე ბავშვი დაიბადა;
- აქედან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული.
ადვოკატის თქმით, სასწაულს კიდევ ერთი სასწაული მოჰყვა და იულია სუსლიაკმა მეათე ბავშვი ისევ თავისი ბუნებრივი ორსულობის შედეგად გააჩინა.
იულია სუსლიაკი ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო დანარჩენი ექვსი ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილები არიან.
ადვოკატის მტკიცებით, სუსლიაკი ათივე ბავშვს ღირსეულ დედობას უწევს. ზურაბ თოდუა ბინძურ ჭორებს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქალი ბავშვებს არ უვლიდა და რომ, თითქოს, ბავშვები ამბობდნენ - ის ჩვენი დედა არ არისო.
Your browser doesn’t support HTML5
მდიდარი მამა აფხაზეთში
რადგან დონაცია-სუროგაციის მეთოდი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ადვოკატი თოდუა საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ოჯახის მამა ძალიან მდიდარი ადამიანია.
მონათხრობის თანახმად, კაცი უკრაინაში სამშენებლო ბიზნესში იყო ჩაბმული და ქვეყნის დატოვება აწ უკვე ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს გარემოცვასთან დაპირისპირების გამო მოუხდა.
როგორ მოხვდა კაცი აფხაზეთში?
ადვოკატი ამბობს, რომ იულია სუსლიაკის მეუღლე უკრაინიდან პირდაპირ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ჩასულა:
- უკრაინის დატოვების შემდეგ, მთელი ოჯახი გარკვეული დროის მანძილზე ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც დაიბადა მეათე ბავშვი;
- შემდეგ გადასახლდნენ რუსეთში, საიდანაც მთელი ოჯახი გამოაძევეს დეპორტაციის გზით;
- დეპორტაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთის სასამართლომ მარტის მიწურულს მიიღო და ოჯახს იქ უკვე აღარ დაედგომებოდა;
- ოჯახის მამა ახლობლებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მიიწვიეს, სადაც ის უფრო უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს.
ადვოკატის თანახმად, აფხაზეთში აპირებდა გადასვლას იულია სუსლიაკიც და ათ ბავშვთან ერთად სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა ჯერ თბილისში და შემდეგ - ზუგდიდში: „მას არ უნდოდა, რომ დაერღვია კანონი ოკუპაციის შესახებ“.
რატომ არ ჩამოვიდა ოჯახის მამაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე?
ამ შეკითხვაზე ზურაბ თოდუას ასეთი პასუხი აქვს: „უკრაინასა და საქართველოს შორის თავისუფალი მიმოსვლაა და იყო საშიშროება, რომ საქართველოს ამ ნაწილში მას უფრო იოლად მისწვდებოდნენ უკრაინიდან“.
ჩაშლილი გეგმა და ბრძოლა სიმართლისთვის
წინასწარი ინფორმაციით, იულია სუსლიაკი ათ ბავშვთან ერთად საქართველოში 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის ავიარეისით ჩამოვიდა და ზუგდიდში დასახლდა.
ფაქტია, რომ მან 19 აპრილამდე ვერ მოახერხა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა. 19 აპრილს მან მოწამლული ბავშვები ზუგდიდის საავადმყოფოში მიიყვანა. იქიდან ყველანი ქუთაისში გადაიყვანეს.
ადვოკატის ინფორმაციით, ბავშვები ჯერ ისევ ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში რჩებიან. ექიმების ცნობით:
- ბავშვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის და მდგომარეობა სტაბილურია;
- ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერ ისევ დაუზუსტებელია;
- ეჭვია საკვებით (სოსისით) ინტოქსიკაციაზე.
არ არის გამორიცხული, რომ იულია სუსლიაკმა საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს. თუმცა ჯერ თავისი უდანაშაულობა უნდა დაამტკიცოს.
ადვოკატი თოდუა ამბობს, რომ ქალმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა. მზად არის მისი მეუღლეც.
- 23 აპრილს იულია სუსლიაკმა ჩააბარა თავისი და ბავშვების ბიოლოგიური მასალები დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად;
- ტესტისთვის ბიოლოგიური მასალის აღების თანხმობა ადვოკატს ასევე 23 აპრილს დაუდასტურა სუსლიაკის მეუღლემ.
„მასალა ქალმა სასამართლოს განჩინების გარეშე, ნებაყოფლობით ჩააბარა. ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხს, ჩემი პრაქტიკით, 10-15 დღე ესაჭიროება და იმედია, მალე გაირკვევა ყველაფერი. რადგანაც ეჭვი არსებობს ტრეფიკინგთან დაკავშირებით, იულია სუსლიაკს ეკრძალება საქართველოს დატოვება“, - ამბობს ადვოკატი ზურაბ თოდუა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია 20 აპრილს გავრცელდა. უწყების თანახმად, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი). შს სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.