ფარდის მიღმა: იოსიპ ბროზ ტიტოს უცნობი ფოტოები

შთამბეჭდავ ფოტოებზე ბელგრადის არქივიდან, რომელთაგან ზოგიერთი აქ პირველად ქვეყნდება, აღბეჭდილია იუგოსლავიის ავტორიტარი მმართველი, იოსიპ ბროზ ტიტო, რომელიც ოფიციალურ შეხვედრებს შორის დროს ატარებს სანადირო ადგილებსა და საცეკვაო მოედნებზე.

იოსიპ „ტიტო“ ბროზი ჩიბუხის წევისას, სტუმრები მღერიან ხალხმრავალ წვეულებაზე ბელგრადში, 1960 წელს.

ტიტო სიგარას უკიდებს კოცონზე ალმოდებული ჯოხიდან უცხოელი დიპლომატების შეხვედრის დროს სოფელ კარაჯორჯევოში, ნოვი სადთან ახლოს, დღევანდელ სერბეთში.

ტიტო (მარჯვნივ) თვალს ადევნებს ხოხობს, რომელსაც ეს-ეს არის საფანტი ესროლა კარაჯორჯევოში ნადირობისას, 1960 წელს.

ეს არის რამდენიმე იმ ათასობით ფოტოთაგან, რომლებიც იუგოსლავიის არქივში ინახება და ასახავს ეთნიკურად სლოვენ-ხორვატის, იოსიპ ბროზ ტიტოს ცხოვრების მომენტებს, აღბეჭდილს ოფიციალურ შეხვედრებს შორის. ტიტო იუგოსლავიას მეორე მსოფლიო ომის ბოლო დღეებიდან გარდაცვალებამდე, 1980 წლამდე მართავდა.

ფოტოები რადიო თავისუფლებას იუგოსლავიის არქივებმა მიაწოდეს. ზოგიერთი ფოტოს თარიღი და ადგილმდებარეობა არ არის მითითებული, მაგრამ მათი უმეტესობა გადაღებულია 1960-იან და 1970-იან წლებში, დღევანდელ სერბეთში.

ტიტო ნანადირევ ხოხბებს ათვალიერებს კარაჯორჯევოში ნადირობისას 1961 წლის ნოემბერში.

დიპლომატიურ მისიებთან ტიტოს არაოფიციალური კონტაქტების დიდი ნაწილი ხორციელდებოდა ნადირობისას კარაჯორჯევოში, თვალწარმტაც სოფელში, რომელიც ცნობილია ნადირობისა და ცხენოსნობის ტრადიციებით. ფოტოებზე ჩანან დიპლომატები, რომლებსაც, ჩვეულებრივ, მხოლოდ ოფიციალური ფოტოებიდან იცნობდა ხალხი. აქ ისინი სანადირო თოფებით დადიან, რეზინის ჩექმებში გამოწყობილი.

ფადილ ჰოჯა, რომელიც ხელმძღვანელობდა კოსოვოს, იუგოსლავიის ავტონომიური პროვინციის, მთავრობას, ახლად ნანადირევი კურდღლით იწონებს თავს კარაჯორჯევოში.

ჩრდილოეთ კორეის ელჩი იუგოსლავიაში (მარცხნივ, გვარი და სახელი არ არის მითითებული) თავის თანმხლებ პირთან ერთად კარაჯორჯევოში ნადირობისას.

ო.ჰ. ოსმანი, სუდანის ელჩი იუგოსლავიაში, ცას ათვალიერებს და თან თავის სანადირო თოფს გადატენის კარაჯორჯევოში.

„ქალბატონი პუსანოვა“, საბჭოთა ელჩის, ალექსანდრ პუსანოვის ცოლი, კარაჯორჯევოში ახლად ნანადირევი მელიით, „რომელიც, როგორც ის ფიქრობს, კარგ ბეწვის საყელოდ გამოდგება“.

კარაჯორჯევოში ნადირობა მასობრივი ღონისძიება იყო. მასში მონაწილეობას იღებდა ბელგრადში განთავსებული უმაღლესი დიპლომატიური კორპუსი. ისინი ჯერ საგანგებო მატარებელში სხდებოდნენ, შემდეგ კი ცხენებშებმული ეტლებით მიჰყავდათ სანადირო ადგილებამდე.

ტიტო ქარბუქში კარაჯორჯევოში. მარჯვნივ ჩანს ერთ-ერთი ეტლი, რომელმაც დიპლომატები სანადირო ადგილზე მიიყვანა.

ტიტო ახლად მონადირებულ ტახებთან ერთად კარაჯორჯევოში.

იუგოსლავიის დელეგაციამ მონაწილეები გააფრთხილა, რომ ენადირათ ძირითადად „ხოხბებსა და კურდღლებზე, ხოლო ირმებსა და შვლებზე ნადირობა აკრძალულია“. მასპინძლებმა ასევე ყველას სთხოვეს, რომ თავიანთი თოფები და ტყვიები წამოეღოთ.

მემწვადეები ნანადირევს ამზადებენ ცეცხლზე ნადიმის წინ კარაჯორჯევოში, 1977 წლის დეკემბერში.

ტიტოს სანადირო მოგზაურობების ამსახველი ფოტოების გარდა, ბელგრადის არქივში ინახება აგრეთვე ათასობით ფოტო, რომლებიც იუგოსლავი მმართველის გრანდიოზულ წვეულებებს ასახავს.

მანქანა, რომლითაც ტიტო მივიდა მეჯლისზე ბელგრადში, 1960 წელს.

ტიტო ცეკვავს თავის ცოლთან, იოვანკა ბროზთან ერთად ბელგრადში, 1960 წელს.

მომღერალ ზდრავკო კოლიჩის გამოსვლა ტიტოსთვის, მოცეკვავეთა ანსამბლ ლოკიცესთან ერთად. ადგილი არ არის მითითებული.

ტიტო ფოტოს უღებს საცეკვაო მოედანს ერთ-ერთი წვეულებისას 1970-იან წლებში.

ტიტო და მისი თანამეინახეები, მისი ცოლის, იოვანკას, ჩათვლით, გულიანად იცინიან წვეულებაზე, ერთ-ერთი სტუმრის სიტყვით გამოსვლის დროს.

ტიტო და მისი ცოლი თეატრში 1960-იან წლებში.

ტიტო ესაუბრება იუგოსლავიის ეროვნული თეატრის დირექტორს და მსახიობს, სასცენო კოსტიუმსა და გრიმში, 1968 წელი.

ტიტო სანადირო თოფით, რომელიც მას გადასცა დელეგაციამ ბუგოინოდან, დღევანდელი ბოსნია-ჰერცეგოვინა, 1978 წლის აპრილი.

ტიტოს პორტრეტი და დაშვებული დროშები სარაევოში 1980 წლის მაისში.

ტიტო 1980 წლის 4 მაისს გარდაიცვალა განგრენით გამოწვეული გართულებების შედეგად. ის დაკრძალეს ბელგრადის მავზოლეუმში, რომელსაც „ყვავილების სახლი“ უწოდეს. იოვანკა ბროზი 2013 წელს გარდაიცვალა. მას ქმრის გვერდით მიუჩინეს სამუდამო განსასვენებელი იმავე მავზოლეუმში.