უფლებადამცველები პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის, გადადგომას ითხოვენ და საპროტესტო შეკრებას მართავენ. რატომ დაუპირისპირდნენ აქტივისტები პოლიტიკოსს, რომელთანაც ერთი შეხედვით საერთო მიზნები აკავშირებთ?
“მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, როდესაც უფლებადამცველებს პარლამენტში ჩვენს მოკავშირედ გაგვხსენებოდა სოფიო კილაძე. პირიქით, ის არის ბარიერი ამ პროცესში აქტივისტებისთვის. ის მორიგეობით ესხმის თავს უმცირესობებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს”, - ამბობს ქალთა მოძრაობის წევრი იდა ბახტურიძე.
კონფლიქტი, რომელიც, დიდი ხანია, მიმდინარეობს, 4 თებერვალს კიდევ ერთხელ გამწვავდა. ბავშვის უფლებების კოდექსის პროექტის წარდგენაზე სოფიო კილაძემ ბავშვთა უფლებების დამცველები ანა აბაშიძე და ანა არგანაშვილი სხვისი დავალებით კანონპროექტის ჩაგდების მცდელობასა და პოლიტიკოსის უსაფუძვლო კრიტიკაში დაადანაშაულა.
ეს იყო „ცრუ საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახავი მიმართვა და სიძულვილის ენა”, - თქვეს მაშინ ადამიანის უფლებების დამცველებმა.
სოფიო კილაძემ უარი თქვა ექსპერტების შენიშვნების მოსმენაზე და საჯარო შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე და უფლებადამცველები არაერთხელ მდგარან სადავო საკითხის საპირისპირო მხარეს. აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გამოც პოლიტიკოსის პოზიციამ პროტესტის ტალღა გამოიწვია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში.
ქორწინების შესახებ ჩანაწერი კონსტიტუცაში, 2016-2018 წლები
ქორწინების განმარტება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, უკვე ახალი კონსტიტუციის ნაწილია. ის პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის 2016 წლის ინიციატივა იყო, რომელსაც მალევე აუბა მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კი იყო ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი საკონსტიტუციო ცვლილების. მაშინ არასამთავრობო სექტორი ფიქრობდა, რომ ეს ცვლილება განსაკუთრებით სახიფათო იყო ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მზარდი ტენდენციის გამო. ეს საკითხი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშიც მოხვდა.
აფგან მუხთარლის საქმე - 2017 წელი
თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმე იმ საკითხებს შორისაა, რომელთა განხილვისას დაკავებული პოზიციის გამო სოფიო კილაძე გააკრიტიკეს და უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ 2017 წლის ივნისში კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, მუხთარლის საკითხი განსახილველ თემებს შორის არ შეიტანა. ასევე, არ შეხვდა და არ გამოეხმაურა ჟურნალისტებს, რომლებიც კომიტეტის თავმჯდომარესთან საუბარს ითხოვდნენ.
პოლიტიკოსის საპასუხოდ ჟურნალისტებმა აქცია-პერფორმანსი პირდაპირ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე, გამართეს და პროტესტის ნიშნად თავზე პოლიეთილენის შავი პარკები ჩამოიცვეს. ეს იყო უხმო პროტესტი აზერბაიჯანელი კოლეგის მხარდასაჭერად.
„კომიტეტი ადასტურებს საკითხის სიმძიმეს, თუმცა ეს ამბავი არ უნდა იქცეს შოუდ”, განაცხადა მაშინ სოფიო კილაძემ.
პროტესტი ლგბტ უფლებების დასაცავად, 2018 წელი
ყველაზე ხმაურიანი და მასშტაბური პროტესტი სოფიო კილაძის პოზიციას გასული წლის მაისში მოჰყვა. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნამდე სოფიო კილაძემ წინასწარ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი არ აპირებდა ამ თარიღის აღნიშვნას, არადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2017-18 წლების სამოქმედო გეგმაში უკვე შეტანილი იყო ჩანაწერი 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნის შესახებ.
ამ განცხადების გამო, 2018 წლის 1 მაისს ლგბტ აქტივისტების აქცია პირდაპირ კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, გადადგომის მოწოდებებითა და ბანერებით.
შემდეგ დარეგისტრირდა პეტიციაც და ლგბტ აქტივისტების მოთხოვნას 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა.
2016 წლიდან სოფიო კილაძე პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის უცვლელი თავმჯდომარეა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრობამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი იყო. პარლამენტში ის ნაძალადევის რაიონის ამომრჩევლების მხარდაჭერით მოხვდა.