"აუცილებელია მეტი საპოლიციო კონტროლი, პატრულირება, იგივე საგუშაგოები პოლიციის, რომელსაც მოსახლეობა არაერთ დასახლებულ პუნქტში ითხოვს"

უჩა ნანუაშვილი, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ალტერნატიული მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად.

ის ამბობს, რომ მხოლოდ ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება და ცხინვალის ციხეში პატიმრობაა, რეაგირებს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება, არადა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან და ძალიან ბევრი მათგანი გამხდარა საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებისა და დაკავების მსხვერპლი:

„ეს არის რეალობა, რომელშიც ათასობით ადამიანი ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრობს. ისინი არიან სწორედ ამ რისკების ქვეშ. ცოტა ხნის წინ კირბალში ერთ მოქალაქეს შევხვდი, რომელიც რვაჯერ იყო დაკავებული სხვადასხვა ვადით. მის შესახებ იშვიათად თუ ვინმეს სმენია...

დღეს ახალგორში ფაქტობრივად არის ნიშნები ჰუმანიტარული კრიზისის: იქ უკვე ამოიწურა საკვები პროდუქტები, რომელიც იყო შეტანილი, მედიკამენტები. ლაპარაკია იმაზე, რომ პირველადი მოხმარების საგნები აღარ არის და ცხინვალიდან და რუსეთიდან შემოტანილი რამდენჯერმე უფრო ძვირია. იქ ძირითადად დარჩენილია ასაკოვანი მოსახლეობა. სამი თვეა არ მიუღიათ პენსია და ეს პენსია რიგ შემთხვევაში მათთვის არსებობის ერთადერთი წყაროა. ის, რომ ჩვენი მოქალაქე ასობით ადამიანი ვერ იღებს პენსიას, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - რომ არ ცდილობენ ალტერნატიული მეთოდები გამონახონ იმისთვის, რომ ადგილზე ჩვენს მოსახლეობას მიაწოდონ თუნდაც პირველადი მოხმარების საგნები“.

უჩა ნანუაშვილი აკრიტიკებს ხელისუფლებას საინფორმაციო ომში პასიურობის გამო. ის ამბობს, რომ საერთაშორისო ფორუმებზე, რომელშიც ის, როგორც უფლებადამცველი, მონაწილეობს, ყველა უკრაინაზე ლაპარაკობს და საქართველოს საკითხი ფაქტობრივად არ განიხილება:

„ყველას ჰგონია, ომი 2008 წელს დამთავრდა და იმის მერე არაფერი ხდება. ეს ომი გრძელდება იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც ამ ასობით სოფელში ცხოვრობს. მათ აქვთ უფლება, იყვნენ ადამიანები, აქვთ უფლება, განვითარდნენ, მიიღონ განათლების იქნება თუ ჯანდაცვის სერვისი და რეალურად დაცული იყოს მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა. ეს არის ელემენტარული უფლებები, რომლებიც აუცილებელია იყოს დაცული და ვერ ვხედავ, რომ ყველა რესურსია ამისთვის გამოყენებული.

რიგ შემთხვევაში მიჩნდება კითხვა, ხომ არ ერიდება ხელისუფლება რუსეთის გაღიზიანებას და ამის გამო თავს იკავებს მთელი რიგი განცხადებებისგან? თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, რეაგირება არ არის. ეს არის ჩემთვის საგანგაშო“.