უჩინარი მოქანდაკე რუსუდანი და გამქრალი ქანდაკებები

ლონდონის მოედანთან, ჩიქობავას 12-ში, თბილისურ ეზოში, ძველი ქართული აგურით ნაგები ერთსართულიანი შენობა დგას. მაღალჭერიან შენობას გადაქექილი ხის კარი ჰკიდია. კარს - ბოქლომი. კარის თავზე, სახურავის ქვეშ, დიდი ფანჯრებია დატანებული. ერთსართულიან შენობაში, უფრო ზუსტად, სახელოსნოში, მზის სინათლე მხოლოდ ამ ფანჯრებიდან აღწევს. კაი ხანია ფანჯრებისთვის მტვერი არავის გადაუცლია.

სახელოსნოს პატრონი, 82 წლის მოქანდაკე რუსუდან გაჩეჩილაძე, ამავე ეზოში, ძველი სახლის მეორე სართულზე ცხოვრობს. ხის მოაჯირს ეყრდნობა, გამარჯობის ნიშნად ხელს გვიქნევს და გვეძახის:

- დიდი ბოდიში რა, ასე გამოვიდა, ვერ დაგელაპარაკებით. მოვკლავ დათოს, მოვკლავ და ეგ იქნება, საძაგელი ბიჭი, ეგა.

დათო რკინის კიბეებზე ჩამორბის, ცალ ხელში პარკი უჭირავს და რუსუდანის ნათქვამზე იცინის. ვითომ მუქარის შეეშინდაო, კიდევ უფრო უჩქარებს ფეხს და თან სახელოსნოს ბოქლომის გასაღებს მოაჟღრიალებს.

- რა ვქნა, ვერაფრით დავითანხმე. არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, სხვა გზა არ არის რა.

გაზარმაცებული ძველი ხის კარი ჰა და ჰა გვიშვებს სახელოსნოში. ზღურბლზე გაბმული ობობის ქსელი, თმაში იბლანდება, იატაკი იზნიქება, აი, თითქოს უხერხულად, ვერ დაგხვდით სათანადოდო და გარედან, უფრო ზუსტად კი აივნიდან, ხმა მოგვძახის - დათო, ხო იცი, შუქის ჩამრთველი მანდვეა, მარჯვნივ...

ასე სრულდება ჩვენი და რუსუდანის ურთიერთობა. თუმცა, არა, დათო პარკიდან კოკა-კოლას იღებს:

- ეს რუსუდანმა გამოგიგზავნათ.

და ბოთლს ძუძუებდაწელილი თაბაშირის ქალის გვერდით დგამს.

ახლა უკვე რუსუდანის პორტრეტების ჯერია. რუსუდანის გამოქანდაკებული პორტრეტების ჯერი, რომლებიც 80-90-იან წლებშია შექმნილი და მას მერე მდუმარედ ჩამომწკრივებულან სახელოსნოს მტვრიან თაროებზე. ასე გგონია, მიესალმები და მოგესალმებიან, ეტყვი რამეს და გეტყვიან რამეს. თან სათქმელიც რომ ბლომად აქვთ?

რა, ვითომ რა დაუშლის ახლა ბესიკ ხარანაულს ერთი ლექსი წაგიკითხოს? თუკი უფრო დიდხანს დააკვირდები მის ბასრ ცხვირს, თხელ ტუჩებსა და ღრმად ჩასმულ მუქ თვალებს, ირწმუნებ თაბაშირის გაცოცხლების ამბავს.

ან, მაგალითად, ოთარ ჭილაძე რატომ ვერ მოყვება, ერთი კაცის ამბავს, რომელიც გზაზე მიდიოდა.

ისე გაუკრავს მოხუც ანეტას კეფაზე კოსა, თითქოს ეს-ესაა ბოლო სარჭი ჩაიმაგრა თმაშიო.

Your browser doesn’t support HTML5

82 წლის მოქანდაკის დავიწყებული პორტრეტები

- უცნაურია, არა? მოქანდაკე იყო და ქანდაკების კათედრას ახლოს არ გააკარეს, სამხატვრო კათედრაზე იმუშავა წლების განმავლობაში, ხატვის პედაგოგად, - ამბობს დავითი.

მხატვარი დავით ხიდაშელი რუსუდან გაჩეჩილაძის ყოფილი სტუდენტი და ახლა უკვე მეგობარია. თავის კოლეგებთან ერთად ის რუსუდან გაჩეჩილაძის პირველ პერსონალურ გამოფენას ამზადებს, რომელიც 18 მარტს უნდა გაიმართოს:

„რუსუდანს არასდროს ჰქონია პერსონალური გამოფენა. სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობდა ხოლმე, თუმცა, მისი შედევრები, ასე თავმოყრილი, არასდროს გამოფენილა“.

90-იანებში გამქრალი ქანდაკებები და მათთან ერთად დავიწყებული მოქანდაკე

რუსუდან გაჩეჩილაძის სახელი და გვარი, მისი, როგორც მოქანდაკის ფასი, დღეს ძალიან ცოტამ იცის. ერთ-ერთ მიზეზი, რის გამოც, რუსუდან გაჩეჩილაძე ათწლეულების განმავლობაში, უფრო ზუსტად კი მთელი მისი შემოქმედების განმავლობაში, ჩრდილში დარჩა, დავით ხიდაშელის თქმით, არის ის, რომ რუსუდანი ქალია:

„ის იყო ქალი მოქანდაკე, და იმ პერიოდში, როდესაც ქანდაკებაში ასე მეინსტრიმული მიმართულება იყო ჰეროიკულ-ნაციონალური თემატიკა, ასეთი კამერული ტიპის მოქანდაკისთვის, ადგილი არ იყო და არ აღიქმებოდა სერიოზულად. იმდენად უმნიშვნელოდ ითვლებოდა ასეთი ტიპის მოქანდაკე და ნამუშევრები, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ საგამოფენო სივრცეს თუ დაუთმობდნენ და არა ქალაქს. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ქალი, რომელიც მოქანდაკე იყო, სამხატვრო აკადემიაში ასწავლიდა არა ქანდაკებას, არამედ, ხატვას. ამ ადამიანის მთელი შინაგანი სამყარო, ცხოვრება, არის ქანდაკება“.

Your browser doesn’t support HTML5

დავით ხიდაშელი რუსუდან გაჩეჩილაძის პორტრეტების შესახებ

საბედისწერო აღმოჩნდა რუსუდანისა და მისი ნამუშევრებისთვის გასული საუკუნის 90-იანი წლები. ამ წლებმა მოქანდაკის შემოქმედების უდიდესი ნაწილი გააქრო:

„თითზე ჩამოსათვლელი ნამუშევრები გადარჩა. გასული საუკუნის მიწურულს, მისი ქანდაკებები მოიპარეს. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი ინახებოდა სახელმწიფო სამხატვრო გალერეაში. ეს იყო ერთგვარი საცავი სახელმწიფოს მიერ შესყიდული ნამუშევრებისა. 90-იან წლებში კი იმის გამო, რომ რუსთაველის გამზირი ომის ეპიცენტრად იქცა, საცავი დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული და ტუალეტად ქცეული. სწორედ მაშინ გაქრა რუსუდანის ნამუშევრები, რომლებიც მოგვიანებით, მშრალ ხიდზე გასაყიდად გატანილები ნახეს“, - ყვება დავით ხიდაშელი.

​შედევრები - ასე მოიხსენიებს დავითი რუსუდან გაჩეჩილაძის ქანდაკებებს და ამბობს, რომ მის მიერ შექმნილი პორტრეტები სრულად არის ამოვარდნილი საბჭოთა ეპოქისათვის დამახასიათებელი ფორმებიდან და გამოირჩევა განსაკუთრებული ინდივიდუალიზმით:

ძალიან გაბედული ნამუშევრები აქვს. ქანდაკებაში შემოაქვს ფერები. როდესაც მის ნამუშევრებს ვუყურებ, ძველი არტეფაქტები მგონია, ან ეგვიპტური ან ძველბერძნული“.

რუსუდანის ახალი სიცოცხლე

82 წლის მოქანდაკე დღესაც ქმნის. ოღონდ არა ქანდაკებებს. დღეს ის გრაფიკაში მუშაობს. რუსუდან გაჩეჩილაძის 80-მდე გრაფიკული ნამუშევარი და 30-მდე ქანდაკება 18 მარტს გალერეა „IART“-ში გამოიფინება. ეს გრაფიკული ნამუშევრები რუსუდანმა ბოლო სამი წლის განმავლობაში, მას შემდეგ შექმნა, რაც 2016 წელს, ყოფილმა სტუდენტებმა მის ქანდაკებებს წიგნი მიუძღვნეს. „გმირი და მოდელი“ - ასე ჰქვია ალბომს, რომლის ავტორიცაა დავით ანდრიაძე, სწორედ ეს ალბომი გახდა ბიძგი იმისა, რომ რუსუდანს ახალი ნამუშევრები შეექმნა:

„მის გრაფიკულ ნახატებს რომ გადაავლოთ თვალი, მიხვდებით, რომ ეს არის ძალიან თანამედროვე ნამუშევრები, რომელიც ბევრ დიდ და ცნობილ მოქანდაკეს შეშურდებოდა. ეს არის, ფაქტობრივად, გამზადებული პროექტები ქანდაკებებისთვის. რუსუდანი დღესაც აგრძელებს მუშაობას მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე დიდ ძალისხმევას, კონცენტრაციასა და ენერგიას მოითხოვს. არ ჩერდება. ბევრი მის ადგილას, ალბათ ჩამოყრიდა ფრთებს და საკუთარი თავი შეეცოდებოდა, თუმცა, რუსუდანმა სხვა გზა არჩია. მიუხედავად იმისა, რომ მას უჭირს გადაადგილება, ვეღარ ჩამოდის სახელოსნოში, მუშაობას სახლში განაგრძობს“.

ჯერ არავინ იცის, მივა თუ არა რუსუდანი საკუთარ გამოფენაზე 18 მარტს. იმიტომ არა, რომ კიბეებზე ჩასვლა უჭირს, იმიტომ, რომ:

„ასეთია, ურჩევნია, შორიდან დაგიქნიოს ხელი“, - ამბობს დათო, რომელიც ჭრიალით ხურავს სახელოსნოს კარს, ადებს ზედ ბოქლომს და რკინის კიბეებს მიუყვება, რუსუდანისკენ.