უსახლკაროს თავშესაფარი - როგორ ვერ ხედავს ბიუროკრატია ადამიანს 

სამი უსახლკარო ორი თვე სადგურის მოედანზე ცხოვრობდა

მიწისქვეშა გადასასვლელები, მოსაცდელები, ვაგზლის მოედანი... ზამთარში და არა მხოლოდ ზამთარში ეს ადგილები უსახლკაროებისთვის თავშესაფარი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მუნიციპალური და ცენტრალური სერვისები არსებობს, არც ისე იშვიათად ისინი მაინც ღია ცის ქვეშ რჩებიან.

მადონა კინწურაშვილი 70 წლისაა, თავის დროზე მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა, ფორტეპიანოზე უკრავდა. მაგრამ პროფესიით თითქმის არ უმუშავია, ორ შვილს ზრდიდა. ცხოვრობდა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე. 90-იანებში მისმა ქმარმა ბინა გაყიდა, მალევე გარდაიცვალა კიდევ. მადონა ორ შვილთან ერთად ლეჩხუმში, ნათესავის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგ უფროსი ბიჭი დაეღუპა. უმცროსი დათო ახლა 44 წლისაა, პირველი ჯგუფის ინვალიდია. ლეჩხუმში მისი ავადმყოფობის გამო ვერ გაჩერდნენ, დათოს მაღალი წნევა ჰქონდა, სასწრაფო კი ზამთარში მთაზე ვერ ადიოდა.

თბილისში გადმოსულები ორი თვე მოსკოვის გამზირზე, კარავში ცხოვრობდნენ, შემდეგ 8 წელი - ლილოს თავშესაფარში. კანონმდებლობით, ლილოს თავშესაფარში ცხოვრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი თავის მოვლა შეგიძლია - დამოუკიდებლად ჭამა, ბანაობა, ოთახის მილაგება.

ფეხები მტკივა ძალიან და ამის გამო ეტლში ჩავჯექი. დირექტორმა ან ეტლი ჩამაბარე, ან თავშესაფარი დატოვეო. არ ვიყავი წასასვლელად მზად. არ გავდიოდი. მერე საავადმყოფო მოიმიზეზა, გული მტკიოდა და წადი, გიმკურნალებენ, გადასხმებს გაგიკეთებენო. საავადმყოფოდან რომ დავბრუნდი, დაცვამ აღარ შემიშვა. წამოვედი, ჩემი შვილიც გამომყვა, ორი დღე ქუჩაში ვიყავით, ყინვაში. ცუდად გავხდით და ორი სასწრაფოთი წაგვიყვანეს. ათი დღე გვმკურნალობდნენ. 30 დეკემბერს სოცმუშაკი მოვიდა, ალბათ საავადმყოფომ დაურეკა. კახეთში წამოხვალო? კი-მეთქი, უკვე ჩემთვის სულერთი იყო“, - ჰყვება მადონა.

2023 წლის ზამთარში დედა-შვილი კახეთში, ბროწლიანის სათნოების სახლში გადაიყვანეს. ორი თვის მერე მადონას ისევ უთხრეს, აქაურობა უნდა დატოვოო. შშმ პირის სტატუსი მხოლოდ დათოს ჰქონდა, მადონას - არა, ბროწლიანის სათნოების სახლი კი მხოლოდ შშმ პირებისთვის არის. ამის მერეც რამდენიმე თვე შეიფარეს.

მერე იმანაც საავადმყოფო მოიფიქრა“, - ამბობს მადონა. საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ მადონა ბროწლიანში ვეღარ დაბრუნდა. დათოს დარჩენა შეეძლო, მაგრამ თავად აღარ გაჩერდა.

„ჩვენთან დათო იყო ჩარიცხული, მადონა ისე დავიტოვეთ. სოციალურმა სამსახურმა, სამინისტრომ შესთავაზა, მოხუცთა თავშესაფარში გადაგიყვანთო. თბილისის თუ რეგიონის ყველა თავშესაფარი შესთავაზეს, მაგრამ თავად არ დათანხმდა. შვილთან უნდოდა ყოფნა, მაგრამ შვილს სტატუსი აქვს, მას - არა და აბა, როგორ? ამიტომ აღმოჩნდა ქუჩაში“, - ამბობს ნინო გურაშვილი, ბროწლიანის სათნოების სახლის ხელმძღვანელი.

ზოგი სადღაც თავშესაფარში წავიყვანეთ და ფულს ვუხდით, თვეში ათას ლარს მაინც. ასეთებს კერძო თავშესაფარშიც არ იღებენ, მე მიცნობენ და მენდობიან, თორემ ზოგი მიიყვანს, გადაუხდის ერთი თვის ფულს და მერე იკარგება.
აკა სინჯიკაშვილი

დედა-შვილს 22 წლის დიანაც გამოჰყვა. მადონა დიანას თავის რძლად მიიჩნევს. ორი თვე ვაგზლის მოედანზე ცხოვრობდნენ. ღამეს კედელთან მიწოლილები ათევდნენ, პლედებში გახვეულები. საჭმელს იქვე სასადილოში ჭამდნენ, ოქროს ბირჟის გამყიდველები ეხმარებოდნენ, კვების ფულს უხდიდნენ.

„დათოს გარეშე მოხუცთა თავშესაფარში გადასვლა არ მინდა. ორი დღის სიცოცხლე მაქვს დარჩენილი და შვილს არ ვუყურო? ერთი ისეც არ მყავს და ამას მაინც ვუყურო. დავიღუპო გარეთ, თუ დავიღუპები, მეც ეგ მინდა, რა არის ჩემი სიცოცხლე“, - გვითხრა მადონამ.

ჩუღურეთის გამგეობამ დედა-შვილის და დიანას ქირის გადახდა შესთავაზა, თუ დასაქირავებელ ბინას იპოვით, თვეში 500 ლარს გადავიხდითო. ვერ იპოვეს.

საბოლოოდ, გარეთ დარჩენილებს მოხალისეებმა მიხედეს, ჯერ ორიოდე დღით სასტუმრო უქირავეს, მერე კი ვაგონი იყიდეს, ავლაბარში სადავო მიწაზე ჩადგეს და იქ გადაიყვანეს. უსახლკაროდ დარჩენილები ვაგონში აკა სინჯიკაშვილმა დააბინავა.

„500 ლარად რამეს იპოვი ამ ქალაქში? თან რომ ეუბნები, რომ ქუჩიდან შემოგყავს ადამიანი და გამგეობა გადაიხდის, იქვე წყდება ლაპარაკი“, - ამბობს აკა სინჯიკაშვილი.

აი, მაგალითად, რისი დაქირავება შეიძლება 500 ლარად Bina.ge-ს საიტზე:

  • კერძო სახლის 1 იზოლირებული ოთახი. აქვს საერთო საპირფარეშო გვერდით ოთახში მცხოვრებ სტუდენტ გოგონასთან. ოთახში არ არის მაცივარი და სარეცხი მანქანა. „ბიჭები და ოჯახები ნუ მირეკავთ!!!“ - უწერია ბინის პატრონს.
  • 1 პატარა ოთახი სამოთახიან ბინაში, „1 სტუდენტ გოგონაზე ან დასაქმებულ ქალბატონზე“.
  • ერთი ოთახი ხუთოთახიან ბინაში. დიასახლისი, რომელიც სახლში რჩება, ოთახს მხოლოდ ერთ გოგოზე გააქირავებს.
  • ერთი დიდი, იზოლირებული ოთახი „არასტანდარტულ ბინაში“, აქაც დიასახლისი, რომელიც სახლში რჩება, მხოლოდ გოგო მდგმურს ეძებს.

აკა სინჯიკაშვილი ამბობს, რომ ყველაზე რთულია უსახლკარო ადამიანს თავშესაფარში ადგილი მოუძებნონ, განსაკუთრებით იმას, ვისაც თავის მოვლა არ შეუძლია.

აკა სინჯიკაშვილი

„მილიონჯერ დამირეკია თავშესაფრებში, მაგრამ აზრიც არ აქვს, არ იტოვებენ. ასეთი ადამიანებისთვის არაფერი არაა. ზოგი შეფარებული გვყავს, ზოგი სადღაც ქუჩაში წევს და იქ ვუვლით, ზოგი სადღაც თავშესაფარში წავიყვანეთ და ფულს ვუხდით, თვეში ათას ლარს მაინც. ასეთებს კერძო თავშესაფარშიც არ იღებენ, მე მიცნობენ და მენდობიან, თორემ ზოგი მიიყვანს, გადაუხდის ერთი თვის ფულს და მერე იკარგება“, - ამბობს აკა სინჯიკაშვილი.

უსახლკაროების პრობლემები ყოველ წელს ხვდება სახალხო დამცველის ანგარიშში, სადაც წერია, რომ ქვეყანას ამ მხრივ არც კანონმდებლობა აქვს მოწესრიგებული და არც ბაზები. რამდენი უსახლკაროა ქვეყანაში, არავინ იცის.

ერთი წლის წინ რომ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თბილისში 400-მდე უსახლკარო ოჯახი ირიცხებოდა. მერე დაიწყეს საცხოვრისის ყიდვისა და დროებით გადაცემის პროგრამა. ეს პროგრამა უფრო იმ ოჯახებისთვის იყო, რომლებიც წლები იდგნენ რიგში, - ამბობს სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი მარიამ ჯანიაშვილი, - გარდა იმისა, რომ არ არსებობს სტრატეგია და საკანონმდებლო გარანტიები, ძალიან პრობლემურია სერვისებიც. მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულება, დაარეგისტრირონ უსახლკაროები და საცხოვრისით უზრუნველყონ, მაგრამ ამას ძალიან ცოტა მუნიციპალიტეტი თუ აკეთებს“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2023 წლის შემაჯამებელ ანგარიშში წერს, რომ ხელისუფლებისთვის უსახლკარობასთან ბრძოლა არც წელს იყო პრიორიტეტული. მთავრობას არათუ არ უზრუნია უსახლკარობის მიზეზების შესწავლაზე, არამედ საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებით მინიმალური ვალდებულებებიც კი არ ასახა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში.