უცნობთა სიმრავლე გაფრინდაშვილის საქმეში

მურატ გუკემუხოვი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხება „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ბლოგი, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ აფასებენ ამ ინციდენტს ცხინვალში. ტექსტში, რომელსაც მცირედი შემოკლებებით გთავაზობთ, შენარჩუნებულია ორიგინალში გამოყენებული ტერმინოლოგია.

ცხინვალში არადამაჯერებლად და უაზროდაც კი მიიჩნევენ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ ყველა ვერსიას. ცხადია მხოლოდ ერთი რამ - ის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს. ესაა ისტორია, რომელიც არავის ესმის, ვინაიდან მასში არავისთვის არაა არავითარი საზრისი, თუკი, რა თქმა უნდა, მოქმედების საზრისად არ მივიჩნევთ თავად სკანდალს. ამიტომ ცხინვალში ეს ამბავი, ბევრის თქმით, არის „წნელისის პოსტი №2“. დაწვრილებით განვიხილოთ მომხდარი.

გასული წლის ბოლოს [თვითგამოცხადებული] სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ამკაცრებს სასჯელს სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის. ამ გზით ხელისუფლებას სურდა, მავთულხლართებზე გადაძრომის მოტივაცია შეემცირებინა. მაგრამ, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი ხარებოვი ამბობდა მაშინ, დეპუტატები ცდილობდნენ, არ გადაემლაშებინათ სანქციებით. კანონპროექტის განხილვის მსვლელობისას ისინი ითვალისწინებდნენ, რომ საზღვრისპირა სოფლების ზოგიერთი მცხოვრები იძულებული ხდება, გადაკვეთოს საზღვარი.

„ვიღაცას კანონის დარღვევას აიძულებს ჯანმრთელობის მდგომარეობა, კიდევ სხვა მიზეზები. ჩვენ ყველაფერ ამაზე ვიმსჯელეთ კომიტეტის სხდომაზე. როგორც სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა განმარტეს, ეს ყველაფერი ადგილზე მოწმდება. კანონში ყველაფერი მკაფიოდაა გაწერილი. ანუ არ ხდება ისე, რომ ვიღაცა შემთხვევით ან წინასწარი განზრახვის გარეშე გადავა საზღვარზე და მას მაშინვე დიდი თანხით აჯარიმებენ. თავიდან დამრღვევს შეიძლება გაფრთხილება აკმარონ, თუკი დადგინდება, რომ მან საზღვარი წინასწარი განზრახვის გარეშე გადაკვეთა. შემდეგ მოდის მინიმალური ჯარიმა. განმეორებით დამრღვევებს კი მსხვილი ჯარიმები ელით“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ საინფორმაციო სააგენტო „რესთან“ ინტერვიუში.

სტატისტიკის თანახმად, 2018 წლის მხოლოდ თერთმეტი თვის განმავლობაში, [თვითგამოცხადებული] რესპუბლიკის საზღვარი დაარღვია 460-მა ადამიანმა. ამასთან, როგორც კგბ აღნიშნავს, მათი თითქმის ნახევარი ითვლება მრავალჯერად დამრღვევად, რომელთა რიცხვი იზრდება.

რატომ ვამბობ ამას? იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ ორი თვით და არ აღუძრავთ სისხლის სამართლის საქმე საზღვრის დარღვევისთვის. ამ თვალსაზრისით, 9 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება პირველი მერცხალია. როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კგბ-ს განცხადებაშია ნათქვამი, „ვ.დ. გაფრინდაშვილის მიმართ კგბ-ს საგამოძიებო ორგანოების მიერ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა). დადგინდა, რომ საქართველოს ხსენებულმა მოქალაქემ განზრახ გადაკვეთა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი“.

ანუ კგბ მიმართავს რუსეთის კანონმდებლობას, რომელიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მაგრამ ამ დაპატიმრების ახსნა არ შეიძლება არც წნელისის კრიზისითა და საზღვარზე ვითარების გაუარესებით, ვინაიდან 13 ნოემბერს დაკავებულ მამაკაცებს ჯარიმა დაეკისრათ შემდეგ საქართველოში გაძევებით. სხვათა შორის, გაფრინდაშვილს დაკავებისას მკაცრად არ ეპყრობოდნენ. მას დაპატიმრების შემდეგაც არ ზღუდავდნენ სატელეფონო კავშირის გამოყენებაში.

რატომ გააკეთეს მისთვის ასეთი გამონაკლისი? იმიტომ, რომ მან ეს გამოითხოვა. სასამართლოზე გაფრინდაშვილმა გააკეთა პოლიტიკური განცხადებები, რომ არ ცნობს საზღვარს, არც სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს, ადამიანებს უხეშად ელაპარაკა... და ამ თვალსაზრისითაც ის პირველია. მანამდე დაკავებული სამი-ოთხი ათასი საზღვრის დამრღვევიდან არავის გაუკეთებია მსგავსი დემარშები. და მას რაში სჭირდებოდა ეს?

[საზღვართან დაკავშირებით] არსებობს ერთგვარი ორმხრივი დელიკატურობა (თქვენ შეურაცხყოფას არ გვაყენებთ, თქვენ არ ისჯებით), რაც ათი წლის განმავლობაში პირველად ექიმმა გაფრინდაშვილმა დაარღვია. აქედან - არნახული მკვეთრი რეაქციაც, რომელსაც ცხინვალი იმით ხსნის, რომ დამრღვევმა „შეგნებულად გადაკვეთა ხაზი“. უცნაურობა ამით არ შემოიფარგლება. გაუგებარია, რატომ გადაკვეთა ექიმმა საზღვარი სწორედ ორჭოსანთან და, თუკი პაციენტთან მიდიოდა, რატომ არავინ დახვედრია სამხრეთ ოსეთის მხრიდან?

ქართული მედიის მთავარი ვერსიაა, თითქოს ის თამარ გიგაურის დასახმარებლად მიდიოდა. მაგრამ ეს ძალზე შორსაა ლენინგორიდან, სადაც მდებარეობს გიგაურის სახლი. გარდა ამისა, წინაგარის ზონიდან ლენინგორში ან ცხინვალში მიღწევა თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ყველა ჩასულს საბუთებს უმოწმებენ. თუკი ის ლენინგორში მიდიოდა, მაშინ ლოგიკური იყო საზღვრის გადაკვეთა აღმოსავლეთიდან, დუშეთის მხრიდან. შეუმჩნევლად გავლის შანსი იქ ბევრად მეტია, მანძილიც მოკლეა.

გუშინ საღამოს გიგაურის ოჯახში იმყოფებოდა სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მისი სიტყვებით, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ არავითარი ექიმისთვის არ დაუძახიათ, მით უმეტეს, მეორე მხრიდან.

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ორმხრივი ფარული შეთანხმებებით, ქართველ ექიმებს არაერთხელ გადაუკვეთიათ საზღვარი და დახმარება აღმოუჩენიათ პაციენტებისთვის ოსეთში. ეს ფაქტია, მაგრამ მავთულხლართებზე ხომ არ გადამძვრალან. 2010 წელს ასეთი ფარული შეთანხმებებით სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რეანიმობილის ეკიპაჟიც კი შევიდა. ანუ ეს ამბავი, როგორც ექიმის დახმარება, ასევე უცნაურად, არალოგიკურად გამოიყურება.

ჯერჯერობით მომხდარში ერთადერთი ცხადი რამ ისაა, რომ ის იქცევა წნელისის კრიზისის ნაწილად ან მის გაგრძელებად. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, გაფრინდაშვილის საქმე კონფლიქტის ზონაში მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს.

ტექსტსში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.