სამეგრელოში, გასული წლის მსგავსად, წელსაც თხილის დაბალი ხარისხის მოსავალია. ამჯერად მიზეზი არა აზიური ფაროსანა, არამედ თხილის კულტურაზე გავრცელებული სხვადასხვა დაავადებაა. განსაკუთრებულ პრობლემას მარცვლეულს სოკოვანი დაავადება უქმნის, რომელიც აფუჭებს როგორც თხილის ნაყოფს, ისე მცენარესაც.
Your browser doesn’t support HTML5
სოფლის მცხოვრებთა თქმით, თავად გლეხისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა ღონისძიებებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში შედეგი გამოიღო, თუმცა ვერ უშველა მცენარეების დაავადებებს. ზუგდიდის სოფელ კახათში მცხოვრები ნარგიზა სახოკია და მიმოზა ჭკადუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობენ, რომ შედარებით უკეთესი მოსავალი აქვთ მათ, ვინც რამდენჯერმე სხვადასხვა პრეპარატით შეწამლა დაავადებული მცენარეები. როგორც თანასოფლელებმა თქვეს, მძიმე სოციალური პირობების გამო მათ ეს ვერ მოახერხეს და შედეგად ცუდი მოსავალი მიიღეს როგორც თხილის, ისე ბოსტნეულის:
ჩვენ ვიბრძოლეთ ამის გამო და ბანკის ვალებიც კი გვაქვს. წელს ჩვენი ძალებით შევწამლეთ, შარშან იყო მათი მხრიდან რეაგირება, მაგრამ წელს არა. აქედან წავიღე წამლები. ხუთჯერ შევწამლე სხვადასხვა წამლებით...ლუიზა ვეკუა
„ლობიოსაც აქვს სოკოვანი დაავადება. მთლიანად დამპალია ყველა“, - გვითხრა ნარგიზა სახოკიამ.
„ათი თხილიდან საღი იქნება, ალბათ, 3-4 ცალი. არ ვიცი, რა გვეშველება“, - თქვა მიმოზა ჭკადუამ.
როგორც გლეხები ამბობენ, მთელი წლის განმავლობაში ერთი ჰექტარი მიწის 4-5 ჯერ შეწამვლა 400 ლარამდე ჯდება, რისი საშუალებაც ხშირად არ აქვთ. ზუგდიდის სოფელ დარჩელში მცხოვრები ლია ესართიას თქმით, ამას ემატება ისიც, რომ მიმღები პუნქტები თხილს ახარისხებენ და საკმაოდ დაბალ ფასად იბარებენ. დაბალი ხარისხის მარცვლეულის შესყიდვის ფასი ერთ კილოგრამზე 50 თეთრია, საუკეთესო კი 2 ლარი ღირს.
„ძალიან უჭირს გლეხს. არის ოჯახები, რომლებიც მთელი წელიწადი ამ თხილის შემოსავლით ირჩენენ თავს. 1, 50 და 2 ლარი თხილისთვის ძაან ცუდი ფასია“, - ამბობს ლია ესართია.
ანალოგიური ვითარებაა ოკუპირებულ გალის რაიონშიც. გალელმა ნანი ბასარიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაცემული პრეპარატებით შეწამლეს ნაკვეთები:
„ყველაფერს მოვლა უნდა, საკვები უნდა და გლეხს არ აქვს ამის საშუალება. მოგვცა რომელიღაცა არასამთავრობომ დახმარება, დაარიგა, შევწამლეთ, მაგრამ შედეგი მაინც არ იყო“, - თქვა აფხაზეთში მცხოვრებმა ნანი ბასარიამ.
უკეთესი მოსავალი აქვს გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრებ ლუიზა ვეკუას. ის ჯერ მოსავალს არ ყიდის, რადგან ფასის მომატებას ელოდება:
„ჩვენ ვიბრძოლეთ ამის გამო და ბანკის ვალებიც კი გვაქვს. წელს ჩვენი ძალებით შევწამლეთ, შარშან იყო მათი მხრიდან რეაგირება, მაგრამ წელს არა. აქედან წავიღე წამლები. ხუთჯერ შევწამლე სხვადასხვა წამლებით“, - ამბობს ოტობაიელი ლუიზა ვეკუა.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც მხოლოდ აზიური ფაროსანას წინააღმდეგაა მიმართული. რაც შეეხება თხილის კულტურაზე გავრცელებულ დაავადებებს, ამ მხრივ წელს მოქალაქეებს სახელმწიფო მხოლოდ ინფორმაციული თვალსაზრისით დაეხმარა. ზუგდიდის მერიის შპს „აგროსერვისის“მრჩეველმა, აგრონომმა კლიმენტი კიკალიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ მხრივ მოსახლეობას რეკომენდაციებს ახლაც აქტიურად აწვდიან:
„ზოგიერთს ჰგონია, რომ თხილს დარგვა, გაზრდა და მობოჭვა უნდა. თხილს დეკემბრის თვიდან უნდა მიხედვა. სხვანაირად, შრომის გარეშე, ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ. ზოგიერთმა ჩვენი ხედვა მიიღო, ზოგიერთმა იგნორირება გაუკეთა. ვინც ეს მიიღო, კარგი შედეგი მიიღო, ვინც არ გაითვალისწინა, ნაკლები შედეგი მიიღო“, - განაცხადა კლიმენტი კიკალიშვილმა. მისი თქმით, მათი მუშაობა ამ მიმართულებით მომავალი წლისთვის უფრო გაიზრდება. იმ შემთხვევაში კი, თუ იქნება სახელმწიფოს მხრიდან მეტი მხარდაჭერა, გააქტიურდებიან სხვა მიმართულებითაც.