გაგრძელდება საპროტესტო აქციები, პიკეტირება, პოლიტიკური კრიზისი, „ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია, თუკი მმართველი გუნდი არ დაეთანხმება სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრინციპს, - აცხადებენ ოპონენტები. ოპოზიციურ პარტიათა ერთობისთვის მიუღებელია ხელისუფლების მიერ 20 დეკემბერს წამოყენებული წინადადება - დარჩეს შერეული საარჩევნო სისტემა მაჟორიტარული და პროპორციული მანდატების განსხვავებული თანაფარდობით.
Your browser doesn’t support HTML5
რა არის მოსალოდნელი მოლაპარაკებების უშედეგო მე-4 რაუნდის შემდეგ? როგორ აღიქვამს „ქართული ოცნების“ შეთავაზებას საერთაშორისო თანამეგობრობა, თბილისისთვის გამოგზავნილი მკაცრი მესიჯების ფონზე?
რას გულისხმობს „ქართული ოცნების“ ინიციატივა?
20 დეკემბერს, მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გაახმოვანა.
ინიციატივის თანახმად:
- 150-წევრიანი პარლამენტისთვის ხალხი მაჟორიტარული წესით აირჩევს 50 დეპუტატს, ხოლო პროპორციული წესით - 100 დეპუტატს;
- შეიცვლება მხოლოდ თანაფარდობა (2/3 პროპორციულის სასარგებლოდ) და შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა;
- ეს ცვლილება შეეხება არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, არამედ შემდგომ არჩევნებსაც.
Your browser doesn’t support HTML5
ასევე ითქვა, რომ თუკი ოპოზიციური პარტიები მხარს არ დაუჭერენ „ქართული ოცნების“ ინიციატივას, მაშინ ყველაფერი ძველებურად დარჩება - არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება და პარლამენტში შევა 77 დეპუტატი - პროპორციული წესით, ხოლო 73 დეპუტატი - მაჟორიტარული წესით.
როდესაც ოპოზიციას ე.წ. გერმანულ მოდელზე უთხრა უარი, ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეს მოდელი ანტიკონსტიტუციურია, ხოლო მას ახლა საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი არა აქვს. თუმცა ხელისუფლების მიერ 20 დეკემბერს წარმოდგენილი ინიციატივა ასევე მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მიუხედავად „ძალიან რთული შიდა მოლაპარაკებებისა და პროცესებისა“, ხელისუფლებამ შეძლო გაეკეთებინა შეთავაზება:
- „იმისათვის, რომ ჩვენი საარჩევნო მოდელი გამხდარიყო უფრო მეტად და ბევრად მეტად პროპორციული და თან არ დაგვეთმო მაჟორიტარული სისტემა“;
- „სწორედ შერეული მოდელი არის ოკუპირებულ ქვეყანაში და ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი“.
20 დეკემბერს ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სრულად პროპორციული სისტემა მიუღებელია საქართველოს დღევანდელი რეალობისთვის. თუმცა, 14 ნოემბერს, როდესაც პარლამენტში სრულად პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩავარდა, ეს შედეგი მხოლოდ რამდენიმე ათეულ მაჟორიტარს მიეწერა.
ასევე ნახეთ ელიზაბეთ რუდი: მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის იანვარში გაგრძელებაზეხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით დაიწყო.
- პირველი რაუნდზე (30 ნოემბერი) - ოპოზიციამ ხელისუფლებას ე.წ. გერმანული მოდელი შესთავაზა; ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს მოდელი არაკონსტიტუციურია;
- მეორე რაუნდზე (8 დეკემბერი) - ოპოზიციამ ხელისუფლებას მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შემოღება შესთავაზა; ხელისუფლებამ კონსულტაციებისთვის დრო ითხოვა;
- მესამე რაუნდზე (15 დეკემბერი) - ხელისუფლებამ უარი განაცხადა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების შემოღების საკითხზე; ოპოზიციამ ხელისუფლებას საკუთარი წინადადების წარმოდგენა მოსთხოვა.
ოპოზიცია უარს ამბობს
ოპოზიციამ, რომელიც მოლაპარაკებათა მაგიდასთან ერთიან ფრონტს წარმოადგენს, ხელისუფლების ინიციატივა მალევე დაიწუნა.
ოპოზიცია თვლის, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ის არ ასახავს საზოგადოების მთავარ მოთხოვნას - არჩევნების სამართლიანი სისტემით ჩატარების შესახებ.
- „ეს წინადადება სერიოზულად განხილვადიც არ არის - რადგან თამაშის წესს არ ცვლის არსებითად... რეალური ნაბიჯი უნდა გადადგან და უკან წაიღონ შეურაცხყოფა, რაც ხალხს მიაყენეს... თუ არ მიხვდებიან, ქვეყნის შიგნით პროტესტი ხომ გაგრძელდება და გარეთაც იზოლაცია გაღრმავდება, რასაც ხედავთ“ - გიგა ბოკერია, „ევროპული საქართველო“;
- „ეს წინადადება აჩვენებს, როგორ წვალობენ... დიალოგს თავს ვერ ანებებენ; საერთაშორისო მედიატორებს ვერ ეუბნებიან - მონაწილეობას არ მივიღებთო; ესმით, რომ კომპრომისი მათგან უნდა წამოვიდეს და ისიც ესმით, რომ ქუჩაში, საზოგადოებაში, სახელმწიფოში საშინელი კრიზისია“ - გრიგოლ ვაშაძე, „ნაციონალური მოძრაობა“;
- „ქართული ოცნება“ უმძიმეს დღეშია... მათ შორის, საერთაშორისო წნეხმა მიიღო სრულიად ახალი ხარისხი... შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ რაღაც შემოთავაზებები მოიტანონ... ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა“ - გიორგი ვაშაძე, „ახალი საქართველო“.
Your browser doesn’t support HTML5
„ეს არის გაჭირვებულის მცდელობა, ისეთი საარჩევნო სისტემა დაამკვიდროს, თან არა მხოლოდ 2020 წლისთვის, არამედ - სულ, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოიპოვოს ნახევარზე ბევრად მეტი ადგილი პარლამენტში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ე.წ. გერმანული მოდელის ძირითადი ავტორი, „შენების მოძრაობის“ წარმომადგენელი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული მოდელით, სამუდამოდ დამკვიდრდება უსამართლო საარჩევნო სისტემა და ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში ამ სისტემით, „ამომრჩეველი ყოველთვის წაგებული დარჩება“. ხმალაძე ფიქრობს, რომ ამ მოდელზე დათანხმება არ შეიძლება და საერთაშორისო თანამეგობრობაც ადეკვატურად გაიგებს ოპოზიციის უარს.
„იმედი მაქვს, რომ აღქმა იქნება სწორი... რა არის სამართლიანი და რა არის უსამართლო, ამის დანახვა რთული არ არის. საერთაშორისო თანამეგობრობის აღქმა სავსებით სწორი იქნება და ამაზე მიუთითებს ბოლო დღეების განცხადებები, რომლებიც კეთდება აშშ-ში პოლიტიკოსების მხრიდან თუ პოლიტიკაში გავლენიანი პრესის მხრიდან“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.
სიგნალები დასავლეთიდან
დასავლეთიდან სულ უფრო მეტი კრიტიკა და გაფრთხილება ისმის - პოლიტიკოსებისა თუ გავლენიანი მედიის დონეზე.
როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში, შიშობს, რომ ბოლო თვეების მოვლენები უკან ხევს მანამდე „ნათელი დემოკრატიული მომავლის“ გზაზე მდგარ საქართველოს.
- „ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ - მმართველი პარტია ოპოზიციას ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროების სხვა ფორმებით“;
- „დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი“.
გავლენიანი სენატორის ეს განცხადებები დროში დაემთხვა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს აშშ-ში.
„ველოდები ჩემს კოლეგებს - როდესაც ისინი დაბრუნდებიან თბილისში, მივიღებ დეტალურ ინფორმაციას, რეალურად რა იყო ჩვენი მეგობარი პოლიტიკოსების პოზიცია კონგრესში... რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პოზიციებს განვიხილავთ, როგორც მეგობრების მოსაზრებას და დიდ ყურადღებას ვუთმობთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ 20 დეკემბერს, სენატორის განცხადებების შინაარსთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ.
ოპოზიციის პოლიტიკური დევნის აქცენტი მანამდე დასმული იყო ევროპარლამენტარების განცხადებებშიც და “Washington Examiner”-ში გამოქვეყნებულ სტატიაშიც. ტექსტის მიხედვით, დროა, ტრამპის ადმინისტრაცია მიზნობრივი სანქციებით დაემუქროს საქართველოს ხელისუფლებას, ოპონენტების პოლიტიკური დევნის გამო.
ასევე ნახეთ დასავლეთის ხმა: როგორ ექცევიან ოპონენტებს საქართველოში?ამერიკის ხელისუფლების მხრიდან ზეგავლენის აუცილებლობაზე წერს „უოლ სტრიტ ჯორნალიც“ (WSJ). 19 დეკემბრით დათარიღებულ სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ, რომ:
- საქართველოში ხალხი ქუჩაში გამოვიდა „პოსტსაბჭოთა ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლის გასაპროტესტებლად“;
- ქვეყნის უმდიდრესმა მოქალაქემ და „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, „თავის მოკავშირეებთან ერთად საფუძველი შეურყია ქვეყნის დამოუკიდებელ ინსტიტუტებს“ და „ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქციები“;
- მმართველი პარტია „თანამიმდევრულად აბრუნებს საქართველოს მოსკოვის გავლენის ქვეშ“;
- „პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს შესაძლებლობა, ზედმეტი დანახარჯის გარეშე უბიძგოს თბილისს დემოკრატიისკენ“.
ასევე ნახეთ კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფი: შოკირებული ვართ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნით
ამ ყველაფერს წინ უსწრებდა აშშ-ის კონგრესში მოქმედი საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლების, კონგრესმენების - რესპუბლიკელი ადამ კინზინგერისა და დემოკრატი ჯერალდ კონოლის მიერ საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას სახელზე გამოქვეყნებულ კრიტიკული ღია წერილი.
ტექსტში მზარდი შეშფოთებაა გამოთქმული „ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უარი თქმულიყო დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე, ისევე, როგორც ძალადობის შესახებ ცნობებზე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ“.
ტექსტში ასევე ნათქვამია:
- „ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც იქნება ხალხისგან, ხალხისთვის და ხალხის. მათ სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტადაა დაახლოებული დასავლეთთან და სურთ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება“.
- „სწორედ ამიტომაც გავიდა ამდენი ხალხი ქუჩებში, რათა მშვიდობიანად გამოეხატა თავისი შეშფოთება, მაგრამ მათ მოძალადე ავაზაკები დაუპირისპირდნენ“.
ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დასავლეთში, საქართველოს პარტნიორები ოპონენტების არხებით არასწორ ინფორმაციასაც იღებენ და საჭიროა მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.
„იმის თქმა, რომ სხვა უკეთ აწოდებს ინფორმაციას და ჩვენ - ვერა, ცოტა უხერხულია... პარტნიორები ახსნასა და ინფორმაციის მიწოდებას კი არა, სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს ითხოვენ“, - უთხრა ჟურნალისტებს 20 დეკემბერს დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა. სხვებთან ერთად, მან უმრავლესობის რიგები ახლახან დატოვა, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხის ჩავარდნის გამო.