წალკის რაიონის დაბა ბედიანში ხმაური თითქოს მიწყნარდა - ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების ექთნის თანაშემწემ, მალხაზ გულაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს პერსონალსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკება შედგა:
- ბედიანში აღარ აშენდება ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრი (როგორც ეს სახელმწიფოს ჰქონდა დაგეგმილი და რასაც ადგილობრივები აპროტესტებდნენ);
- ფსიქიატრიულ დაწესებულებას გაარემონტებენ;
- იქ მომუშავე ხალხს ხელფასი შეუნარჩუნდება;
- პაციენტების ნაწილს სარემონტო შენობიდან გაიყვანენ და სხვა შენობის ორ სართულზე გაანაწილებენ - ქალებს ერთ სართულზე, კაცებს - მეორეზე. ნაწილს კი დროებით სხვა ფსიქიტრიულ დაწესებულებებში გადაიყვანენ.
„მთავარია, დაპირებებს არ შეგვატოვონ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ გულაშვილმა:
„მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გვითხრა, არ გინდათ ნარკოლოგიურიო? პრობლემა არ არის, სახელმწიფოს აქვს რესურსი, წავიდეს, სხვა ადგილი მოიძიოს და იქ გახსნასო. ისიც გვითხრა, რომ პაციენტებიდან ვისაც აქედან წასვლა არ უნდა, ძალით არ წავაო“.
ბედიანის საავადმყოფოს პერსონალი დაიმედებულია, რომ ისინი არც სამსახურს დაკარგავენ და დაბაში არც ფსიქიატრიული საავადმყოფო დაიხურება - მათი შემოსავლის მთავარი წყარო, როგორც თავადვე ამბობენ.
„ჩვენც ვაღიარებთ, რომ კლინიკაში უმძიმესი მდგომარეობაა და ამის გამოსწორების წინააღმდეგები არც ვიყავით... დაგვპირდნენ, რომ რემონტი დაიწყება კაცების განყოფილებიდან, რადგან ქალთა განყოფილებაში, ასე თუ ისე, ნორმალური პირობებია. ჯერ ცენტრალურ გათბობას გააკეთებენ, რადგან ხის ღუმელებით ვთბებით და ეს სტანდარტებში არ ჯდება. პაციენტების გადაყვანის უფლებასაც მივცემთ“, - ამბობს მალხაზ გულაშვილი.
მინისტრის მოადგილეს, რომელიც ამ მოლაპარაკებებს ესწრებოდა, რადიო თავისუფლება ვერ დაუკავშირდა - ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ის დილით უცხოეთში გაფრინდა. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროს, ბედიანთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებზე პასუხი ჯერ გასაცემი აქვს.
რა სურთ თავად ბედიანის პაციენტებს - უცნობია.
ხის მორებით ჩახერგილი ფსიქიატრიული
ის, რაც რამდენიმე დღის წინ წალკის რაიონის დაბა ბედიანში მოხდა, სცენას წააგავს კინოფილმიდან:
ფსიქიატრიული საავადმყოფოს პერსონალმა, რომელიც ამავე დაბაში ცხოვრობს, საავადმყოფოს ჭიშკარი ხის მორებით ჩახერგა და სოფელ ქუტირის ფსიქიატრიულში გადასაყვანად საგანგებოდ მომზადებული პაციენტები საავადმყოფოდან არ გამოუშვა.
პაციენტების ნაწილის ქუტირში წაყვანა - ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება იყო. მზადყოფნაში ჰყავდათ ავტობუსებიც.
ასევე ნახეთ ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები მძევლად - დაპირისპირება ბედიანშიპროტესტის მთავარი მიზეზი გახდა ამბავი, რომ ფსიქიატრიულის ადგილას, ჯანდაცვის სამინისტრო ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას გეგმავდა - მოსახლეობას ეს იდეა თავიდანვე არ მოეწონა და უმუშევრად დარჩენის შიში გაუჩნდა.
Your browser doesn’t support HTML5
ბედიანში რომ ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა იგეგმებოდა, ეს რადიო თავისუფლებას რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დაუდასტურა. მან გვითხრა ისიც, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში დასაქმებული პერსონალი მუშაობას ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრში გააგრძელებდა.
ზურა
ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს, რომელიც 1963 წელს გაიხსნა და თავის დროზე 800 პაციენტზე იყო გათვლილი, დღეს 158 ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პაციენტი ჰყავს.
98 მამაკაცი და 58 ქალი.
საავადმყოფოს კედლებში, შორენა ტყეშელაშვილი, ჩაიხანა
ზურაც მათ შორის იყო.
თუმცა ბედიანში მომხდარს ვერ შეესწრო, რადგან ამ ამბამდე ცოტა ხნით ადრე, ოჯახმა საავადმყოფოდან წამოიყვანა. ის ახლა გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია. წლების განმავლობაში, იმის მიხედვით, როგორ იცვლებოდა ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის ხან მიჰყავდათ დაწესებულებაში, ხან სახლში აბრუნებდნენ. მას ქრონიკული შიზოფრენიის დიაგნოზი აქვს.
„შვიდი წლის ვიყავი, როცა ზურა ავად გახდა. მაშინ მეგონა, რომ ეს ამბავი მალე დასრულდებოდა, მაგრამ არა. ამდენი წელი გავიდა და ახლა ჩემი შვილები ცხოვრობენ უკვე ამ პრობლემის გარემოცვაში. ისინი ზურას ახლახანს გავაცანი. ჩემმა გოგონამ თავის ვან გოგის ნახატებიან დღიურში, ნაძვის ხის ნახატს მიაწერა: ზურა, შენ ამ ნაძვის ხესავით ჩაფიქრებული ხარო? მართლა ასეა. ძალიან ჩაფიქრებულია ზურა. სულ რაღაცას დარდობს. მუდმივი შიში აქვს, რომ ტანი არა აქვს“, - მოგვითხრობს ზურას და, ლელა კოტორაშვილი.
ბედიანს, მისი თქმით, რამდენიმე დადებითი მხარეც ჰქონდა - პაციენტები ხშირად სუფთა ჰაერზე იყვნენ, კვებაც არ იყო ურიგო, ექიმის იმედიც ჰქონდათ. თუმცა დანარჩენი ყველაფერი იყო აუტანელი - იქამდე მისასვლელი გზა, შენობის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ანტისანიტარია... ზურას ოთახში ათ კაცს ერთად ეძინა.
დროდადრო, ზურას ავადმყოფობასთან გამკლავება ძალიან უჭირდათ. განსაკუთრებით დედას, რომელიც მუდმივად მის გვერდით უნდა ყოფილიყო: „ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ტყვეობაშია, - ამბობს ლელა, - შეუძლებელია ასეთი შეწირულობა. ძალიან რთულია“.
ამიტომაც იყო, რომ სხვა გამოსავალს ვერ პოულობდნენ.
„სხვებს კიდევ უფრო რთული ვითარება ჰქონდათ. იყვნენ ისეთი მშობლებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ შვილები მკვდრები ჰყავდათ. სინამდვილეში კი ისინი ბედიანში იწვნენ“.
ლელა ამბობს, რომ თვალდახუჭული რომ შეიყვანოს ვინმემ ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობაში, მაშინვე იცნობს, სად არის:
„ყველგან ერთი სუნი დგას, იაფფასიანი სიგარეტის და დაგუბებული ოფლის. ასე იყო ასათიანშიც, გლდანშიც, ბედიანშიც, ყველგან. მინდა ამაზე ოდესმე დავწერო“.
უცვლელი „SOS“ - სახალხო დამცველის ანგარიშებში
დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებები რომ უნდა დაიხუროს, ამას სახალხო დამცველის ანგარიშებში ყოველ წელს ვკითხულობთ.
ამ ანგარიშებში, წლიდან წლამდე არ იცვლება არც ფსიქიატრიულებში არსებული არაადამიანური პირობების კრიტიკა.
2018 წელსაც, სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში, კონკრეტულად ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაზე, ვკითხულობთ, რომ იქ:
- პალატები გადატვირთულია;
- არ არსებობს პაციენტების პირადი სივრცე;
- არაადაპტირებულია გარემო;
- დაუცველია შენობების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და პაციენტთა პირადი ჰიგიენა;
- ხელმიუწვდომელია სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობა;
- არ არსებობს სათანადო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის და მხარდამჭერი სერვისები;
- პრობლემაა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია პაციენტთა ნების უგულებელყოფის ფონზე;
- ნებაყოფლობითი არ არის სამედიცინო ინტერვენცია.
და ეს ჩამონათვალის მხოლოდ ერთ ნაწილია.
ჯერ კიდევ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სახალხო დამცველმა ეს ყველაფერი პაციენტების მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად შეაფასა და დაწერა, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელმა სახელმწიფო უწყებებმა უმოკლეს ვადებში უნდა გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები.
ეფექტიან ნაბიჯებში იგულისხმება:
- დეინსტიტუციონალიზაცია;
- და თემზე დაფუძნებული, მათ შორის, საოჯახო ტიპის მომსახურებების განვითარება.
რასაც ჯერჯერობით სახელმწიფომ ვერ მიაღწია.
ეს მასალა რადიო თავისუფლებამ ჯერ კიდევ 2013 წელს მოამზადა - მაშინაც სახალხო დამცველი ლაპარაკობდა იგივე პრობლემებზე, ხელისუფლებას იგივე რეპომენდაციებით მიმართავდა და დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დახურვას და იქ მდგომარეობის გამოსწორებას მოითხოვდა.
ჟანგიანი გალიიდან - სხვა რკინის გალიაში
ის, რომ დიდი ინსტიტუციები უნდა დაიხუროს, ამაზე მთელი მსოფლიო შეთანხმდა, - გვითხრა „შშმ პირთა და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია - მოძრაობა ცვლილებებისთვის“ ხელმძღვანელმა მაია შიშნიაშვილმა.
ზოგ ქვეყანას საოჯახო ტიპის დაწესებულებებზე გადასასვლელად მეტი დრო დასჭირდა, ზოგსაც ნაკლები, თუმცა ყველა დარწმუნდა იმაში, რომ საოჯახო ტიპის დაწესებულებებში ყველა პრობლემა სერვისების მიწოდების მხრივ ხელისგულზე დევს, გამოსწორების მიზნით ჩარევაც დროულად არის შესაძლებელი. და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს ღია სივრცეა. ეს არ არის დაკეტილი დაწესებულება, როგორც, მაგალითად, ბედიანი.
ბედიანში მომხდარ ამბავში კი, ყველაზე საგანგაშო მაინც ის არის, გვითხრა მაიამ, რომ იქ არსად ჩანს ადამიანი, ვისთვისაც საერთოდ შექმნილია ეს დაწესებულება:
„ჩვენ კი რა ვნახეთ? ბედიანში ამ ადამიანების რეალურად მძევლად აყვანამ დაგვანახა, რომ არც სამინისტროს მხრიდან, არც ბედიანის საავადმყოფოს პერსონალის მხრიდან არ ჩანს, რა სურთ ამ ადამიანებს. რა სჭირდებათ დღეს მათ. თითქოს ისინი არც არსებობენ. ამ ქვეყანაში სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ჩვენ ადამიანებზე ვზრუნავთ მათი სურვილების და ინტერესების გაუთვალისწინებლად. ბედიანში მომხდარით არც კი აღშფოთდა ვინმე!“, - ამბობს მაია შიშნიაშვილი.
ეს არის დიდი ინსტიტუციების მთავარი მინუსიც - იქ ადამიანი იკარგება. ხოლო ადგილი, სადაც თითქოს მასზე უნდა ზრუნავდნენ, იქცევა დანარჩენი ქვეყნისგან მოწყვეტილ, იზოლირებულ ადგილად, სადაც მას ადვილად ივიწყებენ.
იზოლაცია მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუარესებს. მათ აქვთ განცდა, რომ არაფერი შეუძლიათ, რადგან ყველაფერს მართავს სისტემა - როგორ იცხოვრონ, როდის გაიღვიძონ, რა ჭამონ და რა ჩაიცვან:
„ეს ადამიანები ხდებიან სრულიად უუნაროები. უფლებააყრილები. აი, ეს არის ამ ვითომ ზრუნვის შედეგი. ხოლო ის, რაც ბედიანში ხდება დღეს, არის არა დეინსტიტუციონალიზაცია, არამედ ერთი ჟანგიანი გალიის შეცვლა სხვა გალიით, რომელიც შეიძლება არ იყოს ჟანგიანი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ამ ადამიანებისთვის ერთადერთი სიტყვა არსებობს, რაც სერვისის ხარისხის განმსაზღრელია - ეს არის თავისუფლება“, - უთხრა მაია შიშნიაშვილმა რადიო თავისუფლებას.
ხოლო ბედიანი, ამბობს მაია, არ არის ასეთი ადგილი.
კედლები გავარემონტოთ თუ ადამიანები შევაფასოთ?
გია კაკაჩია, დირექტორი ორგანიზაციისა „პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის“, პრობლემის კიდევ ერთ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას - ის ამბობს, რომ დეინსტიტუციონალიზაციაზე მსჯელობისას მთავარი აქცენტი მუდამ ინფრასტრუქტურაზე კეთდება, პაციენტების შეფასებებს კი არავინ უყურებს.
ბედიანის პაციენტების 30%-ს, მისი თქმით, საერთოდ არ სჭირდება ფსიქიატრიულ კლინიკაში ყოფნა. ადამიანები ფსიქიატრიულში იმყოფებიან იმიტომ, გვეუბნება ის, რომ ამ ქვეყანაში არა აქვთ უკეთესი პირობები და არა იმიტომ, რომ მათ ესაჭიროებათ ფსიქიატრიული მკურნალობა.
მათგან ზოგიერთს:
- წასასვლელი არსად აქვს;
- ზოგს უკიდურესად უჭირს უკონომიკურად;
- ზოგს კი არ ჰყავს ზედამხედველი, ვინც გვერდით დაუდგება.
ამ რეალობიდან გამომდინარე კი, ეჭვქვეშ დგება მთლიანად მიდგომის სისწორე, რომ საავადმყოფოები უნდა გარემონტდეს და პაციენტები იქ უნდა გადაიყვანონ.
„ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ბედიანში არიან ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ 15 წელია! 10 წელია! ზოგი - ხუთი წელი, ოღონდ ისე, რომ მათ იქაურობა არასოდეს დაუტოვებიათ. გამოდის, რომ ადამიანები ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მთელ ცხოვრებას ატარებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სოციალური სამსახურები, ახლობლები არ ჰყავთ, სახლები გაუქირავეს და გაიყიდეს და ა.შ. ყველა ადამიანის იქ მოხვედრის ამბავი საყურადღებოა“.
სახელმწიფო აღიარებს დიდი ფსიქიატრიული კლინიკების ნაკლს და ცდილობს, ისინი მარტივ მამრავლებად დაშალოს, თუმცა, როგორც გია კაკაჩია შენიშნავს, ეს პროცესი პაციენტების ინტერესების გათვალისწინების გარეშე მიდის.
„რატომ ვხარჯავთ ამ რესურსს დაწესებულებების გარემონტებაზე, ამ ადამიანების აქეთ-იქით გადანაწილებაზე, როცა მათ საერთოდ სხვა ტიპის მომსახურებები სჭირდებათ? - კითხულობს გია კაკაჩია.
მისივე სიტყვებით, დღეს რომ ამ დაწესებულებებში არსებული ყველა ადამიანის მდგომარეობა შევისწავლოთ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მათი მხოლოდ 30%-ია ისეთი, ვისაც ნამდვილად სჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში ფსიქიკური დახმარების მიღება.
თუმცა ეს ზუსტად არავის ეცოდინება - მათი ავადმყოფობის ისტორიების გულდასმით წაკითხვის გარეშე.