3 უფასო აპლიკაცია, რომელიც სიგარეტისთვის თავის დანებებაში დაგეხმარებათ

გარდა იმისა, რომ თამბაქო ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ახლა ის უკვე 50 თეთრით ძვირიცაა. თუ კი ფიქრობთ, რომ საუკეთესო მომენტია თავი დაანებოთ მოწევას, შესაძლოა ამ აპლიკაციებიდან ერთ-ერთი თქვენი თანამგზავრი გახდეს მომდევნო თვეების განმავლობაში.

ეს სამი აპლიკაცია შევარჩიეთ შემდეგი კრიტერიუმით:

  1. უფასოა;
  2. მომხმარებლებს მოსწონთ;
  3. ხელმისაწვდომია ios და/ან Android ოპერაციულ სისტემებში;
  4. აპლიკაციები სისტემატურად ახლდება.

QuitNow

ეს აპლიკაცია დაგითვლით დღეებს უსიგარეტოდ. ასევე გიანგარიშებთ ფინანსურ დანაზოგს. აქვე შესაძლებელია იმის ნახვა, როგორ გაუმჯობესდა ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციები. QuitNow-ს შემქმნელებმა გაითვალისწინეს, ისიც, რომ მომხმარებლებს ხშირად თავისი მიღწევების გაზიარება უყვართ. ამისთვის არის ჩატიც, სადაც ყოფილი მწეველები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და ულოცავენ მიღწეულ მიზნებს. აპლიკაციის შეფასებებში წერენ რომ მისი გამოყენება სახალისო იყო, განსაკუთრებით აღნიშნავენ ჩატის მნიშვნელობას, რაც როგორც ჩანს ყოფილ მწეველებს სტრესისგან თავის დაღწევაში ეხმარება.

Quit Tracker: Stop Smoking

აპლიკაცია Android-ის ოპერაციული სისტემის მომხმარებლებისთვისაა. ისიც ითვლის იმ სარგებელს, რასაც ადამიანი სიგარეტისთვის თავის დანებებით ნახულობს, იქნება ეს ფინანსური თუ ფიზიკური სარგებელი. აპლიკაცია ასევე გიჩვენებთ რა შეგიძლიათ შეიძინოთ იმ თანხით რაც დღეს დაზოგეთ მაგალითად კინოს ბილეთი ან შოკოლადი. აპლიკაციის დასაინსტალირებლად არ არის საჭირო ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა, ის მოკლე პროფილს ადგენს ადამიანის შესახებ. აქვე, შესაძლებელია მარტივი თამაშებით თავის გართობა, თუ მოულოდნელად სიგარეტის მოწევის სურვილისგან თავის დაღწევა დაგჭირდათ.

Smoke Free: Quit Smoking Now

აპლიკაციის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ რეკლამები არ შეგაწუხებთ. ის აანალიზებს როგორ გაუმჯობესდა თქვენი ჯანმრთელობა სიგარეტისთვის თავის დანებების დღიდან - რამდენად კარგად მიეწოდება ჰაერი თქვენ ფილტვებს, როგორ გაუმჯობესდა გულის ცემა და რამდენად გათავისუფლდა სასუნთქი ორგანოები ნიკოტინისგან. მართალია, ეს ზუსტი მონაცემები არაა და მხოლოდ ვარაუდია, თუმცა კარგი მოტივატორია. ის ანგარიშობს დაზოგილ თანხასაც და აწესებს ჯილდოებს მიღწევებისთვის. კომენტარებში კი წერენ, რომ აპლიკაცია განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა ყოფილ მწეველს კიდევ ერთი ღერის მოწევის ძლიერი სურვილი უბრუნდება.