"უყურადღებობა უფრო მტკივნეულია" - მშრალი შიმშილის ერთი დღე

რვა შუქრუთელმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. პირის ამოკერვის და 25-დღიანი შიმშილის შემდეგ, თბილისში აქციის მეექვსე დღეს, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმამდე მივიდნენ - გადაწყვიტეს, რომ წყალსაც არ დალევენ.

ამერიკის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს დაბანაკებულებს მხოლოდ ელჩის, კელი დეგნანის იმედი აქვთ დარჩენილი და მისგან ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ელიან. 31 მაისს წერილიც გაუგზავნეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.

მოშიმშილეები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას სამ თვეზე მეტია, რაც აპროტესტებენ. ითხოვენ, აუდიტმა შეაფასოს, რა ზიანი მიაყენა კომპანიამ მათ სახლებს. სურთ, რომ პროცესი სამმხრივი იყოს - მათი, სამხარაულის ბიუროს და „ჯორჯიან მანგანეზის“ მონაწილეობით.

შუქრუთელებთან მშრალი შიმშილობის პირველი დღე გავატარე.

12:00


ძალიან ცხელა. პროტესტის მონაწილეები ორ ჯგუფად, ამერიკის საელჩოს პირდაპირ, გარაჟის წინ სხედან. ქალები იქვე მიყენებული ბულდოზერის ქვეშ, წრიულად განლაგდნენ, კაცები დაბლა, კიბეზე. ადამიანებმა, რომლებიც უკვე 25-ე დღეა, რაც შიმშილობენ, დღეს უწყლოდ ყოფნა, ანუ მშრალი შიმშილობაც გამოაცხადეს.

გიორგი ნეფარიძე, პროტესტის ერთ-ერთი ლიდერი, ამ ორ ჯგუფს შორის ზის და ყველა ჟურნალისტს ერთსა და იმავე ამბავს უყვება - კომპენსაციაზე, კომპანიის გულგრილობაზე, იმაზე, რომ მათ არავინ უსმენთ, რომ ითხოვენ მხოლოდ იმას, რაც სამართლიანად ეკუთვნით - გამჭვირვალე პროცესს, რომელშიც სამხარაულის ეროვნული ბიურო, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” და სოფელ შუქრუთის მკვიდრები ერთად ჩაერთვებიან. გიორგი თითქმის შეუჩერებლად ლაპარაკობს და თან შორს, ერთ წერტილში იყურება. „მადლობა, მადლობა ქართულ მედიას, რომ ის გვისმენს”, - იმეორებს გამუდმებით. როცა ვეკითხები, თავს როგორ გრძნობს, მეუბნება, რომ სუსტად.

13:00

მზემ უფრო დააჭირა. ჰაერში რეზინის სუნი დგას, ეს გარაჟში შენახული საბურავების სუნია. ქვემოთ, კიბეზე წევს ამირან შეყელაძე და სიგარეტს ეწევა. „სიგარეტს მაინც ვერ შევეშვი“, - ეცინება. ფოტოს გადაღებაზე თანახმაა, მაგრამ ხელით მანიშნებს, რომ ლაპარაკი არ შეუძლია, თავი არ აქვს. შუქრუთელების ღამეულ თავშესაფარში, იქვე გაჩერებულ მიკროავტობუსში კი ქალი წევს - ია ასანიძე, ლაპარაკი თავი არც მას აქვს.

ახლა ყველაზე ხმამაღლა თამარ კუპატაძე საუბრობს, რომელიც აქამდე კუთხეში იჯდა და დაღლილობისგან ხმას ვერ იღებდა. გაბრაზებულია, ცდილობს, ჟურნალისტებს აუხსნას, რომ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, რომ სახლ-კარი თავზე ენგრევა. უნდა, რომ პასუხი დაუყოვნებლივ მიიღოს. ყველა, ვინც მოდის, სთავაზობს, იქნებ წყალი მაინც დალიოთო, მაგრამ შუქრუთელებმა მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ წვეთსაც აღარ დაიგუბებენ პირში.

„დავიხოცებით, საჭირო თუ იქნება!“- ამბობს ვერა კუპატაძე გაცხარებით.

14:00
კაცებთან ვზივარ, დაბლა. ჩვენამდე ხმა მოდის, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები მოვიდნენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი შუქრუთელებს ესაუბრება


„ოჰო, გვყოლია თურმე სახალხო დამცველი“, - ამბობს ვიღაც ჩემ გვერდით. სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ისევ თავიდან უხსნიან ყველაფერს - რვანი ვართ, შუქრუთელები ვართ, ვშიმშილობთ ოცდამეხუთე დღე, დღეს მშრალი გამოვაცხადეთ…


რვა მოშიმშილე წლების განმავლობაში ელოდებოდა დანგრეული კარ-მიდამოსთვის სამართლიან კომპენსაციას. ის მცირე თანხა, რომელიც სოფლის რამდენიმე მცხოვრებმა მიიღო, შუქრუთელების თქმით, იმ არაერთი პროტესტის დამსახურებაა, რომლის დროსაც მაღაროს შესასვლელს კეტავდნენ - 2019 წლიდან. „აქციები რომ არა, მაგასაც არ მოგვცემდნენ“.

ამირან შეყელაძე

ახლა, მათთვის, ვინც შიმშილს უკვე შეეჩვია, უწყლოდ გატარებული ყოველი საათიც წელიწადივით გრძელია. ამ დროს კი, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ეუბნებიან, რომ ყველა საჭირო პროცედურის გათვალისწინებით, კომპენსაციის გაცემამ შესაძლოა ერთიდან თხუთმეტ წლამდე წაიღოს. მათ ეს დრო არ აქვთ, პასუხი ახლა სჭირდებათ.

„სახლები დღეს არ გვაქვს, დღეს არის შუაზე გამსკდარი. ჩემი ოჯახი სხვა ადგილზე ცხოვრობს, შეუძლებელია იმ პირობებში ცხოვრება, რაც ჩემ სახლშია“, - ამბობს თამარ კუპატაძე.

15:00


მოიღრუბლა და ყველამ ოდნავი შვება იგრძნო. ახლა უფრო მეტი ადამიანია საუბრის ხასიათზე. ალაპარაკდა ია ასანიძეც, რომელიც აქამდე „მარშუტკაში“ იწვა. ქალები საკუთარ გასაჭირს მიზიარებენ: როგორ ეხვეწებიან შვილები, რომ წამოვიდნენ იქიდან და თავი არ შესწირონ პროტესტს.

„გვირეკავენ, ტირიან, წამოდი მაქედან, გეხვეწებიო, მაგრამ ჩვენ ხომ მაგათთვისაც ვაკეთებთ, ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის“, - ამბობს თამარ გურესაშვილი. აქვეა ლია ნეფარიძე, გიორგის დედა, რომელიც ასევე შიმშილობს.

„ჩემი შვილი შიმშილობს და მე ლუკმას რა ჩამადებინებს პირში. წნევის წამალსაც კი არ ვსვამ დღეიდან. თუ რომელიმე წავიქცევით, ერთმანეთს შევენაცვლებით“.

ეთერ გაფრინდაშვილი რამდენიმე ტელეფონს აგროვებს და ერთიანად მიაქვს მეზობელ მაღაზიაში, დასატენად. ქალები მეუბნებიან, რომ იმ მაღაზიაშივე არის ტუალეტიც, რომლითაც სარგებლობენ, თუმცა ეუხერხულებათ.

„ჩვენ ვუთხარით, ჩვენ თვითონ დაგილაგებთ-თქო, მაგრამ, არ შეისმინა [მეპატრონემ] არაფერი“, - ასეთი სოლიდარობა ახარებთ, მაგრამ გული სწყდებათ, რომ ამ ზომამდე მისვლა გახდა საჭირო.

16:00


შუქრუთელები, უკვე დატენილი ტელეფონებიდან უყურებენ ახალ ამბებს - ამბებს საკუთარ თავზე. ამაოდ ამოწმებენ, ხომ არ გამოეხმაურა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი მათ პროტესტს. ამ დროს, უფროსი ასაკის ქალები მიცვალებულების საფლავებს დარდობენ, სოფელში დარჩენილ მიცვალებულებზე, რომლებიც, მიწის ჩამოშლის გამო, ერთხელ უკვე გადაიტანეს.

ვერა კუპატაძე

„მე ათი მიცვალებული მრჩება, ამ სოფლიდან თუ წავალ, - წუხს ვერა კუპატაძე, - და მე თვითონ სად ვიქნები, კაცმა არ იცის“.

სოფლის ქვეშ სიცარიელეაო, ამბობენ. „მანგანეზის ძიებაში კომპანიამ ისე გათხარა მიწა, რომ სიცარიელეზე ვცხოვრობთ“.

„მეზობლის ძროხა ჩავარდა, ხოდა დაიმარხა ცოცხლადა“, - ამბობს თამარი.

17:00

გაწვიმდა. სკამები კიბეზე შეალაგეს, კაცები იქვე ჩამოსხდნენ, ქალები კი „მარშუტკაში“ შევიდნენ, მეც მეპატიჟებიან. ეთერი შუაგულ მარშუტკაში დგას და ლოცვებს კითხულობს. თამარ კუპატაძე ძილ-ბურანშია, სუსტად არის. დღის ბოლომდე ამ სავარძელში იჯდება, ზუსტად ისე, როგორც ახლა ზის. ჭიათურა-საჩხერის მარშუტკაა, მგზავრობა ერთი ლარი ღირს. თამარი მეუბნება, თუ ცოცხალი გადავრჩები, ჭიათურაში რომ ჩამოხვალ, ყველაფერს დაგათვალიერებინებო. ეს მარშუტკა მისი ქმრისაა, თორნიკე გაფრინდაშვილის, რომელსაც წინა სავარძელზე სძინავს.


ვერას გაახსენდა, რომ სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ახსენა.

„და თურნავა თუ მოვა, რას ვშვებით? მიდით ახლა, დაალაგეთ ამბავი“, - უცბად შეწუხდა ვერა.

„დალაგებული გვაქვს მილიონჯერ, არ იქნება მაგაზე პრობლემა“, - ისმის საერთო პასუხი.

18:00

გადაიღო, ზოგი ისევ ჰაერზე გავიდა. უწყლობაში, ძალიან ჭირს ჩახუთულ ჰაერში ჯდომა. ლიას ხელი ყელზე აქვს შემოჭერილი და ისე დგას გარეთ. წნევის წამლის გარეშე ყოფნას მიჩვეული არ არის, და მაინც, უფრო სხვებზე წუხს, ვიდრე საკუთარ თავზე.

„ქალებს თითო-ოროლა ჩასაცმელი აქვთ წამოღებული. ვატანთ ხოლმე აქ თბილისში ახლობლებს, გვირეცხავენ და მოაქვთ. რამდენი დღის დაუბანლები არიან, მაგრამ ვერ მიდიან, განა წასასვლელი არავისთან აქვთ? უბრალოდ საქმისთვის ვართ ჩვენ აქ და არა ისე, რო ვიაროთ“.



რას წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე ამის გაკეთება მოუწევდათ. „ვერასდროს, ვერასდროს, - თავს იქნევს თამარ გურესაშვილი, - მაგრამ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ასე ვართ“.

19:00

უკვე ყველა ჟურნალისტი წავიდა. ახლა შუქრუთელ მოშიმშილეებთან მხოლოდ თანასოფლელები არიან დარჩენილი, ჯგუფად დგანან, ეწევიან და დღის მოვლენებს მიმოიხილავენ. გიორგი ნეფარიძე ისევ მარტო ზის. პირზე ნაკერები ბეტადინის ხსნარით აქვს დამუშავებული. როგორც ამბობს, მტკივნეულია, მაგრამ ისე არა, როგორც უყურადღებობა.

„ყველაზე მტკივნეული ის არის, როცა შენს საკუთრებაში ხარ, გექცევა თავზე და არავინ არაფერს არ იმჩნევს“.

რა არის მისთვის იდეალური გამოსავალი - სამართლიანი კომპენსაციის აღება და სხვა ადგილზე გადასვლა?

არა, ასეთი გამოსავალიც გულისტკენაა. მაგრამ „[კარმიდამოსთან] დაშორების მორალურ ზიანს უკვე არავინ დაეძებს“, - მეუბნება გიორგი. მერე ისევ ჰყვება, როგორ ჩაკეტეს პირველად მაღარო, როგორ უჩივლა კომპანიამ იმის გამო, რომ წარმოება შეაჩერებინეს, როგორ დაინიშნა სახელმწიფოს სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელმაც გაბზარული სახლების კედლები თავად დაათვალიერა. ყველა ამ მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. საქმეს ისიც ართულებს, რომ თითქმის ყველას ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზშია“ დასაქმებული, რადგან სხვა სამსახური ჭიათურაში ჭირს.

„რასაც უნდა, იმას აკეთებს კომპანია, ის არის ერთადერთი მბრძანებელი“.

გიორგი ამბობს, რომ არ იცის, რა აქციები იგეგმება შუქრუთში, და არც კომენტარებს კითხულობს სოციალურ ქსელში.

„მთავარი და მნიშვნელოვანი ახლა აქ ხდება“.

20:00

უკვე ნაცნობ-მეგობრებიც მიდიან. მიდის ლია ნეფარიძის შვილი რუსუდანიც, რომელიც პატარა ლილოში ცხოვრობს და რომელმაც დედას და ძმას სველი ხელსახოცები მოუტანა - სხვა არაფერი უნდოდათ. მრავალჯერ თხოვნამ, წყალი მაინც დალიონ, არ გაჭრა.

ვერა კუპატაძე

„ამდენი ხანი რომ არ გამოგეხმაურნენ, არ ადარდებთ და მოკვდი თუ გინდა. ასეთ დღეში რომ ჩავარდით, უკვე დაინახა მთელმა ქვეყანამ“, - წუხს ერთ-ერთი ქალი, რომელიც აქციაზე გულშემატკივრად მოვიდა.


თბილისში მცხოვრები შუქრუთელები მშვიდობიან ღამეს უსურვებენ მათ, ვინც ამაღამ ისევ მარშუტკაში უნდა დაიძინოს. გარეთ ქარია ამოვარდნილი, მაგრამ პროტესტის მონაწილეები ღამე სიცივეს არ ჩივიან, მხოლოდ იმას ამბობენ, რთულია ასე სავარძელში დამჯდარი ძილიო.

თამარ კუპატაძე

უკვე ბნელდება, მთელი დღის შემდეგ საუბარი აღარავის სურს. დამშვიდობებაზეც მხოლოდ ერთი-ორი ხმა მპასუხობს.

სერგო მოდებაძე

წამოსვლის წინ გიორგისთან მივდივარ, ისევ იქ ზის, იმ სავარძელში, სადაც მთელი დღე გაატარა. სახეს პოლიციის მანქანა უნათებს, რომელიც იქვე დგას, თუმცა პოლიციის ჩარევა საჭირო არ გახდა - პროტესტის 25-ე დღემაც „მშვიდად ჩაიარა“.

გიორგი ნეფარიძე

გიორგი დგება და მემშვიდობება, დღეს ალბათ მეათე მადლობას მიხდის.


„ვიღაც მაინც გვისმენს“.

ისევ თავის ადგილზე ბრუნდება, არავინ იცის, რამდენ ხანს შეძლებს კიდევ იქ ჯდომას.