უქმეები ძველ და ახალ საქართველოში

საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში უქმე დღეების რაოდენობით.. დასაქმებული ქართველები, შაბათ-კვირისა და შვებულების გარდა, წლის განმავლობაში სხვა 15 დღის განმავლობაშიც უქმობენ. ბევრია ეს თუ ცოტა?

საქართველოს სადაგი და უქმე დღეების ჭიდილის მრავალწლიანი ისტორია აქვს. 100 წლის წინ, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მალევე გამოიცა კანონი, რომლის საფუძველზეც უარი ვთქვით უქმე დღეების ნაწილზე, თუმცა, იმავდროულად, შემოვიღეთ ახალი უქმე დღეები.

შრომამ შექმნა ადამიანი?!

1918 წლის 31 დეკემბერს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო კანონი სამოქალაქო უქმე დღეებისა, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკაში დაწესდა შემდეგი სამოქალაქო უქმე დღეები:

ა) ახალი წელიწადი - იანვრის პირველი

ბ) რუსეთის დიდი რევოლუციის პირველი დღე - მარტის 12

გ) ინტერნაციონალის დღესასწაული - მაისის პირველი

დ) საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე 26 მაისი

სამოქალაქო უქმე დღეების დაწესების შემდეგ, დამფუძნებელმა კრებამ გადაწყვიტა უქმე დღეების საერთო რაოდენობის შემცირება რელიგიური დღესასწაულების ხარჯზე. შრომის სამინისტროს კანონპროექტი 1918 წლის 14 დეკემბერს გამოქვეყნდა გაზეთ „საქართველოში“. ხელს აწერს მინისტრის ამხანაგი (მოადგილე) გიორგი ერაძე, კანონის საბოლოო რედაქცია კი 1919 წლის 17 ივნისს დამფუძნებელი კრების სხდომაზე სოციალ-დემოკრატმა ანა სოლოღაშვილმა წაიკითხა:

„სამრეწველო შრომის წესდების 198-ე მუხლისა და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ 1917 წლის ნოემბრის 29-ს გამოცემული რვა საათის სამუშაო დღის დეკრეტის მე-20 მუხლში ჩემოთვლილი უქმეებიდან, როდესაც მუშაობა არ უნდა სწარმოებდეს, გამოირიცხოს: მირქმა უფლისა - თებერვლის 15, დიდი პარასკევი, აღდგომის მესამე დღე - სამშაბათი, მეორე დღე სული-წმიდის მოფენისა, ფერისცვალება უფლისა - აგვისტოს 19, მიძინება ღვთისმშობლისა - აგვისტოს 28, ჯვართ-ამაღლება - სექტემბრის 27 და ტაძრად მიყვანება - დეკემბრის 4“.

იმთავითვე ცხადი იყო, რომ უქმე დღეების ჩამონათვალიდან რელიგიური დღესასწაულების გამორიცხვა ეკლესიის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. და მართლაც, როგორც საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომელი რუსუდან კობახიძე ამბობს, 1920 წელს საქართველოს საკათალიკოსო საბჭომ შუამდგომლობა აღძრა მთავრობის წინაშე, რომ „გამრავლებულიყო უქმე დღები, თანახმად სამღვდელოების მეორე ყრილობის დადგენილებისა“. თუმცა შრომის სამინისტრომ, რომლიც კანონის ინიციატორი იყო, უპასუხა: „დასახელებულ დღეებს დიდი პატივი არა აქვს ხალხში და ისე კი ზედმეტი უქმეები რესპუბლიკის ეკონომიკურ მდგომარეობაზე - მით უმეტეს, მუშათა კლასის მდგომარეობაზე - ცუდად მოქმედებსო“.

უქმე დღეების გავლენა ეკონომიკაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის, გაანგარიშებით, ყოველი უქმე დღე საქართველოს ეკონომიკას 80 მილიონი ლარის ზარალად უჯდება. შესაბამისად, რაც უფრო მეტი უქმე დღეა ქვეყანაში, მით უფრო მეტ ზარალს ნახულობს ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა, მართალია, საქართველო, უქმე დღეების რაოდენობის მიხედვით, მოწინავეა ევროპაში, მაგრამ, ამ მაჩვენებლით, ის ერთი დღით ჩამორჩება მსოფლიოში მესამე ეკონომიკის იაპონიას და ბევრად უკან არის მეორე ეკონომიკის მქონე ჩინეთთან შედარებით, სადაც წლის განმავლობაში 25 უქმე დღეა.

"ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძეც მიიჩნევს, რომ უქმე დღეებსა და ეკონომიკის ზრდას შორის ამგვარი სწორხაზოვანი კავშირი არ არსებობს თუნდაც იმის გამო, რომ აქტიურად უქმე დღეებს ძირითადად სახელმწიფო მოხელეები იყენებენ.

„ძირითადად უქმე დღეების ამბავი ეხება სახელმწიფო მოხელეებს, სკოლებს და ა.შ. რომელთა გავლენა ეკონომიკაზე ნულოვანია. ბიუროკრატია რომ არაფერს ქმნის, ისედაც ყველამ იცის. კერძო სექტორში კი, ვისაც სურვაილი აქვს მუშაობის და დოვლათის შექმნის, ის ამას აკეთებს კიდეც. მაღაზიები, ბაზრები და ა.შ. უქმე დღეებშიც მუშაობენ“, - ამბობს პაატა შეშელიძე.

უქმე დღეების რაოდენობაზე მეტად ეკონომიკის ზრდაზე გავლენას ახდენს უმუშევრობა და სოფლად დასაქმების მაღალი დონე. სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მთლიან ეკონომიკაში, დაახლოებით, 7,5 პროცენტია. ამ დროს სოფლად ცხოვრობს 15+ ასაკის მოსახლეობის თითქმის ნახევარი. უმუშევრობის მაჩვენებელიც სოფლად არის დაბალი - დაახლოებით, 6 %, მაშინ როცა ქალაქად 20%-ს აღწევს.

ასეც რომ არ იყოს, უქმე დღეების (დასვენების) პირდაპირ დაკავშირება ეკონომიკის ზრდასთან არასწორად მიაჩნია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელს, ირაკლი პეტრიაშვილსაც:

„გავიხსენოთ რას ნიშნავს მარგი ქმედების კოეფიციენტი, დასვენება, შრომისუნარიანობა, შესვენება. რა ეფექტს იძლევა შვებულება, რომელიც დამქირავებელთა დიდ ნაწილს უაზრო ხარჯი ჰგონია და რაც, რეალურად, არის ენერგიის აღდგენისა და პროდუქტიულობის ამაღლების ეფექტური საშუალება. გავიხსენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითი, სადაც თვითონ დამქირავებელი გამოდის ინიციატივით 40-საათიანი კვირა შემცირდეს 35 საათამდე, რათა დასაქმებულმა დასვენების დროს აღიდგინოს ენერგია და სამსახურში იყოს უფრო მეტად შრომისუნარიანი და მაქსიმალურად შეასრულოს თავისი ვალდებულება. ამას ეძღვნება უქმე დღეებიც, დასვენებაც, შესვენებაც, შვებულებაც“, - ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

როცა რელიგიური უქმეები მეტია სამოქალაქოზე

ადამიანისა და ერის ცხოვრება ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური აქტივობა, მათ ბევრად მრავალფეროვანი ცხოვრება და მიზნები აქვთ. დღესასწაულებიც, გარკვეულწილად, ამ მიზნების, ინტერესების, ცალკეული ერებისა და ქვეყნების ტრადიციებისა და კულტურის გამომხატველია. შემთხვევით არ არის, რომ საერო დღესასწაულების გარდა, სახელმწიფოს უქმე დღეებად აქვს გამოცხადებული მთელი რიგი რელიგიური დღესასწაულებისა. საქართველოში, მაგალითად, 15 უქმე დღიდან 8 რელიგიური შინაარსისაა. ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოზე მეტი რელიგიური უქმე დღე აქვს ავსტრიას - 10, ანდორას და დანიას - 9-9. ყველაზე ცოტა, 1 უქმე დღე (შობა), რუსეთშია, სადაც უქმე დღეების (13) თითქმის ნახევარი - 6 დღე - ახალ წელს უკავშირდება: რუსეთში უქმე დღეებად არის გამოცხადებული 1, 2, 3, 4, 5 და 8 იანვარი.

რატომ არის საქართველოში ამდენი რელიგიური დღესასწაული სახელმწიფოს მიერ უქმე დღედ გამოცხადებული?

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ეკლესიისათვის, მორწმუნეებისთვის?

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ ქრისტიან მორწმუნეს მოეთხოვება უფლის დღის (κυριακὴ ἡμέρα) - კვირის უქმის - დაცვა, რომლის დროსაც იგი უნდა დაესწროს ღვთისმსახურებას, იფიქროს უფალსა და საკუთარ საქმეებზე, იპოვოს სულიერი სიმშვიდე საკუთარ თავში. კვირის დღის ტოლფას უქმედ ითვლება სხვადასხვა დღესასწაული, რომელიც ამ მნიშვნელოვანი მოვლენების გასახსენებლად და აღსანიშნავად დადგინდა.

„პოსტაგრარულ საზოგადოებაში, როდესაც ადამიანის საქმიანობა უკვე განგრძობით და სტრუქტურირებულ საქმიანობას დაუკავშირდა, უქმეების შენახვა რისკის ქვეშ დადგა. შესაბამისად, წარმოიქმნა აუცილებლობა სახელმწიფოსა და რელიგიურ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობისა. ეკლესიისთვის ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რადგან საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე მორწმუნეებს მოუწევთ უქმეები, ნაცვლად ლოცვისა და სათნოებისა, შრომით ექსპლუატაციაში გაატარონ.“, - უთხრა მირიან გამრეკელაშვილმა რადიო თავისუფლებას.

PEW Research Center-ის მიხედვით, ევროპაში ღმერთის არსებობაში აბსოლუტურად დარწმუნებული ხალხის პროცენტული მაჩვენებელი ერთ-ერთი მაღალია (73%) საქართველოში.

რელიგიათმცოდნე ზელიმხან უძილაურის თქმით, უქმე დღე იძლევა თავისუფალ დროს, თავისუფლება კი ძალზე მნიშვნელოვანია.

„თავისუფალი დღე დააფიქრებს მორწმუნეს თუ ურწმუნოს, მას შეეძლება საეკლესიო წირვას დაესწროს, მოსალოცად წავიდეს, დაფიქრდეს ან, უბრალოდ, დაისვენოს და ამაზე მადლობა შესწიროს ღმერთს. საერთოდ, დრო ხომ ყველაზე ძვირფასი მსხვერპლია: დროს ვუთმობთ იმას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია... ეკლესია, როგორც ორგანიზებული რელიგიის სახე, მოწადინებულია, რომ ეს დრო მას მოხმარდეს, მივიდეს კაცი თუ ქალი და შესაწირავითაც შეეწიოს. სოციალური კავშირების განმტკიცებაცაა“, - ამბობს ზელიმხან უძილაური, რომელიც რადიო თავისუფლების კითხვას, რის მანიშნებელია გარემოება, როცა უქმე დღეების ჩამონათვალში სამოქალაქოზე მეტი რელიგიური დღესასწაულია, ასე უპასუხებს:

„აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება ცდილობს ეკლესიას აამოს, რადგან რეიტინგიანია, თან სეკულარულობის პრინციპს ვერ აცნობიერებს, თანაც რელიგიის საკითხების მოგვარების სხვა საშუალება ვერ უპოვია და, საერთოდ, თუ გვინდა რელიგიამ არ წაგვლეკოს, ის მეცნიერული რეფლექსიის დინებაში უნდა მოვაქციოთ და თანამედროვე კულტურის ნაწილად ვაქციოთ და არა ჩვენ ჩავყვეთ მას შუასაუკუნეობრივ დისკურსში.კიდევ ერთი რამაა მნიშვნელოვანი: როცა დრო ფასს კარგავს, მაშინ ეკლესიურდებიან უფრო, ანუ მოხუცებულობაში. ახალგაზრდობა რომ მომეტებულად ეკლესიურია, ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენთან დროს ფასი არა აქვს, ანდა მისი ფასი არ იციან“.

უქმე დღე, როგორც ქვეყნის შინაარსი

პროფესორი ზურბ კიკნაძე ამბობს (არილი, 2017.03.12. „მაესტროს პროზა“), რომ ადამიანი არ არის მხოლოდ რუტინული შრომისთვის გაჩენილი არსება და რომ მას მოცალეობა სჭირდება:

„მოცალეობა, რაზეც რენესანსული იტალიელები ამბობდნენ la dolce far niente, ანუ არაფრის კეთების სიტკბოებაო, ერთ-ერთ ადამიანურ ღირსებად მიაჩნდათ. ...მოცალეობა კულტურის საფუძველია, როგორც გერმანელი ფილოსოფოსის წიგნში ვკითხულობთ (Iosef Piper „Muss und Kunst“). შეიძლება ვინმეს სჯეროდეს ძველ სკოლებში ხშირად სმენილი, რომ შრომამ შექმნა ადამიანი, მაგრამ ადამიანის მთავარი განზომილება, რითაც ის ღვთისხატობას ატარებს, შემოქმედების უნარი, შრომის შედეგია? ...მოცალე კაცი თავისუფალია“.

უქმე დღეები თუნდაც ამგვარი თავისუფლების მომტანი მოცალეობისთვისაცაა საჭირო, თუმცა უქმე დღეების მიხედვით ასევე შეიძლება მსჯელობა ქვეყნის ტრადიციებზე, კულტურაზე, დომინანტ რელიგიასა და პოლიტიკურ ორიენტაციაზე. შეიძლება ითქვას, ერი და ქვეყანაც ის არის, რა უქმე დღეებიც აქვს და რასაც დღესასწაულობს. შემთხვევით არ იყო, რომ ვახტანგ კოტეტიშვილი საქართველოს ოკუპაციის პირველ თვეებში გულგახეთქილი ელოდებოდა 26 მაისს:

„პირველი მაისიდან ქართველი ხალხის თვალი ოცდაექვსი მაისისკენ გადაექანა. საზოგადოებრივი აზრი დაჟინებით კითხულობს, იდღესასწაულებენ კომუნისტები 26 მაისს, თუ არა. ჩვენ არ ვიცით, რას ჰფიქრობს საქართველოს რევკომი. ის კი ვიცით, რასაც ფიქრობს ქართველი ერი, და ამ ფიქრს რევკომმა დიდი ანგარიში უნდა გაუწიოს“.

მაგრამ რევკომმა და მისმა მემკვიდრე საბჭოთა ხელისუფლებამ, საბოლოო ჯამში, არაფრად ჩააგდეს ქართველი ერის ფიქრი და 26 მაისის (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) ნაცვლად 25 თებერვალი (საქართველოს გასაბჭოების დღე) გამოაცხადეს უქმე დღედ და ასე გაგრძელდა მთელი 70 წლის განმავლობაში.

26 მაისი უქმე დღედ მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამოცხადდა.