მსოფლიოში მიმდინარეობს მუშაობა COVID-19-ის საწინააღმდეგო რამდენიმე ათეულ პერსპექტიულ პროექტზე, რომელთაგან ზოგიერთი უკვე გადის ცდით შემოწმებას არა სინჯარაში ან ცხოველებზე, არამედ ადამიანებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინის შექმნა და მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შემოწმება ძალიან ხანგრძლივი პროცესია, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზითაც კი, მზა პრეპარატი ყველასთვის ხელმისაწვდომი წლის ბოლოზე უფრო ადრე ვერ იქნება.
დღეისათვის მსოფლიოში შემუშავებულია, სულ მცირე, 60 ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შესაძლოა ეფექტურად იქნეს გამოყენებული კორონავირუსის წინააღმდეგ, - ამბობს კონსტანტინ ჩუმაკოვი, აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს სააგენტო FDA-ს (Food and Drug Administration) ვაქცინის სამეცნიერო განყოფილების ნაწილში დირექტორის მოადგილე. ჯორჯ ვაშინგტონისა და მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი პირადად მონაწილეობს იმ ვაქცინების ეფექტიანობისა და უსაფრთხოების კვლევებში, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე დაშვების ნებართვას იღებენ.
ახალი კორონავირუსის ინექციის შესამუშავებლად მეცნიერმა წარმოადგინა საკუთარი მიდგომაც, რაც კორონავირუსისგან დაცვის საშუალებად ცოცხალი ორალური პოლიომიელიტის ვაქცინის გამოყენებას გულისხმობს. ნიუ-იორკსა და ბალტიმორში კლინიკური ცდები უახლოეს ხანში დაიწყება მერილენდის ინსტიტუტის ადამიანური ვირუსოლოგიის სამედიცინო სკოლის ბაზაზე, რობერტ გალოს ხელმძღვანელობით, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის ერთ-ერთი აღმომჩენია.
საპასუხო ანტისხეულიდან სასარგებლო ვაქცინამდე
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კონსტანტინ ჩუმაკოვმა განაცხადა, რომ თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნა ორ წელიწადში იქნება შესაძლებელი.
კონსტანტინ ჩუმაკოვი: „ჩვეულებრივ, ვაქცინის იდეის შემუშავებიდან მის შექმნამდე შეიძლება გავიდეს ათი ან მეტი წელი. ეს მოიცავს არა მხოლოდ ყველა გამოკვლევის ჩატარებას და ვაქცინის შემუშავებას, არამედ მის გამოცდას ცხოველებზე, შემდეგ რამდენიმე მოხალისეზე, რათა დავრწმუნდეთ, მტკიცდება თუ არა მოსალოდნელი იმუნური პასუხი და გვიცავს თუ არა სინამდვილეში ვაქცინა ინფექციისგან. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ მესამე, გადამწყვეტ ფაზას, როდესაც ვაქცინა ეძლევა მრავალ ადამიანს, რათა დავინახოთ, თუ რამდენ მათგანს დაიცავს ვაქცინა ინფექციისგან... ამის შემდეგ იწყება ვაქცინის შექმნის პროცესი, რომელსაც ასევე დიდი დრო მიაქვს, რადგან წარმოების აწყობას საჭიროებს. თუ კომპანია მზად არის, წავიდეს ფინანსურ რისკზე და დაიწყოს წარმოების მოსამზადებელი პროცესი უკვე იმ დროს, როდესაც კლინიკური ცდები მიმდინარეობს, მაშინ შეიძლება დროის მოგება. მაგრამ კლინიკური პროცესის შემცირება არარაციონალურია, რადგან ვაქცინის პასუხად ანტისხეულების შემუშავება აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ისინი ადამიანს დაიცავენ. არსებობს საპირისპირო შემთხვევაც, როდესაც ანტისხეული არა მხოლოდ არ შველის პაციენტს, არამედ აძლიერებს დაავადების მიმდინარეობას. ამიტომ ძალიან სარისკოა კლინიკური ცდების შემცირება. ასე რომ, ორი წელიწადი - ეს ძალიან დაჩქარებული რეჟიმია“.
მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი ამ პროცესის შემცირება COVID-19-ის შემთხვევაში, კერძოდ, გამოცდის გარკვეული კლინიკური თუ კლინიკამდელი სტადიების მსხვერპლად გაღებით? ცნობილია, რომ ისმოდა ხმამაღალი დაპირებები, კერძოდ, ისრაელიდან, რომ ვაქცინა მზად იქნებოდა რამდენიმე კვირაში. ეს სიტყვების თამაშია, რადგან ვაქცინას უწოდებენ გარკვეულ პრეპარატს, რომელსაც კორონავირუსზე იმუნური პასუხის გამოწვევა შეუძლია, ამბობს ჩვენი თანამოსაუბრე.
კონსტანტინ ჩუმაკოვი: „მაგრამ მან (პრეპარატმა) ვერ გაიარა სტადიები, რომლებიც მე ზემოთ ვახსენე. იმუნური პასუხის გამომწვევი ყველა პრეპარატი როდია შედეგიანი. ასეთი პრეპარატიდან ვაქცინამდე გრძელი გზაა. ასეთ პრეპარატს ვაქცინა რომ ვუწოდოთ, საჭიროა დავამტკიცოთ, რომ ის არის ეფექტიანი და უსაფრთხო. უფრო სწორად, მან უნდა დაიცვას ადამიანი. თუ პრეპარატი იწვევს იმუნურ პასუხს, მაგრამ ადამიანები აგრძელებენ ავადმყოფობას, მაშინ რაღა ვაქცინაა ეს?“
რეალური ვითარება ვაქცინის ირგვლივ
უკვე მიმდინარეობს კლინიკური ცდები კორონავირუსის საწინააღმდეგო უბრალო ვაქცინებზე, რომელთა წარმოება არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან. როგორც კონსტანტინ ჩუმაკოვი ვარაუდობს, რამდენიმე კვირაში უკვე იქნება მიღებული პირველი ფაზის - უსაფრთხოების შემოწმების - რეზულტატები, რასაც მოჰყვება ცდებით იმის დადგენა, თუ რამდენად შეუძლიათ ამ ვაქცინებს ავადმყოფობისგან დაცვა, რაც უკვე წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
კონსტანტინ ჩუმაკოვი: „შესაძლოა ჩვენ წავაწყდეთ ძალიან ტიპურ პრობლემას. მიუხედავად კორონავირუსის სწრაფი გავრცელებისა, დაავადებულთა რაოდენობა არ არის ძალინ დიდი. კლინიკური გამოცდის მესამე გადამწყვეტი ფაზისათვის საჭიროა ათასობით და ათასობით როგორც აცრილი, ისე აუცრელი ადამიანები, რათა დადგენილ იქნეს ვაქცინის მოქმედება პლაცებოს საშუალებით. ეს ძალიან ძვირად ღირებული და ორგანიზაციულად ძალიან რთული პროცესია. მაგალითად, შესაძლოა შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, რომ ექვსი კვირის შემდეგ, როდესაც ისრაელის პრეპარატი მზად იქნება გამოსაცდელად, კორონავირუსის ეპიდემია ისრაელში უკვე დასრულდეს და ავადმყოფების რაოდენობა არ იქნეს საკმარისი სტატისტიკურად დასაბუთებული დასკვნისათვის, - შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდეს იმის დამტკიცება, რომ ვაქცინა მუშაობს და შეუძლია ადამიანების დაცვა. მსგავსი ვითარება გვქონდა ჩვენ ებოლასთან დაკავშირებით. იმ მომენტისათვის, როდესაც ებოლას ვაქცინა მზად იყო გამოცდისათვის, დაავადების ეპიდემია უკვე დამთავრებული იყო. როდესაც შეუძლებელია კლინიკური ცდების ჩატარება ადამიანებზე, მაშინ იყენებენ ცხოველებზე ჩატარებული ცდებით მიღებულ მონაცემებს. თუ აღმოჩნდება, რომ მოცემულ დაავადებაზე საცდელ ცხოველს ისეთივე იმუნური პასუხი აქვს, როგორიც ადამიანს, მაშინ ვაქცინა დასაშვები ხდება გამოყენებისთვის, ადამიანებზე კლინიკური გამოცდის ეტაპის გვერდის ავლით. სრულიად შესაძლებელია, რომ კორონავირუსის შემთხვევაშიც ეს სქემა იქნეს გამოყენებული“.
ასევე ნახეთ ევროკომისიამ სამი კრიტერიუმი შეიმუშავა საკარანტინო ზომების გასაუქმებლადიმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის ვაქცინას ისრაელში ან აშშ-ში შექმნიან და მისი მწარმოებელი გადაწყვეტს ვაქცინის მთელ მსოფლიოში გაყიდვას, ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, ის ღარიბ ქვეყნებშიც საკმაოდ იაფი ეღირება. მთლიანად უფასო ასეთი ვაქცინა პაციენტებისთვის შესაძლოა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფო გადაწყვეტს თავის თავზე აიღოს ვაქცინაციის მთელი ღირებულება, თუმცა ამ შემთხვევაშიც ვაქცინის ფასს გადასახადის გადამხდელთა ფულიდან გადაიხდიან.
ვაქცინები, თავის მხრივ, იყოფა სულიერ და უსულო ვაქცინებად. სულიერი ვაქცინა - ესაა დასუსტებული ვირუსი, რომლისგანაც მზადდება პრეპარატი და ადამიანს აძლევენ.
კონსტანტინ ჩუმაკოვი: „ადამიანის ორგანიზმში მოხვედრით, ვაქცინის ვირუსი მრავლდება და ინდუცირებას უკეთებს იმუნიტეტს, მაგრამ არ იწვევს დაავადებას. ასეთი ვაქცინა ბევრია: პოლიომიელიტის, წითელას, წითურას საწინააღმდეგო ვაქცინები. სულიერი ვაქცინები უფრო ეფექტურია, რადგან ისინი ახდენენ ნატურალური ინფექციის იმიტირებას და, შესაბამისად, იმუნური პასუხების მთელ სპექტრს იწვევენ.
ხოლო უსულო ვაქცინებს ასევე უწოდებენ მოკლულ ვაქცინებს. მოკლულებად ვაქცინებს მოიხსენიებენ მაშინ, როდესაც ვირუსს კლავენ ან როდესაც იმუნიტეტის ინდუცირებისთვის ვირუსის არასრული ნაწილი, მისი რომელიმე კომპონენტი გამოიყენება. მოკლული ვაქცინები მზადდება ხელოვნურად აღმოცენებული ვირუსისგან, რომელსაც კლავენ, მაგალითად, ფორმალინით. შემდეგ ამ მოკლულ ვირუსს უკეთებენ ადამიანს, რომელსაც პასუხად უვითარდება ანტისხეული. თუ ანტისხეულები გაანეიტრალებენ ვირუსს, მაშინ ადამიანი საიმედო დაცვას იღებს“.
რამდენად ეფექტურია BCG-ის ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ?
კორონავირუსის ეპიდემიის დროს გამოითქვა აზრი, რომ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრამ (BCG) შესაძლოა გარკვეული ხარისხით იმოქმედოს კორონავირუსის ინფექციის წინააღმდეგ. ჩვენი თანამოსაუბრე აცხადებს, რომ ასეთი ცნობების გავრცელებაში მოულოდნელი არაფერია, რადგან ეს „სიმართლეა“.
BCG-ის შემქმნელმა მეცნიერებმა, ალბერ კალმეტმა და კამილ ჟერენმა, რომელთა სახელსაც ატარებს აღნიშნული ვაქცინა (კალმეტ-ჟერენის ბაცილა), ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში აღმოაჩინეს, რომ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინას შეუძლია ადამიანის დაცვა არა მხოლოდ ტუბერკულოზისგან, არამედ ბევრი სხვა დაავადებისგანაც. და ასეთი თვისება საერთოდ ახასიათებს არა მხოლოდ BCG-ს, არამედ სხვა სულიერ ვაქცინებს, როგორიცაა პოლიომიელიტი, წითელა, წითურა და სხვა.
ასევე ნახეთ დაგიცავს თუ არა აცრის კვალი მკლავზე კორონავირუსისგან?კონსტანტინ ჩუმაკოვი: „ნებისმიერი სულიერი ვაქცინა ეხმარება ორგანიზმს, იოლად გადაიტანოს ინფექციური დაავადება თანდაყოლილი იმუნიტეტის გაძლიერების ხარჯზე. ამიტომ ანტიტუბერკულოზური ვაქცინის გამოცდა კორონავირუსზე უკვე დაიწყეს ავსტრალიასა და ევროპაში. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს გამოქვეყნებული მონაცემები, მეცნიერებს შორის ლაპარაკობენ ძალიან დამამშვიდებელ შედეგებზე... არასწორია ვიფიქროთ, რომ ეს აცრა ორგანიზმს ყოველთვის დაიცავს ყველა ინფექციისაგან. განსხვავებით სხვა სპეციფიკური ანტისხეულებისგან, რომლებიც ორგანიზმს მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებიან, თანდაყოლილი იმუნიტეტის სტიმულაცია რამდენიმე კვირის ან თვეების შემდეგ ჩაქრება. ეს ეხება ტუბერკულოზის (BCG) ვაქცინასაც, რომლის გამოყენებას ამ მიზნისთვის გვთავაზობენ. დიდი ხნის წინ შექმნილი BCG-ს ან პოლიომიელიტის ვაქცინებით აცრა დღეს ვერ დაგვიცავს COVID-19-ისგან. ამისათვის საჭიროა განმეორებითი ვაქცინაცია.
ეპიდემიის მომენტში BCG, პოლიომიელიტისა და სხვა სულიერი ვაქცინების გამოყენება ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ამ იდეით ხელმძღვანელობა კლინიკური ცდის ჩატარების გარეშე დაუშვებელია. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მოწოდებაა, მოვიცადოთ და დაველოდოთ კლინიკური გამოცდის შედეგებს“.
რაც შეეხება COVID-19-ის დასაძლევად მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატ ჰიდროქსიხლოროხინის გამოყენებას, რომლის იდეაც ფრანგ ინფექციონისტ დიდი რაულს ეკუთვნის, კონსტანტინ ჩუმაკოვი ამბობს, რომ „ჰიდროქსიხლოროხინმა COVID-19-ის შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია იმოქმედოს“ და ის უსამართლოდ მიიჩნევს ფრანგი მეცნიერის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.
შეანელებს თუ არა ეპიდემიას სეზონის შეცვლა
გავრცელებული აზრით, რესპირატორული ვირუსები მეტწილად თავს იჩენს შემოდგომა-ზამთრის სეზონში. გრიპის ვირუსზე კაცობრიობას უკვე შემუშავებული აქვს იმუნიტეტი, რის გამოც ვირუსი ყოველწლიურად განიცდის მუტაციას, რათა ორგანიზმმა ვერ შეძლოს მისი სწრაფად ამოცნობა. ცივ პერიოდში ვირუსიც დიდხანს ძლებს და, შესაბამისად, მაღალია ადამიანის ორგანიზმის ამთვისებლობაც. ამ ორი გარემოების სინთეზი განსაზღვრავს კიდეც გრიპის სეზონურ ბიძგებს, მაგრამ კორონავირუსი SARS-CoV-2, კონსტანტინ ჩუმაკოვის თქმით, ისეთ პოპულაციაში აღმოცენდა, რომელსაც მის წინააღმდეგ არავითარი იმუნიტეტი არ გააჩნია.
კონსტანტინ ჩუმაკოვი: „ამიტომ მისი გავრცელების დინამიკა შესაძლოა აღმოჩნდეს არატიპური და განსხვავდებოდეს სეზონური გრიპისგან. მაგალითად, ავსტრალიაში ახლა ზაფხულია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის კორონავირუსს. მეორე მხრივ, თბილი კლიმატის ქვეყნებში კორონავირუსით დაავადების მაჩვენებელი მართლაც არ არის მაღალი, მაგრამ იქ შესაძლოა სხვა ფაქტორებიც თამაშობდეს როლს. ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და იაპონიაში არსებობს პირბადეებით ქუჩაში სიარულის პრაქტიკა. ეს კი, რა თქმა უნდა, ზღუდავს ინფექციის გავრცელებას. ამას გარდა, თბილი კლიმატის მქონე ბევრ ქვეყანაში - ინდოეთში, ჩინეთში, პაკისტანში, ბანგლადეშსა და აფრიკული ქვეყნების უმრავლესობაში - ევროპასა და აშშ-თან შედარებით, სრულიად განსხვავებული ჰიგიენური ვითარებაა. სხვადასხვა სახის ინფექციების მუდმივი აქტივიზაციის გამო იმ ქვეყნებში ადამიანებს თანდაყოლილი იმუნიტეტი ძალიან გაძლიერებული აქვთ“.
ასევე ნახეთ იქცევა თუ არა COVID 19 სეზონურ ვირუსად?რამდენად შესაძლებელია, რომ კორონავირუსმა ნაკლებად აგრესიული ფორმით განიცადოს მუტაცია, რათა სწრაფად მოიხსნას კარანტინით დაწესებული შეზღუდვები? მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი დროთა განმავლობაში სახეს იცვლის და უფრო ნაკლებად აგრესიული ფორმით განიცდის მუტაციას, კონსტანტინ ჩუმაკოვი ამბობს, რომ ამჟამად კარანტინის ზომების მოხსნა ხელს შეუწყობს ეპიდემიის გაგრძელებას.
კონსტანტინ ჩუმაკოვი: „ამიტომ, ერთი მხრივ, კარანტინის ზომები ძალიან ფრთხილად უნდა მოიხსნას. მეორე მხრივ, ჩვევები, რომლებიც კარანტინში იქნა შეძენილი, - არ მივიდეთ ერთმანეთთან ახლოს, არ ვასუნთქოთ ერთმანეთს სახეში, - დიდხანს გაგვყვება და ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას. ამ ჩვევათა დადებითი შედეგი იქნება ის, რომ ხელი შეეშლება სხვა დაავადებების გავრცელებასაც. ამასთანავე, როგორც ჩანს, მოხდება ადამიანების ტესტირება ანტისხეულებზე და თუ ისინი დაცულები აღმოჩნდებიან, მაშინ შეძლებენ მშვიდად დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ ყოფას“.