უცხოელი აგენტების კანონებს კვლავ განიხილავენ - სად და შემთხვევითია თუ არა დამთხვევა?

გრაფიტი ადამიანის უფლებათა ცენტრის მემორიალის შენობაზე - "უცხოელი აგენტი. მე მიყვარს აშშ", მოსკოვი, 2012 წ. 

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 2023 წლის მარტში საპროტესტო გამოსვლებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო პარლამენტიდან გაიწვია კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ (ე.წ. რუსული კანონი), მსგავსი კანონპროექტების განხილვა დაიწყო მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

მათ შორის იქ, რომელთა მთავრობები რუსეთთან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობებით გამოირჩევიან. მაგალითად, ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბულ რეპუბლიკა სრპსკასა და ყირგიზეთში, სადაც “უცხოელი აგენტების” კანონპროექტის ირგვლივ დისკუსია დიდი ხნის წინ დაიწყო, კონკრეტული ნაბიჯები კანონპროექტის მისაღებად კი საქართველოში კანონის ჩავარდნის შემდეგ გადაიდგა.

მოკლედ კანონების შესახებ:

ყირგიზეთის კანონპროექტი, შეიცავს მრავალ შეზღუდვას, რაც უშუალოდ საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება. ორგანიზაციებს მოუწევთ დარეგისტრირება იუსტიციის ან ციფრული განვითარების სამინისტროში. რეგისტრაციის მოთხოვნა მათ მთავრობამ უნდა დაუდასტუროს. კანონპროექტის მიხედვით, ყოველი ქმედება, რომელიც საზოგადოებისთვის საზიანოდ ჩაითვლება, განაპირობებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თავისუფლების აღკვეთას 5 წლით.

კანონპროექტის კრიტიკოსების მტკიცებით, ტექსტის მთავარი პრობლემა მისი ბუნდოვანებაა, მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკური აქტივობა და რუსულ კანონთან მსგავსება. არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის, ICNL-ის შეფასებაში ნათქვამია, რომ ყირგიზეთში არსებულ კანონპროექტს რუსულთან 90 პროცენტზე მეტი მსგავსება გააჩნია.

ყირგიზული კანონის მიღების საკითხი, დიდი ალბათობით, შემოდგომაზე გადაწყდება.

რეპუბლიკა სრპსკას მთავრობამ 23 მარტს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშვალდებულია დარეგისტრირდეს “უცხოელ აგენტად” და თავისი საქმიანობის ანგარიში იუსტიციის სამინისტროს ჩააბაროს. რეპუბლიკა სრპსკაში უკვე არსებობს კანონი ასოციაციებისა და ფონდების შესახებ, რომელიც არეგულირებს საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. თუმცა, მთავრობის მტკიცებით, არსებული კანონი არ უზრუნველყოფს ორგანიზაციების გამჭვირვალობას.

ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის 12 ივნისს გამოცემულ დასკვნაში წერია, რომ კანონპროექტი შეიცავს ბუნდოვან განმარტებებს და მისი საჭიროება არ არის მკაფიოდ განსაზღვრული. კომისიამ რეპუბლიკა სრპსკას მთავრობას ურჩია, კანონპროექტი განმეორებით განიხილოს ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვარაუდით, რეპუბლიკა სრპსკას მთავრობა ვენეციის კომისიის დასკვნას არ გაითვალისწინებს და კანონს მაინც მიიღებს. ოფიციალურ პირებს დასკვნის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რატომ განიხილავენ “აგენტების” კანონპროექტებს ახლა?

ისევე როგორც საქართველოში, რეპუბლიკა სრპსკასა და ყირგიზეთის მთავრობები ამტკიცებენ, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანი გამჭვირვალობა და მათი ქვეყნების პოლიტიკაზე უცხოური გავლენის მაქსიმალური შემცირებაა. თუმცა კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მთავრობებს სხვა მოტივი აქვთ - კერძოდ, ავტორიტარული ძალაუფლების მეტი კონსოლიდირება და ალტერნატიული პოზიციის ჩახშობა.

ივანა კორიალიჩი, Transparency International-ის აღმასრულებელი დირექტორი ბოსნია-ჰერცეგოვინაში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რეპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტი, მილორად დოდიკი, მსგავსი არადემოკრატიული კანონპროექტებით ევროკავშირთან ვაჭრობს, რათა მათგან გარკვეული დათმობები მიიღოს. ამასთან, “15 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრჯერ იყენებდა სიტყვებს, როგორიცაა "უცხოელი აგენტი", "ჯაშუში", ან თუნდაც "სახელმწიფოს მტერი" თავის ოპონენტებთან მიმართებით”, დაამატა კორიალიჩმა.

ყირგიზეთში ავტოკრატიული უკუსვლის პროცესი აჩქარდა 2021 წლიდან, პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვის მოსვლის შემდეგ და უცხოელი აგენტების კანონპროექტის მიღება არ იქნება ერთადერთი ანტიდემოკრატიული ქმედება.

რეპუბლიკა სრპსკას და ყირგიზეთის ლიდერები რუსეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას საჯაროდ გამოხატავენ. 2023 წლის იანვარში, პრეზიდენტმა დოდიკმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ღირსების მედლით დააჯილდოვა, ხოლო ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი მოსკოვში 9 მაისს გამართულ აღლუმს დაესწრო. ივანა კორიალიჩი ეთანხმება, რომ უცხოელი აგენტების კანონპროექტების დამტკიცების სურვილი განაპირობა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაღრმავებულმა გეოპოლიტიკურმა პოლარიზაციამ. ამას ადასტურებს ყირგიზეთში იურისტთა ასოციაცია “ტანდემის“ უფროსი, ტატიბუბუ ერგეშბაევაც. იგი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა გააძლიერა მსოფლიოს გეოპოლიტიკური მოთამაშეების - კონკრეტულად, დასავლეთისა და რუსეთის - მცდელობა, “გაზარდონ გავლენები”.

რუსეთის როლი:

რუსეთის გავლენა ყირგიზეთსა და რეპუბლიკა სრპსკაში საკმაოდ ძლიერია და ორივე ქვეყნის კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კანონის მიღება მოსკოვის კარნახით გადაწყდა. ყირგიზეთის შემთხვევაში მძლავრი რუსული გავლენა განაპირობა ქვეყანაში არსებულმა სუსტმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ და მეზობელი ქვეყნების არასტაბილურმა ვითარებამ. როგორც ერგეშბაევა ამბობს, ყირგიზეთის წვლილი მსოფლიო ეკონომიკაში შეადგენს 0.02 პროცენტს, რაც გარდაუვალს ხდის რეგიონში მთავარი ძალის (რუსეთის) გავლენის ქვეშ მოხვედრას. ერგეშბაევამ ასევე დაამატა, რომ ყირგიზეთს არ აქვს დასავლეთთან ისეთი გეოგრაფიული სიახლოვე, როგორც საქართველოს, რაც რუსეთის გავლენის ადეკვატურ ალტერნატივას არ სთავაზობს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი გამარჯვების დღის აღლუმზე, მოსკოვში. 9 მაისი, 2023 წ.

რეპუბლიკა სრპსკას ვითარება მკვეთრად განსხვავდება ყირგიზეთისგან. თვით ბოსნია-ჰერცეგოვინა გეოგრაფიულად ევროპაშია და აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, თავი აარიდოს რუსულ გავლენას, თუმცა ამის საშუალებას არ იძლევა პრეზიდენტ დოდიკის მძლავრი ნაციონალისტური პოლიტიკა. რეპუბლიკა სრპსკას სეპარატისტული მისწრაფება და ნატოს მიმართ არსებული მკვეთრი წინააღმდეგობა იწვევს რუსეთთან მჭიდრო კავშირს.

რეპუბლიკა სრპსკას დღისადმი მიძღვნილი აღლუმი აღმოსავლეთ სარაევოში. 9 იანვარი, 2023 წ.

განმეორდება თუ არა საქართველოს მოვლენები?

საქართველოსგან განსხვავებით, რეპუბლიკა სრპსკასა და ყირგიზეთში ხალხის მასშტაბური წინააღმდეგობა ნაკლებადაა მოსალოდნელი. 2022 წლის 11 მარტიდან, ბიშკეკის ადგილობრივმა უზენაესმა სასამართლომ აკრძალა საჯარო გამოსვლები გარკვეულ ტერიტორიებზე - მათ შორის, რუსეთის საელჩოს, პარლამენტის, პრეზიდენტის სასახლის, უზენაესი სასამართლოსა და სხვა სამთავრობო შენობების ირგვლივ. ერგეშბაევას თქმით, აკრძალვა გამოიწვია რუსეთის საელჩოს წინ მოწყობილმა უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო სამოქალაქო აქციამ, თუმცა ოფიციალური პირები ამას არ ადასტურებენ.

დაკავებული რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სამთავრობო შენობის წინ, ბიშკეკში. 10 იანვარი, 2023 წ.

რეპუბლიკა სრპსკას შემთხვევაში, ივანა კორაილიჩის თქმით, თვით საზოგადოება შეეჩვია ამ რეალობას, რაც პროტესტის გრძნობას თავისთავად ახშობს. “ხალხის მთავარი პროტესტი არის ქვეყნის დატოვება, რადგან მათ იციან, რომ ვერაფერს შეცვლიან”, - ამბობს კორაილიჩი.

ბოსნია-ჰერცეგოვინამ ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსი წლის დასაწყისში მიიღო. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა გავლენა ექნება კონკრეტულად უცხოელი აგენტების კანონპროექტს ევროკავშირთან შემდგომ დაახლოებაზე, თუმცა რეპუბლიკა სრპსკაში არსებული პრობლემების მოგვარება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

კიდევ სად განიხილავდნენ ან სად აქვთ მიღებული:

  • კანადა განიხილავს “უცხოეთის გავლენის გამჭირვალობის რეესტრის” შექმნას. განხილვის პროცესი საზოგადოებასა და ორგანიზაციებთან კონსულტაციებს მოიცავს.
  • ევროკავშირში, რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შემცირებისთვის, იყო აშშ-ის FARA-ის მაგვარი კანონის დაწესების მცდელობა, თუმცა კრიტიკის შედეგად მისი განხილვა შეჩერდა.
  • წარსულში მსგავსი კანონები რუსეთის გარდა მიღებულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის - ნიკარაგუაში, ეთიოპიაში, უგანდაში, ჩინეთში, აზერბაიჯანში, ინდოეთში, ავსტრალიასა და უნგრეთში.