„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი, უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ ხელისუფლება არ იყენებს ყველა არსებულ ბერკეტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. რადიო თავისუფლების ეთერში მასთან ინტერვიუ ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობის ფაქტით იწყება:
„ვფიქრობ, ბერკეტი კვლავ არსებობს. დღემდე არ არის გამოყენებული ყველა შესაძლო საშუალება. ეს პერიოდი ვადევნებთ თვალს, რომ ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ ბატონი ვაჟა იქნებოდა გათავისუფლებული, თუმცა, რას ემყარებოდა ეს რწმენა, ჩემთვის გაუგებარია. მოვისმინეთ აგრეთვე არაერთი განცხადება, რომ უახლოეს დღეებში ის დაუბრუნდებოდა ოჯახს, თუმცა ეს არ მოხდა.
ჩვენ ვხედავდით, რომ არ იყო ყველა ის მეთოდი, ყველა ბერკეტი გამოყენებული, თუნდაც საერთაშორისო სამართლის ფარგლებში არსებული - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიებები, რომლებიც შესაძლებელია კიდევ ერთი ნაბიჯი ყოფილიყო, რომ გვეიძულებინა ოკუპანტი, გარკვეულ კომპრომისებზე წასულიყო.
...ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სიტუაცია, სადაც ეს ჩვეულებრივი განცხადებები აღარ ჭრის. საჭიროა დამატებით სხვა საშუალებების და ბერკეტების გამოყენება და, თუნდაც, ერთგვარი პირდაპირი კონტაქტების გაჭრა და დამყარება ოსურ მხარესთან. წლების წინ, 2016 წელს, რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად (მე, როგორც სახალხო დამცველი, ჩართული ვიყავი ამ პროცესში), 18 პატიმრის გაცვლა მოვახერხეთ თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის. ეს იყო საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი, მაგრამ კონკრეტული შედეგი დადგა სწორედ იმიტომ, რომ პირდაპირი კონტაქტი და ურთიერთობა არსებობდა იმ პერიოდში.
...სხვა გარემოებები იყო, განსხვავდება ამ შემთხვევისგან, მაგრამ ხაზს ვუსვამ პირადი კონტაქტების მნიშვნელობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, დამატებითი ბერკეტები მოვიძიოთ“.
უჩა ნანუაშვილი ადასტურებს, რომ ქართველი ექიმის ტყვეობის ამბავი მარტივი არ არის, მაგრამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მაინც არ ეპარება ეჭვი, რომ მასთან დაკავშირებით შესაძლებელია მეტის გაკეთება:
„მესმის სირთულე ამ მდგომარეობის, მაგრამ როცა ლაპარაკია ოკუპაციის პირობებში თანამშრომლობაზე დე ფაქტო ადმინისტრაციასთან, აქ არის ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი, და რატომ ვამბობ ამას? მაგალითად, მიმდინარე წლის ზაფხულში ადგილი ჰქონდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ეთნიკურად ოსი დევნილის (რომელიც აგრეთვე კრიმინალური საქმიანობის გამო იდევნებოდა ცხინვალის ადმინისტრაციის მხრიდან) გადაცემას ცხინვალისთვის. ადამიანი გადმოვიდა ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ითხოვა თავშესაფარი, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მოხდა მისი უკან გაბრუნება და, შესაბამისად, შეუსრულა საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალის ადმინისტრაციას გარკვეული თხოვნა.
როცა ასეთ ფაქტებს აქვს ადგილი, გაუგებარია, რატომ არ ხდება სხვა პირობების გამოყენებით ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხის დაყენება“.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კვლავაც მოლოდინშია:
„თითქოს მოლოდინის რეჟიმშია ხელისუფლება, თითქოს არ უნდა დაძაბოს ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს“.
„დღეს მთელი ახალგორის რაიონია მძევალი საოკუპაციო რეჟიმის ხელში“, - ამბობს უჩა ნანუაშვილი. ასე ხანგრძლივად გამშვები პუნქტი ცხინვალის რეჟიმს არასდროს ჩაუკეტავს:
„როცა სისტემატურად ხდება ასეთი მეთოდების გამოყენება და საოკუპაციო ძალა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაიცალოს ახალგორი ქართული მოსახლეობისგან, სწორედ აქ აუცილებელია, ხელისუფლებამ დამატებითი ღონისძიებები განახორციელოს, მათ შორის, იქ დარჩენილი მოსახლეობისთვის გარკვეული სპეციალური ფინანსური დახმარების პროგრამების ამუშავების გზით, რაც ასევე აპრობირებული მეთოდია და იმ შემთხვევაში, როცა კრიზისული მდგომარეობის დაძლევაზეა საუბარი, ხელისუფლებას ამის გეგმა უნდა გააჩნდეს. დღეს ვხედავ, რომ მსგავსი გეგმა ხელისულებას არ გააჩნია და არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯები, რომ იქ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს გარკვეულწილად დაცული.
...ეს არის რეჟიმი, რომლის მსხვერპლიც ყველაა, ოსიც და ქართველიც“.
Your browser doesn’t support HTML5