რუსთავის სტუდენტურმა ასოციაციამ რუსთავის შემოსასვლელში ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის სიმბოლური მაკეტი რუსთავის მერს, ადგილობრივი თვითმმართველობის კანცელარიის გავლით, 15 იანვარს საჩუქრად გაუგზავნა და ასე გააპროტესტა 900-ათასიანი ტენდერი, რომელიც მერიამ ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მშენებლობისთვის გამოაცხადა.
სტუდენტური ასოციაციის წევრმა გვანცა ცინცაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი პრიორიტეტების მიხედვით არ არის დაგეგმილი.
„რა თქმა უნდა, ლამაზი ინფრასტრუქტურაც გვჭირდება, მაგრამ ქალაქს ახლა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი, პრიორიტეტები აქვს. რუსთავის ბიუჯეტს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ამხელა თანხა ამ ტიპის კონსტრუქციებში იხარჯებოდეს. ახალ წელს სოციალურად დაუცველებს 3-3 ლარის პროდუქტები გადასცეს, ბევრი გაჭირვებული სტუდენტი ვერ იხდის სწავლის საფასურს, არ უფინანსებენ სტუდენტურ ტარიფს“, თქვა გვანცა ცინცაძემ.
მაკეტის ჩაბარების შემდეგ ასოციაციის სამმა წევრმა რუსთავის მერთან შეხვედრა მოითხოვა. პრესსამსახურის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ირაკლი ტაბაღუა ქალაქში არ არის.
„ჩვენ გვაინტერესებს, შეთანხმებული იყო თუ არა ეს პროექტი მოსახლეობასთან, რა მოტივით ხელმძღვანელობდა ადგილობრივი ხელისუფლება, როცა ასეთი ძვირად ღირებული პროექტის განხორციელება გადაწყვიტა“, უთხრეს ჟურნალისტებს პროტესტის მონაწილეებმა, რომლებმაც რუსთავის მერთან შეხვედრის უნაყოფო მცდელობის შემდეგ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანთან შეხვედრა და მისგან განმარტებების მოსმენა გადაწყვიტეს.
რუსთავის მერიის შენობის წინ თავმოყრილებს საკრებულოს პრესსამსახურის უფროსმა, ირინა სიუკაევამ, უთხრა, რომ ლევან ონიანი შეხვედრაზეა. ირინა სიუკაევამ აქციის მონაწილეებს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გიგა ვეფხვაძესთან შეხვედრა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, თუმცა ცოტა ხანში საკრებულოს თავმჯდომარე მერიის შენობასთან გამოჩნდა. ამას მოჰყვა მისი და აქციის მონაწილეთა წაკამათება.
Your browser doesn’t support HTML5
"თქვენ [სტუდენტური ასოციაციის წევრები] ცდილობთ თემის პოლიტიზებას. ყველამ იცის, რომ ოპოზიციასთან დაახლოებულები ხართ. აქ შოუს დგამთ“, უთხრა ახალგაზრდებს ლევან ონიანმა, რომელმაც, აქციის მონაწილეებთან კამათის გამო, შენობის გარეთ, ჟურნალისტების თანდასწრებით, ტენდერის შესახებ განმარტების გაკეთება ვერ შეძლო. მოგვიანებით ლევან ონიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქცია იქნება „ძალიან ლამაზი“.
შეიძლება პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდეს, ყველას თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ რაც კეთდება, ეს არის ძალიან კარგილევან ონიანი
„ეს ინფრასტრუქტურული პროექტი გაშენდება 1,5 ჰექტარ მიწის ფართობზე და მოიცავს რკინის 30-მეტრიან კონსტრუქციას, მწვანე სივრცეს, სარწყავ სისტემას, მისაყვან გზას, ფილაქნებს, სხვადასხვა დეკორაციებს და, რა თქმა უნდა, ეს ეღირება მილიონი ლარი”, თქვა ლევან ონიანმა.
მისივე თქმით, პროექტი შეთანხმებულია მერიის არქიტექტურის სამსახურთან. რადიო თავისუფლების კითხვას, რატომ არ გაიტანეს საკონკურსოდ პროექტი, საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს პროექტი იყო „რუსთაველების დაკვეთა“.
„შეიძლება პროექტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდეს, ყველას თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ რაც კეთდება, ეს არის ძალიან კარგი“, თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ.
რუსთავის შემოსასვლელში ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქცია ადგილობრივმა არქიტექტურულმა კომპანია „არეშმა“ დააპროექტა.
2020 წლის რუსთავის ბიუჯეტი 58 მილიონ ლარს აღემატება, საიდანაც, დაახლოებით, 8 მილიონი ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერია.
რუსთავის შემოსასვლელში ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქციის მშენებლობისთვის თანხა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო, პროექტიც მასთან იყო შეთანხმებული.
“იმ 900 ათასი ლარიდან, რომელიც პროექტის განხორციელებაზე დაიხარჯება, გადასახადის სახით რუსთავის ბიუჯეტს დაუბრუნდება”, უთხრა რადიო თავისუფლებას რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გიგა ვეფხვაძემ.
ტენდერის პირობების მიხედვით, ძირითადი თანხა წარწერის აღმნიშვნელი 30 მეტრი საერთო სიმაღლის რკინის კონსტრუქციებზე, გარე განათებასა და შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება.
მისივე თქმით, პროექტი ორჯერ განიხილეს საკრებულოში. კონსტრუქციის მაკეტი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნეს და ძირითადად დადებითი შეფასება მიიღეს.
თუმცა იმ დისკუსიის მიხედვით, რომელიც სოციალურ ქსელშია გაჩაღებული, პროექტის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ზოგს თავად კონსტრუქცია არ მოსწონს, ზოგი იწონებს, ზოგს კი მიაჩნია, რომ გაცილებით იაფად უფრო ლამაზი კონტრუქციის აგებაც შეიძლებოდა. ზოგი კომენტატორი იმასაც წერს, რომ ქალაქის სახელწოდების აღმნიშვნელი კონსტრუქცია საერთოდ საჭირო არ არის, ეს საბჭოთადროინდელი გადმონაშთია.
ტენდერის პირობების მიხედვით, ძირითადი თანხა წარწერის აღმნიშვნელი 30 მეტრი საერთო სიმაღლის რკინის კონსტრუქციებზე, გარე განათებასა და შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება. თავად კონსტრუქცია, რომელსაც რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანა დაამზადებს, აიგება სპეციალურად დამუშავებული რკინის კუთხოვანი მილებისა და ფოლადის ფურცლებისაგან.
გამარჯვებულმა კომპანიამ, ქვეკონტრაქტორებთან ერთად, სამუშაო 150 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს. წინადადებების მიღების ბოლო ვადად 4 თებერვალია განსაზღვრული.