უფასო სასადილოების მომხმარებელთა რაოდენობა იზრდება

უფასო სასადილო ლაგოდეხში

კახეთში წლიდან წლამდე იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც საკვების მოპოვება უჭირს და ამიტომ იძულებულია, უფასო სასადილოს მიმართოს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტები ახალ სასადილოებს ხსნიან. 2020 წელს გურჯაანში უფასო კვების მიმღებთა რაოდენობა 100-ით, თელავში კი 150 ბენეფიციარით მეტი იქნება.

კახეთის მუნიციპალურ სასადილოებში ყოველ წელს იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც უფასო საკვებს იღებს. შესაბამისად, მერიის სპეციალური სამსახურები ზრდიან ან უფასო სასადილოების, ან არსებულ სასადილოებში მომსახურების მიმღებთა რაოდენობას. მოსახლეობის რიცხოვნობოთ თელავი რეგიონში ყველაზე დიდი ქალაქია. შესაბამისად, უფასო კვების პროგრამით, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, აქ მეტი ადამიანი სარგებლობს. თელავში უფასო საკვებს ყოველდღიურად 450 ადამიანი იღებს, მაგრამ მოთხოვნა გაცილებით მეტია. უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ხელმძღვანელი ნინო აფციაური ამბობს, რომ მომავალ წელს მომსახურების მიმღებთა რაოდენობა 150 ადამიანით გაიზრდება და 600 გახდება. წელიწადში ამ პროგრამისთვის თელავის ბიუჯეტიდან მხოლოდ საკვებისთვის 359 ათასი ლარი იხარჯება, თუმცა მომავალ წელს დაფინანსება გაიზრდება:

„არის ოჯახების რაოდენობა, რომელიც სრულად არ არის მოცული - პირობითად, 5-სულიან ოჯახში შეიძლება სამი იყოს ჩართული კვების პროგრამაში. მომავალი წლისთვის ასეთი ოჯახები სრულად იქნება დაფარული. პლუს სხვა მსურველებიც არიან. მათთვის, ვინც ვერ გადაადგილდება, საკვების სახლში მიტანის სერვისი გვაქვს, რომლითაც 80 ადამიანი სარგებლობს“.

უფასო სასადილო ლაგოდეხში

უკვე რამდენიმე წელია, ყოველდღიურად 200 ბენეფიციარს ემსახურება გურჯაანის უპოვართა სასადილო, თუმცა, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლიდან სოფელ კაჭრეთში ერთი სასადილო დაამატოს, რომელიც 100 ადამიანზე იქნება გათვლილი.

უფასო სასადილოები კახეთის რეგიონში 2005-2006 წლბიდან მუშაობს. თავდაპირველად თითო მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 30-50 ადამიანი ირიცხებოდა, თუმცა მათი რიცხვი თითქმის ყოველწლიურად იზრდება.

უმწეოთა და უპოვართა სამსახურის ხელმძღვანელი გურჯაანში, ზაზა ჯადუგიშვილი, გვეუბნება, რომ უფასო საკვების მიღებას ძირითადად სოფლებში მცხოვრები ადამიანები ითხოვენ, თუმცა ისინი პროგრამაში ვერ ერთვებიან, რადგან ტრანსპორტის არარსებობის გამო სოფლებიდან რაიონულ ცენტრამდე ვერ მიდიან. ჯადუგიშვილი იმასაც ამბობს, რომ თავად გურჯაანშიც არის მოთხოვნა, თუმცა ბიუჯეტი 200 ადამიანზე მეტის კვებას არ ითვალისწინებს:

„2020 წელს ვაკეთებთ კიდევ ერთ ფილიალს კაჭრეთის ზონაში, რომელიც, დაახლოებით, 100 ადამიანზე იქნება გათვლილი. მოთხოვნა არის, რადგან სოფლებიდან ქალაქში სიარული უჭირთ. გზაში იმდენი უჯდებათ, ურჩევნიათ ადგილზე მიიღონ საკვები. გურჯაანში არის მოთხოვნა, მაგრამ ბიუჯეტი არ იძლევა მომხმარებელთა გაზრდის საშუალებას“.

ასევე ნახეთ უფასო სასადილოები სოფლების  უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელია

მოთხოვნიდან გამომდინარე, უფასო კვების მიმღებთა რაოდენობა, უკვე რამდენიმე წელია, გაიზარდა ლაგოდეხში. სასადილო დაამატეს ერთ-ერთ დიდ თემში, აფენში. ახლა ლაგოდეხის ორი სასადილოთი, ჯამში, 140-მდე ადამიანი სარგებლობს. მერიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი ნატო ბატიაშვილი ამბობს, რომ სასადილოში მოსახვედრად აუცილებელია სოციალურად დაუცველის სტატუსი, რომელსაც ოჯახებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ანიჭებს, თუმცა არის გამონაკლისებიც: უფასო პროგრამით სარგებლობენ ის ადამიანები, ვისაც დროებით სტატუსი აქვს შეჩერებული.

უფასო სასადილო ლაგოდეხში

უფასო სასადილოები კახეთის რეგიონში 2005-2006 წლებიდან მუშაობს. თავდაპირველად თითო მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 30-50 ადამიანი ირიცხებოდა, თუმცა მათი რიცხვი თითქმის ყოველწლიურად იზრდება. ჩვენ მიერ გამოკითხული რამდენიმე ბენეფიციარის თქმით, რომ არა უფასო სასადილო, შიმშილი ემუქრებათ.

უფასო კვების სერვისი, რომელიც სოციალურად დაუცველი და ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანებისთვის არის შექმნილი, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს და, საერთო ჯამში, დაახლოებით, 1500-მდე ადამიანი სარგებლობს, თუმცა, როგორც მერიის სპეციალურ სამსახურებში ამბობენ, მომავალი წლიდან მათი რაოდენობა გაიზრდება.