უქარსაფროდ დარჩენილი მიწები - მოაგვარებს პრობლემას სპეციალური კანონი?

კახეთი

სპეციალისტები ამბობენ, რომ განადგურებული ქარსაფარი ზოლებია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დედოფლისწყაროში ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა.

მაგალითად, გასულ წელს მეხორბლეებმა ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთში საშუალოდ 2500 კილოგრამი ხორბალი მიიღეს, მაშინ როცა წინასწარი გათვლით ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობა 4000-4500 კგ. უნდა ყოფილიყო.

ფერმერები მოსავლიანობის შემცირების მიზეზად მშრალ ზამთარსაც ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ნიადაგის ნაყოფიერებასა და ეროზიაში მნიშვნელოვანია ქარსაფრების როლი. დედოფლისწყაროში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამილა გურაშვილი იხსენებს, რომ საბჭოთა დროს საქართველოში პურის ბეღლად წოდებულ შირაქში ქარსაფარი ზოლების გაშენება-მოვლა-პატრონობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა და იმხანად ყოველწლიურად იზრდებოდა ქარსაფარი ზოლების ფართობი. მისი ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის დაშლამდე მხოლოდ დედოფლისწყაროში ქარსაფრების სიგრძე, დაახლოებით, 1800 კილომეტრს შეადგენდა, მაგრამ მოსავლისა და ნიადაგის დასაცავად გაშენებული ბუნებრივი ბარიერები თითქმის მთლიანად განადგურდა. 1960-იანი წლებიდან საბჭოთა საქართველოს პირობებში დედოფლისწყაროში გაშენებული 1800 კილომეტრი ქარსაფრიდან ახლა 90 პროცენტზე მეტი აღარ არსებობს. სამოქალაქო აქტივისტი ამის მიზეზად სამოქალაქო საზოგადოების უპასუხისმგებლობასა და ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების გულგრილობას ასახელებს:

"ქარსაფარები გაშენდა, მაგრამ მას ხომ მოვლა უნდოდა? არავინ მორწყა, საქონელმა გააფუჭა, ამის გამო პასუხი არავის აგებინეს. ნებისმიერ პროექტში როცა ფულს დებს, მას ხომ უნდა მოუფრთხილდეს, თუ ვინმე დააზიანებს, პასუხი არ უნდა მოსთხოვო, არ უნდა დააჯარიმო? უნდა დააჯარიმო სოლიდური თანხი, რომ მერე სხვებისთვის მაგალითი გახდეს. ქარსაფარების დაზიანება ერთჯერადად კი არა, მასშტაბურად ხდებოდა".

ექსპერტი და გარემოსდაცვით პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე ამირან კოდიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დედოფლისწყაროში ქარსაფარ ზოლებს ორგანიზაცია „გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება“ 2010 წლიდან აშენებდა. ჯამში, ამ ორგანიზაციამ 70 კილომეტრამდე ქარსაფარი ზოლი აღადგინა, თუმცა, კოდიაშვილის თანახმად, მიწის ნაკვეთების გასუფთავების მიზეზით ხელოვნურად გაჩენილი ხანძრების შედეგად ბოლო წლებში ჩატარებული სამუშაოები წყალში ჩაიყარა. ექსპერტის თქმით, დღემდე ქარსაფართა განადგურებაზე პასუხისმგებლობა არავის დაჰკისრებია, რადგან თავად ის ტერიტორიები, სადაც ქარსაფრები გაშენდა, არც სახელმწიფოს საკუთრებაა და არც კერძო პირების.

"ეს რაც მოხდა, მიზეზი არის ის, რომ ქარსაფარს არ ჰყავს პატრონი. არც ერთი ინსტიტუცია არ არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. უფრო მეტიც, სახელმწიფოს აღიარებულიც კი არ აქვს, რომ ეს ტერიტორიები მას ეკუთვნის. ერთ-ერთი ხელოვნური ხანძრის დროს მე პოლიციაში მივედი და ვთქვი, რომ უკანონობა ხდებოდა და ყურადღება მიექციათ, მაგრამ გაირკვა, რომ პოლიცია სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღძრავს, თუკი ქონებას მფლობელი არ ჰყავს. ქარსაფარების შემთხვევაში მეპატრონე არ არსებობს",- თქვა ამირან კოდიაშვილმა.

მასალაზე მუშაობის დროს რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ქარსაფარი ზოლების შესახებ სპეციალურ კანონპროექტზე მუშაობს, რაც ქარსაფრების აღდგენას, მის მოვლა-პატრონობასა და სანქციებსაც ითვალისწინებს. კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დედოფლისწყაროში დაუდევრობით, ხელოვნურად გაჩენილი ხანძრებითა თუ სხვა მიზეზებით ქარსაფარი ზოლები თითქმის აღარ არსებობს. წილოსანის თქმით, დღემდე არ არის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სახელმწიფოს ქარსაფრების აღდგენას დაავალდებულებს, კანონპროექტის სამუშაო ვერსიის მიხედვით კი, მოკვლევითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ქარსაფრების აღდგენაზე იმუშავებს გარემოს დაცვის სამინისტროს მიწის ეროვნული სააგენტო, ხოლო მის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა სააგენტოსთან ერთად მუნიციპალიტეტსა და ფერმერს დაეკისრება. წილოსანის თანახმად, შესაძლოა ფერმერები წაახალისონ იმისთვის, რომ მათ მიწების გასუფთავების მოტივით საკუთარ ნაკვეთებში ხანძრები არ გააჩინონ, რაც ქარსაფრების განადგურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

"გარემოს დაცვის სამინისტროს მიწის სააგენტო იქნება კურატორი, რომელსაც პირველ რიგში დაევალება ინვენტარიზაციის ჩატარება. შეიძლება ქარსაფარები განადგურებული იყოს, მაგრამ უნდა მოხდეს აღრიცხვა. ასევე მიწის სააგენტო მოამზადებს ქარსაფარების აღდგენის გეგმას. ქარსაფარების აღდგენა მოხდება ნაწილობრივ გრანტით და საბიუჯეტო სახსრებით. ამის შემდეგ ამ ტერიტორიებს საკმაოდ მაღალი სტატუსი მიენიჭება. გაწერილი არის ჯარიმებიც მათთვის, ვინ ქარსაფარის ზონაში ხეს მოჭრის ან სხვაგვარად გაანადგურებს, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო წილოსანმა.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც ქარსაფარი ზოლების საკითხს დაარეგულირებს, როგორც კანონპროექტი, მარტში დარეგისტრირდება, თუმცა გარემოსდაცვითი ორგანიზაციები არ მოელიან, რომ ამ მხრივ არსებული პრობლემები ერთ ან ორ წელიწადში მოგვარდება. ისინი ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ კანონის აღსრულების ნაწილზე და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ უფრო მეტი ამ კუთხით იმუშაონ.