უფასო მედიაცია პანდემიით გაპირობებული შრომითი დავებისთვის

Your browser doesn’t support HTML5

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ყვება პროექტზე, რომელიც საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდება და კოვიდ-19-ის კონტექსტით გამოწვეული შრომითი დავების მოგვარებისთვის უფასო მედიაციის სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ყვება პროექტზე, რომელიც საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ხორციელდება და კოვიდ-19-ის კონტექსტით გამოწვეული შრომითი დავების მოგვარებისთვის უფასო მედიაციის სერვისის მიწოდებას ითვალისწინებს.

2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა მედიაციის შესახებ კანონი, რომლის თანახმადაც, მოდავე მხარეებს შეუძლიათ თავად, ერთმანეთთან შეთანხმებით, მესამე - მომლაპარაკებელი პირის (მედიატორის) ჩართულობით გადაწყვიტონ კონფლიქტი. მედიაციას ექვემდებარება სამოქალაქო დავების ძალიან ფართო სპექტრი, იქნება ეს: შრომითი დავა, არაქონებრივი დავა, ქონებრივი დავა 20 ათას ლარამდე, საბანო და ონლაინ კრედიტებთან დაკავშირებული დავები, საოჯახო და სამემკვიდრეო დავები თუ ნებისმიერი კატეგორიის დავა, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან, რომ სასამართლოში წასვლის ნაცვლად, მედიაციით მოაგვარონ.

მედიაცია ორი სახისაა - სასამართლო მედიაცია და კერძო მედიაცია. ორივე შემთხვევაში აუცილებელი პირობაა მხარეების ნება - სამართალწარმოების ნაცვლად ერთმანეთთან მოლაპარაკების გზით მიაღწიონ პრობლემის გადაჭრას.

ირაკლი ყანდაშვილი სამართალწარმოებასთან შედარებით მედიაციით დავის მოგვარების უპირატესობაზე საუბრისას, ჩამოთვლის არაერთ ფაქტორს. მათ შორის ხაზგასმით ასახელებს პროცესის კონფიდენციურობას (განსხვავებით სამართალწარმოების პროცესისგან). რაც შეეხება სხვა ფაქტორებს:

„სასამართლოში მესამე პირი - მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, მედიაციაში კი გადაწყვეტილებას იღებენ თავად მხარეები და შესაბამისად არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტისთვის შეთანხმებით ორივე მხარე დარჩეს კმაყოფილი. მედიაციის დროს მხარეებს აქვთ საშუალება გაარკვიონ ერთმანეთში კონფლიქტის გენერირების მიზეზი. სასამართლოში ისინი ამით არ არიან დაკავებულები. სასამართლო მხარეთა ინტერესებს არ არკვევს, იქ კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება გამოდის ერთი ან მეორე მხარის სასარგებლოდ.

თუ მხარეებს აქვთ რესურსი და სურვილი, რომ ერთიმეორესთან შეინარჩუნონ ურთიერთობა, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მედიაცია პანაცეაა და ყველა ყველაფერზე უნდა შევთანხმდეთ.

არის ორი ფორმა მედიაციის - სასამართლო მედიაცია, როცა მხარეებს შეუძლიათ შეაჩერონ მიმდინარე დავა და მეორე - კერძო მედიაცია, როცა მხარეებს ჯერ კიდევ არ აქვთ აღძრული სარჩელი. თუ მივაღწევთ შეთანხმებას, გვაქვს საშუალება, მიღწეული შეთანხმება წარვუდგინოთ სასამართლოს და ეს შეთანხმება შევიდეს კანონიერ ძალაში და თუ ის არ შესრულდება, სასამართლოში კი აღარ წავალთ სადავოდ, არამედ მივმართავთ და მივიღებთ სააღსრულებო ფურცელს. იმ მხარის მიმართ კი, რომელიც არ აღასრულებს მის მიერ ხელმოწერილ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გატარდება აღსრულების მექანიზმები“.

რაც შეეხება, კოვიდ-19-ის კონტექსტს, ამ პერიოდში შრომით ურთიერთობებში წარმოქმნილი პრობლემები შესაძლოა, თითქმის ერთნაირად მწვავე იყოს დასაქმებულისთვისაც და დამსაქმებლისთვისაც. იყო და არის მოლოდინი, რომ სწორედ პანდემიის პერიოდში წარმოქმნილი შრომითი დავები დაემატება ისედაც გადატვირთულ სასამართლო სისტემას. მედიაციით სასამართლოების განტვირთვას ერთ-ერთ სავარაუდო შედეგად ხედავს ირაკლი ყანდაშვილი, თუმცა, უფრო მნიშვნელოვნად თვლის იმას, რომ ამ ალტერნატიული გზით მხარეებს შეუძლიათ დაზოგონ დრო, ხარჯი და მიაღწიონ შეთანხმებას:

„კოვიდ-19-მა ყველა დააზარალა. მარტო დასაქმებული არ არის მსხვერპლი. დამსაქმებელიც მსხვერპლია. არც მას უნდა, მაღალი ალბათობით, რომ გაათავისუფლოს თანამშრომლები. კოვიდმა მხოლოდ გათავისუფლებები არ გამოიწვია. არის დავები მიუღებელ ან შემცირებულ ანაზღაურებაზე, სამუშაოს პროფილის შეცვლაზე, არის ძალიან ბევრი შემთხვევაა უფასო შვებულებაში გაშვების.

აქედან გამომდინარე, „მედიატორთა ასოციაცია“ დავფიქრდით და მივმართეთ დონორ ორგანიზაციებს - ევროკავშირსა და გაეროს განვითარების პროგრამას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სამთვიან პროექტს. მის ფარგლებში საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც აქვს კოვიდ-19-ის კონტექსტში წარმოშობილი შრომითი დავა, ვაძლევთ საშუალებას უფასოდ მიიღოს მედიატორის მომსახურება“.

პანდემიის გამო რიგი საქმიანობების შეზღუდვის ფარგლებში მოყვა მედიაციის სერვისიც, თუმცა, მოგვიანებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დაახლოებით ერთ თვეში, ეს საკითხი გასწორდა და დასაშვებად იქნა მიჩნეული ამის ონლაინ განხორციელება.