ფაქიზი, მორცხვი, შეყვარებული - შინაური ივანე ჯავახიშვილი

უბრალო, ფაქიზი, მთელი ცხოვრება ავადმყოფობისგან გაწამებული, საკუთარ ცოლზე შეყვარებული სამი შვილის მამა... უნივერსიტეტის დამფუძნებლისა და ისტორიის ტომების ავტორის, ივანე ჯავახიშვილის, „შინაური“ ცხოვრება მისი შვილების ჩანაწერებშია აღწერილი. 23 აპრილი ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეა.

არსებობს 30-იან წლებში გადაღებული კადრები, რომელზეც ჩანს, თუ როგორ მუშაობს ივანე ჯავახიშვილი თავის კაბინეტში. მაგიდასთან მჯდარს გვერდით ყვავილები უწყვია, ფურცლებს აქეთ-ქით ატრიალებს... წლების შემდეგ მისი შვილი, ალექსანდრე (ლალი) ჯავახიშვილი, გაიხსენებს, რომ ყვავილებიც და სხვა ყველაფერიც სახელდახელოდ დადგმული მიზანსცენის ნაწილი იყო. სინამდვილეში, გადამღებ ჯგუფს თავზარი დაეცა, როცა აკადემიკოსის ოთახში შემოვიდა.

ივანე ჯავახიშვილის მშობლიური სოფელი ხოვლე იყო და თბილისში ბინა არც ჰქონდა. ცოლის მამიდასთან, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანთან, ცხოვრობდა. მას შემდეგ კი, რაც თავადაზნაურობას სახლები ჩამოართვეს, ამ სახლში ოცამდე ადამიანმა მოიყარა თავი.

ივანეს კაბინეტი თაროებით გადატიხრული ოთახის ნაწილი იყო. ღამე აქ ლალის ეძინა, დღისით კი საყოველთაო ჟრიამული იდგა. სუფრას იმავე მაგიდაზე შლიდნენ, სადაც ივანე მუშაობდა, ამიტომ სადილ-ვახშამზე ქაღალდების აკრეფა უწევდა. ხმაურს ყურადღებას არ აქცევდა. განსაკუთრებით უყვარდა, როცა უფროსი ქალიშვილი, ნათელა, პიანინოს მიუჯდებოდა და მეცადინეობდა ხოლმე. მუსიკოსობა მისი აუხდენელი ოცნება იყო.

„მახსოვს, როგორ განიცადა მამამ, როცა მე გათხოვების გამო საკრავის წაღება მომიხდა სახლიდან. მე ამას ვგრძნობდი. წელიწადზე მეტი როიალი არ გადამქონდა და სახლში დავდიოდი სამუშაოდ“, - იხსენებს ნათელა წიგნში „მამა“.

მარცხნიდან მარჯვნივ: მაკო წერეთელი, კახა ჯავახიშვილი, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი, ნათელა ჯავახიშვილი, ანასტასია და ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანები. 1916 წ. ივანე ჯავახიშვილის გადაღებული ფოტო

ერთი პალტო სამი კაცისთვის

ოცკაციან ოჯახს ხშირად უჭირდა, ხანდახან ძალიანაც. ერთი პერიოდი მეუღლის, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის, ძვირფასი ნივთების დაგირავებით გაჰქონდათ თავი, ამ ფულით იხდიდნენ უნივერსიტეტის გადასახადებსაც. შვილებს მამის გამონაცვალი ტანსაცმელი ეცვათ. პალტოები და პიჯაკები ისე გაცვითეს, მუზეუმში დასადები აღარაფერი დარჩა.

„[ერთი] პალტო 25 წელი ატარა. ეს პალტო, თქვენ წარმოიდგინეთ, შემდეგ ნათელასაც ეცვა და, ბოლოს, - მე. ასევე მამას ნაცრისფერი კოსტიუმი ჯერ კახამ ატარა და მერე მე გამოვუყვანე წირვა“, - იხსენებს ალექსანდრე ჯავახიშვილი 1986 წელს მიცემულ ინტერვიუში.

ჩაცმაში ივანეს თავისი წესები ჰქონდა. სახლშიც კი, რაც არ უნდა სიცხე ყოფილიყო, ჰალსტუხის გარეშე არ გაივლიდა. არ უყვარდა კალოშები და ყურებიანი ქუდი, ამის გამო პეტერბურგში ცხოვრებისას სმენა დაუქვეითდა.

ტანსაცმლის მრავალჯერად მოხმარებას ოჯახის წევრები იმითაც ხსნიდნენ, რომ ივანე საოცრად ფაქიზი და სუფთა კაცი იყო. ცოლი ჩიოდა ხოლმე: „ვანოს ნახმარი და უხმარი წინდები ერთმანეთისგან ვერ გამირჩევია, არ ვიცი გასარეცხებში რომლები ჩავყაროო“.

„ჩემო ძირფასო, ჩემო გულის მეგობარო“

ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი ერეკლე მეფის შთამომავალი იყო, მაგრამ ოჯახის საქმეები მთლიანად მასზე გადადიოდა. ის იყო მრეცხავიც, ძიძაც და პარიკმახერიც კი, ივანესაც და შვილებსაც თმას თავად კრეჭდა, ხან ხეირიანად, ხან - არც ისე.

ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი

ხელნაწერთა ინსტიტუტში შენახულია ივანე ჯავახიშვილის პირადი წერილები, მათ შორის წერილი მეუღლისადმი:

„როგორა ხარ, ჩემო ძირფასო, ჩემო გულის მეგობარო? შენი ფიქრი მაქვს, გაუფრთხილდი, არ გაცივდე, რომ უფრო არ გაგიძნელდეს. ეხლა რომ მანდ მამყოფინა, თავს შემოგევლებოდი, მოგიკითხავდი, როგორც პატარა ბაღანას: გაგხდიდი და ლოგინში ჩემის ხელით ჩაგაწვენდი; მხურვალე კოცნით შენს ფეხებს გაგითბობდი; გახსოვს, შენ ამბობდი ხოლმე: „მე ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვსო“. მე გაგითბობ კოცნით, მე გაგითბობდი ჩემის სიყვარულით: შენა ხარ ჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა ღირსი ვიყო შენი სიყვარულისა! შენ გენაცვალოს შენი ვანო...“

მუდმივი დიეტა

ივანე ჯავახიშვილს ჯამრთელობა არაფრად უვარგოდა და ამიტომ მუდმივად დიეტაზე იყო. ფრანგული ფუნთუშის ნახევარი, ორი ნატეხი შაქარი, ორი ჭიქა ცხელი წყალი, საუზმეზე - წიწიბურას ფაფა ან ბრინჯის ფლავი, სადილად - ორთქლზე მოხარშული დაკეპილი ხორცის გუფთები - ეს მისი ყოველდღიური მენიუ იყო. არასდროს ჭამდა ხილს და რძის ნაწარმს, არ სვამდა ღვინოს. ძალიან უყვარდა ცხარე საჭმელები, მაგრამ მხოლოდ დაყნოსავდა და ისევ მაგიდაზე დააბრუნებდა ხოლმე.

ერთხელ ექიმმა ტვინის კოტლეტი დაუნიშნა და მეუღლეც ყოვლდღე ყიდულობდა დუქანში. გაბეზრებულმა ყასაბმა ბოლოს იკითხა, ყოველდღე ტვინი რომ მიგაქვთ, ასეთი უტვინო ვინ გყავთ სახლშიო.

მიუხედავდ ყველაფრისა, მაინც ხშირად იწამლებოდა. ერთხელ, პეტერბურგში მიმავალი, მატარებელში მოიწამლა და კინაღამ ვაგონიანად ჩახსნეს - ეგონათ, ტიფი ჰქონდა.

ექიმებს მიაჩნდათ, რომ ჯავახიშვილი ზედმეტად ფრთხილობდა კვებისას. „აი, ფეხებს რომ გავჭიმავ და გამკვეთენ, მაშინ ხომ მაინც დარწმუნდებიან, რომ ავადმყოფი ვარ“, - ამბობდა ამაზე ივანე. მისი სიტყვები ასრულდა. სწორედ გაკვეთამ აჩვენა, რომ ნაწლავები წყლულით ჰქონდა დაფარული და რომ არა მკაცრი დიეტა, იქამდეც ვერ მიატანდა..

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ივანე მართლა „ყველაფერს ჭამდა“, 1917-1918 წლები იყო, როდესაც თბილისში უნივერსიტეტის გასახსნელად ემზადებოდნენ.

ნათელა იხსენებს, რომ ამ ამბით აჟიტირებული ივანე არათუ დიეტას აღარ აქცევდა ყურადღებას, მერხებსაც თვითონ ეზიდებოდა, ერთი მერხი ზედ დაეცა კიდეც და კინაღამ იმსხვერპლა.

დევნა

კომუნისტები ივანე ჯავახიშვილს დევნიდნენ, მათ შორის მისსავე უნივერსიტეტში. ივანე ოჯახს პრობლემებზე არ ესაუბრებოდა, მაგრამ შუბი ხალთაში მაინც არ დაიმალა.

„ერთ დღეს მამა მძიმე გულისწუხილის შემდეგ ცოცხალ-მკვდარი მოიყვანეს სახლში. იგი ლოგინად ჩავარდა… ასე გულგატეხილი, გულნატკენი და შეურაცხყოფილი მამა მე არ მინახავს შემდეგში მომხდარი მავნებლური გამოსვლების დროსაც კი“, - წერს ნათელა ჯავახიშვილი.

ივანე ჯავახიშვილის დასაფლავება

სიკვდილი ლექციაზე

1940 წლის 18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილი შეუძლოდ გრძნობდა თავს, მაგრამ ხელოვნების მუშაკთა სახლში საჯარო ლექცია ჰქონდა დანიშნული და მაინც წავიდა. ნათელა ყოველი შემთხვევისთვის თან გაჰყვა.

ტრიბუნასთან იდგა, ლაპარაკობდა „ვისრამიანზე“, „ამირანდარეჯანიანზე“... შემდეგ: „უცებ თვალები დაუელამდა, სახეზე რაღაც შესაბრალისმა, უმწეო გამომეტყველებამ დაუარა. დარბაზში რაღაც შრიალი გაისმა, თითქოს უცბად დაჰქროლა ძლიერმა ქარმა, მამა შეტორტმანდა. დღესაც არ ვიცი, როგორ გავჩნდი მამასთან და თავი მე დავიჭირე. ამოცვივდნენ სიმონ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე და, მგონი, გიორგი წერეთელი. გავიყვანეთ მამა მომიჯნავე ოთახში, სადაც გრძელი მაგიდა იდგა და იქ დავაწვინეთ...

მამამ უცებ ღრმად ამოიხვნეშა, თვალები დახუჭა და ცრემლი გადმოუვარდა. ამ დროს დავინახე, არნოლდ ჩიქობავა მიდი-მოდიოდა და თან ტიროდა. მე მომაგონდა მამის ნათქვამი, რომ არნოლდი ძალიან გაცნობიერებულია მედიცინაში და შევეხვეწე - ბატონო არნოლდ, მაჯა ნახეთ-მეთქი... მან თავი გადააქნია და უფრო ატირდა“.

ნათელა იხსენებს: შუათანა შვილს, კახას, მამის სიკვდილი რომ აცნობეს, გული წაუვიდა, ცოლი კი შოკისგან მაგიდაზე ახტა. „ამხტარა სასადილო მაგიდაზე, თურმე აქეთ-იქით დარბოდა გაგიჟებული. ძლივს ჩამოუყვანიათ“.

რამდენიმე წლის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის შრომების აღსაწერად კომისია შეიქმნა. სახლში შემოსულმა ნიკო ბერძენიშვილმა, ქაღალდის გროვები რომ დაინახა, გაოცებულმა თქვა, ამ ყველაფრის არათუ დამუშავებას და შექმნას, მხოლოდ გადაწერასაც კი ერთი ცხოვრება სჭირდებოდა და, შესაძლოა, არც კი ჰყოფნოდაო.